ბს-599-573(კ-08) 8 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ დ. დ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს კონტროლის პალატა (მოპასუხე)
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. დ.-მ 2007 წლის ივლისში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 3 ივლისის ¹გან-440 ბრძანების, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად ცნობა, შესაფერის თანამდებობაზე აღდგენა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 3 ივლისის ¹გან-440 ბრძანებით გათავისუფლდა ...-ის დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობიდან. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 და 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტები (საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო), რაც, მოსარჩელის განმარტებით, არასწორია. “საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის ¹75-ორგ ბრძანების საფუძველზე მოხდა სისტემის რეორგანიზაცია, რაც, მოსარჩელის აზრით, არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. 2007 წლის 2 ივლისის ¹77-ორგ ბრძანებით დამტკიცდა “საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის საშტატო ნუსხა”. ამ ნუსხით გათვალისწინებული საშტატო ერთეულების რაოდენობა მრავალჯერ აღემატება მოსარჩელის გათავისუფლების დღისათვის სამუშაოზე რიცხულ თანამშრომელთა რიცხვს. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 02 ივლისის ¹77-ორგ ბრძანება “საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ”, რომელიც ერთი დღით წინ უსწრებდა ზემოაღნიშნულ ბრძანებას დ. დ.-ის გათავისუფლების შესახებ, ითვალისწინებს ას ერთეულზე მეტ საშტატო ვაკანსიას, რომელთა დასაკავებლადაც შეიძლებოდა იყო განხილული ყოფილიყო დ. დ.-ის კანდიდატურა. მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს ორი უმაღლესი განათლება, კონტროლის პალატის სარევიზიო დარგში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟი, ჩაბარებული აქვს საკონკურსო-საატესტაციო გამოცდა, ფლობს ორ უცხო ენას, სარგებლობს შეურყეველი რეპუტაციით. მოსარჩელის განმარტებით, ყოველივე ეს თანაბარ პირობებში აყენებდა კოლეგებთან, რომლებიც შესაბამისი ბრძანებით გადაყვანილ იქნენ სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობებზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. მისი გათავისუფლებისას დაირღვა ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის I ნაწილის “დ”, “ე”, “თ” პუნქტების მოთხოვნა, რომლის შესაბამისად საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობა პროფესიული მომზადების შესაბამისად, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა. დარღვეულია ამავე კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნაც. გარდა ამისა, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, იმ პირობებში, როდესაც არსებობდა მოსარჩელის, როგორც მხარის, გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, მე-7 მუხლების, მე-8 მუხლის I ნაწილის და 96-ე მუხლის, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. მოსარჩელის განმარტებით, არ ყოფილა პროფკავშირული ორგანიზაციის თანხმობა დ. დ.-ის, როგორც პროფკავშირის წევრის და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რითაც დარღვეულია “პროფესიული კავშირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დ. დ.-ს უარი ეთქვა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 3 ივლისის ¹გან-440 ბრძანების ბათილად ცნობაზე, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: დ. დ.-ე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა 2007 წლის 16 მაისს. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის ¹75 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტი, შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს კონტროლის პალატის 2002 წლის 20 მაისის ¹38 ბრძანება “საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”; ეს ბრძანება ძალაშია 2007 წლის 2 ივლისიდან. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 2 ივლისის ¹77-ორგ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის საშტატო ნუსხა, შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის ¹123 ბრძანება “საშტატო განრიგის შესახებ”, რომელიც ძალაშია 2007 წლის 3 ივლისიდან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალი რეგლამენტის პირობებში საქართველოს კონტროლის პალატამ განიცადა რეორგანიზაცია _ შეიცვალა მისი სტრუქტურული ერთეულები, მოხდა ზოგიერთი სამსახურის გაუქმება, ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სხვა ერთეულის ხარჯზე გამსხვილება. ასევე, ახალი საშტატო განრიგის პირობებში შემცირდა საქართველოს კონტროლის პალატაში არსებული საშტატო ერთეულები, კერძოდ, რეორგანიზაციამდე იყო 569 შტატი, რეორგანიზაციის შედეგად დარჩა 298 შტატი. გათავისუფლებამდე მოსარჩელე დ. დ.-ს ეკავა ...-ის დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის ¹75-ორგ ბრძანების საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს კონტროლის პალატაში მანამდე არსებული 12 სტრუქტურული ერთეული შემცირდა 9 ერთეულამდე, შესაბამისად თანამდებობა, რომელიც ეკავა დ. დ.-ს, დაექვემდებარა შემცირებას _ გაუქმდა ...-ის დეპარტამენტი, მასში შემავალი ... სამმართველო, გაუქმდა ასევე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა.
სასამართლომ მიუთითა, რომ დ. დ.-ის დათხოვნის დღეს, მომდევნო დღეებში და შემდგომაც საქართველოს კონტროლის პალატაში არსებობდა გარკვეული რაოდენობის ვაკანსია (ვაკანტური თანამდებობა), თუმცა სასამართლო თვლის, რომ მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, რეორგნიზაციისა და შტატების შემცირების პირობებში დ. დ.-ე გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 97-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლთან მიმართებაში, ვინაიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი ძალადაკარგულია 2006 წლის 25 მაისიდან ახალი საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი აღარ მოქმედებდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ დ. დ.-ის სამსახურიდან გათავისუფლებით არ დარღვეულა “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის V პუნქტის მოთხოვნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. დ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ დ. დ.-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო ხსენებული დასკვნების გაბათილება, რის გამოც მისი საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. დ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, უნდა დადგინდეს არსებობდა თუ არა შინაარსობრივად თანამდებობა, რომელიც შემცირდა რეორგანიზაციის შედეგად (რომელიც ეკავა დ. დ.-ს) _ ეს არის კანონის ერთადერთი სწორი განმარტება. სახელწოდებების და რანგირების ცვლილებას რეორგანიზაციის დროს მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ერთი და იმავე მნიშვნელობის, შინაარსისა და ფუნქციონალური დატვირთვის მატარებელი შტატები გაუქმებულად არ უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 2 ივლისის ¹77-ორგ ბრძანებით “საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ”, აღარ არსებობს სამმართველოს უფროსის და მოადგილის, ასევე წამყვანი კონტროლიორის თანამდებობები. საერთოდ გაუქმებულია ყველა ყოფილი დეპარტამენტი და შექმნილია ახალი დასახელების დეპარტამენტები (თუმცა შინაარსობრივად და ფუნქციონალურად იდენტური). მოპასუხის მიერ წარმოდგენილია და საქმეში არსებობს ორი საბუთი _ “სარევიზიო საქმიანობით დაკავებული მოხელეები 2007 წლის 2 ივლისის მდგომარეობით” და “სარევიზიო საქმიანობით დაკავებული მოხელეები 2007 წლის 3 ივლისის მდგომარეობით”. 2007 წლის 2 ივლისის მდგომარეობით გათვალისწინებულია სამმართველოს უფროსის, უფროსის მოადგილის, წამყვანი კონტროლიორის თანამდებობები, 2007 წლის 3 ივლისის ნუსხით კი _ არა. სათაურები ამ ნუსხებზე, შტატების ფუნქციონალური დატვირთვა და შინაარსი იდენტურია _ ამიტომ აქ იგულისხმებოდა სამმართველოს უფროსის მოადგილეც, კონტროლის პალატის ზოგიერთი თანამშრომელი ბრძანებით გადაყვანილ იქნა იმავე შინაარსის, მაგრამ სხვა დასახელების თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე და 97-ე მუხლები. კასატორი მიუთითებს, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლება შტატების შემცირების საფუძვლით დაუშვებელი იყო, რადგან ამ დროისათვის კონტროლის პალატის ¹77-ორგ ბრძანებით დამტკიცებული ჰქონდა 298 საშტატო ერთეული, მათ შორის 159 _ სარევიზიო სფეროში, ხოლო ირიცხებოდა სულ 57 ატესტირებული, გამოცდაჩაბარებული, მაღალი კვალიფიკაციის მუშაკი და 102 ვაკანტური თანამდებობა.
სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩააბა დაინტერესებული მხარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დ. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული დ. დ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.