Facebook Twitter

ბს-593-561(კ-06) 30 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი(მოსარჩელე) – ა. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.06წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი – პენსიის გადაანგარიშება და ძველსა და ახალ პენსიას შორის სხვაობის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

22.07.05წ. ა. ც-ემ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის სამამულო ომის მონაწილე, 81 წლის ვეტერანი, იღებს ომის მონაწილის პენსიას თვეში 45 ლარის ოდენობით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 16.10.96წ. კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ეკუთვნოდა ორი სახის: ომის ინვალიდობის და ასაკის გამო პენსია. პენსიის ოდენობის გადაანგარიშების თაობაზე მიმართა მოპასუხეს, რომელმაც იმ მოტივით უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ მე-60 მუხლის ამოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. მართალია, 29.12.04წ. კანონით “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონს დაემატა 63-ე მუხლი, რომლის თანახმად, ამავე კანონის მე-60 მუხლის ამოქმედება გადაიდო 2006 წლის იანვრამდე, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა 17.06.05წ. მიიღო კანონი, რომლის 63-ე მუხლის განახლებულ რედაქციაში საერთოდ არ იყო მე-60 მუხლი ნახსენები. კანონი ძალაში 01.08.05წ., შევიდა, ამავე მომენტიდან ამოქმედებულია კანონის მე-60 მუხლი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ” 17.10.95წ. კანონის მე-15 მუხლის “ჩ” ქვეპუნქტის მესამე აბზაცის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, ვრცელდება ყველა უფლება და შეღავათი, რომელიც დადგენილია ამ კანონით მსოფლიო ომის III ჯგუფის ინვალიდებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალის 14.07.05წ. წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 16.10.96წ. კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად პენსიის გადაანგარიშების დავალდებულება, ამასთან ერთად ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 50-ე მუხლის შესაბამისად 12 თვის უკანდახევით ძველსა და ახალ პენსიებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.05წ. გადაწყვეტილებით ა. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალის 14.07.05წ. წერილი ცნობილი იქნა ბათილად, მოპასუხეს ა. ც-ის პენსიის დაანგარიშება 2005 წლის 1 აგვისტოდან და 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 აგვისტომდე ძველსა და ახალ პენსიას შორის არსებული სხვაობის გადაანგარიშება და ანაზღაურება დაევალა. ამავე სასამართლოს 10.02.06წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ც-ის განცხადება და გადაწყვეტილებაში 2004 წლის 1 იანვრის ნაცვლად მიეთითა 2004 წლის 1 აგვისტო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.06წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ც-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ერთდოულად რამდენიმე სახეობის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ, მათი სურვილის მიხედვით ენიშნებოდათ ერთი სახეობის პენსია. ამავე კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი ან/და არიან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის ერთდოულად მიღების უფლება და მათ დაენიშნებათ დანამატი – მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. ც-ე იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე, მაგრამ არ იყო ომის ინვალიდი ან ოფიცერი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ იგი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხსენებული მუხლის ახალი რედაქციის ამოქმედება, რომლითაც გათვალისწინებული იყო ომის ინვალიდებთან ერთად ომის მონაწილეებისათვის მეორე სახის პენსიისა და დანამატის დანიშვნა, გადაიდო 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით მთელი მე-7 თავი, რომელიც მოიცავდა აგრეთვე კანონის მე-60 მუხლს, ამოღებული იქნა კანონიდან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 17.06.05წ. კანონით 63-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი სახით, რომელიც მე-60 მუხლს აღარ ითვალისწინებდა. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული გარემოება არ ქმნის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ,,საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 28.10.05წ. კანონის 1-ლი მუხლით 63-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მითითებული კანონის მე-60 მუხლის ამოქმედების თარიღად მითითებულ იქნა 01.01.06წ., ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და გავრცელდა 2005 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონის მე-60 მუხლის ახალი რედაქცია 2006 წლის 1 იანვრამდე არ ამოქმედებულა, 23.12.05წ. კანონით აღნიშნული მუხლი მთლიანად იქნა ამოღებული კანონიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ც-ემ. კასატორმა აღნიშნა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონიში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ,,საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 17.06.05წ. კანონით 63-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი სახით, რომელშიც მე-60 მუხლის ამოქმედების გადავადებაზე აღარ იყო მითითებული. კასატორის აზრით, აღნიშნულით დადგინდა, რომ მე-60 მუხლი ამოქმედდა 2005 წლი I აგვისტოდან. ამ კანონის ამოქმედების თაობაზე სათანადო მუშაობა განახორციელა ერთიანმა სახელმწიფი ფონდმაც. ფონდის გენერალური დირექტორის 02.08.05წ. ბრძანებით დამტკიცებული იქნა 17.06.05წ. კანონთან დაკავშირებული მეთოდური მითითებები. ამ მითითებების მე-3 მუხლის თანახმად, მითითების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესაბამისი სამსახურებისათვის კანონის გაგების გამარტივება. აღნიშნული მეთოდური მითითებების მე-10 მუხლის თანახმად, 17.06.05წ. ¹1671 კანონით ჩამოყალიბებული 63-ე მუხლის რედაქცია საერთოდ არ მიუთითებს კანონის მე-60 მუხლზე, რის საფუძველზეც 2005 წლის აგვისტოდან ომის ინვალიდობით პენსიასთან ერთად ასაკის გამო პენსიის მიღების უფლება ეძლეოდათ ომის, 70 წელს გადაცილებულ იმ მონაწილეებსაც, რომელთა ინვალიდობა არ არის დაკავშირებული ფრონტთან. კანონმა მათ მიმართ აღნიშნული უფლება გაავრცელა 2005 წლის 1-ლი აგვისტოდან. ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ცნობილი იყო კანონის ამოქმედების შესახებ, რასაც ადასტურებს აგრეთვე გაზეთ “...” 15-21 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული სტატია “პენსიები გამორჩევით”. ფონდის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მათი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად კანონი 01.08.05წ. ამოქმედდა.

კასატორი თვლის, რომ 23.07.03წ. და 17.06.05წ. კანონებით, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა, უდავოდ დასტურდება, რომ 23.07.03წ. კანონით ჩამოყალიბებული მე-60 მუხლი 2005 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა 17.06.05წ. კანონის საფუძველზე. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 17.07.05წ. კანონით დადგენილი 63-ე მუხლის ახალი რედაქცია არ ქმნიდა მე-60 მუხლის ამოქმედების საფუძველს. გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი თუ რატომ არ იძლეოდა მეტად მნიშვნელოვანი და არსებითი ხასიათის 17.06.05წ. კანონი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ 60-ე მუხლის ძველი რედაქცია, რის დასადასტურებლად მოიშველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.12.02წ. განმარტება, რომელიც შეეხებოდა 2003 წლის 23 ივლისის კანონის მიღებამდე არსებულ 60-ე მუხლს.

კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში 28.10.05წ. და 23.12.05წ. კანონებზე მითითებას და აღნიშნავს, რომ სკ-ის მე-6 მუხლით არ დაიშვება იმ კანონისათვის უკუქცევითი ძალის მიცემა, თუ იგი ზიანის მომტანია ამ აუარესებს პირის მდგომარეობას. კასატორი თვლის, რომ 23.07.03წ. და 17.06.05წ. კანონებით დაწესებული პრივილეგიის გაუქმება არ დაიშვება შემდგომ გამოცემული კანონებით, ვინაიდან ისინი კასატორისათვის ზიანის მომტანია და აუარესებენ მის მდგომარეობას.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების დარღვევით. განსახილველ საქმეში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალი. სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდმა, რომელიც მესამე პირის სტატუსითაც არ იყო საქმეში ჩაბმული. კასატორი თვლის, რომ აღნიშნულით დაირღვა სასკ-ის 16-ე, სსკ-ის 364-ე მუხლების მოთხოვნები.

კასატორმა აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სსკ-ის 440-ე მუხლის შესაბამისად არ იქნა დაშვებული, რადგან პირებს, რომლებსაც გავლილი არ ჰქონდათ ადვოკატთა ტესტირება 2006 წლის I ივნისიდან ეკრძალებოდათ წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელება საკასაციო და სააპელაციო სასამართლოებში. კანონის აღნიშული მოთხოვნა, კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ გაავრცელა მხოლოდ მის წარმომადგენელზე, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელს მისცა საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ადვოკატის ტესტირებაგავლილ პირებს შეეძლოთ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში, ვიდრე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ შევიდა ცვლილება, რომელმაც ახალი სახით ჩამოაყალიბა 440-ე მუხლი. კერძოდ, 13.07.06წ. კანონით სსკ-ის 440-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება და სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელების უფლება მიენიჭათ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის თანამშრომლებს – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ აპელანტის წარმომადგენლის დაშვება 06.06.06წ. სხდომაზე უკანონოა. უკეთუ სააპელაციო სასამართლო რაიმე მოტივით კანონიერად მიიჩნევდა აპელანტის წარმომადგენლის დაშვებას საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, ასეთი უფლება მისი წარმომადგენლისთვისაც უნდა მიენიჭებინა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.09.06წ. განჩინებით სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წარმოედგინათ მოსაზრებები. საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდმა წამოდგენილ მოსაზრებაში აღნიშნა, რომ ა. ც-ის საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერც ერთ კრიტერიუმს, რის გამო არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ა. ც-ემ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული მოტივების შესაბამისად მისი საკასაციო საჩივარი დასაშვებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.11.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თავდაპირველი რედაქციის მიხედვით ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შესრულებული ჰქონდათ 75 წელი და/ან იყვნენ I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლეოდათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებოდათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.12.02წ. განჩინებით (საქმე ¹3გ-ად-203-კ-02) განიმარტა, რომ მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ შემდეგ პირობებს: უნდა იყოს 1941-45 წლების ომის მონაწილე, შესრულებული უნდა ჰქონდეს 75 წელი, მინიჭებული უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორი ა. ც-ე ვერ პასუხობს მე-60 მუხლის საფუძველზე საპენსიო შეღავათის მიღებისათვის დადგენილ პირობას, მას არ ჰქონდა ოფიცრის წოდება მინიჭებული, ამასთანავე იგი არ არის სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის 1 ან მე-2 ჯგუფის ინვალიდი. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს ამ მიმართებით დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.12.02წ. განჩინების შესაბამისად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა არ შეცვლილა ხსენებული კანონის მე-60 მუხლის შემდგომი რედაქციული ცვლილებების გამო, ვინაიდან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური, სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 23.07.03წ. კანონით მე-60 მუხლის განახლებული რედაქცია უცვლელად ტოვებდა პენსიის დანიშვნისათვის საჭირო ერთ-ერთ პირობას - ინვალიდობას, ხოლო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერიანი სახელმწიფო ფონდის 28.06.04წ. სარეკომენდაციო წერილი და 02.08.05წ. დამტკიცებული მითითებანი არ წარმოადგენენ ნორმატიული, სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტებს, ამასთანავე, 28.06.04წ. წერილი არ ადასტურებს კასატორისათვის ორმაგი პენსიის დანიშვნის უფლების წარმოშობას (იხ. წერილის დანართის მე-5, მე-6 პუნქტები), ხოლო 02.08.05წ. ბრძანებით დამტკიცებული მითითებანი 17.06.05წ. კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლებლად თვლის მე-60 მუხლის საფუძველზე პენსიის დანიშვნას ომის იმ მონაწილეებისათვის, რომელთა ინვალიდობა არ არის დაკავშირებული ფრონტთან. ა. ც-ე არ არის I ან II ჯგუფის ინვალიდი, ამდენად მასზე ვერ გავრცელდებოდა 17.06.05წ. კანონი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 23.07.03წ. კანონით დადგენილი მე-60 მუხლის განახლებული რედაქციის ამოქმედების თარიღი (01.01.04წ.) 31.12.03წ. და 29.12.04წ. კანონებით შეტანილი ცვლილებების თანახმად გადაიდო ჯერ 2005 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდგომ 2006 წლის 1 იანვრამდე. ამდენად სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება მისი გამოცემის მომენტში (14.07.05წ.) მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად არ არსებობდა ა. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის შემდეგ 17.06.05წ. მიღებული კანონით განახლებული 63-ე მუხლი, რომელიც 2005 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდა, არ იხსენიებს მე-60 მუხლს არ ქმნის ა. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან ამ კანონის ოთხი თვის განმავლობაში მოქმედების პერიოდში ა. ც-ეს პენსიის დანიშვნის შესახებ მოპასუხისათვის არ მიუმართავს, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო ურუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 28.10.05წ. კანონს, რომლითაც დადგინდა, რომ მე-60 მუხლი ამავე კანონის ,,ი-ლ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდებოდა, მიენიჭა უკუქცევითი ძალა და იგი გავრცელდა 2005 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამასთანავე, 23.12.05წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო ურუნველყოფის შესახებ" კანონიდან ამოღებულ იქნა მე-7 და მე-8 თავები და მაშასადამე ამოღებულ იქნა მე-60 და 63-ე მუხლებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მე-60 მუხლის განახლებული რედაქცია არ ამოქმედებულა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 28.10.05წ. და 23.12.05წ. კანონებით შეტანილ ცვლილებებს არ უნდა მიენიჭოთ უკუქცევითი ძალა, ვინაიდან ისინი აუარესებენ მის მდგომარეობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი სადავო ურთიერთობა წარმოშობილია არა კერძო-სამართლებრივი, არამედ საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან, განსახილველი საქმე ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიგს განეკუთვნება, შესაბამისად საფუძველსმოკლებულია კასატორის მითითება სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლზე (,,სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა"), მით უფრო, რომ სკ-ის მე-6 მუხლის ტექსტში საგანგებოდ არის აღნიშნული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების უკუქცევითი ძალის საგამონაკლისო შემთხვევა, კერძოდ კანონით უკუქცევითი ძალის გათვალისწინება. ამასთანავე, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47.1 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. სახელდობრ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი მოცემულ შემთხვევაში, 28.10.05წ. კანონის მე-2 მუხლში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ ეს კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება 2005 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 28.10.05წ და 23.12.05წ. კანონების შემთხვევაში ადგილი არ აქვს ნამდვილ უკუძალას ანუ წარსულში წარმოშობილ და წარსულშივე დასრულებულ ურთიერთობებზე ზემოქმედებას. საპენსიო ურთიერთობები განგრძობად ურთიერთობებს წარმოადგენენ, 28.10.05წ. და 23.12.05წ. კანონები ეხება წარსულიდან აწმყოში განგრძობად ურთიერთობებს ანუ ადგილი აქვს ე.წ. ,,არანამდვილ უკუძალას", რომელიც სავსებით მისაღებად ითვლება სამართლის თეორიაში და პრაქტიკაში, მის გარეშე შეუძლებელი შეიქმნებოდა სამართლებრივი განვითარება. ,,არანამდვილი უკუძალა" არ ხელყოფს პირის სამართლებრივ უსაფრთხოებას, ნდობის დაცვის პრინციპს, არ არის უფლების შემლახავი, მით უფრო, რომ 17.06.05წ. კანონის მოქმედების პერიოდში, 28.10.05წ. კანონის ძალაში შესვლამდე, ა. ც-ეს არ მიუმართავს პენსიის მისაღებად მოპასუხისათვის, მისთვის არ დაუნიშნიათ ახალი პენსია, შესაბამისად 28.10.05წ. და 23.12.05წ. კანონების ძალაში შესვლით მისთვის არ მოუთხოვიათ უკან გაცემული საპენსიო თანხები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის განახლებული რედაქციის გამოყენების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან ომის მონაწილეთა პენსიის ოდენობები უნდა განისაზღვროს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" 23.12.05წ. კანონის 22-ე მუხლის და არა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის საფუძველზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სოციალური სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებით არ დარღვეულა სასკ-ის მე-16, სსკ-ის 364-ე მუხლების მოთხოვნები. საქართველოს პრეზიდენტის 31.12.02წ. ¹558 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების თანახმად, ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (დებულების მე-2 მუხ.), მოსარჩელის მიერ სარჩელზე მოპასუხედ დასახელებული ფილიალი არის ფონდის სტრუქტურული ერთეული, ფონდის დებულების თანახმად ფონდი თავისი მიზნების მისაღწევად, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის ფილიალებს (4 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტი). ამდენად, ფილიალი იერარქიულ დაქვემდებარებაში იმყოფება ფონდთან, ფილიალი შექმნილია ფონდის საქმიანობის მიზნების მისაღწევად და მოქმედებს ფონდის ინტერესებში, ფონდის წარმომადგენელს, ფონდის დირექტორის მიერ 20.12.05წ. გაცემული მინდობილობით, მინიჭებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფონდი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.06წ. განჩინება.

სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის პერიოდში (06.06.06წ.) მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა (სსკ-ის 440-ე მუხლი 02.06.03წ. კანონით დადგენილი რედაქციით) 2006 წლის 1 ივნისიდან უკრძალავდა წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელებას საოლქო და საკასაციო სასამართლოებში იმ პირებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი ადვოკატთა ტესტირება. ამდენად, არ არსებობდა ა. ც-ის მინდობილობის საფუძველზე მისი ინტერესების წარმომადგენელი იურისტის სააპელაციო სხდომაზე მონაწილეობის მიღების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების პროცესუალური საშუალება. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის 06.06.06წ. სხდომაზე გამოცხადდა ა. ც-ის წარმომადგენელი, რომელსაც სააპელაციო პალატამ სსკ-ის 440-ე მუხლის საფუძველზე უარი განუცხადა საქმეში მონაწილეობის მიღებაზე. პალატის 06.06.05წ. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მოსამართლის შეკითხვაზე ა. ც-ემ განაცხადა სურვილი საქმის 06.06.06წ. სხდომაზე განხილვის შესახებ, იგი თავად დაიცავდა საკუთარ ინტერესებს, ხოლო მის ადვოკატს ტესტირების გაუვლელობის გამო არ გააჩნდა ინტერესების დაცვის უფლებამოსილება (ს.ფ. 55). ის გარემოება, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლების უფლება განახორციელონ წარმომადგენლობა ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე სსკ-ის 440-ე მუხლში გათვალისწინებულ იქნა საქმის განხილვის შემდეგ, კერძოდ სსკ-ის 440-ე მუხლში 13.07.06წ. კანონით შეტანილი დამატებით, არ ადასტურებს კასატორის უფლების დარღვევას, მოწინააღმდეგე მხარისათვის უპირატესობის მინიჭებას და არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასკ-ის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან მოსამსახურე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს. ამდენად არ არსებობდა ფონდის წარმომადგენლის, ფონდის იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის განყოფილების სპეციალისტის ე. ს-ის სააპელაციო პალატის სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებულ პროცესუალურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.06წ. გადაწყვეტილება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.