Facebook Twitter

ბს-604-574(კ-07) 11 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ო. რ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

15.07.05წ. ო. რ-მა სასარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირად ნ. გ-ი დაასახელა და მოითხოვა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 17.11.84წ. სახლის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად ქ. თბილისში, ... გამზ ¹10-ში მებარე ბინის საკუთრების უფლებით მის სახელზე აღრიცხვის დავალდებულება, ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებში არსებული შეცდომების გასწორება, 13.12.02წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის არსებული მონაცემების შესწორება და ხსენებულ მისამართზე 1994 წლამდე მის მიერ ნაწარმოები შენობა-ნაგებობის სამართლებრივი რეგისტრაცია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 14.06.05წ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა 17.11.84წ. სახლის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. თბილისში ... გამზირი ¹10-ში მდებარე ბინის საკუთრების უფლებით მის სახელზე აღრიცხვა, ამასთან, ხსენებულ მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობაში არსებული რეალური წილების შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული ფართობის მიხედვით სახლთმფლობელობისა და მიწის ნაკვეთის საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით აღრიცხვა და შესაბამისი ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრის მონაცემებში. ადმინისრტაციულმა ორგანომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული უარი უკანონოა ვინაიდან, სახლი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ... გამზირი ¹10-ში მდებარე საერთო სასარგებლო ფართობით 25,50 კვ.მ და საერთო საცხოვრებელი ფრთით 25,50 კვ.მ 1939 წლიდან საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მისი ბებიის, ნ. რ-ის სახელზე. 1980 წელს დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება თანასწორი წილის უფლებით აღიდგინეს მისმა კანონიერმა მემკვიდრეებმა: მოსარჩელის მამამ თ. რ-მა და მამიდამ - გ. რ-მა. 17.11.84წ. კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით, დადებულ იქნა სახლის საკუთრებისა და სარგებლობის შესახებ მხარეთა მიერ ხელმოწერილი და ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, რითაც ნათლად იქნა განსაზღვრული და შეთანხმებული თითოეული თანამესაკუთრის რეალური წილის ოდენობა საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით. ხსენებული ხელშეკრულება წარდგენილ იქნა ტექინვენტარიზაციის ბიუროს სამსახურში, რომელმაც არასწორად აღრიცხა ფართი და ტექბიუროში მითითებულ იქნა არასწორი მონაცემები. ამასთან, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული სახლის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იდეალური წილები და რეალური მონაცემები, რამაც შემდგომში ასევე არასწორი ასახვა ჰპოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში და ამონაწერში, რომლებშიც მითითებული იქნა შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 25,50 კვ.მ ხოლო საცხოვრებელი ფართობი 14,8 კვ.მ რის შემდეგ მოპასუხის მიერ 14,8 კვ.მ საცხოვრებელი ფართიდან განხორციელდა წილის აღრიცხვა თითოეულ თანამესაკუთრეზე.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მამის თ. რ-ის გარდაცვალების შემდგომ, შეცდომით აღრიცხული სამკვიდრო ქონება მიიღეს მისმა დედამ – ჟ. რ-მა, ძმამ - რ. რ-მა და თვითონ, ხოლო ამჟამად მესამე პირი ითხოვს თავის რეალურ წილს, რის საფუძვლად უთითებს შეცდომით აღრიცხულ რეესტრის მონაცემებს, თუმცა ვერ უარყოფს ზემოხსენებული ხელშეკრულების არსებობასაც, რომლითაც განხორციელდა სამკვიდრო ქონებაში რეალური წილების განსაზღვრა. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემები და სახელშეკრულებო პირობები სავალდებულოა ყოველი შემდგომი წილის შემძენისათვის, ხოლო ტექბიუროს მიერ არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები და გაცემულ იქნა ცნობა-დახასიათება, სადაც არ იყო გათვალისწინებული ზემოხსენებული საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულების პირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, და მოითხოვა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქმედების განხორციელება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებში, 17.11.84წ. სახლის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული წილების შესაბამისად ცვლილებების შეტანა, 06.03.85წ ¹თ-38 ცნობა-დახასიათებაში დაშვებული შეცდომის გასწორება, ყველა შემდგომ დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და ახალი ცნობა-დახასიათების გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.02.06წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ო. რ-ის სარჩელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ო. რ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.04.07წ. განჩინებით ო. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.06წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.04.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. რ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.06.07წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ო. რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

05.07.07წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ო. რ-მა, საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა და მისი განუხილველად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა კასატორ ო. რ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ, ფიზიკურმა პირმა _ ო. რ-მა განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის. სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, და 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. რ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ო. რ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.07 წლის განჩინება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.