ბს-60-60(კ-08) 4 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
29.12.05წ. ნ. კ.-მ მოპასუხე ქობულეთის რაიონის სოფელი ...-ის საკრებულოს გამგეობის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და ...-ის კოლმეურნეობის უფლებამონაცვლე მხარედ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს აღიარება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 21.09.97წ. გადაწყვეტილებით, ქობულეთის რაიონის ...-ის კოლმეურნეობის გამგეობას _ დაეკისრა მის სასარგებლოდ 42 000 (ორმოცდაორიათასი) ლარის გადახდა. ამჟამად, ...-ის კოლმეურნეობის გამგეობა არ ფუნქციონირებს. “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 22.09.92წ. ¹949 დადგენილების თანახმად, სახელმწიფო მეურნეობებმა, კოლმეურნეობებმა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებმა უნდა მოახდინონ რეორგანიზაცია, ნებაყოფლობით საფუძველზე აირჩიონ შრომითი კოლექტივებისათვის მისაღები მეურნეობების ახალი ორგანიზაციული ფორმა და გატარდნენ რეგისტრაციაში არსებული წესის შესაბამისად 1993 წლის 1 იანვრამდე. ამავე დადგენილების მე-4 ნაწილით დადგინდა, რომ კოლმეურნეობებმა და სახელმწიფო მეურნეობებმა, რომლებიც მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის შესახებ, არსებული ქონების განიავებისა და არარაციონალურად გამოყენების თავიდან ასაცილებლად _ მათ ბალანსზე არსებული ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხების გამოყენების უფლება ჰქონდათ პრივატიზაციის პერიოდისათვის არსებული ბანკის სესხების, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 20.08.92წ. ¹815 დადგენილებით განვადებული ბანკის სესხების, აგრეთვე მომწოდებლებისა და სხვა კრედიტორთა დავალიანებების დასაფარავად. აღნიშნული ვალების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხები უნდა ჩარიცხულიყო ბიუჯეტში და იგი პირველ რიგში გამოყენებულ უნდა ყოფილიყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.11.91წ. ¹880 და 30.04.92წ. ¹483 დადგენილებებით ჩამოწერილი და რესპუბლიკის საშინაო ვალებისათვის მიკუთვნებული ბანკის სესხების დასაფარავად. “საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმების განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 21.10.92წ. ¹29 დეკრეტით განიმარტა, რომ სახელმწიფო მეურნეობები, კოლმეურნეობები და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოები ვალდებული არიან 1992 წელს განახორციელონ რეორგანიზაცია, თავიანთი სტატუსი მოიყვანონ "სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ" კანონთან შესაბამისობაში და სათანადო ორგანოებში ხელახლა გატარდნენ რეგისტრაციაში. ქობულეთის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს 23.06.05წ. ¹7086 და 24.08.05წ. ¹8/97 ცნობების თანახმად, ...-ის კოლმეურნეობის ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია არ მომხდარა. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს 71-ე მუხლით დადგინდა, რომ სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველობებისა და მმართველობის ორგანოებს 1999 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უნდა უზრუნველეყოთ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი შპს ან სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლეს. გათვალისწინებული ვალდებულება, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების მხრიდან არ შესრულებულა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 22.09.92წ. ¹949 დადგენილების თანახმად, კოლმეურნეობები და სახელმწიფო მეურნეობები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს კრედიტორებისა და ბიუჯეტის წინაშე, ცხადდებიან გაკოტრების სუბიექტებად, ექვემდებარებიან ლიკვიდაციას, საწარმოთა გაკოტრების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტის შესაბამისად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 21.09.97წ. ¹2/88 გადაწყვეტილებით ქობულეთის ...-ის კოლმეურნეობის გამგეობას დაეკისრა მის სასარგებლოდ 42 000 (ორმოცდაორიათასი) ლარის გადახდა, რაც დღემდე არ არის სისრულეში მოყვანილი. ...-ის კოლმეურნეობის გაკოტრების სუბიექტად გამოცხადების მიზნით, განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოვალე ორგანიზაციის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" კანონის მე-8 და მე-9 მუხლების საფუძველზე, არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად მიღებული განჩინების ძალაში შესვლისთანავე მოვალე, თუ იგი იურიდიული პირია, გაუქმდება. მოსარჩელის განცხადებით, ...-ის კოლმეურნეობის გამგეობა დღეის მდგომარეობით გაუქმებულია. მის ბალანსზე რიცხულ უძრავ-მოძრავ ქონებას _ ჩაის პლანტაციებს, ციტრუსის ბაღებს, შენობა-ნაგებობებს და ავტომანქანებს განკარგავს ...-ის სოფლის საკრებულო, რის გამოც ...-ის კოლმეურნეობის გამგეობის უფლებამონაცვლედ უნდა ჩაითვალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, როგორც ამას ადგილი ექნებოდა, მისი რეორგანიზაციის შემთხვევაში.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილებით ნ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ...-ის კოლმეურნეობის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ქობულეთის რაიონის ...-ის თემის სოფლის საკრებულო.
21.09.07წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართა ქობულეთის მუნიცილაპიტეტის საკრებულომ და აღნიშნა, რომ აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო პროცესზე ...-ის სოფლის საკრებულოს წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა, ვინაიდან ...-ის საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდა წინასწარ პატიომრობაში, მოვალეობის შემსრულებელი არ დანიშნულა. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს საპროცესო კოდექსის შესაბამისად ...-ის საკრებულოს არ ჩაბარებია. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილება ...-ის სოფლის საკრებულოს სამართალმემკვიდრისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ცნობილი გახდა ნ. კ.-ის განცხადების საფუძველზე, რის შემდეგაც მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს კანონის შესაბამისად გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ. გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 11.09.07წ. აპელანტის მოსაზრებით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.07წ. განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 26.12.06წ. ნ. კ.-მ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც ქობულეთის რაიონის ...-ის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლეს. განცხადებას თანდართული ჰქონდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 21.09.97წ. და 16.01.06წ. გადაწყვეტილებები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 08.01.06წ. მიმართვით ნ. კ.-ის განცხადება გადაეგზავნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელმაც ქობულეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შესახებ განცხადება, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხსენებულ სასამართლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ნ. კ.-ის მიერ მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ცხრა თვის გასვლის შემდეგ მიმართა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით, ხოლო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლისა და 8 თვის გასვლის შემდეგ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.07წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და განმარტა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსკ-ით დადგენილი წესით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ნ. კ.-ის მიერ მისთვის გადაწყვეტილების გადაცემა მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.02.08წ. განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თავისი არსით წარმოადგენს კერძო საჩივარს და განხილული უნდა იქნეს, როგორც კერძო საჩივარი.
სსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება(აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილება ქობულეთის რაიონულ სასამართლოს ...-ის საკრებულოს გამგეობისათვის არ გაუგზავნია. საქმეში არ არის დაცული რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კერძო საჩივრის ავტორს სადავო გადაწყვეტილება სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაჰბარდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. კ.-ის მიერ აღსრულების მიზნით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე მხარის სამართალმემკვიდრისათვის წარდგენა არ წარმოადგენს გასაჩივრების ვადის დენის დაწყების საფუძველს. სსკ-ის 369.1 მუხლით განსაზღვრული წესი სავალდებულოა და მისი დარღვევა გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გასაჩივრებისთვის უფლებამოსილ პირებს გადაეცემათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი და ამოიწურება კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადა. გასაჩივრების ვადის გასვლა ადასტურებს, რომ მხარემ დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე უარი განაცხადა სასამართლოში დავის გაგრძელებაზე. აღნიშნული კი შეუძლებელია მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის გარეშე, რომლითაც მას ასევე განემარტება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. მოცემულ შემთხვევაში ნ. კ.-ის მიერ საკრებულოსათვის აღსრულების მიზნით წარედგინა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილება. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელიც “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად არის ც.-ის საკრებულოს უფლებამონაცვლე, იცოდა ...-ის საკრებულოსათვის სადავო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არა სააპელაციო საჩივრით, არამედ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით 09.02.07წ. განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 369.1 მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა არის აღმკვეთი ხასიათის, არ დაიშვება მისი გაგრძელება ან აღდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის მომენტს. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დასაწყისი განისაზღვრება სასამართლოს მიერ მხარისათვის დასაბუთებული (მოტივირებული) გადაწყვეტილების გადაცემის მომენტით. ასეთად ითვლება გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ხელზე მიცემა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ სასამართლოში, რაც მან უნდა დაადასტუროს შედგენილ ხელწერილზე საკუთარი ხელმოწერით და თარიღის მითითებით, ან სასამართლოს მიერ მისი მხარისათვის გადაგზავნის დრო. გაგზავნის დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს დრო, როდესაც გადაწყვეტილების ასლი 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გადაეგზავნა მხარეს, ამასთანავე საქმეში აუცილებლად უნდა იყოს დამადასტურებელი ცნობა, რომ ამ წესით გაგზავნილი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა ადრესატს. სსკ-ის 369-ე მუხლში გადაწყვეტილების ასლის ჩამბარებლად (გამგზავნად) იგულისხმება სასამართლო.
საქმის მასალებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილების ასლი ...-ის საკრებულოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, სსკ-ის 369.1 მუხლით, აგრეთვე 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. 16.01.06წ. გადაწყვეტილება არ პასუხობს აგრეთვე სასკ-ის მე-12 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ...-ის საკრებულოს უფლებამონაცვლისათვის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ნ. კ.-ის განცხადების საფუძველზე, რის შემდეგაც გამგეობამ მიმართა რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარების მოთხოვნით. გადაწყვეტილების ასლის 11.09.07წ. ჩაბარებიდან (ს.ფ. 7), კანონით განსაზღვრულ ვადაში (21.09.07წ.) შეტანილი იქნა სააპელაციო საჩივარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვადის ათვლა იწყება აქტის ოფიციალური გაცნობის შემდეგ. ოფიციალურ გაცნობას ის მნიშვნელობა აქვს, რომ მხარე ადასტურებს აქტის ოფიციალური ტექსტის შინაარსის გაცნობას. ვადის ათვლა არ დაიწყება, უკეთუ პირისათვის არაოფიციალურად (მაგ. კერძო საუბრიდან) გახდა ცნობილი აქტის შინაარსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქმე უნდა გადაეცეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.07წ. განჩინება;
2. საქმე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.