Facebook Twitter

ბს-607-581(კ-08) 26 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.08წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ფინური ბინის, მდებარე ქ. ბორჯომი, ........ ¹24-ში, ერთი ოთახის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის დავალება მოითხოვა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 24.09.07წ. გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1990 წელს წყალდიდობის შედეგად არდაგნის დასახლებაში მდებარე ფინური ბინები მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც იქ მცხოვრები პირები დაზიანებული ბინების სანაცვლოდ შესახლებულნი იქნენ პანსიონატ “ ......-ში”. ამასთან, ბორჯომის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹53-ე გადაწყვეტილების საფუძველზე თ. ბ-ეს წყალდიდობით დაზიანებული ფინური ბინის სანაცვლოდ გადაეცა ...... მშენებარე ¹4 სახლში საცხოვრებელი ბინა.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ბრძანებულება ¹73 “კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, არეგულირებს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელის მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. ხოლო მოსარჩელე თ. ბ-ე არ წარმოადგენდა ....... მდებარე სადავო ფინური ბინის კანონიერ მოსარგებლებს, რადგან როგორც საქმის მასალებით, ასევე მხარეთა განმარტებებით დადგინდა, თ. ბ-ე წყალდიდობით დაზიანებული არდაგნის დასახლებაში მდებარე ¹24 ფინური ბინის 12 კვ.მ საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ შესახლებული იქნა პანსიონატ “ .........-ში”. მას მიეცა ..........-ში მშენებარე ¹4 სახლში საცხოვრებელი ბინა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ და მოითხოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 24.09.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ბ-ემ, რომელმაც განჩინების გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიკვლია საქმის მასალები და არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს. ......... მდებარე სადავო ბინა თ. ბ-ეს მუდმივი სარგებლობის უფლებით, გაცვლის წესით გადაეცა აღმასრულებელი კომიტეტის 29.12.1979წ. გადაწყვეტილებით. ამ დროიდან მოყოლებული იგი, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, ცხოვრობდა მითითებულ ბინაში. აღმასრულებელი კომიტეტის 29.12.1979წ. გადაწყვეტილება გაცვლის წესით სადავო ბინის თ. ბ-თვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ არ გაუქმებულა და შესაბამისად იგი წარმოადგენს სადავო ბინის მოსარგებლეს.

დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹453-ე გადაწყვეტილებით თ. ბ-ესა და მისი ოჯახის წევრებს გამოეყოთ ....... ¹4 მშენებარე სახლში ბინა. დოკუმენტალურად მშენებარე ბინის გადაცემა არ წარმოადგენს დაზიანებული ბინის სანაცვლოდ ბინის გადაცემას, რადგან ბინის მშენებლობა დღესაც დაუმთავრებელია და სავარაუდოდ არც არასოდეს არ დამთავრდება. ამასთან, ბინა თ. ბ-ეს კი არ გამოეყო, არამედ გადაეცა მის ოჯახს. პანსიონატში იგი შესახლდა დროებით, როგორც წყალდიდობით დაზარალებული, უსახლკარო, სხვა საცხოვრებელი სადგომით დაკმაყოფილებამდე.

დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თ. ბ-ე არ წარმოადგენს ....... მდებარე სადავო ფინური ბინის კანონიერ მოსარგებლეს. სადავო ბინის კანონიერი სარგებლობის დაკარგვის საფუძველი ის გარემოება არ შეიძლება იყოს, რომ თ. ბ-ეს დიდი ხნის მანძილზე არ უცხოვრია სადავო ბინაში, რადგან ცხადია, რომ ბინა დაზიანებული იყო და მის შეკეთებას დრო სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ბრძანებულება “კანონისმიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი პრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” არეგულირებს სწორედ იმ ურთიერთობას, რომელშიც თ. ბ-ე იმყოფება, კერძოდ, იმ პირთა ურთიერთობას, რომლებსაც ბინის სარგებლობის უფლება მოპოვებული აქვთ კანონიერად, როგორც ეს მოპოვებული აქვს მოცემულ შემთხვევაში სადავო ბინაზე თ. ბ-ეს და ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის ეს უფლება დაკარგული არ აქვს. თ. ბ-ეს სადავო ბინაზე სამისდღეშიო მფლობელობის უფლება წარმოეშვა კანონიერად, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ბ-ეს სადავო ბინაზე მფლობელობა სამუდამოდ არ შეუწყვეტია და არც სხვა გზით დაუკარგავს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა. იგი მთელი ამ დროის მანძილზე უწყვეტად ფლობს სადავო ნივთს და სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე იგი ამ სადავო ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად მიიჩნევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.