Facebook Twitter

ბს-59-59(კ-08) 14 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთი”

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 21 აპრილს ს. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგიონალური საბაჟო "დასავლეთის" მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” ინსპექტორის 2007 წლის 16 აპრილის ¹000997 სამართალდარღვევათა ოქმის ბათილად ცნობას.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟო "დასავლეთმა" სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-ს 2007 წლის 16 აპრილს მისი მართვის ქვეშ არსებული “მერსედესის” მარკის ავტობუსით საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფის” საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაჰქონდა აქციზური მარკების გარეშე აქციზური საქონელი, 178 ბოთლი არაყი, რაც აღმოჩენილ იქნა საბაჟოს ინსპექტორის _ რ. მ-ის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგად.

ს. გ-ის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის მე-2 პუნქტით არის გათვალისწინებული (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა), ასევე საბაჟო სამართალდარღვევას, განსაზღვრულს საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით (საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა და გადმოტანა).

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საბაჟო სამსახურმა ს. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება სწორად დააკვალიფიცირა, როგორც საქართველოს ასკ-ის 1552-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომა.'

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 1552-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს სასამართლო, რის გამოც საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სწორად იქნა გადაგზავნილი სასამართლოში განსახილველად.

რაც შეეხება საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ გადაცდომას, აღნიშნული საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ამავე კოდექსის 232-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევას წარმოადგენს და კოდექსის 235-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო, ზემოაღნიშნული კოდექსით განსაზღვრული წესის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო "დასავლეთის” უფროსის მიერ, კანონის დასახელებული ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად იქნა განხილული ს. გ-ის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებული საქმე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. გ-ის მიერ ჩადენილია არა ერთი გადაცდომა, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლით და ამასთან ერთად საბაჟო სამართალდარღვევა, განსაზღვრული საბაჟო კოდექსის 272-ე მუხლით, რის შესაბამისადაც მის მიმართ განცალკევებულად, კანონით განსაზღვრული წესით წარიმართა სამართალდარღვევის საქმეები და ს. გ-ს დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მითითებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ს. გ-ს ერთი და იმავე დარღვევისათვის ორჯერ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და თითქოს ამით მისი კონსტიტუციით დეკლარირებული უფლება დაირღვა.

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელე მხარის ის მტკიცება, თითქოს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ს. გ-ი არ ყოფილა უზრუნველყოფილი თარჯიმნით. მხარეთა განმარტებებითა და მოწმის, სგპ “სარფის” ინსპექტორ რ. მ-ის ჩვენებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ესწრებოდა საბაჟო სამსახურის მიერ მოწვეული თარჯიმანი. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არასწორად იქნა გამოკვლეული ფაქტები, რამდენადაც გადაცდომის ფაქტობრივ მხარეს ს. გ-ი სადავოდ არ ხდიდა და ეს გარემოება ოქმშიც სრულყოფილად იყო გამოკვლეული და ასახული.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, საბაჟო "დასავლეთის" ინსპექტორის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საბაჟო სანქციის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება და მოსარჩელისათვის გაგზავნილი შეტყობინება კანონის შესაბამისად იყო მიღებული.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების, ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა არსებითად გამოკვლეული ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა ისეთი სახის სამართალდარღვევას, რომელზედაც უკვე განხორციელდა საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი რეაგირება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სასამართლო დადგენილების საფუძველზე, რის გამოც განმეორებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო "დასავლეთის" უფროსის 2007 წლის 19 აპრილის ¹601/689/07 გადაწყვეტილება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და აღნიშნული სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ შეფასებული.

N საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის II პუნქტის შესაბამისად, არავის არ შეიძლება დაეკისროს განმეორებითი პასუხისმგებლობა ერთი და იმავე ქმედებისათვის. საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ პირველ სამართალდარღვევაზე სანქციის შესრულებიდან ერთი წელი არ გასულა, ხოლო 232-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სუბიექტებს ამავე კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევისათვის არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად, დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული სუბიექტის ნებაზე, ხოლო მათი გათვალისწინება ან/და თავიდან აცილება შეუძლებელია.

ამასთან, აპელანტის მითითებით, საქმის მასალებითაც და საბაჟო ორგანოს მიერადაც დადასტურებულია, რომ აღნიშნული საქონელი არ წარმოადგენდა ს. გ-ის საკუთრებას. ამდენად, საბაჟო სამართალდარღვევა არ შეიძლება ჩაედინა პირს, რომელმაც არ იცოდა ამ საქონლის არსებობის შესახებ და ეს საქონელი არ იმყოფებოდა მის არც საკუთრებაში, არც სარგებლობაში და არც მფლობელობაში. ამის შემდგომ ს. გ-ის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაჯარიმებისა და ტრანსპორტის ჩამორთმევის შესახებ, იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ასევე მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. იგი არის მძღოლი და იჯარით დროებით სარგებლობაში ჰყავს სატრანსპორტო საშუალება.

საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლით დადგენილია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, კერძოდ: საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში, საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით, საბაჟო ორგანოს უფროსი ან/მისი მოადგილე საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება საბაჟო შეტყობინებით თუ შესაძლებელია საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენა ან მისი იდენტიფიკაცია, ხოლო თუ შეუძლებელია საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენა ან მისი იდენტიფიკაცია, საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ.

ამავე კოდექსის 235-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტს მხოლოდ ოქმის საფუძველზე, სამართალდარღვევის ადგილზე შეეფარდება სანქცია, თუ: ა) საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს, რასაც ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით; ბ) საბაჟო სამართალდარღვევისათვის შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმის შეფარდება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, საბაჟო კოდექსისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების უხეში დარღვევის გამო, არასწორად განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

საბაჟო ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება (მოცემულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვის შესახებ) შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც ადგილი არ ჰქონია. აპელანტის განმარტებით, ასევე დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებსა და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

აპელანტის _ ს. გ-ის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” სგპ ,,სარფის” ინსპექტორის მიერ 2007 წლის 16 აპრილს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, საბაჟო ,,დასავლეთის” უფროსის 2007 წლის 19 აპრილის საბაჟო სანქციის დარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების და ამავე თანამდებობის პირის მიერ 2007 წლის 19 აპრილის საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობა ,,მერსედესის” მარკის, სახელმწიფო ნომრის ....... , სამგზავრო ავტობუსის უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება "მერსედესის" მარკის, სახელმწიფო ნომერი ...... , სამგზავრო ავტობუსის ს. გ-თვის უსასყიდლოდ ჩამორთმევაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-ს 2007 წლის 16 აპრილს მისი მართვის ქვეშ არსებული "მერსედესის" მარკის ავტობუსით საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფის" საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაჰქონდა აქციზური მარკის გარეშე აქციზური საქონელი _ 178 ბოთლი არაყი, რაც აღმოჩენილ იქნა საბაჟო ინსპექტორის რ. მ-ის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგად.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, აპელანტის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული მოთხოვნიდან გამომდინარე, გამოირკვა, რომ ფაქტობრივი თვალსაზრისით, მხარეები აწარმოებენ დავას იმ საკითხის ირგვლივ, რომლის სათანადო მტკიცებულებაც მხარეებს არ გააჩნიათ და შესაბამისად, არც საქმეში მოიპოვება, კერძოდ, აპელანტის (მოსარჩელის) წარმომადგენლებმა თავისი პოზიცია _ ს. გ-თვის სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის თაობაზე, ააგეს იმ საფუძველზე დაყრდნობით, რომ "მერსედესის” სამგზავრო ავტობუსი მის საკუთრებას არ წარმოადგენს, ხოლო მოპასუხე ასაბუთებს, რომ ს. გ-ი არის სამართალდამრღვევი (საბაჟო კოდექსის 242.1 მუხლი) და მნიშვნელობა არა აქვს, ვის საკუთრებაშია აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ისე იქნა მომზადებული და გამოტანილი, ასევე საქმე განხილული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომ არც მხარეებს უზრუნიათ და არც სასამართლოს გამოუკვლევია თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა "მერსედესის” მარკის, სახელმწიფო ნომრით ...... , სამგზავრო ავტობუსი. აღნიშნულს კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისას, რადგან თუ იგი არის ს. გ-ის საკუთრებაში, მაშინ აღარ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის საფუძვლები, რაც უსაფუძვლოს გახდის აპელანტის მოთხოვნას, ხოლო თუ იგი აღმოჩნდება სხვა პირის საკუთრება, სასამართლომ უნდა იმსჯელოს საბაჟო კოდექსის 242.1 მუხლის სანქციის _ სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სამართლებრივ საფუძველზე.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟო ,,დასავლეთმა”.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2007 წლის 16 აპრილს ს.გ.პ. "სარფის” ტერიტორიაზე შემოვიდა "მერსედესის” მარკის ავტობუსი, სახ.¹...... , რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ს. გ-ი. აღნიშნულ პიროვნებას ავტობუსში (მძღოლის საწოლისათვის განკუთვნილ სათავსოში) დამალული ჰქონდა აქციზური საქონელი (178 ბოთლი არაყი) აქციზური მარკის გარეშე, რომლის გატანას ს. გ-ი, მისივე ავტობუსის მგზავრთან, მ. ს-თან შეთანხმებით ცდილობდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმსა და საბაჟო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც ს. გ-ი საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებულ იქნა 2000 ლარით და ამავე დროს მას ჩამოერთვა კანონიერი მფლობელობის ქვეშ არსებული ავტობუსი, როგორც საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის I ნაწილი, რომლის მიუხედავად, სასამართლოს განმარტებით, საბაჟო ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან მათი ნაწილის გაუქმებისა და ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

კასატორის განმარტებით, საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის სანქცია ჩამორთმევის ნაწილში, არ აწესებს სატრანსპორტო საშუალების კუთვნილებასთან დაკავშირებულ რაიმე სახის შეზღუდვებს. აღნიშნული მუხლი საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოძრავი ნივთის გადატანის ან გადმოტანისათვის, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ან/და დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუების გამოყენებით ან/და საბაჟო დეკლარაციაში ან სხვა საბაჟო დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანით, მიუხედავად საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების კუთვნილებისა. კონკრეტულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევა განხორციელდა სწორედ ზემოთ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, რის საფუძველზეც საბაჟო ორგანოს მხრიდან, საბაჟო კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა მისი ჩამორთმევა, სახელმწიფოს სასარგებლოდ.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გაეუქმებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში და ხელახლა დაებრუნებინა იმავე სასამართლოსათვის განსახილველად, იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომლის დადგენა ვერ გამოიწვევდა გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმებას "მერსედესის” მარკის, სახ.¹...... , სამგზავრო ავტობუსის ს. გ-თვის უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლზე. კერძოდ, აღნიშნული მუხლის ,,ე” და ,,ე1” პუნქტების შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, იმავე საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, იქცა საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძვლად.

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების შემოწმებისა და საპროცესო კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგადი მითითებით იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო თვლის, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო ამ მოტივით აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უკან აბრუნებს ხელახალი განხილვისათვის, მან განჩინებაში მკვეთრად უნდა მიუთითოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებები საჭიროებენ გამოკვლევას, რომელი მტკიცებულებები უნდა იქნეს შეგროვებული, შემოწმებული და შეფასებული, რომელი კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იძენს ფორმალურ ხასიათს და იკარგება სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მნიშვნელობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შინაარსს, რომლის შესაბამისადაც, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება.

მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის საფუძველზე გააჩნია უფლებამოსილება გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად, საკასაციო სასამართლო თვლის, იმ შემთხვევაში, როცა სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით, მიზანშეწონილია, მან, ზემომითითებული კომპეტენციიდან გამომდინარე, თვითონ განიხილოს და გადაწყვიტოს იგი, რაც უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას და რაც პროცესის მონაწილეთ მისცემს შესაძლებლობას, დროის შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინონ საკუთარი მატერიალური უფლებების რეალიზება.

აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს სამართალდარღვევათა ოქმისა და შეტყობინების სამგზავრო ავტობუსის უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში ბათილად ცნობა. როგორც საქმის მასალების ანალიზი ცხადყოფს, საქმეში დაცულია ყველა შესაბამისი მტკიცებულება, კერძოდ, სამართალდარღვევის ოქმი, გადაწყვეტილება სანქციის დარიცხვის თაობაზე, საბაჟო შეტყობინება, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმეზე თვითონ მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო არაარგუმენტირებულად მიიჩნევს წინამდებარე საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების ერთადერთ მოტივს იმის თაობაზე, რომ გამოკვლეული არ არის ,,მერსედესის” მარკის სამგზავრო ავტობუსის სახელმწიფო ნომრით ....... კუთვნილების საკითხი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული მტკიცებულების, კერძოდ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენა არ უკავშირდება დროის ხანგრძლივ პერიოდს და მისი მოძიება მხარისა თუ სასამართლოს მხრიდან არ საჭიროებს დამატებითი გარემოებების დადგენა-გამოკვლევას.

ზემოაღნიშნული მოსაზრებები და გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, გააუქმოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.