Facebook Twitter

ბს-594-568(კ-08) 8 სექტემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ.-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. გ.-მ 2006 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე თბილისის საპატრულო პოლიციის მიმართ და მოითხოვა 2006 წლის 7 აგვისტოს ¹069980 სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2006 წლის 7 აგვისტოს მთაწმინდა-კრწანისის ...-ის პატრულ-ინსპექტორმა ო. ფ.-მ დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, კერძოდ, მობილური ტელეფონით სარგებლობის გამო. ადგილზევე შედგა ოქმი აა ¹069980. ოქმში მითითებულ იქნა, რომ მობილური ტელეფონით ისარგებლა 07.08.2006წ. 1450 საათზე, მაგრამ მას მობილური ტელეფონით არ უსარგებლია, რასაც ადასტურებს შპს “...-დან” ამოღებული დეტალური ამონაწერი. ამასთან, გასაჩივრებული აქტი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი ნორმების დარღვევით. ადგილზე იქნა შედგენილი ოქმი და ადგილზევე იქნა იგი განხილული, შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმის შესახებ დადგენილება მიიღო ოქმის შემდგენმა პირმა, არ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნები სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების შინაარსის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა თბილისის საპატრულო პოლიციის 2006 წლის 7 აგვისტოს ¹069980 სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ოქმში წარმოდგენილ მითითებულ დროს მობილური ტელეფონით სარგებლობის ფაქტი, მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ მითითებულ დროზე 3-5 წუთით ადრე მოსარჩელე საუბრობდა მობილური ტელეფონით, ვერ გახდება სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურდებელი მტკიცებულება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადგილზე საქმის განხილვისა და დადგენილების მიღების შესახებ, შესაბამისად იგი დარწმუნებული უნდა იყოს ადმინისტრაციული გამოკვლევის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში და ვალდებულია, გააბათილოს სამართალდარღვევის საპირისპირო მოსაზრებები შესაბამისი მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საუბრის დეტალური ამონაწერის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა. ამიტომ სასამართლომ არ გაიზიარა წარმოდგენილი მტკიცებულებით გამყარებული მოსარჩელის პოზიცია და მიიჩნია, რომ დ. გ.-ს მიერ 07.08.2006წ. 1450 საათზე ავტომანქანის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობის ფაქტი წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, 2006 წლის 7 აგვისტოს, 1450 საათზე ავტომანქანის მართვისას დ. გ.-ს მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობის ფაქტი დადასტურებული არ იყო, რის გამოც მოპასუხის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დ. გ.-თვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებს, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ ოქმის ბათილად ცნობის საკმარისი საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქმეში წარმოდგენილია უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, როგორიც არის საჯარიმო ქვითარი. მის მე-5 პუნქტში გადმოცემულია სამართალდარღვევის არსი, კერძოდ, ის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჯარიმო ქვითრის შემდგენმა პირადად, საკუთარი თვალით იხილა; სასამართლოს მიერ აღნიშნული მტკიცებულება საერთოდ შეფასების გარეშე დარჩა. ასევე შეფასების გარეშე დარჩა ის უმნიშვნელოვანესი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, ნორმის განმარტებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა ახსნა-განმარტების სახით, წერილობით წარადგინა, ანუ უცნობია თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ აღნიშნული მოტივაცია და რა სამართლებრივი შეფასებები დაუპირისპირა მას, გარდა იმისა, რომ იზიარებს კონკრეტულ მტკიცებულებას.

მოსარჩელე დ. გ.-ა დაჯარიმებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182-ე მუხლით, რაც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობისთვის, ხოლო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 ,,ა1” პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ავტომანქანის მართვისას ეკრძალება ისარგებლოს მობილური კომუნიკაციის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სარგებლობს ისეთი მოწყობილობებით (ბლუთუსი, ყურსასმენი ან ხმამაღლა მოლაპარაკე), რომელიც საშუალებას აძლევს მას მობილურით სარგებლობისას ორივე ხელი ჰქონდეს საჭესა და სიჩქარის გადამრთველზე, ხოლო ამავე კანონის პირველი მუხლის ,,პ1” პუნქტის მიხედვით მობილური კომუნიკაციის საშუალება არის ნებისმიერი ხელსაწყო, რომლის საშუალებით შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება. დასჯადია არა მობილური სატელეკომუნიკაციო საშუალებიდან ზარის განხორციელება და საუბარი, არამედ მისით სარგებლობა, რაც ბევრად ფართო ცნებაა და შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმებსა და სახეობებში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, როგორც მაგთიკომის აბონენტის მიერ მოპოვებული ანგარიში, შეიძლება იყოს მხოლოდ წამოწყებული და დასრულებული ზარების ჯამური შედეგი, ანუ შემდგარი ზარების შესახებ არსებული ინფორმაცია, მაშინ როდესაც სამართალდარღვევა, რომლისთვისაც დაჯარიმებულ იქნა მოსარჩელე, დამთავრებულ ადმინისტრაციულ გადაცდომად მიიჩნევს მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობას, ხოლო სარგებლობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს არა მხოლოდ შემდგარი საუბარი, არამედ ზარის წამოწყებაც მისი დასრულების გარეშე, “მესიჯის” გაგზავნა, “ჯიპიარეს” სისტემით სარგებლობა და სხვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.