ბს-606-576(კ-07) 20 ნოემბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ., მ. და ო. ა-ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): დ. დ-ე, ქედის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთის მიკუთვნება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ., მ. და ო. ა-ებმა სარჩელი აღძრეს ქედის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ .......-ოს თემის გამგეობისა და დ. დ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სოფელ ........-ოს მეკომურთა კრების 1999 წლის 12 თებერვლის ¹1 საოქმო დადგენილებით მოსარჩელეთათვის გამოყოფილ, ........... ტერიტორიაზე მიწის ფართობის მიკუთვნება, დ. დ-თვის საკარმიდამო მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ ..........-ოს თემის საპრივატიზაციო კომისიის 2006 წლის 18 მაისის ¹1 დასკვნის, .......-ოს თემის გამგეობის 2006 წლის 18 აგვისტოს დადგენილების გაუქმება და ........-ოს თემის გამგეობის დავალდებულება ო. ა-თვის, როგორც I კატეგორიის უმწეო კომლისათვის, ......... ტერიტორიაზე საპრივატიზაციო საკარმიდამო მიწის ფართობის გამოყოფაზე /იხ. ს.ფ. 2-5/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე ნ. ა-ს “ ......... ” ტერიტორიაზე ჰქონდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ძველი სამანქანე გზა და მისი მიდამოები, მაგრამ აღნიშნულ ნაკვეთში არ იყო შესასვლელი გზა, რომელიც უნდა გასულიყო ახალი სამანქანე გზით სკოლის მიმდებარე ნაკვეთზე. მოსარჩელე მ. ა-ს 1999 წლის 12 თებერვალს ქედის რაიონის სოფელ ............-ოს მეკომურთა კრების ¹1 დადგენილებით, ამავე მეკომურთა კრების ტერიტორიაზე, ........-ში, სკოლის მიმდებარედ, ახალი სამანქანე გზის ქვემოთ საპრივატიზაციოდ გამოეყო 0,25ჰა მიწის ფართობი, მაგრამ აღნიშნული მიწის ფართობის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიწის ფართობი მიტაცებული ჰქონდა სხვა სოფლის მეკომურთა კრების წევრს _ შ. დ-ეს. მოსარჩელემ აღნიშნული დადგენილების აღსასრულებლად მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც .......-ოს თემის საკრებულოს დაევალა, მხარეთა მიმართვის შემთხვევაში, გადაეწყვიტა სადავო ტერიტორიის მიკუთვნების საკითხი.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელე მ. ა-მა რამდენჯერმე მიმართა .........-ოს თემის საკრებულოს, ქედის რაიონის გამგეობას სასამართლო განჩინების აღსრულების თაობაზე, მაგრამ საკრებულომ არ დააკმაყოფილა მისი განცხადება და დააკმაყოფილა დ. დ-ის მოთხოვნა. ამასთან, ............-ოს თემის საკრებულომ და საპრივატიზაციო კომისიამ არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი დ. დ-ეს მიტაცებული ჰქონდა და აჭარის მინისტრთა საბჭოს მიწის მართვის სამსახური რეკომენდაციას აძლევდა, რომ მიწა გაეთვალისწინებინა მოსარჩელეებზე გადასაცემად, ვინაიდან მათ ჰქონდათ მიწის ფლობის უპირატესი უფლება, კერძოდ, ო. ა-ი იყო I კატეგორიის კომლი, ხოლო მ. ა-ს არ გააჩნდა მიწის ფართობი.
სარჩელის სამართლებრივი გარემოებები:
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია მიწის პრივატიზაციის შესახებ კანონი, რამდენადაც .......-ოს თემის გამგეობამ არ გასცა სოფელ ..........-ოს მეკომურთა ფონდში რიცხული მიწა ამავე მეკომურთა უმიწო წევრებზე _ ო. და მ. ა-ებზე.
ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ქედის რაიონის გამგეობა /იხ. ს.ფ. 147/.
ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ., მ. და ო. ა-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
........-ოს თემის საკრებულოს სოფელ გ-ების მიწის სარეფორმო კომისიის 1998 წლის 10 იანვრის ¹1 ოქმის თანახმად, დაკმაყოფილდა შ. დ-ის განცხადება და 0,25ჰა საკარმიდამო ნაკვეთის გარდა, მას საკუთრებაში გადაეცა 0,15ჰა სახნავი მიწა “ ........-ში” და ტ-ებში, ძველ ნასახლევზე 0,10ჰა, სულ 0,50ჰა. .......-ოს თემის საკრებულოს მეკომურთა კრების 1999 წლის 12 თებერვლის ¹1 ოქმით, დაკმაყოფილდა მ. ა-ის მოთხოვნა და მას გამოეყო 0,25ჰა სახნავი მიწა “ ........ ” ტერიტორიაზე. 2004 წლის 15 მარტს ქედის რაიონულმა სასამართლომ განიხილა მ. ა-ის სარჩელი ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, ..............-ოს თემის საკრებულოსა და სხვათა მიმართ და სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა მოპასუხე დ. დ-ის სააპელაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით კი უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ..........-ოს თემის საკრებულოს 2006 წლის 3 აპრილის ¹19 განკარგულებით დ. დ-ის განცხადების შესასწავლად შეიქმნა კომისია, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ზღვრული ნორმის შევსების თაობაზე. 2006 წლის 18 მაისს კომისიამ შეადგინა დასკვნა, რომელიც წარუდგინა .........-ოს თემის საკრებულოს მიწის მართვის სარეფორმო კომისიას. აღნიშნული კომისიის დადგენილებით, დაკმაყოფილდა დ. დ-ის განცხადება; დამტკიცდა .......-ოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2006 წლის 18 მაისის დასკვნა ¹1; დამტკიცდა სოფ. გ-ების მიწის რეფორმის კომისიის 1998 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმი ¹1 და სოფელ გ-ების მეკომურთა კრების 1998 წლის 24 იანვრის ოქმი ¹1; .......-ოს თემის საკრებულოს მიწათმომწყობს დაევალა, კომისიის წევრებთან ერთად, დასკვნა ¹1-ის საფუძველზე, ადგილზე მისვლით, მიეზომა და გაემიჯნა ნაკვეთი, შეედგინა სათანადო დოკუმენტები და გეგმა-ნახაზი დ. დ-ზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1986 წლიდან გადაცემული იყო დ. დ-ზე და ეს უკანასკნელი ამუშავებდა მას. კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა როგორც დ. დ-ის, ისე ნ. ა-ის განცხადებები, მაგრამ კომისიამ უპირატესობა მიანიჭა პირველი კატეგორიის კომლის განცხადებას.
რაიონული სასამართლოს დასკვნით, .........-ოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის 2006 წლის 18 მაისის ¹1 დასკვნა, დ-ოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის მიერ 2006 წლის 18 მაისს აღნიშნული დასკვნის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ..........-ოს თემის საკრებულოს მესამე მოწვევის მე-9 სხდომის ¹25 გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 58-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც ნ. ა-ის სარჩელის 1-ლი, მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო, რაც შეეხება მე-2, მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს, სასამართლომ ისინი არ განიხილა, ვინაიდან, სასამართლოს დასკვნით, სსსკ-ის 186.1.“ა” მუხლის საფუძველზე, არ ექვემდებარებოდა სასამართლო განხილვას /იხ. ს.ფ. 192-203/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ., ო. და ნ. ა-ებმა, რომლითაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, რამდენადაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები. აპელანტმა განმარტა, რომ რაიონული სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ ..........-ოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2006 წლის 18 მაისის ¹1 ოქმს, ...........-ოს თემის საკრებულოს ¹25 ოქმს და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, ყოფილი გამგებლის _ მ. ხ-ის ჩვენებას და არ გამოურკვევია, აღნიშნული ოქმების, როგორც ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს, დარღვეული იყო თუ არა მისი მომზადებისა და გამოცემის წესი და ეწინააღმდეგებოდა თუ არა იგი კანონს.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-99-ე მუხლების მოთხოვნები, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ქედის რაიონის გამგეობამ და .......-ოს თემის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდეს მხოლოდ სააღსრულებო ფურცელი /იხ. ს.ფ. 207; 212-215/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინებით ნ., მ. და ო. ა-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა ქედის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტით დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით. ........-ოს თემში I კატეგორიის კომლისთვის დაწესდა 0,60ჰა, ასევე 0,50ჰა. N. ა-ი მიეკუთვნებოდა I კატეგორიის კომლს და მას მიზომილი ჰქონდა 0,65ჰა. ზღვრული ნორმა ასევე მიზომილი ჰქონდა მის შვილს _ ო. ა-ს, მაგრამ მათ მიწის ფლობის დოკუმენტები არ გააჩნდათ. ........-ოს საკრებულოს სოფელ გ-ების მიწის რეფორმის კომისიის 1998 წლის 10 იანვრის დადგენილებით შ. დ-ეს დაუდგინდა 0.50ჰა მიწის ნაკვეთი. დ. დ-ე მიეკუთვნებოდა I კატეგორიის კომლს, რომელიც შ. დ-ის კომლის წევრი იყო. დ. დ-ე სოფელ გ-ების მცხოვრები იყო, მაგრამ იგი სოფელ ...........-ოს თემში შედიოდა. აღნიშნული გარემოების გამო, .......-ოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა, შეესწავლა და გადაეწყვიტა საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფის საკითხი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
მ. ა-ს სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში, რომლითაც მოითხოვდა საკარმიდამო ნაკვეთის შევსებას. ასევე, შეგებებული სარჩელი შეიტანა დ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა ამ ნაკვეთის მიკუთვნება, ვინაიდან 1986 წლის 16 მაისს .......-ოს კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრებამ იგი გამოუყო მის მამამთილს, შ. დ-ეს. ქედის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის სარჩელი. ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და .........-ოს თემის საკრებულოს დაევალათ, მიეზომათ მ. ა-თვის 0,25ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მათ შორის 0,11ჰა .......... ტერიტორიაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, მ. ა-ის სარჩელი და დ. დ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო .............-ოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა, მიმართვის შემთხვევაში, შეესწავლა და გადაეწყვიტა მხარეებზე საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფა და მიზომვის საკითხი კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც განხილულ იქნა დ. დ-ეზე მიწის მიკუთვნების საკითხი და ...........-ოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის 2006 წლის 18 მაისის ¹1 დასკვნით მიზანშეწონილად ჩაითვალა დ. დ-თვის ........... ტერიტორიაზე 0,15ჰა მიწის ნაკვეთის მიზომვა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-2 მუხლი და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული სიმდიდრე და მისი კუთვნილება. ამავე დადგენილების მე-11 პუნქტის მიხედვით, მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ორგანო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საკრებულოს სარეფორმო კომისიის დასკვნა და საკრებულოს გადაწყვეტილება იყო კანონიერი და არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი /იხ. ს.ფ. 240-249/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ., მ. და ო. ა-ებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი და შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ...........-ოს თემის საკრებულოს 2006 წლის 18 მაისის ¹1 დასკვნა მოპასუხისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ და არ გამოარკვია, აღნიშნული ოქმების, როგორც ადმინისტრაციული აქტების, გამოცემის დროს, დაირღვა იყო თუ არა მისი მომზადებისა და გამოცემის წესი.
...........-ოს თემის საკრებულოსა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი უნდა განეხილა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტის მიხედვით, რაც არ განხორციელდა, ასევე სადავო აქტების გამოცემის დროს დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოების წესები, რასაც ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ..........-ოს თემის საკრებულოს და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი უნდა განეხილათ ადმინისტრაციული წარმოების წესის დაცვით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტის მიხედვით.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-99-ე მუხლების მოთხოვნები, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ქედის რაიონის გამგეობამ და ........-ოს თემის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მხოლოდ სააღსრულებო ფურცელი, რაც უკანონოა /იხ. ს.ფ. 257-261/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე ნ., მ. და ო. ა-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:L
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ., მ. და ო. ა-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ: საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტით დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით. .......-ოს თემში I კატეგორიად დაწესდა 0,60ჰა, ასევე 0,50ჰა. კასატორი _ ნ. ა-ი მიეკუთვნებოდა I კატეგორიის კომლს და მას მიზომილი ჰქონდა 0,65ჰა. ზღვრული ნორმა ასევე მიზომილი ჰქონდა მის შვილს _ ო. ა-ს, მაგრამ მათ მიწის კანონიერად ფლობის დოკუმენტები არ გააჩნდათ. ...............-ოს საკრებულოს სოფელ გ-ების მიწის რეფორმის კომისიის 1998 წლის 10 იანვრის დადგენილებით შ. დ-ეს დაუდგინდა 0.50ჰა მიწის ნაკვეთი. მოპასუხე დ. დ-ე არის I კატეგორიის კომლი. მოსარჩელე მ. ა-ს სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში, რომლითაც მოითხოვდა საკარმიდამო ნაკვეთის შევსებას, ასევე, შეგებებული სარჩელი შეიტანა დ. დ-ემ, რომლითაც ამ ნაკვეთის მიკუთვნება მოითხოვა, ვინაიდან 1986 წლის 16 მაისის ........-ოს კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრებამ იგი გამოუყო მის მამამთილს, შ. დ-ეს. ქედის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის სარჩელი, ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და .......-ოს თემის საკრებულოს დაევალათ, მიეზომათ მ. ა-თვის 0,25ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მათ შორის 0,11ჰა ........ ტერიტორიაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა; მ. ა-ის სარჩელი და დ. დ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ........-ოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა, მიმართვის შემთხვევაში, შეესწავლა და გადაეწყვიტა მხარეებზე საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფა და მიზომვის საკითხი კანონით დადგენილი წესით. მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც განხილულ იქნა დ. დ-ეზე მიწის მიკუთვნების საკითხი. ........-ოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის 2006 წლის 18 მაისის ¹1 დასკვნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა დ. დ-თვის “ ....... ” ტერიტორიაზე 0,15ჰა მიწის ნაკვეთის მიზომვა, ხოლო მითითებული დასკვნა დამტკიცდა ............-ოს თემის საკრებულოს მესამე მოწვევის მეცხრე სხდომის 2006 წლის 18 ავისტოს ¹25 გადაწყვეტილებით. აღნიშნულის საფუძველზე კი .......... ტერიტორიაზე არსებული 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა დ. დ-ის სახელზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტის მიხედვით, დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხოლო საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული სიმდიდრე და საკუთრება, რასაც, სსკ-ის 170.1. მუხლის შესაბამისად, განკარგავს საკუთრების უფლებით. მითითებული დადგენილების მე-11 პუნქტის მიხედვით, მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ........-ოს თემის საკრებულოს 2006 წლის 18 მაისის ¹1 დასკვნა მოპასუხეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ კანონსაწინააღმდეგოა, კერძოდ, მისი, როგორც ადმინისტრაციული აქტის, გამოცემის დროს, დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის წესი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
მოცემულ შემთხვევაში .........-ოს თემის საკრებულომ და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიიჩნიეს რა მიზანშეწონილად, დ. დ-ზე გასცეს ........... ტერიტორიაზე 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, რამდენადაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას, ხოლო დ. დ-ზე მიწის ნაკვეთი გაიცა სწორედ კანონიერ ძალაში შესული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, რომლითაც ........-ოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა, მიმართვის შემთხვევაში, შეესწავლა და გადაეწყვიტა მხარეებზე საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფა და მიზომვის საკითხი კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ........-ოს თემის საკრებულოს და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი უნდა განეხილათ მოსარჩელის მონაწილეობით, რომ მოსარჩელის მიერ განცხადება იქნა შეტანილი მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით, დ. დ-ეს მიეზომა მიწის ის ნაკვეთი, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდა მოსარჩელე და მოსარჩელე თავისი ნაკვეთით ვერ სარგებლობს აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაუვლელად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის გარემოება, რომ .........-ოს თემის საკრებულომ და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დ. დ-ზე და მოსარჩელეებზე მიწის გამოყოფის საკითხი არ განიხილეს ერთდროულად, ამასთან მოსარჩელეთა აუცილებელი მონაწილეობით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რამდენადაც საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელეთა სამართლებრივი ინტერესი სწორედ დ. დ-ზე გადაცემული 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიმართ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დ. დ-ზე მიწის ნაკვეთის გადაცემა საკრებულოს მიერ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება რა დროსაც, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹48 დადგენილებების გათვალისწინებით, დ. დ-ზე გაიცა თავისუფალი მიწის ნაკვეთი, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს და ამუშავებს, ამასთან სადავო მიწის ნაკვეთის გაუვლელად ვერ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, საქმის მასალებით არ დასტურდება. კასატორებმა არც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე უარყვეს, რომ ისინი ფლობენ მიწის ნაკვეთებს, თუმცა შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაცია მიწის ნაკვეთების საკუთრებაში არსებობასთან დაკავშირებით, არ გააჩნიათ. აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოწინააღმდეგე მხარემ _ ქედის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180.1. მუხლით განსაზღვრულია აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთით ვერ სარგებლობს დ. დ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაუვლელად. უფრო მეტიც, მოსარჩელეებს არ გააჩნიათ კანონიერ საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ისინი ამუშავებენ, შესაბამისად, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა აუცილებელი მისასვლელი გზის მოთხოვნის შესახებ, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმით გათვალისწინებული გზის მოთხოვნის უფლება გააჩნია მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ხოლო მოსარჩელეებს საკუთრებაში არ გააჩნიათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის _ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ევალებოდათ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ერთდროულად, დ. დ-ისა და მოსარჩელეთა საკითხის განხილვის მიზნით, რამდენადაც .........-ოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაევალა შეესწავლა და გადაეწყვიტა მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფისა და მიზომვის საკითხი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მხარეთა განცხადებების განხილვა ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა განეხორციელებინათ ერთდროულად და გადაწყვეტილება მიეღო ორივე მხარის მონაწილეობით, მით უფრო, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიმართოს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ნ., მ. და ო. ა-ების საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს ნ., მ. და ო. ა-ებს სსსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ., მ. და ო. ა-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინება;
3. ნ., მ. და ო. ა-ებს სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად დაეკისროთ 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.