ბს-601-571(2კ-07) 16 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 28 დეკემბერს მ. პ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სავიზო სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება (იხ. ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მ. პ-ას ასრჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის ბრძანება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში (იხ. ს.ფ. 151-155).
2006 წლის 30 მარტს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. პ-ამ და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება სადავო ბრძანების არაკანონიერად აღიარების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 157-161).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მაისის განჩინებით მ. პ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 171-173).
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. პ-ამ (იხ. ს.ფ. 183-187).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. პ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას (იხ. ს.ფ. 194-196).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ. პ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მაისის და 14 ივლისის განჩინებები იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 236-239).
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მ. პ-ამ.
მ. პ-ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ნაწილობრივ გაუქმება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, მ. პ-ას აღდგენა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სავიზო ურთიერთობათა სამმართველოს ... თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 188-191).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 192-193).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. პ-ასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 231-235).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მ. პ-ას წარმომადგენელმა მ. პ-ამ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 245-249).
მ. პ-ას წარმომადგენელმა მ. პ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 253-256).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისისა და 10 ივლისის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას წარმომადგენლის მ. პ-ას საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 260-261; 270-271).
საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მ. პ-ას წარმომადგენელმა მ. პ-ამ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად, ხოლო მ. პ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 274-275; 288-290).
მ. პ-ას წარმომადგენელმა მ. პ-ამ მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევა (იხ. ს.ფ. 277-280; 294-297).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას წარმომადგენლის მ. პ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისისა და 10 ივლისის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას წარმომადგენლის მ. პ-ას საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 260-261; 270-271).
კასატორების _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას წარმომადგენლის მ. პ-ას მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას წარმომადგენლის მ. პ-ას მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას წარმომადგენლის მ. პ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას წარმომადგენლის მ. პ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას წარმომადგენლის მ. პ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.