ბს-611-583 (კ-08) 3 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი_ გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს.-ა” (მოსარჩელე)
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,ს.-მ” სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი სს ,,ფ.-ის” მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ს.ს. ,,ფ.-ის” სათანადო მოპასუხით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,...-ის” შეცვლის თაობაზე და საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის რაიონულ საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რეგიონალური საბაჟო ,,...-ის” მიერ 2007 წლის 16 თებერვალს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დადაგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ.-ს” მიერ ჩატარებულ იქნა საგზავნის ინსპექცია. ამ დროისათვის ტვირთი მის მესაკუთრეს, შპს ,,გ.-ს” ჰქონდა მიღებული შპს ,,ჩ.-ის” ნავთობ ტერმინალზე. ტვირთის ინსპექტირებას და ლაბორატორიულ შემოწმებას ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სს ,,ფ.-ის” წარმომადგენელი, ინსპექტორი ზ. შ.-ა, ხოლო შპს ,,ს.-ის” წარმომადგენელი იქ არ ყოფილა. შპს ,,ჯ.-ს” მიერ ჩატარებული ინსპექტირებით გამოირკვა, რომ ¹... ვაგონზე ადგილი ჰქონდა დანაკლისს, კერძოდ, გამოვლინდა საწვავის დანაკარგი 6595 კგ-ს ოდენობით, ამასთან აღმოჩნდა რომ საგზაო უწყისში ტვირთგამგზავნის მიერ ნაჩვენები ორი დამღა (ლუქი) დარღვეული არ ყოფილა.
საბაჟოს ინსპექტორმა ჩათვალა, რომ შპს ,,ს.-ის”, როგორც საქონლის გადამზიდველის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, კერძოდ, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გატანა/გასვლა, რომელსაც თან ახლავს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა. ამასთან დაკავშირებით საბაჟო ინსპექტორ ზ. შ.-ს მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს ,,ს.-ს” სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3024,52 ლარის ოდენობით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი დამრღვევი მხარის მონაწილეობით შედგა და გასაცნობად იგი შპს ,,ს.-ს” წარედგინა, რამდენადაც რკინიგზის სადგურ ,,...-ის” უფროსი შპს ,,ს.-ის” წარმომადგენლობის უფლებამოსილებით აღჭურვილი არ ყოფილა და ოქმის მისთვის გასაცნობად წარდგენა არ მოიცავს საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლით განსაზღვრულ წესს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით. ოქმი გასაცნობად წარედგინება საქმის წარმოების მონაწილე ყველა პირს, მათ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში (235-ე მუხლის მე-4 პუნქტი) და სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს საქმეზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს საკუთარ ხელმოწერაზე უარის მიზეზები. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,ს.-ა”, როგორც ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამზიდველი, რომელსაც საქონელი გადაეცა საბაჟო ორგანოსაგან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ვალდებული იყო დანიშნულების საბაჟო ორგანოში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარედგინა საქონელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და თანმხლები დოკუმენტებით, რაც მოსარჩელემ შეასრულა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის კოლეგიის გაერთიანებული სხდომის მიერ 1998 წლის 15 თებერვალს დამტკიცებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის მე-8 პუნქტის თანახმად, საბაჟო ორგანოს და სასაზღვრო რკინიგზის წარმომადგენლები ერთობლივად ამოწმებენ შემოსულ ტვირთზე (თანმხლები საბუთების მიხედვით) არსებული პლომბების ვარგისიანობას და მის შესაბამისობას საბუთებთან. ინსტრუქციის აღნიშნული წესიდან გამომდინარე მხარეებმა ტვირთის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას საწვავით დატვირთული ვაგონის ზედნადებით დაადასტურეს, რომ ¹... ვაგონზე 2 პლომბი იყო დადებული, რაც აღნიშნულია ზედნადების 45-ე გრაფაში. ტვირთის ზედნადებში არ არის მითითებული, რომ ვაგონს სხვა რაიმე პლომბი ჰქონდა დადებული. ტვირთის ტერმინალში აზომვისას დადასტურებულ იქნა იმ პლომბების მთლიანობა, რაც ზედნადებში იყო მითითებული, რასაც მოპასუხეც არ უარყოფს. ეს კი სასამართლოს აზრით იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ გადამზიდველმა რა მდგომარეობაშიც ჩაიბარა ტვირთი, იგივე სახით მიიტანა დანიშნულების ადგილზე და რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების 22-ე თავის 332-ე პუნქტით გათვალისწინებულ კომერციულ წუნს ადგილი არ ჰქონია. ამას ისიც ადასტურებს, რომ ტვირთის მიმღებს, შპს ,,გ.-ს” გადამზიდველისათვის არანაირი პრეტენზია არ წაუყენებია ტვირთის დანაკლისთან დაკავშირებით და მან ტვირთი ჩაიბარა, რაც დაცლილ იქნა ტერმინალზე. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 248-ე მუხლის დეფინიცია საბაჟო სამართალდარღვევად მიიჩნევს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის დაკარგვის, განადგურების ან უკანონო განკარგვის გზით გატანა/გასვლას, მოცემულ შემთხვევაში კი საბაჟო ზედამხედველობის ზონიდან ტვირთის უკანონო გასვლის/გატანის ფაქტი არ ყოფილა დადგენილი, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო საბაჟო სამართალდარღვევის საფუძველი. საბაჟოს ინსპექტორმა, რომლის მიერაც შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, მასში დააფიქსირა ზენორმატიული დანაკარგი, თუმცა ოქმში არ არის დასაბუთებული, რაში გამოიხატა შპს ,,ს.-ის” ბრალი, რასაც რეალურად არც ჰქონია ადგილი.
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი პუნქტი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
ზემოთ აღნიშნული გარემოებები სასამართლომ მიიჩნია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ საბაჟო ,,...-მ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზედნადებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ¹... ვაგონზე 2 დამღა იყო დადებული, ხოლო სხვა რაიმე დამღა ჰქონდა თუ არა ვაგონს ამის თაობაზე ზედნადებში არაფერია აღნიშნული. ტვირთის ტერმინალში აზომვისას დადასტურებულ იქნა დამღების მთლიანობა. აღნიშნული მხარეებმაც არ უარყვეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ გადამზიდველმა რა მდგომარეობაშიც ჩაიბარა ტვირთი, იმავე მდგომარეობაში ჩააბარა და მიიტანა დანიშნულების ადგილზე. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ტვირთის მიმღებს არანაირი პრეტენზია არ წაუყენებია ტვირთის გადამზიდველისათვის.
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საბაჟო კოდექსის 248-ე მუხლი.
პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი წარმოადგენს კანონის დარღვევით შედგენილ აქტს, რამაც გამოიწვია მხარის მიმართ უსაფუძვლო სანქციის დაკისრება და შედეგად შპს ,,ს.-ის” კანონიერი ინტერესის უკანონო შელახვა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ). კასატორმა გასაჩივრებული განჩინება უკანონოდ მიიჩნია და მოითხოვა მისი გაუქმება.
კასატორის მოსაზრებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის სამართლებრივი გარმეოება, რომ შპს ,,ს.-ა” პასუხისმგებელია საბაჟო ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევისათვის, ვინაიდან შპს ,,ს.-ა” წარმოადგენს გადამზიდველს, რომელსაც საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად გააჩნია მთელი რიგი ვალდებულებები და მათგან გამომდინარე, პასუხისმგებლობებიც.
კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ გადაზიდვის დროს შპს ,,ს.-ისა” და ტვირთგამგზავნს შორის გაფორმდა ზედნადები, რაც, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მეორე მუხლის ,,ო” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას. ზედნადები შეიცავს გადაზიდვისათვის განკუთვნილი ტვირთის ყველა მონაცემებს, ტვირთის მასისა და ზონის ამსახველი მონაცემების ჩათვლით.
კასატორმა მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹1773 ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც საქართევლოს რკინიგზა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ წარმოადგენს პრასუხისმგებელ პირს; კასატორის აზრით, აღნიშნულის ერთ-ერთ დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნვა საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების 2007 წლის 6 თებერვლის აღრიცხვის მოწმობა ¹..., რომლის მე-20 გრაფაში იგი დაფიქსირებულია პასუხისმგებელ პირად. საბაჟო ორგანო კი ამავე ბრძანების მე-6 მუხლის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის მოძრაობის მაკონტროლებელ ორგანოს. კასატორის აზრით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 36-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, გადატვირთვის პუნქტში (რომელსაც წარმოადგენდა ფოთის სადგური) გადაცემამდე მისი დაუცველობდისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთის გადამცემს, ანუ რკინიგზას, ხოლო ტვირთის გადაცემის შემდგომ მიმღებ მხარეს, რომელსაც წარმოადგენდა ასევე რკინიგზის შემადგენლობაში მყოფი ,,...-ის სადგური”. კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველი ვალდებული იყო, ტვირთის მიღებისას შეემოწმებინა ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე, რის საშუალებას მას ასევე აძლევდა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილი.
კასატორმა მიუთითა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 46-ე მუხლზე, და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, ტვირთის დანაკლისის შემთხვევაში, რკინიგზას ეკისრება პასუხისმგებლობა თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ დანაკლისი მოხდა ტვირთგამგზავნის მიზეზით ან ტვირთის ბუნებრივი თვისების გამო. კასატორის აზრით, აღნიშნული რკინიგზის მხრიდან საქმეში არსებული ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული, რაც საბაჟოს მხრიდან წარმოადგენდა შპს ,,ს.-ის” დაჯარიმების ერთ-ერთ საფუძველს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილ ზიანს რკინიგზა ანაზღაურებს ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში, დაკარგული ტვირთის ან დანაკლისის ღირებულების ოდენობით.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 26-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ტვირთის მასა სწორად მიიჩნევა თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასასა და გაგზავნის რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასას შორის განსხვავება არ აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკლისის ზღვრულ ნორმას. აღნიშნულ შემთხვევაში სადავო ვაგონზე დანაკლისმა შეადგინა 6 ტონა და 595 კილოგრამი, რაც შეუძლებელია ჩაითვალოს ბუნებრივ დანაკლისად.
კასატორი თვლის, რომ საქართევლოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდგომ შპს ,,ს.-ა” საბაჟო ორგანოს წინაშე წარმოადგენდა ერთადერთ, კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს, რომლის მიმართაც საბაჟო ორგანოს მიერ სრულიად კანონიერად განხორციელდა ზემოთ მითითებული ღონისძიებები. აღნიშნულის შესახებ კი არ იმსჯელა სასამართლომ. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ გასაჩივრებული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ისე, რომ სასამართლო პროცესის შესახებ ბათუმის რეგიონალურ ცენტრს შეტყობინება საქმის განხილვის თაობაზე არ მიუღია, რის შედეგად დარღვეულ იქნა საქმეში მონაწილე მხარის კანონით დაცული ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ¹... ვაგონზე ინსპექტირების ჩატარების შედეგად გამოვლინდა საწვავი დანაკარგი 6595 კგ.-ის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 16 თებერვალს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹000342 და შპს “ს.-ს” დაეკისრა გადაზიდულ ტვირთზე გამოვლენილი ზენორმატიულ დანაკარგისათვის პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად. საბაჟო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა/გასვლა, რომელსაც თან ახლავს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა, იწვევს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას ასეთ საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით ან/და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. სააპელაციო სასამართლომ რეგიონალური საბაჟო “...-ის” მიერ 2007 წლის 16 თებერვალს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ბათილად ცნო იმ საფუძვლით, რომ ზედნადებში მხოლოდ ორი დამღა იყო მითითებული, რომელიც დადებული ჰქონდა ¹... ვაგონს და ტვირთის აზომვისას დადასტურებული იქნა დამღების მთლიანობა, აღნიშნული კი სასამართლომ იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნია, რომ გადამზიდველმა რა მდგომარეობაშიც ჩაიბარა ტვირთი, იმავე მდგომარეობაში ჩააბარა და მიიტანა დანიშნულების ადგილზე. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოსაზრება, რადგან სასამართლომ არ გამოარკვია, შპს “ს.-მ” გადაზიდვის დაწყებამდე სწორად იმ რაოდენობის ტვირთი ჩაიბარა, რამდენიც ჩაიტანა ფოთში; ზედნადებში მითითებული წონა შეამოწმა თუ არა გადაზიდვის დაწყებამდე და საწვავის წონის დანაკლისის თაობაზე გამოთქვა თუ არა პრეტენზია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადამზიდველს ევალება ტვირთის მიღებისას ტვირთის რაოდენობის შემოწმება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისათვის, რომ შეამოწმოს ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემები, მაშინ მას ზედნადებში შეაქვს პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ამგვარადვე უნდა შეიტანოს მან ისეთი პირობები, რომლებიც შეეხება ტვირთის გარეგნულ მდგომარეობასა და მის შეფუთვას. ეს პირობები გამგზავნისათვის არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან ისინი ზედნადებში აშკარად აღიარა.
სფ. 7-ზე წარმოდგენილია ¹... ვაგონის შემოწმებისას შპს “ჯ-ს” 2007 წლის 14 თებერვლის აქტი იმის შესახებ, რომ ვაგონს არ აქვს “შGშ”-პლომბი. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებს რკინიგზის გათავისუფლდებას ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის, გაფუჭებისათვის Aან დანაკლისისათვის, თუ ტვირთი მიტანილ იქნა ტვირთგამგზავნის გამართული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე წესივრული ვაგონოთ (კონტეინერით) და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთის დაცულობას. ამ ნორმის თანახმად საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ არ გამოარკვია ორი დამღის გარდა გადაზიდვის პროცესში საჭირო იყო თუ არა სხვა დამცავი მექანიზმის გამოყენება, რომელთა ჯეროვანი განხორციელების შემთხვევაში ტვირთი დაცული იქნებოდა აღნიშნული დანაკლისისაგან.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად გადასაზიდად ტვირთის მიღებიდან მის გაცემამდე რკინიგზას ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის დაუცველობისათვის, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ ტვირთი დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს: ა)ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების მიზეზით; ბ) ტვირთის ბუნებრივი თვისებების გამო; გ) ტარის (შეფუთვის) ნაკლოვანებების გამო, რომლებიც არ შეინიშნებოდა ტვირთის მიღების დროს მისი გარეგნული დათვალიერებისას ან ისეთი ტარის (შეფუთვის) გამოყენების გამო, რომელიც არ შეესაბამება ტვირთვის თვისებებს; დ) გადასაზიდად იმ ტვირთის ჩაბარების გამო, რომლის ტენიანობა აღემატება დადგენილ ნორმებს.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია შპს “ს.-ის” მიერ გადაზიდული ტვირთის დანაკლისის გამომწვევი მიზეზი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.