ბს-588-556(კ-06) 22 მარტი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ბ-მა 2005 წლის 12 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹536კ ბრძანების რეგიონალური საბაჟო-გამშვებ პუნქტ “სარფის” ...ის თანამდებობაზე მისი აღდგენის ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹541კ ბრძანების რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების ...ის მოვალეობის მისთვის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის საატესტაციო კომისიის შედეგების მისი სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹681კ ბრძანების რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საბაჟო-გამშვებ პუნქტ “სარფის” ...ის თანამდებობიდან მოსარჩელის დათხოვნის ნაწილში ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის იძულებითი განაცდურის, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებისა (540 ლარი) და 2005 წლის თებერვლიდან მასზე მიყენებული მატერიალური ზარალის (1010 ლარი) დაკისრება.
სასარჩელო განცხადების საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 იანვრის ¹24კ ბრძანებით დათხოვნილ იქნა რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საბაჟო-გამშვებ პუნქტ “სარფის” ...ის თანამდებობიდან. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით აღნიშნული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და ბ. ბ-ი აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა იძულებით განაცდურის ანაზღაურება და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹536კ ბრძანებით ბ. ბ-ი აღდგენილ იქნა “სარფის” ...ის თანამდებობაზე, ამავე თარიღის ¹541 ბრძანებით კი მას დაეკისრა რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” სტატისტიკისა და ინფორმაციის განყოფილების ...ის მოვალეობის შესრულება. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ბრძანებები გამოცემულია კანონის უხეში დარღვევით _ პირველი ბრძანებით სარფის ...ის თანამდებობაზე მისი აღდგენა მოხდა ფიქტიურად, არარსებულ საშტატო ერთეულზე და თანამდებობაზე აღდგენილი მოხელის სტატუსით აღმოჩნდა შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მიიღება გარკვეული ვადით არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, შესაბამისად, მეორე ბრძანებით მას დაეკისრა სხვა მოვალეობა. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან მისი აღდგენა იყო ფორმალური და მიზნად არ ისახავდა სამსახურში მის დაბრუნებას, უარი განაცხადა დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე და გამოწერილი ხელფასის მიღებაზე.
2005 წლის ნოემბრის დასაწყისში ბ. ბ-მა 2005 წლის 27-28 ოქტომბრით გაგზავნილი შეტყობინება მიიღო იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საატესტაციო კომისიის 2005 წლის 17 ოქტომბრის შედეგებით დადგინდა მისი სამსახურიდან განთავისუფლება და შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹681კ ბრძანებით დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹536კ ბრძანებით იგი აღდგენილ იქნა არარსებულ საშტატო ერთეულზე, ანუ არარსებულ ვაკანსიაზე, რაც ეწინააღმდეგება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹541კ ბრძანებით კი დაირღვა ამავე კანონის 43-ე მუხლის მოთხოვნა. გარდა ამისა, მოსალოდნელი ატესტაციის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹681კ ბრძანების გამოცემისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნები (ს.ფ. 2-5, 20-23).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გასაჩივრებული აქტები გაუქმდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა იძულებითი განაცდურის, მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით მგზავრობის გამო გაწეული ხარჯებისა (71 ლარი) და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის (600 ლარი) ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 იანვრის ¹24კ ბრძანებით ბ. ბ-ი გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საბაჟო-გამშვები პუნქტი “სარფის” ...ის თანამდებობიდან და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის გადახდა და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹536კ ბრძანებით ბ. ბ-ი აღდგენილ იქნა რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საბაჟო-გამშვები პუნქტი “სარფის” ...ის თანამდებობაზე, ხოლო ¹541კ ბრძანებით მას დაეკისრა რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” სტატისტიკისა და ინფორმაციის განყოფილების ...ის მოვალეობის შესრულება. ბრძანების საფუძვლად მიეთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის ¹285 ბრძანების 9.2“ვ” მუხლი. ბ. ბ-ისათვის აღნიშნულ მოვალეობათა დაკისრება მოხდა სამსახურში მიმდინარე საკადრო რეფორმასთან დაკავშირებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს რეკომენდაცია გაეწია ბ. ბ-ის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საბაჟო-გამშვებ პუნქტ “სარფის” ...ის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე და საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹681კ ბრძანებით, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, ბ. ბ-ი აღნიშნული თანამდებობიდან განთავისუფლდა.
საქალაქო სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ-ი არ იქნა დანიშნული ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე და ¹536კ ბრძანების გამოცემისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე და 97-ე მუხლები, ვინაიდან მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა საბაჟო “დასავლეთის” საშტატო განრიგი და მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელე აღდგენილ იქნა ვაკანტური თანამდებობაზე. სასამართლომ ასევე კანონის დარღვევით გამოცემულად მიიჩნია ¹541კ ბრძანებაც, როგორც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამო, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტს ბ. ბ-ისათვის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” სტატისტიკისა და ინფორმაციის განყოფილების ...ის მოვალეობათა დაკისრებამდე უნდა გამოერკვია, თანახმა იყო თუ არა მუშაკი აღნიშნულზე.
სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება საატესტაციო კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არარსებულ საშტატო თანამდებობაზე დანიშნულ ბ. ბ-ზე არ უნდა გავრცელებულიყო ატესტაციის პროცესში მონაწილეობის მიღების ვალდებულება, ამასთან, მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომ მოსალოდნელი ატესტაციის დროისა და ადგილის, აგრეთვე პირობების შესახებ მუშაკი გაფრთხილებულ იქნა სათანადო წესით.
¹681კ ბრძანების ბათილობის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა მისი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობაზე, ვინაიდან ბ. ბ-ი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ¹541კ ბრძანებით არ დანიშნულა კონკრეტულ თანამდებობაზე და შეუძლებელი იყო მისი განთავისუფლება ასევე კონკრეტული თანამდებობიდან.
იძულებითი განცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად საქალაქო სასამართლომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მოთხოვნა მიიჩნია, ხოლო იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი და საქმეზე დართული ხელშეკრულება მოსარჩელესა და მის ადვოკატს შორის, ხოლო მგზავრობის ხარჯების ნაწილში _ საქმეში არსებული მატარებლით მგზავრობის დამადასტურებელი ქვითრები (ს.ფ. 66-69).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია შემდეგი: მოსარჩელის მითითება, რომ თავდაპირველად მისი აღდგენა თანამდებობაზე უკანონოდ მოხდა, ვინაიდან იგი არარსებულ საშტატო ერთეულზე აღადგინეს და აქედან გამომდინარე, ატესტაციას არ ექვემდებარებოდა, აპელანტის აზრით, უსაფუძვლოა, ვინაიდან შეუძლებელია, მოხელე მუშაობდეს იმ თანამდებობაზე, რომელიც საშტატო განრიგით არ არის გათვალსწინებული, აღნიშნულს კი ადასტურებს მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საშტატო განრიგი. აპელანტისათვის გაუგებარია ასევე სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელე გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე კონკრეტულ თანამდებობაზე არ დანიშნულა, ვინაიდან სამსახურში აღდგენის ბრძანებაში გარკვევით არის მითითებული, რომ ბ. ბ-ი აღდგენილ იქნა სამსახურში და დაინიშნა რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საბაჟო-გამშვებ პუნქტ “სარფის” ...ის თანამდებობაზე (ს.ფ. 75-76).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
აპელანტის მითითებით, საბაჟო დეპარტამენტის ¹536კ ბრძანება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 97-ე მუხლების დაცვითაა გამოცემული, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 ივლისის ბრძანებით დამტკიცებულ საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საშტატო ნუსხაში ...ის თანამდებობა გათვალისწინებულია. ამ ბრძანებით მოსარჩელეს ასევე განესაზღვრა თანამდებობრივი სარგო, ხოლო ...ის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია რეგიონალური საბაჟოების დებულებით. ამდენად, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ ბ. ბ-ი არ იქნა დანიშნული ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე.
აპელანტის აზრით, სასამართლოს არ გამოუკვლევია ბ. ბ-ი ¹536კ ბრძანებით რეალურად დაინიშნა თუ არა ვაკანტურ თანამდებობაზე, შესაბამისად, არ შეუსწავლია, დაირღვა თუ არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლი. სასამართლო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ განცხადებას და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საშტატო ნუსხის წარმოდგენისათვის დამატებითი ვადის მიცემის შესახებ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საქართველოს საბაჟო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-5 და მე-6 მუხლებზე, რადგან გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ ამ მუხლების რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული და აღნიშნულ ნორმებს კავშირი არ აქვს კონკრეტულ შემთხვევასთან.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლი, რის ნაცვლადაც ამავე კანონის 11.2 მუხლის თანახმად, უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს საბაჟო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 21.2“ა” მუხლი, რომლის მიხედვითაც მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო ატესტაციის შედეგების საფუძველზე. აღ§ნიშნული იმას ნიშნავს, რომ საბაჟო ორგანოში მომუშავე მოხელისათვის გათავისუფლებისას სხვა თანამდებობის შეთავაზების აუცილებლობას კანონმდებლობა არ იცნობს, ამასთან, მოსარჩელე ატესტაციაზე საერთოდ არ გამოცხადებულა.
ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ. ბ-ი არ იქნა გაფრთხილებული ატესტაციის თაობაზე, აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, ვინაიდან 2005 წლის 16 სექტემბერს საორგანიზაციო განყოფილების მიერ შედგა ოქმი იმ პირთა შესახებ, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს გაფრთხილებას, მათ შორის იყო ბ. ბ-იც. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ თავად განაცხადა, რომ მას სატელეფონო საუბრით აცნობეს აღნიშნულის თაობაზე, ხოლო რადგანაც მას აღდგენისა და მოვალეობათა დაკისრების შესახებ ბრძანებები უკვე გასაჩივრებული ჰქონდა, ამდენად, არ აპირებდა ატესტაციაზე გასვლას.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიკვლია ასევე მოსარჩელისათვის საბაჟო “დასავლეთის” სტატისტიკისა და ინფორმაციის განყოფილების ...ის მოვალეობის შესრულების საკითხი, კერძოდ, აღნიშნულის ბ. ბ-ისათვის მისი თანხმობის გარეშე დაკისრება გამომდინარეობდა თუ არა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის ინტერესებიდან (ს.ფ. 81-84).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით საპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹536კ ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 17 ოქტომბრის საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამნეტის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹681კ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. ბ-ის სარჩელი დასახელებული აქტების გაუქმების, თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹541კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლი, რომლითაც მოწესრიგებულია მუშაკის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის პირობები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა მას უცილობლად უკავშირებს მუშაკის თანხმობას. მოცემულ შემთხვევაში ბ. ბ-ს თანხმობა არ განუცხადებია რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” სტატისტიკისა და ინფორმაციის განყოფილების ...ის მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანაზე.
ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის ბრძანების ფიქტიური ხასიათის შესახებ სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ ამგვარი დასკვნის საფუძველი, გარდა თვით მოსარჩელის ვარაუდისა, საქმეში არ მოიპოვება. სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საშტატო განრიგით დასტურდება, რომ 2005 წლის 9 სექტემბრისათვის საბაჟო-გამშვებ პუნქტ “სარფში” არსებობდა ...ის შტატი.
საქმეში არსებული გაფრთხილებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსალოდნელი ატესტაციის შესახებ ბ. ბ-ის ინფორმირებულობის ფაქტი და განმარტა, რომ შესაბამისი აქტით დაფიქსირებული გაფრთხილების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი მოსალოდნელი ატესტაციის მიმართ არა მოსარჩელის არაინფორმირებულობის, არამედ მისი პოზიციის დამადასტურებელი იყო. ის გარემოება, რომ ატესტაციის გაუვლელობა მოსარჩელის ნების გამოვლენისა და არაინფორმირებულობის შედეგი იყო, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დასტურდებოდა ბ. ბ-ის 2005 წლის 15 სექტემბრის განცხადებით, რომლითაც იგი უარს აცხადებდა ...ის თანამდებობის დაკავებაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს საბაჟო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 21.2“ა” მუხლის თანახმად, ატესტაციის შედეგების მიხედვით მუშაკის თანამდებობასთან შეუსაბამობა მისი განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 177-181).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ ბ-მა და მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სამუშაოდან მისი დათხოვნის შესახებ 2005 წლის 5 იანვრის თავდაპირველი ბრძანება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა ბათილად და გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღასასრულებლად. მიუხედავად ამისა, 9 თვის განმავლობაში იგი არ აღასრულებულა, 2005 წლის 9 სექტემბერს მოხდა მისი აღდგენა და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შედიოდა მის ინტერესებში, იმის გამო, რომ ჰქონდა საფუძველი, ეჭვის ქვეშ დააყენა აღდგენის კანონიერება: არცერთი აღდგენილი მუშაკი არ დაუშვეს სარფში და 22 კაცი ერთბაშად მიამაგრეს სტატისტიკის სამსახურს, რაც ორგანიზაციულად ყოვლად წარმოუდგენელია. ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ არ არსებობდა შესაბამისი საშტატო ერთეული და შესაბამისი ვაკანსია, რომ აღდგენა იყო ფორმალური და, ამდენად, უკანონო. საყურადღებოა, რომ საშტატო განრიგი საბაჟო დეპარტამენტმა იმ დროისათვის ვერ წარმოადგინა, ასევე უპასუხოდ დატოვა საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი მისი განცხადება ანუ, დეპარტამენტმა ვერ დაადასტურა სამუშაოზე მისი აღდგენისას კანონით გათვალისწინებული სავალდებულო წინაპირობა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, კასატორის მითითებით, კრძალავს მოხელის ატესტაციას, თუ იგი ბოლო 6 თვის მანძილზე არ ასრულებდა მოვალეობას, ხოლო “საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულებით” დროებით დანიშნული მუშაკი ატესტაციას არ ექვემდებარება. ამდენად, მისი მიზანი იყო, გარკვეულიყო, რამდენად ეხებოდა ატესტაცია.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით და დებულებით, კასატორის აზრით, უდავოა, რომ მუშაკი ინიშნება საშტატო განრიგით არსებულ ერთეულზე და შესაბამის ვაკანსიაზე და რადგან მათ არ გააჩნდათ არც ერთეული და არც ვაკანსია, ვერ მოახერხეს მათი სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გამწესება, სანაცვლოდ შეძლეს სტატისტიკის განყოფილებაში მათი ე.წ. მიმაგრება, რომელის 1 თვეს გასტანდა, რადგან უკვე ჩანიშნული ჰქონდათ ატესტაცია მათი თავიდან მოცილების მიზნით.
თანამდებობაზე მისი აღდგენის ბრძანებაში ასევე იყო მეორე კანონშეუსაბამობა, კერძოდ, ბრძანებაში მინიშნებული სასამართლო გადაწყვეტილება მხარეს ავალდებულებდა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აუყოვნებლივ აღსრულებას, რაც უშვებს აღსრულების შებრუნების შესაძლებლობას, ამდენად საბაჟო დეპარტამენტი აგრძელებდა რა სასამართლო დავას საქართველოს უზენაეს სასამართლოში და იმედოვნებდა დავის მოგებაზე, აღდგენა არ შეიძლებოდა, ყოფილიყო განსაზღვრული ვადით.
კასატორის მოსაზრებით, კანონის უხეში დარღვევით მოსამართლემ არ დაასაბუთა აპელაციის საპროცესო ეტაპზე მტკიცებულების მიღების მიზანშეწონილობა, რომლის წარმოდგენა მხარეს ევალებოდა პირველ ინსტანციაში (ს.ფ. 187-189).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.