ბს-589-561(კ-07) 14 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის ფილიალი
მოწინააღმდეგე მხარე – ს. პ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მიუღებელი პენსია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 9 ნოემბერს ს. პ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ მიუღებელი პენსიის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წელს შეუსრულდა 60 წელი და დაენიშნა პენსია, რომელსაც იღებდა გარკვეული დროის განმავლობაში. შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, როგორც მომუშავე პენსიონერს (არის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი) პენსიის გადახდა შეუჩერეს. 2006 წლის 1 იანვრიდან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით კვლავ დაენიშნა პენსია, რის თაობაზეც მან შეიტყო 4-5 თვის დაგვიანებით, რადგან არც ........ სახელობის უნივერსიტეტის პროფკავშირისა და არც სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალისაგან არანაიარი შეტყობინება არ მიუღია, რომ ხელფასთან ერთად შეეძლო მიეღო პენსიაც.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2006 წლის 8 მაისს მიმართა მოპასუხე ორგანიზაციის უფროსს, რომ მიეღო 4 თვის და 8 დღის მიუღებელი პენსია, კერძოდ, 2006 წლის 1 იანვრიდან – 2006 წლის 8 მაისის ჩათვლით, რაზედაც მიიღო უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 4 თვისა და 8 დღის მიუღებელი პენსია – 162 ლარის ოდენობით და მორალური და მატერიალური ზიანის - 1100 ლარის, სულ 1262 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. პ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. პ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ს. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება ს. პ-ის მიმართ მიუღებელ საპენსიო თანხაზე უარის თქმის ნაწილში. ს. პ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს ს. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 126,10 ლარი, დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. პ-ე არის .......... სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი. იგი 1993 წლის 19 ივლისიდან იღებდა პენსიას ასაკის გამო. ,,საქართველოს რესპუბლიკაში ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემების რადიკალური რეფორმის, მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილების მე-10 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ს. პ-ეს შეუჩერდა პენსიის გაცემა. მან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე შეიტყო 2006 წლის 8 მაისს, შეიტანა განცხადება, წარადგინა ცნობა სამუშაო ადგილიდან და აღუდგა პენსიის გაცემა. მისი მოთხოვნა აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან, ანუ 2006 წლის 1 იანვრიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მოსაზრება, რომ ს. პ-ეს 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილებით შეწყვეტილი ჰქონდა პენსიის გაცემა და ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეწყვეტილი პენსიის გაცემის განახლებისათვის აუცილებელია განაცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენა კომპეტენტურ ორგანოში, არასწორია, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აღნიშნული დადგენილების მე-10 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი: ,,შეჩერდეს ბიუჯეტიდან ყველა კატეგორიის მომუშავე პენსიონერთათვის პენსიის გაცემა” ნიშნავს იმიას, რომ პენსიის გაცემა მომუშავე პენსიონერებისათვის იყო შეჩერებული და არა შეწყვეტილი. შესაბამისად, უმართებულია მოპასუხის მიერ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითება, ვინაიდან კანონის ეს მუხლი განსაზღვრავს ,,შეწყვეტილი პენსიის გაცემის განახლების წესს”, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ადგილი აქვს არა ,,შეწყვეტილ”, არამედ ,,შეჩერებული პენსიის განახლებას”, ანუ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან ს. პ-ეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის დადგენილების მე-10 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით შეჩერებული ჰქონდა პენსიის გაცემა. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, პენსიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მისი გაცემა განახლდება პენსიონერების მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და აუნაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისთვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის, პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ს. პ-ზე უნდა გავრცელდეს პენსიის გაცემის შეჩერებისა და განახლების მუხლის საშეღავათო დებულებები, რის გამოც მისი მოთხოვნა წინა 4 თვისა და 8 დღის პენსიის მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, 2006 წლის 10 თებერვალს გამოიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ¹46/ნ ბრძანება, რომლის მე-19 მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად: ,,შეჩერებული პენსიების შეწყვეტა მოხდება შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ”. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მოთხოვნა და ჩათვალა, რომ ს. პ-ეს პენსია ჰქონდა არა შეწყვეტილი, არამედ შეჩერებული, კასატორის მოსაზრებით კი, ვინაიდან 1994 წლის 5 სექტემბრიდან გასულია 3 წელი, პენსია არის შეწყვეტილი.
,,სახელმწიფო პენსიების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სადირექტივო მითითების მე-10 პუნქტის საფუძველზე შეწყვეტილი პენსიის გაცემის განახლებისათვის აუცილებელია განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის (კონკრეტულ შემთხვევაში მუშაობის შესახებ ცნობის) წარდგენა კომპეტენტურ ორგანოში და პენსიონრებს, რომლებიც მუშაობენ არასაბიუჯეტო სფეროში და სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მ.შ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საბავშვო ბაღებსა და ბაგებში პედაგოგებად ან აღმზრდელებად, პენსიები მიეცემათ განცხადებისა და აღნიშნულზე სამუშაო ადგილიდან ცნობის წარდგენის შემდეგ, მომდევნო თვეში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეზე დაგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ს. პ-ე არის ........ სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. იგი 1993 წლის 19 ივლისიდან იღებდა პენსიას საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. ,,საქართველოს რესპუბლიკაში ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემების რადიკალური რეფორმის, მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 05 სექტემბრის ¹634 დადგენილების მე-10 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე ს. პ-ეს შეუჩერდა პენსიის გაცემა.
2006 წლის 08 მაისიდან, საპენსიო ფონდისათვის მიმართვის დროიდან, ს. პ-ეს აღუდგა პენსიის გაცემა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ხოლო რაც შეეხება მის მოთხოვნას, პენსიის გაცემა მომხდარიყო ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან, კერძოდ, 2006 წლის პირველი იანვრიდან, ეთქვა უარი
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მხრიდან აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ ს. პ-ეს 1994 წლის 05 სექტემბრის დადგენილებით შეწყვეტილი ჰქონდა პენსიის გაცემა და ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვეტილი პენსიის გაცემის განახლებისათვის აუცილებელი იყო განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის კომპეტენტურ ორგანოში წარდგენა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის ქუთაისის ფილიალის უარი მიიჩნია კანონშეუსაბამოდ და ჩათვალა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილების მე-10 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხდა მომუშავე პენსიონერებისათვის პენსიის გაცემის შეჩერება და არა შეწყვეტა, რის გამოც მითითებულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ,,სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი და არა იმავე კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი.
საკასაციო სასამართლომ კასატორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის გამოყენების მართებულობა და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება კანონის არასწორ განმარტებას.
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ,,სახელმწიფო პენსიის, სახელწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46 ბრძანებით დამტკიცდა ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი”. მითითებული წესის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, შეჩერებული პენსიის შეწყვეტა მოხდება შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ.
როგორც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით დასტურდება, ს. პ-ეს პენსიის გაცემა შეუჩერდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹634 დადგენილების საფუძველზე 1994 წლიდან. ამდენად, პენსიის შეჩერებიდან გასულია 3 წელზე მეტი, რაც ზემოაღნიშნული აქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პენსიის შეწყვეტის საფუძველს. იმავე ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის” წესის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში პენსიის გაცემა წყდება ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან და განახლდება წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის დღიდან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიულ ხასიათს, რომელიც შეწყვეტილი პენსიის გაცემის უფლებას უკავშირებს ფიზიკური პირის მხრიდან განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას, თვლის, რომ კასატორი განსახილველ შემთხვევაში მოკლებულია კანონისმიერ საფუძველს პენსია აანაზღაუროს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ ეწინააღმდეგება მოქმედ საპენსიო კანონმდებლობას, რის გამოც არ არსებობს ს. პ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.