Facebook Twitter

ბს-584-556(კ-07) 28 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი(მოსარჩელე) _ ნ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური სუბსიდიების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინება

დავის საგანი _ საპენსიო დანამატის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

15.12.06წ. ნ. ა-მა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000 წლის 27 იანვარს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ეკუთვნოდა პენსიაზე 50%-იანი დანამატი. მოპასუხე უხდიდა მხოლოდ 25%-იან დანამატს. მოპასუხისათვის არაერთი მიმართვის შემდეგ ეცნობა, რომ პენსიაზე 50%-იანი დანამატი მითითებული კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად დაენიშნა განცხადებით მომართვიდან, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურება მოხდა 12 თვის უკან დახევით, შესაბამისად 50%-იანი დანამატი ვახტანგ გორგასლის ორდენზე დაენიშნა 2005 წლის პირველი იანვრიდან. მოსარჩელემ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2000 წლიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავით აღმაშენებლის ორდენით და ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირებს ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები გაუდიდდებათ პენსიის ოდენობის 50%-ით, მაგრამ არანაკლებ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100%-ისა. ამავე კანონის 50-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის 1 მუხლში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის პენსიის დანამატის გაზრდილი ოდენობით მიღების თაობაზე 2005 წლამდე არ მიუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ა-ს, ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის დაცვით დაუანგარიშდა საპენსიო დანამატი მიმართვიდან 12 თვის უკან დახევით, 2005 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.07წ. გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერი იყო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივა ნ. ა-მა. კასატორმა აღნიშნა, რომ პენსიაზე 25%-ის დანამატის დარიცხვა 50%-ის ნაცვლად მოპასუხის მიერ კანონის არასწორმა განმარტებამ გამოიწვია. სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. კასატორმა 2000 წლიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითა. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 2000 წლის თებერვლიდან 2005 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი საპენსიო დანამატის დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.07.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. მოწინააღმდეგე მხარემ, სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, წარმოდგენილ მოსაზრებაში აღნიშნა, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არსებობდა მისი დასაშვებად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.11.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია(შედავება). მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ა-ი საქართველოს პრეზიდენტის 27.01.2000წ. ¹...... განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. აღნიშნულის გამო კასატორი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე 2000 წლიდან იღებდა საპენსიო დანამატს პენსიის 25% ოდენობით. ვახტანგ გორგასლის ორდენისათვის გათვალისწინებული 50%-იანი დანამატი მოპასუხის მიერ გადაუანგარიშდა 2005 წლის 1 იანვრიდან.

“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები გაუდიდდებათ დავით აღმაშენებლის ორდენით დაჯილდოვებულ პირებს, ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოვებულ პირებს, სსრ კავშირის გმირებს, იტალიისა და იუგოსლავიის სახელმწიფო ეროვნულ გმირებს, სამივე ხარისხის დიდების ორდენით დაჯილდოვებულ პირებს _ პენსიის ოდენობის 50 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100 პროცენტისა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პენსიაზე 50%-იანი დანამატის მიღების უფლება ეძლეოდათ პირებს, რომლებიც დაჯილდოვებულნი იყვნენ ვახტანგ გორგასლის სახელობის ერთი რომელიმე ხარისხის ორდენით და პენსიის მომატების აუცილებელ პირობას არ წარმოადგენდა ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენის ფლობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ სწორად იქნა განმარტებული ზემოაღნიშნული ნორმა და სწორად იქნა მიჩნეული, რომ ვახტანგ გორგასლის ორდენოსანს, ნ. ა-ს 50%-იანი საპენსიო დანამატის მიღების უფლება ჰქონდა. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში “შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის განმარტებას. მითითებული ნორმის თანახმად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ნ. ა-მა დრულად მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას კუთვნილი საპენსიო დანამატის მისაღებად, რის საფუძველზეც იღებდა 25%-ით გადიდებულ პენსიას. მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის არასწორი განმარტების შედეგად კასატორმა ვერ მიიღო პენსიაზე კუთვნილი დანამატი სრული ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საპენსიო ორგანოს მიერ პენსიის გაცემა განეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ა-მა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს წერილობითი განცხადებით მიმართა 05.12.06წ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს 2005 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი საპენსიო დანამატი შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ა-ს უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი საპენსიო დანამატი არა პენსიის დანიშვნის დღიდან, არამედ 2003 წლის 5 დეკემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატის მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2003 წლის 5 დეკემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე საპენსიო დანამატის ანაზღაურება, კერძოდ, საპენსიო თანხის 25%-იანი დანამატი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.