Facebook Twitter

ბს-604-578(კ-08) 8 სექტემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,გ.-ი” (მოსარჩელე)

დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს ,,გ.-ის” დირექტორმა გ. ჯ.-მ 2007 წლის თებერვალში სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების – 15 000 ლარის, ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის – 3000 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების 450 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ 2004 წლის 15 სექტემბერს გაფორმებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹... ხელშეკრულება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს ,,თ.-სსა” და სს ,,გ.-ს” შორის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა მისი ხელმოწერიდან 2005 წლის 15 სექტემბრამდე. შესრულებული სამუშაოები სრულდებოდა ეტაპობრივად სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ჩაბარება წარმოებდა მიღება-ჩაბარების აქტის სახით. ანგარიშსწორების ფორმად არჩეულ იქნა უნაღდო ანგარიშსწორება ლარებში, შესრულებული სამუშაოების, მისი დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 20 საბანკო დღის განმავლობაში.

2005 წლის 11 ივლისს დაიდო 2004 წლის 15 სექტემბრის ¹... სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დამატება, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სს ,,თ.-სსა” და ს/ს ,,გ.-ს” შორის და მიღწეულ იქნა ურთიერთშეთანხმება.

2006 წლის 27 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ა. ნ.-მა და სს ,,თ.-ის” წარმომადგენელმა, ტექნიკურმა დირექტორმა შ. გ.-მ შესრულებულ სამუშაოებს მისცეს დადებითი შეფასება.

2004 წლის 15 სექტემბრის ¹... ხელშეკრულებისა და 2005 წლის 11 ივლისის ხელშეკრულების დამატების მიხედვით 2006 წლის 24 თებერვალს შედგენილია შესრულებული სამუშაოები ¹3 აქტი, რომლის თანახმადაც სს ,,გ.-მა” შეასრულა სამუშაოები 15000 ლარის ოდენობით და ექვემდებარება გადახდას, რაც დადასტურებულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს ,,თ.-ის” წარმომადგენლების ხელმოწერითა და ბეჭდებით, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტრომ არ აანაზღაურა გაწეული სამუშაოს საფასური 1500 ლარის ოდენობით, რითაც სს ,,გ.-ს” დღეის მდგომარეობითაც ადგება ზიანი.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 403-ე, 404-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის, მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 251-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,გ.-ის” დირექტორის _ გ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების 15 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; უარი ეთქვა მოსარჩელეს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის _ 1500 ლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 450 ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 24 თებერვლის შესრულებული სამუშაოს ¹3 აქტიდან ირკვევა, რომ დამკვეთ სს ,,თ.-სსა” და მოიჯარე სს ,,გ.-ს” შორის დადებული 2004 წლის 15 სექტემბრის ¹... ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების 2005 წლის 11 ივლისის დამატების საფუძველზე, შესრულებულ იქნა ობიექტ ,,თ.-ის” 801 მვა 500/220 კვ ავტოტრ-ის ,,4ატ-ს” 220 კვ ,,23 ბ”-ს უჯრედში საჰაერო გამომრთველის ტიპი – 220/15 კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ფასმა შეადგინა 15000 ლარი, რომელიც დადგენილია დამკვეთის მხრიდან 2005 წლის 08-07-ს დამტკიცებული სახელშეკრულებო ფასის” მიხედვით სამუშაოებზე დღგ-ს გათვალისწინებით.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ 2004 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის ¹... ხელშეკრულება და ასევე 2005 წლის 11 ივლისის ხელშეკრულების დამატება, ასევე 2006 წლის 24 თებერვლის შესრულებული სამუშაოს აქტი ¹3, რომელიც შედგენილ იქნა დამკვეთის მხრიდან 2005 წლის 8 ივლისს დამტკიცებული სახელშეკრულებო ფასის მიხედვით და გადახდას დაექვემდებარა 15 000 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება დადებულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით და ასევე სადავოდ არ გამხდარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დაიდო ეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა, ხოლო ის გარემოება, რომ 2006 წლის ასიგნებები არ ითვალისწინებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას და ამიტომ არ მოხდა სადავო თანხის ანაზღაურება, არ წარმოადგენს მის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 484-ე მუხლები, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი.

სასამართლომ სს ,,გ.-ის” დირექტორის _ გ. ჯ.-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მოპასუხეს დააკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის 15 000 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის 3000 ლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო ხარჯის საკითხი კი შემდეგნაირად იქნა გადაწყვეტილი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და სარჩელზე შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 3 პროცენტს.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია არასრულად კერძოდ, 540 ლარის ნაცვლად გადახდილია 450 ლარი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის 3000 _ ლარის ანაზღაურებაზე და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და მიუთითა, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებია იმით, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ სამართლებრივ საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალკეულ შეფასებას საქმის ფაქტობრივ ანდა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო ხსენებული დასკვნების გაბათილება, რის გამოც მისი საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს ,,თ.-სსა” და სს ,,გ.-ს” შორის 2004 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხოლო მხარეთა მიერ 2005 წლის 11 ივლისს _ დამატებითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს ,,გ.-ს” სხვა სამუშაოებთან ერთად უნდა შეესრულებინა დანართის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, 4ატ-ს ,,22ბ” და ,,23ბ” უჯრედების საჰაერო გამომრთველების შეკეთება, თითოეულის ღირებულება განისაზღვრა 15 000 ლარით. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2005 წლის 15 სექტემბრამდე, რაც სს ,,გ.-ის” მიერ არ შესრულებულა. სს ,,გ.-ის” მიერ შესრულდა მხოლოდ ,,23 ბ” ამომრთველების შეკეთების სამუშაო, ისიც ვადაგადაცილებით – 2006 წლის 24 თებერვალს, რაც შეეხება მეორე ამომრთველის კაპიტალურ შეკეთებას, იგი დღემდე არ შესრულებულა.

სს ,გ.-ის” მიერ სამუშაოები შესრულებულ იქნა არასრულყოფილად და ისიც დაგვიანებით. დაგვიანებამ გამოიწვია ის, რომ 2006 წლის ბიუჯეტით სამინისტროსათვის განსაზღვრულ ასიგნებებში არ იყო გათვალისწინებული სს ,,გ.-ის” მიერ არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოებისათვის საჭირო თანხები.

კასატორი თვლის, რომ სს ,,გ.-ის” მოთხოვნა უკანონოა, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის კეთილსინდისიერ მხარეს; მან სრულყოფილად არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სს ,,გ.-ის” მიმართ აღძრულია სარჩელი ამავე ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,გ.-ის” მიერ სამუშაოების დაგვიანებით შესრულების გამო, სანქცია-საურავების სახით 164 807 ლარის გადახდის მოთხოვნით, რაც გაცილებით აღემატება სს ,,გ.-ის” მიერ მოთხოვნილ – 15 000 ლარს.

კასატორს მიაჩნია, რომ, სს ,,გ.-ის” მიერ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდამდე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 15 000 ლარის დაკისრება არასამართლიანია და კიდევ უფრო დაამძიმებს კასატორის მდგომარეობას სს ,,გ.-ის” მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.