ბს-608-578(კ-07) 28 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ბ-მა 18.10.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიმართ და მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების 16.1 ლარის ყოველთვიურად და 01.05.92 წლიდან 149 თვის გაუცემელი 2398,0 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1966 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში ...........-ის თანამდებობაზე. სამუშაოს შესრულების დროს მიიღო დასახიჩრება, რის გამოც დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 70%-ით. პირველი მაისის რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილებამ დაუნიშნა პენსია, ხოლო დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება განიხილა დიდუბის რაიონულმა სასამართლომ 24.03.1975წ. და მოპასუხეს დააკისრა პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურება. 1975-1992 წლებში მოპასუხე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უხდიდა ანაზღაურებას, რომლის მიღება შეუწყდა, ხოლო დასახიჩრების გამო მუდმივი პენსია ჰქონდა, რომლის მიღება არ შეწყვეტია. შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით 09.02.99წ. ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" 1-ლი თავის მე-3, მე-7, მე-11, მე-12, 42-ე, 51-ედა 55-ე პუნქტების თანახმად მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა თვეში 70%, იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის სამუშაო ხელფასის იმ ოდენობით, რამდენი პროცენტიც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.01.05წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე ვეტერინარიის დეპარტამენტის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის ვეტერინარიის დეპარტამენტს მოსარჩელე შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება თვეში 42 ლარის ოდენობით. 11.11.02 წლიდან მოსარჩელე შ. ბ-ს მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.06წ. განჩინებით საქმეში ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ჩაება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.0307წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.05წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11.11.02 წლიდან 42 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არსებითად ისინი ეჭვქვეშ არც აპელანტს დაუყენებია. საქართველოს პრეზიდენტის შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღურების წესის" 09.02.99წ. ¹8 ბრძანებულება დამქირავებელ ორგანიზაციას, რომელთანაც დაზარალებული შრომით ურთიერთობაში იმყოფება, აკისრებს პასუხისმგებლობას ყოველთვიური სარჩოს გადახდით აუნაზღაუროს ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ბ-ი მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტში და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოვალეობა ამ უკანასკნელს ეკისრებოდა. ბრძანებულების 42-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულთა მიმართ აღიარებული ვალდებულების შესრულება ეკისრება უფლებამონაცვლე საწარმოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური და მოსარჩელისათვის სარჩოს გადახდის მოვალეობაც ამ უკანასკნელს უნდა დაკისრებოდა. სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად მიიჩნია სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და ჩათვალა. რომ საქმეში ახალი სუბიექტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ჩაბმის გამო, სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება შეიცვალა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.03.07წ. გადაწყვეტილება 14.06.07წ. საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა” და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის სტადიაზე ლიკვიდირეულ იქნა აპელანტი _ ვეტერინარიის დეპარტამენტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.06წ. განჩინებით საქმეში ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ჩაება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური”. საქმეში ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ეროვნული სამსახურის ჩაბმის საფუძვლად განჩინებაში მითითებული იყო ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი ზოგიერთი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 26.01.06წ ¹20 დადგენილება. აღნიშნულ დადგენილებაში არ იყო მითითებული, რომ “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური” წარმოადგენდა ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს, როგორც ეს ინტერპრეტირებული იყო სასამართლოს განჩინებაში. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 13.03.06წ. ¹2-44 ბრძანებით დამტკიცებული სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულებითაც არ არის განსაზღვრული. რომ ლიკვიდირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე არის “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური”. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია პროცესუალური ნორმები, რამაც გამოიწვია ეროვნული სამსახურის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ფაქტობრივი გარემოებების კანონიერად შეფასების გარეშე, სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევებით, რომლებმაც არსებითად იმოქმედა შედეგზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.