Facebook Twitter

¹ბს-610-577(კ-06) 14 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ სს “ .. ..”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახური; 2. ქ. ფოთის მთავრობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 14 აპრილს სს “ .. ..” განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურის მიმართ.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ იგი, როგორც ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია, ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურს (ქუჩის განათება) აწვდიდა ელექტროენერგიას. აღნიშნულ სამსახურს ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის გამო, მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 6810 ლარის ოდენობით. ხსენებული დავალიანების არსებობა დადასტურებული იყო 2005 წლის 17 თებერვლის ორმხრივი შედარების აქტით, რომლითაც მოპასუხეს აღიარებული ჰქონდა დასახელებული დავალიანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 302-ე და 306-ე მუხლების თანახმად, გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღება და დავალიანების თანხის _ 6810 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის გადახდის ბრძანებით მოვალე ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურს (ქუჩის განათება) სს “ .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა 6810 ლარის გადახდა.

2005 წლის 24 ივნისს ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის გადახდის ბრძანებაზე ფოთის საქალაქო სასამართლოში წარადგინა პროტესტი, მოითხოვა აღნიშნული ბრძანების გაუქმება და აღნიშნა, რომ ქ. ფოთის საკრებულოს 2005 წლის 23 თებერვლის ¹6/9 გადაწყვეტილებით მოხდა ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურის ლიკვიდაცია და არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი აქტი იმის თაობაზე, რომ ხსენებული სამსახურის სამართალმემკვიდრესა და, შესაბამისად, სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახური, ამასთან, სს “ .. ..” ფოთის საქალაქო სასამართლოში განცხადება წარადგინა ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურის მიმართ, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლომ ამავე სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის გადახდის ბრძანება გაუგზავნა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურს. ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ასევე მიუთითა, რომ განმცხადებელ სს “ .. ..” არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურს ან ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურს გააჩნდა სს “ .. ..” დავალიანება გარე განათების საფასურის სახით _ 6810 ლარი, ხოლო რაც შეეხებოდა სასამართლოში წარდგენილ შედარების აქტს, აღნიშნულ აქტს ხელს აწერდა არა ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და ბუღალტერი, ასევე მასზე არ იყო დასმული ამავე სამსახურის ბეჭედი, არამედ _ გაურკვეველი პირი, რომელიც არ აღიარებდა დავალიანების არსებობას.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივნისის განჩინებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის ¹2/287 გადახდის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და დადგინდა დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნის განხილვა საერთო სასარჩელო წესით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,, .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 6810 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. ფოთის ადგილობივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა და ქ. ფოთის მთავრობა საქმეში ჩაება თანამოპასუხედ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ფოთის ადგილობრვი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება; სს ,, .. ..” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად ჩათვალა, რომ სს “ .. ..” ფილიალსა და ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურს შორის 2005 წლის 17 თებერვალს შედგა შედარების აქტი, რომლის თანახმად, ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურს გააჩნდა დებიტორული დავალიანება 6810 ლარის ოდენობით. შედარების აქტს, ერთი მხრივ, ხელს აწერდნენ სს “ .. ..” ფილიალის დირექტორი და მთავარი ბუღალტერი, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე აქტს ხელს არ აწერდა დებიტორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იმ გრაფის გასწვრივ კი, სადაც აღნიშნული იყო დებიტორი ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი, შენიშვნის სახით გაკეთებული იყო ჩანაწერი, რომ არ ირიცხებოდა დავალიანება საქალაქო მეურნეობის ბალანსზე და შემდეგ _ ხელმოწერა. ქ. ფოთის საკრებულოს 2005 წლის 23 თებერვლის ¹619 გადაწყვეტილებით ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის საქალაქო მეურნეობის სამსახური ლიკვიდირებულ იქნა და შეიქმნა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახური. ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახური არ წარმოადგენდა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის საქალაქო მეურნეობის სამსახურის სამართალმემკვიდრეს, რის გამოც საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა ქ. ფოთის მთავრობა, რომლის წარმომადგენელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოცემულ დავაში ქ. ფოთის მთავრობა წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს და განმარტა, რომ მხარს უჭერდა წარდგენილ სააპელაციო საჩივარს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ მოეპოვებოდა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა 6810 ლარის ვალის არსებობას, ხოლო სს ,, .. ..” მიერ სასამართლოში წარდგენილ შედარების აქტს ხელს არ აწერდა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და იმავე აქტზე გაკეთებული იყო მინაწერი, რომ არ ირიცხებოდა დავალიანება საქალაქო მეურნეობის ბალანსზე, ანუ არ იყო აღიარებული ვალი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების” 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შედარების აქტზე ხელი უნდა მოეწერა და დაემტკიცებინა დაწესებულების ხელმძღვანელს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შედარების აქტით თითქოს აღიარებული იყო ვალი და იგი წარმოადგენდა უტყუარ მტკიცებულებას ვალის არსებობის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სხვა მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სს ,, .. ..” საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისთვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოცემული დავა წარმოშობილია კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, მისი განხილვა უნდა მომხდარიყო სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და, შესაბამისად, წინამდებარე საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სს ,, .. ..” წარმომადგენელ კ. კ-ს შეწყვეტილი ჰქონდა რწმუნებულება, ხოლო აღნიშნული კომპანიისთვის საქმის განხილვის თარიღი უცნობი იყო, რის გამოც გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობით და, შესაბამისად, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

კასატორი მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სს ,, .. ..” მიერ სასამართლოში წარდგენილ შედარების აქტზე გაკეთებული მინაწერი, რომ არ ირიცხებოდა დავალიანება საქალაქო მეურნეობის ბალანსზე, ნიშნავდა, რომ არ იყო აღიარებული ვალი, ხოლო შედარების აქტი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო აღიარებად. კასატორის განმარტებით, მოვალე ორგანიზაციის მიერ შედარების აქტის თავისი ბეჭდით დამოწმება საკმარისი მტკიცებულებაა ვალის არსებობის დასადგენად, ხოლო, რაც შეეხება დავალიანების შეუტანლობას ხსენებული მეურნეობის ბალანსში, მისი შეტანა არ წარმოადგენს სს ,, .. ..” ვალდებულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს ,, .. ..” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 იანვრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 14 მარტს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო იმავე სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელდა 5 თვემდე, საქმის მხარეებს კი გაეგზავნათ სასამართლო შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 2006 წლის 14 მარტს, 12.00 საათზე. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება საფოსტო დასტური აღნიშნულის თაობაზე სასამართლო შეტყობინების სს “ .. ..” ჩაბარების შესახებ, ანუ მას არ ჩაჰბარებია ხსენებული შეტყობინება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სს ,, .. ..” გენერალური დირექტორის მიერ კ. კ-ის სახელზე 2005 წლის 17 ნოემბერს 3 თვის ვადით გაცემული მინდობილობა მოცემულ საქმეზე აღნიშნული კომპანიის ინტერესების დასაცავად (ს.ფ. 78).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის სხდომის ოქმიდან (ს.ფ. 75-77) ირკვევა, რომ აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა კ. კ-ი, როგორც სს ,, .. ..” წარმომადგენელი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს სხდომა გადაიდო იმავე წლის 14 აპრილისათვის, 12.00 საათზე, რის შესახებაც კ. კ-ს ჩამოერთვა ხელწერილი, ხოლო მოცემული საქმის მხარეს _ სს ,, .. ..” აღნიშნულის თაობაზე არ გაგზავნია სასამართლო შეტყობინება. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის სხდომის ოქმშიც მითითებულია, რომ კ. კ-მა მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ სხდომაშიც, როგორც სს ,, .. ..” წარმომადგენელმა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სს ,, .. ..” გენერალური დირექტორის მიერ კ. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა მოქმედებდა მხოლოდ 2006 წლის 17 თებერვლამდე, სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას მას აღარ გააჩნდა უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა დასახელებული კომპანია და მისი სახელით მონაწილეობა მიეღო საქმის სასამართლო განხილვაში, ხოლო საქმეში არ მოიპოვება ხსენებული კომპანიისათვის, როგორც მხარისათვის, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის სხდომის შესახებ შესაბამისი სასამართლო შეტყობინების გაგზავნისა და მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტური საფუძველი _ სს ,, .. ..”, როგორც ამ საქმის მხარისათვის სასამართლო სხდომაზე დაბარების შესახებ სასამართლო შეტყობინების ჩაუბარებლობის ფაქტი, თუმცა, ამ საფუძვლით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ ხსენებული გადაწყვეტილება არსებითადაც უსწოროა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემული დავა წარმოშობილია კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონით ამავე კოდექსს დაემატა IX1 თავი (გარდამავალი დებულებანი) და მასში შემავალი 35-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი ამოქმედდა 2005 წლის 15 ივლისიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.