Facebook Twitter

ბს-611-578(კ-06) 11 ოქტომბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ა. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ქობულეთის რაიონის გამგეობა (მოპასუხე); ჯ. ხ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება

დავის საგანი _ კონკურსის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 1 სექტემბერს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. გ-ემ მოპასუხეების _ ქობულეთის რაიონის გამგეობისა და ჯ. ხ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ქობულეთის რაიონის გამგეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2001 წლის 31 იანვრის სხდომის ¹2 ოქმის ბათილად ცნობა;

ბ. «ინდივიდუალურ მეწარმე ჯ. ხ-ზე მედიცინის სამკურნალო ცენტრის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ» ქობულეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 21 თებერვლის ¹17 დადგენილების ბათილად ცნობა;

გ. 2001 წლის 28 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერების ბათილად ცნობა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქობულეთის რაიონის დაბა .... .... ქუჩაზე მდებარე 25კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს განთავსებული ჰქონდა სავაჭრო ჯიხური. მითითებული მიწის ნაკვეთი მას 1991 წლიდან 1997 წლის 1 მარტის ჩათვლით აღებული ჰქონდა იჯარით. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაბა ჩაქვის საკრებულოს მისთვის ოფიციალურად არ მოუთხოვია მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება, მაშინ როცა იჯარის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მეიჯარე ვალდებული იყო, ხელშეკრულების მოშლის შესახებ მოსარჩელე 10 დღით ადრე გაეფრთხილებინა. 2001 წლის 31 იანვარს ქობულეთის რაიონის გამგეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის სხდომის ¹2 ოქმით დაბა .... საკრებულოს .... ქუჩაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ინდმეწარმე ჯ. ხ-მა. მას დაბა ...., .... ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან ნება დაერთო, გამოესყიდა 40კვ.მ მიწა. ქობულეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 21 თებერვლის ¹17 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის სხდომის 2001 წლის 31 იანვრის ¹2 ოქმი ინდმეწარმე ჯ. ხ-ზე 40კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ. 2001 წლის 28 თებერვალს ქობულეთის რაიონის გამგეობას, მიწის მართვის სამმართველოსა და ინდმეწარმე ჯ. ხ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნული იყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება, კერძოდ, 40კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი 2001 წლის 27 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა მყიდველს _ ჯ. ხ-ს.

მოსარჩელის მითითებით, 2003 წლის 4 აპრილს ჯ. ხ-მა მიმართა სასამართლოს და ითხოვა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება იმ მოტივით, რომ ა. გ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ფართი მან შეისყიდა კონკურსის წესით.

მოსარჩელის მოსაზრებით, 2001 წლის 31 იანვარს დაბა .... ტერიტორიაზე, .... ქუჩაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის დროს დაირღვა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის, აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. საკონკურსო კომისიას ინფორმაცია კონკურსის შესახებ არ გამოუქვეყნებია, ასევე საჯაროდ არ გამოქვეყნებულა კომისიის სხდომები, შესაბამისი სამსახურების მიერ განსაზღვრული და ქალაქმშენებლობით დოკუმენტაციაში ასახული არ იყო მიწის ნაკვეთის საზღვრები, რომელიც ადგილზე მოწმდებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს მიერ, არ იყო მომზადებული საზღვრების დაწესების და ფართობის გაზომვის აქტი, არ არსებობდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების შესახებ (ს.ფ. 1-6).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო (ს.ფ. 63-64).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მოსაზრებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მისი განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევისას. სადავო შემთხვევაში ადგილობრივი მმართველობის ორგანოს _ ქობულეთის რაიონის გამგეობის დადგენილება კონკურსის გამოცხადების შესახებ არ არსებობდა. ამდენად, მოცემულ საქმეზე არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის ვადები. ასევე დასაზუსტებელი იყო, წარმოადგენდა თუ არა ჯ. ხ-ი სადავო მიწის ნაკვეთის შემძენს, რადგანაც ნასყიდობის ხელშეკრულებით და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით არ იყო განსაზღვრული შესყიდული მიწის ნაკვეთის მისამართი, ზუსტი საზღვრები და კონკრეტული ადგილმდებარეობა (ს.ფ. 65-66).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გამოცხადებული კონკურსისა და სადავო ნაკვეთის ჯ. ხ-ის მიერ შეძენის შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისთვის 2001 წელსვე. აღნიშნული დასტურდებოდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლითაც ა. გ-ეს დაევალა გამოეთავისუფლებინა სადავო მიწის ნაკვეთი და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაებარებინა ჯ. ხ-ვის.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ა. გ-ეს შეეძლო ქობულეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 21 თებერვლის დადგენილება გაესაჩივრებინა ერთ თვეში, რაც არ განუხორციელებია. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი (ს.ფ. 81-84).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

კასატორის მითითებით, იგი ქობულეთის რაიონის დაბა ... საკრებულოს მიერ ჩატარებული სადავო კონკურსის და მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდა მთელ რიგ დარღვევებზე, კერძოდ, იმაზე, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ასევე საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში არ იყო დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის გასხვისების მიზნობრიობა, საკონკურსო მასალებში ჩაკრულ ტოპოგეგმაზე არ იყო წითელი ხაზით მონიშნული გაყიდული ტერიტორიის საზღვრები, დარღვეული იყო აღნიშნული აქტის გამოცემის სამართლებრივი ნორმები, საქმეში არსებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელს წარმოადგენდა. აღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი იყო (ს.ფ. 93-97).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქობულეთის რაიონის გამგეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2001 წლის 31 იანვრის სხდომის ¹2 სადავო ოქმის თანახმად, დაბა ...., .... ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ინდივიდუალური მეწარმე ჯ. ხ-ი. ამავე ოქმით ჯ. ხ-ს დაერთო 40 კვ.მ მიწის გამოყოფისა და გამოსყიდვის ნება. ქობულეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 21 თებერვლის ¹17 სადავო დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2001 წლის 31 იანვრის სხდომის ზემოაღნიშნული ¹2 ოქმი ინდივიდუალურ მეწარმე ჯ. ხ-ე 40კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ. 2001 წლის 28 თებერვალს ქობულეთის რაიონის გამგეობასა და ჯ. ხ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ზემოაღნიშნული 40კვ.მ მიწის ნაკვეთის ჯ. ხ-ვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც ასევე სადავოდ არის გამხდარი.

სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია ა. გ-ის სარჩელის საფუძვლიანობაზე. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ამასთან დაკაშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის გამოყენებული კანონის აღნიშნული ნორმა _ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც არანაირ შემხებლობაში არ არის სადავო ურთიერთობასთან. მითითებული ნორმა განსაზღვრავს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადას, ხოლო განსახილველ საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის საკითხი საერთოდ არ დგას. ამ შემთხვევაში სადავოა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკურსის წესით პრივატიზაციის კანონიერება და სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია სწორედ აღნიშნული პრივატიზების ხანდაზმულობის საკითხი, რაც არ განუხორციელებია.

სადავო პერიოდში მოქმედი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი არ ადგენს სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის სადავო საკითხების ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას. ამიტომ აღნიშნული შემთხვევის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადები, რაც ამ კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექვს წელს შეადგენს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გამოცხადებული კონკურსისა და სადავო ნაკვეთის ჯ. ხ-ის მიერ შეძენის შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისთვის 2001 წელსვე, რაც დასტურდებოდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლითაც ა. გ-ეს დაევალა გამოეთავისუფლებინა სადავო მიწის ნაკვეთი და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაებარებინა ჯ. ხ-ვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ასევე დაუსაბუთებელია და ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში სადავო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა განკარგულია კონკურსის წესით. სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, სადავო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო თუ არა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ბრძანების მე5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივ პრესაში ან გაზეთ «....». ასეთი გამოქვეყნების არსებობისას სადავო შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს სწორედ კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან. თუკი კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილი არ ჰქონია, ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ზუსტად როდის გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის კონკურსის წესით სადავო ნაკვეთის ჯ. ხ-ის მიერ პრივატიზების შესახებ. ამასთან დაკავშირებით საპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს საქმე, რომელზეც გამოტანილია აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ეს სადავო მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და ჯ. ხ-ვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება დაევალა. ზემოაღნიშნული გარემოებების გამორკვევის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხანდაზმულია თუ არა სარჩელი და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყვიტოს დავა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.