Facebook Twitter

¹ბს-603-573(კ-07) 6 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. კ.-მ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სათანადო აქტის გამოცემის დავალება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მისი 1992 წლის 10 ოქტომბერს ჩარიცხულად, ხოლო 1993 წლის 27 სექტემბერს ამორიცხულად ცნობის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთის ...-ის სამმართველოს ... ასეულში ირიცხებოდა, მონაწილეობდა ასეულის მიერ ნაწარმოებ ყველა საბრძოლო ოპერაციაში და იყო დაჭრილი. იღებდა როგორც ინვალიდობის, ისე _ ომის მონაწილის პენსიას, რომელიც 2006 წლის 1 აგვისტოდან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში რეგისტრაციაში გაუტარებლობის გამო შეუწყდა. აღნიშნულის შემდეგ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს და ჩარიცხვა-ამორიცხვის აქტის გაცემა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ საარქივო მასალებში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია ო. კ.-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და საომარ მოქმედებებში მისი მონაწილეობის შესახებ (ს.ფ. 2-5).

თბილისის საქალაქო სასამათლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. კ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისა და მტკიცებულების დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹5329 წერილით უარი ეთქვა შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვასა და ამორიცხვის ბრძანების გამოცემასა და შესაბამისი ცნობის გაცემაზე, რის საფუძვლადაც მიეთითა 1992-1994 წლების საარქივო მასალაში მოპასუხის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობების არარსებობა. 2006 წლის 16 ნოემბერს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა ო. კ.-ს აცნობა, რომ იგი ირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაცხოვრებლების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის ოქმით გადმოცემულ აფხაზეთის ...-ის სამმართველოს პირადი შემადგენლობის სიებში.

საქალაქო სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულების საფუძველზე, სამხედრო სამსახურში პირის ჩარიცხვა და მისი ამორიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციად მიიჩნია, ხოლო მოპასუხის უარი _ აღნიშნულის თაობაზე მიღებულ ადმინისტრაციულ აქტად, რომლის გამოცემის დროსაც დაირღვა ადმინისტრციული აქტის გამოცემის კანონით განსაზღვრული წესი, ხოლო მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ არქივში სათანადო ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა (ს.ფ. 29-30).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საკითხის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა და დაინტერესებულ მხარეს არ მისცემია მტკიცებულებათა წარმოდგენის შესაძლებლობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საარქივო მასალების გადამოწმების რეალური შედეგები, ხოლო მოპასუხის მიერ გაცემული საინფორმაციო წერილი არასწორად მიიჩნია ადმინისტრაციულ აქტად. არ იქნა გათვალისწინებული აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს 2006 წლამდე ჰქონდა ვეტერანის სტატუსი, პენსია და ვეტერანის მოწმობა, რასაც მხოლოდ მოქმედების ვადა ამოეწურა. ნიმუშის შეცვლის გამო ხელახალი რეგისტრაციის განხორციელება არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენცია იყო. ამ უკანასკნელმა 2006 წლის 16 ნოემბერს ო. კ.-ს აცნობა, რომ იგი ირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაცხოვრებლების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის ოქმით გადმოცემულ აფხაზეთის ...-ის სამმართველოს პირადი შემადგენლობის სიებში. თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში ინფორმაციის არარსებობა მოპასუხის ბრალეულობით არ ყოფილა გამოწვეული, ხოლო წერილობითი პასუხი არანაირ უფლებას არ ულახავდა მხარეს. თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, 2006 წელს გამოეცა 1992-1993 წლებში მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები სათანადო დოკუმენტების არსებობის გარეშე და უკვე ვეტერანის სტატუსის მქონე პირზე ეწარმოებინა მოკვლევა. ო. კ.-ს ვეტერანის მოწმობა ჰქონდა და იგი ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს სადავოდ არ გაუხდია.

ამასთან, აპელანტის მითითებით, «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებისა და გაცემის წესის შესახებ» 2004 წლის 20 ივლისის ¹175 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის თანახმად, სათანადო ბრძანების არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა ჩატარდეს საბრძოლო მოკვლევა და აღნიშნული ფაქტი დამტკიცდეს სხვა მტკიცებულებებით, რაც რეალურად თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას აღემატებოდა (ს.ფ. 35-36).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. კ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ო. კ.-ს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხულად და შემდეგ _ ამორიცხულად ცნობის საკითხის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით განხილვა და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა აუცილებელია ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში წარსადგენად და პენსიის მისაღებად. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევით დგინდება, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ო. კ.-ა 1992 წლის 10 ოქტომბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ...-ის სამმართველოს ... ასეულში ირიცხებოდა, მონაწილეობდა ყველა საბრძოლო მოქმედებაში და იყო დაჭრილი. საქმეში არსებული ვეტერანთა დეპარტამენტის ცნობის თანახმად, იგი ირიცხებოდა აფხაზეთის ...-ის სამმართველოს პირადი შემადგენლობის სიებში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო, სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან საკონტრაქტო და კადრის სამხედრო სამსახურებს. სამხედრო სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს კანონი და დებულება «სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ.» კანონის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის ერთ-ერთ დამადასტურებელ პირობად ითვლება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ამავე კანონის 32-ე მუხლის 2-4 პუნქტების თანახმად, სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე, სამხედრო სამსახურის დასრულების დღედ _ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულების თანახმად, მისი მოთხოვნები ვრცელდება შეიარაღებული ძალების, საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სხვა შეიარაღებული ფორმირებების სამხედრო მოსამსახურეებზე. აღნიშნული დებულების მე-2 თავის პირველი პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტების (ზემდეგების), ზემდეგების (მიჩმანების) სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილში ბრძანებით მათი ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ _ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამხედრო სამსახურში პირის ჩარიცხვა-ამორიცხვის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნებოდა (ს.ფ. 54-58).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეარაღებული ძალების გენშტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹5329 უარი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებია «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება, ვინაიდან ო. კ.-ს მოთხოვნა აღნიშნული აქტების ამოქმედებამდე არსებულ პერიოდს შეეხებოდა. მოსარჩელის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიღება, რომლის გაცემაც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულებისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების თანახმად, ამ უკანასკნელის კომპეტენცია იყო. არცერთი სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა მითითებას, რომ იმ პირთა მიმართ, რომელთა მონაცემებიც არქივში არ მოიპოვება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა ან გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანების სახით. ასეთი საკითხი შესწავლილი და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ვეტერანთა დეპარტამენტში და არა _ თავდაცვის სამინისტროში (ს.ფ. 62-63).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.