Facebook Twitter

¹ბს-587-559(კ-07) 20 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ რ. მ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 6 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. მ.-მ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ...-ის განყოფილების პასუხისმგებელ შემსრულებლად _...-ის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, სახელფასო დავალიანების, სანივთე ქონებისა და შვებულების თანხის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. სამუშაოდან გათავისუფლებამდე მუშაობდა ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ...-ის განყოფილების პასუხისმგებელ შემსრულებლად, სადაც ასრულებდა ...-ის მოვალეობას. 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანებით გადაიყვანეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის კადრების განკარგულებაში. სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ცვლილებების შედეგად პასუხისმგებელი შემსრულებლის ოთხი ერთეულიდან გაუქმდა მხოლოდ ერთი. ... განყოფილებაში მისი საშტატო ერთეული არ გაუქმებულა, რასაც ადასტურებს მასზე რიცხული კომპიუტერის სამმართველოში დღემდე არსებობა. იმის მიუხედავად, რომ გავიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ოთხი თვის ვადა, იგი თანამდებობაზე არ დაინიშნა, მაშინ როდესაც 1995 წლიდან დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებდა, რასაც ადასტურებდა მისი დახასიათებებიც. საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიმართა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2005 წლის 3 ივნისს კომისარიატიდან ტელეფონით აცნობეს დათხოვნის შესახებ, მაშინ როდესაც მისი საქმე გენინსპექციაში განიხილებოდა. როგორც გენინსპექციის უფროსმა სიტყვიერად აცნობა, იურიდიულმა სამსახურმა მისი არდანიშვნა უკანონოდ ცნო, მაგრამ საბოლოო პასუხი არ უცნობებიათ. არ ჰყავს მარჩენალი, არ აუღია 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება 1082.37 ლარის, სანივთე კომპენსაცია _ 863.35 ლარის ოდენობით, არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით და არ აუღია შვებულების თანხა დაახლოებით 85 ლარი (ს.ფ. 1-2).

2006 წლის 16 თებერვალს რ. მ.-მ იმავე სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა: მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლა, სახელფასო დავალიანების, სანივთე ქონების კომპენსაციისა და კუთვნილი შვებულების თანხის ანაზღაურება (ს.ფ. 46-47).

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის, 1998-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 1082.37 ლარის, სანივთე ქონების კომპენსაციის _ 863.35 ლარისა და კუთვნილი შვებულების თანხის _ 85 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 82-83).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 1082.37 ლარის ოდენობით; სარჩელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 863.35 ლარის, 2005 წლის შვებულების თანხის _ 85 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ.-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში 2004 წლის 27 დეკემბრიდან. 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანებით იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 27 აპრილიდან რეზერვში ჩარიცხვით. 2004 წლის 28 დეკემბრის ¹2/295-51 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით გაუქმდა ...-ის განყოფილება, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებელი შემსრულებლის შტაბის სერჟანტის 4 საშტატო ერთეულს და შეიქმნა ...-ის სამმართველო პასუხისმგებელი შემსრულებლის შტაბის სერჟანტის 3 საშტატო ერთეულით.

საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანების კანონსაწინააღმდეგობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და კადრების განკარგულებაში იქნა გადაყვანილი 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანებით, ხოლო 2005 წლის 11 მაისის ბრძანებით იგი 2005 წლის 27 აპრილიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვეს. სასამართლოს მითითებით, «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. დასახელებულ ნორმაში საუბარია რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურიდან დასათხოვნ პირებზე. ეს გარემოება გამორიცხავს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირის თანამდებობაზე დანიშვნის ვალდებულებას, რადგან კადრების განკარგულებაში მყოფი პირის სავალდებულო წესით სამსახურში დანიშვნას მითითებული დებულება არ ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში ჩარიცხვის ნაწილში არ გაუსაჩივრებია, რითაც დაეთანხმა ზემოაღნიშნულ ბრძანებას, რომლის საფუძველზეც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატის გაუქმებასთან (შემცირებასთან) დაკავშირებით და რომლითაც გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში 2004 წლის 27 დეკემბრიდან. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია და შტატების შემცირება სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის საფუძველია, რის გამოც სასამართლო ვერ იმსჯელებს გასაჩივრებული ბრძანების «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილთან შესაბამისობაზე, ვინაიდან აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება არ გაუსაჩივრებია, საქალაქო სასამართლოს აზრით, თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა უსაფუძვლოა, შესაბამისად, უსაფუძვლოა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაც.

სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი საქალაქო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ, მართალია, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, მაგრამ მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 2001-2003 წლებში თავისი ხარჯებით შეიძინა სანივთე ქონება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქალაქო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა შვებულების თანხის _ 85 ლარის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, რ. მ.-ს 2004 წლის შვებულებით არ უსარგებლია, ანუ მას არ გამოუყენებია კანონით მინიჭებული უფლება. ამდენად, მხარე ვერ ასაბუთებს, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მისი მოთხოვნა.

რაც შეეხება 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანებას, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 1082.37 ლარის ოდენობით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანი იყო (ს.ფ. 94-98).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ.-მ, რომელმაც სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანებით იგი გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრომ მას ¹1/2-9471 წერილით აცნობა, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ შეატყობინებდნენ მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც არ შესრულდა. 2005 წლის 14 იანვარს მიმართა თავდაცვის მინისტრს და სთხოვა დავალიანების ანაზღაურება. 2005 წლის 3 თებერვალს კვლავ მიმართა მინისტრს პატაკით, მომხდარიყო მისი დანიშვნა, ვინაიდან შტატი არ გაუქმებულა. სწორედ ამ გარემოებათა გამო არ მიმართა სასამართლოს ¹1/1261 ბრძანების გაუქმების შესახებ; 2005 წლის 3 ივნისს დაურეკეს სამხედრო კომისარიატიდან და აცნობეს, რომ დათხოვნილი იყო შეიარაღებული ძალებიდან. 2005 წლის 4 ივნისს სასარჩელო განცხადება შეიტანა სასამართლოში; 2005 წლის 6 ივნისს გენერალური ინსპექციიდან წერილობით აცნობეს, რომ საქმე გადაგზავნილი იყო … დეპარტამენტში, თუმცა დაითხოვეს პასუხის მიღებამდე. გენერალურ ინსპექციაში უთხრეს, რომ იურიდიული დასკვნა მის სასარგებლოდ იყო, თუმცა ამ დოკუმენტის მოპოვება ვერც მან და ვერც სასამართლომ ვერ შეძლო. მართალია, მისთვის ცნობილი იყო ოთხთვიანი ვადის ამოწურვის შესახებ, მაგრამ ელოდებოდა თავდაცვის სამინისტროს პასუხს და მაშინვე მიმართა სასამართლოს. სასამართლოს მითითება, თითქოს ის კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანებას დაეთანხმა, უსაფუძვლოა, ამას ამტკიცებს თავდაცვის მინისტრისთვის მიწერილი მისი წერილებიც. ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, თითქოს შტატების გაუქმებასთან დაკავშირებით იქნა გათავისუფლებული, ვინაიდან დადგენილია, რომ დღემდე არსებობს სამი შტატი და მხოლოდ ერთ შტატზეა დანიშნული ძველი თანამშრომელი.

აპელანტის განმარტებით, ცნობა 2001-2003 წლების სანივთე ქონების შესახებ გაცემულია თავდაცვის სამინისტროს მიერ და ბევრმა თანამშრომელმა სასამართლო გადაწყვეტილებით ეს თანხა უკვე აიღო ისე, რომ სასამართლოს არ მოუთხოვია მტკიცებულება სანივთე ქონების თავისი ხარჯით შეძენის თაობაზე. რაც შეეხება შვებულების თანხას, შვებულებაში გასვლის შესახებ პატაკს უფროსი არ აწერდა ხელს (ს.ფ. 101-103).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით რ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში რ. მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანება რ. მ.-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის ნაწილში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. მ.-ის სამსახურებრივი მოწყობის თაობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ. მ.-სათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანების მე-60 პუნქტით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 7 დეკემბრის ¹374 ბრძანების თანახმად, … პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის (შტატი ¹...) გაუქმებასთან დაკავშირებით, 2004 წლის 27 დეკემბრიდან, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში უფროსი სერჟანტი რ. მ.-ე, ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს ...-ის განყოფილების პასუხისმგებელი შემსრულებელი.

2005 წლის 3 თებერვალს რ. მ.-მ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიმართა პატაკით და იქედან გამომდინარე, რომ, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, სამმართველოში იყო პასუხისმგებელი შემსრულებლის (...-ის) შტატი, მოითხოვა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების გამოცემა და მასზე გაპიროვნებული კომპიუტერული ტექნიკის გადაცემა.

პატაკის პასუხად რ. მ.-ს ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მენეჯმენტის სამმართველოს უფროსის 2005 წლის 10 მარტის წერილით ეცნობა, რომ ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებოდა დამატებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანებით (პუნქტი 18) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს ...-ის განყოფილების ყოფილი პასუხისმგებელი შემსრულებელი, უფროსი სერჟანტი რ. მ.-ე, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 27 აპრილიდან, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება) საფუძველზე.

... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოში შემავალ ... საკითხების განყოფილებაში და ...-ის განყოფილებაში რეორგანიზაციამდე არსებობდა პასუხისმგებელი შემსრულებლის 4 საშტატო ერთეული.

2004 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული საშტატო განრიგის თანახმად, ...-ის სამმართველო ჩამოყალიბდა განყოფილებების გარეშე და მასში გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებელი შემსრულებელი შტაბის სერჟანტის სამი საშტატო ერთეული.

რ. მ.-ს გავლილი აქვს კომპიუტერული ტექნიკის ტექმომსახურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სასწავლო ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის ერთწლიანი კურსი რამდენიმე პროგრამაში 2001 წლის 25 იანვრიდან 2002 წლის 25 იანვრამდე, მოწმობის თანახმად, სასწავლო ცენტრის საგამოცდო კომისიის მიერ მისი ცოდნა შეფასდა ფრიადზე და მიეცა უფლება, შეესრულებინა სამუშაო კომპიუტერულ ტექნიკაზე ...-ის კვალიფიკაციით. ამასთან, აპელანტი სამსახურიდან ხასიათდება დადებითად, მისი განმარტებით, ცხოვრობს მარტო და შემოსავალი არ გააჩნია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანებაში რ. მ.-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ ნიშნავს კადრების განკარგულებაში მყოფი პირის შეიარაღებული ძალების რიგებიდან უპირობო დათხოვნას, ვინაიდან მითითებული 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად კი, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან სპეციალური კანონმდებლობით რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით გათავისუფლების პროცედურა მოწესრიგებული არ არის, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ რ. მ.-ის გათავისუფლებისას «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 96-ე, 97-ე და 1973 წლის 28 ივნისის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე უნდა შესწავლილიყო მოსარჩელის კვალიფიკაციის, შრომის ნაყოფიერების, სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით იმავე ან სხვა სამუშაო ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სამმართველოში პასუხისმგებელი შემსრულებლის 4 საშტატო ერთეულიდან სამი დარჩა რეორგანიზაციის შემდეგაც და, მოსარჩელის განმარტებით, მხოლოდ ერთ საშტატო ერთეულზე იქნა დანიშნული ძველი თანამშრომელი.

რ. მ.-მ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის თაობაზე სასარჩელო წესით სასამართლოში გაასაჩივრა 2005 წლის 6 ივნისს, ანუ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილ ვადაში და მის მიერ სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა დაცულია. ამასთან, მართალია, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანებით, რაც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო, ვინაიდან მოსარჩელე 2004 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში და მისი თანამდებობიდან განთავისუფლება რეალურად სწორედ სადავო ბრძანებით განხორციელდა. «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულება იცნობს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენებას კადრების განკარგულებაში გადაყვანით, რაც ამავე დებულების თანახმად, არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის კადრების განკარგულებაში გადაყვანა გამიჯნულია შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისაგან და გულისხმობს ოთხი თვის გასვლის შემდეგ პირის არა უპირობოდ გათავისუფლებას, არამედ რეორგანიზებულ სამსახურში დასაქმებას კვალიფიკაციისა და შრომის ნაყოფიერების გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რ. მ.-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის დროისათვის მოქმედი ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. იმის გათვალისწინებით, რომ სამსახური, სადაც მოსარჩელე მსახურობდა, ამჟამად რეორგანიზებულია, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას განეკუთვნება, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, სადავო საკითხის, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის, გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო ბრძანება რ. მ.-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის ნაწილში და დაევალოს მოპასუხეს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მასთან მიმართებაში, კერძოდ, უნდა გაირკვეს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული იმ რეორგანიზებულ სამსახურში, სადაც მოსარჩელე მსახურობდა, ხომ არ არის მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ანალოგიური ან სხვა შესატყვისი სამსახური, რაზედაც თანხმა იქნება მოსარჩელე და ამის შემდეგ გამოიცეს ახალი აქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ. მ.-ს უნდა აუნაზღაურებოდა გათავისუფლებიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემადე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, სადავო ბრძანება კი მოსარჩელის შეაიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის ნაწილში ბათილია და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობდა.

«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. საქმეშია ცნობა, რომლის თანახმადაც 2001-2003 წლებში მოსარჩელეს არ მიუღია სანივთე ქონება, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ აღნიშნულ წლებში მას საკუთარი სახსრებით ფორმის ტანსაცმელი არც შეუძენია და არც უტარებია, რის გამოც სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილში დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორი იყო იმ ნაწილშიც, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა შვებულების თანხის მოთხოვნის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დადასტურებული ვერ იქნა ის გარემოება, რომ მან მოითხოვა შვებულება და მისი თხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნა, ან შვებულება გადატანილი იქნა 1973 წლის 28 ივნისის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 66-ე და 72-ე მუხლების შესაბამისად (ს.ფ. 179-189).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი მოტივებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. მ.-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანებით რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანებით კი მოსარჩელე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში 2005 წლის 27 აპრილიდან.

თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანება, რომლითაც რ. მ.-ე გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, მას არ გაუსაჩივრებია. სამხედრო სამსახური არის სპეციფიკური სამსახური, რომელიც რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის, ასევე «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის და «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

კასატორისათვის გაურკვეველია, თუ რატომ გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი, როცა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში თავადვე მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ასევე, გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია 1973 წლის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს 2006 წლის 25 მაისის საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლი და სასამართლოსათვის უცნობი იყო დარჩენილ საშტატო ერთეულებზე რა კვალიფიკაციის და სპეციალობის თანამშრომლები დაინიშნენ.

კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტით განსაზღვრული 4-თვიანი ვადის ამოწურვა არ გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის უპირობოდ დათხოვნას, რამდენადაც მასში ცალსახადაა მითითებული, რომ სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს (ს.ფ. 192-194).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდეს რ. მ.-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რ. მ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. მ.-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1361 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი რ. მ.-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება) საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ სადავო შემთხვევაში შტატების შემცირებას რეალურად ჰქონდა ადგილი, ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოში შემავალ ...-ის განყოფილებაში და ...-ის განყოფილებაში რეორგანიზაციამდე არსებობდა პასუხისმგებელი შემსრულებლის 4 საშტატო ერთეული. 2004 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული საშტატო განრიგის თანახმად, ...-ის სამმართველო ჩამოყალიბდა განყოფილებების გარეშე და მასში გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებელი შემსრულებელი შტაბის სერჟანტის სამი საშტატო ერთეული.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველად მიიჩნია მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის დროისათვის მოქმედი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების, მისი სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევის გარეშე გამოცემა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის გამორკვევა არ წარმოადგენდა აღნიშნული ბრძანების გამოცემის სავალდებულო პირობას.

«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დამოუკიდებელ საფუძვლად ითვალისწინებდა რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებას.

სამხედრო სამსახურის, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო სამსახურის ბუნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში რ. მ.-ის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიმართ, ადმინისტრაციას არ ჰქონდა სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე. სპეციალური კანონმდებლობა _ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონი სადავო ბრძანების გამოცემისას არ ითვალისწინებდა შტატების შემცირების შემთხვევაში შტატგარეშედ დარჩენილი მოსამსახურისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება რ. მ.-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. მ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.