Facebook Twitter

¹ბს-592-564(კ-07) 6 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 17 აპრილს ნ. პ.-მ, დ. ქ.-მ, ბ. ჯ.-მ, მ. კ.-მ, მ. მ.-მ, ნ. წ.-მ და ნ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს მიუღებელი სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება (ს.ფ. 1-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ფოთის საგადასახადო ინსპექციით, ხოლო თავდაპირველი მოპასუხე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული. ამავე სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ფოთის საქალაქო სასამართლოს (ს.ფ. 44; 45-46).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ფოთის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა ნ. პ.-ს სასარგებლოდ 567 ლარის, დ. ქ.-ს სასარგებლოდ _ 472 ლარის, ბ. ჯ.-ს სასარგებლოდ _ 1124,50 ლარის, მ. კ.-ის სასარგებლოდ _ 616 ლარის, მ. მ.-ის სასარგებლოდ _ 509 ლარის, ნ. წ.-ს სასარგებლოდ _ 539,72 ლარისა და ნ. კ.-ს სასარგებლოდ _ 1016,40 ლარის გადახდა (ს.ფ. 61-64).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 68-69).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ნ. პ.-სა და სხვათა სარჩელი: ფოთის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა ნ. პ.-ს სასარგებლოდ 379,46 ლარის, ნ. წ.-ს სასარგებლოდ _ 356,64 ლარის, ბ. ჯ.-ს სასარგებლოდ _ 756,37 ლარის, მ. მ.-ის სასარგებლოდ _ 442,12 ლარის, დ. ქ.-ს სასარგებლოდ _ 416,07 ლარის, ნ. კ.-ს სასარგებლოდ _ 872,85 ლარის, მ. კ.-ის სასარგებლოდ _ 535,32 ლარის გადახდა (ს.ფ. 112-114).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციას არ გააჩნია სახელფასო ფონდი და შესაბამისად ვერ აანაზღაურებს მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანებებს. სააპელაციო სასამართლოში პროცესის მსვლელობისას ფოთის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაბმულიყვნენ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რასაც სასამართლომ იგნორირება გაუკეთა, რითაც დაირღვა «2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-8 მუხლი, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს დავალიანებების დაფარვის პროცედურას ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსამართლე თავად იყო ვალდებული და უფლებამოსილი, საქმეში მესამე პირებად ჩაერთო შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო, ვინაიდან მხოლოდ ამ უწყებათა კომპეტენციაში შედის სახელფასო დავალიანებების გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საგადასახადო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საქმეში მესამე პირებად ჩაბმა და მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 125-126).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.