ბს-612-579(3კ-06) 21 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
კასატორები (მოპასუხეები) - აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე ) - სს ,,ბათუმის ... ფაბრიკა"
მოპასუხე სარჩელზე - შპს ,,.. .."
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.06წ. განჩინება
დავის საგანი - აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენიოლების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა, სადავო ქონებაზე სააქციო საზოგადოებისათვის საკუთრების უფლების აღდგენა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებისათვის სადავო ქონების საზოგადოების სახელზე დარეგისტრირების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს ,,ბათუმის ... ფაბრიკამ" მოპასუხე შპს ,,.. ..-ის” და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოსა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინსტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს ,,ბათუმის ... ფაბრიკა" სამეწარმეო რეესტრში გატარდა 21.06.96წ., საწარმოს საწესდებო კაპიტალში შედიოდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹16-ში მდებარე მაღაზია. მოსარჩელის განმარტებით, სს ,,ბათუმის ... ფაბრიკა" დააფუძნა აჭარის ა.რ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ. 12.05.99წ. ბათუმის მერმა აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს მიმართა სააქციო საზოგადოების კაპიტალში სახელმწიფო წილის შემცირების ხარჯზე ზემოაღნიშნული მაღაზიის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის თხოვნით. აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტით დაკმაყოფილდა ბათუმის მერის თხოვნა და ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე ¹16-ში მდებარე მაღაზია გადაეცა ქ. ბათუმის მერიას, სს ,,ბათუმის ... ფაბრიკიდან" სახელმწიფოს მიერ გატანილი წილის ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,.. .." და ქონება მის საკუთრებაში გადავიდა. მოსარჩელის აზრით, აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტით შეილახა სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" საკუთრების უფლება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა უფლებამოსილების გადამეტებით და შპს ,,.. ..-მა" უკანონოდ მოიპოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. მოსარჩელის განცხადებით, გასაჩივრებული აქტი ფაქტიურად ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენდა, რის გამო მისი გასაჩივრების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა, სადავო ქონებაზე მისთვის საკუთრების უფლების აღდგენა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებისათვის სადავო ქონების მის სახელზე დარეგისტრირების დავალდებულება მოითხოვა.
აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.08.04წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის შუამდგომლობა და აჭარის ა.რ. ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების პოლიტიკის სამმართველო საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად. მხარეს განემარტა, რომ იგი სარგებლობდა მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრებოდა მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა ვალდებულება. კოლეგიის 06.08.04წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" შუამდგომლობა და ყადაღა დაედო ქ. ბათუმში ... ქ. ¹11-ში მდებარე შპს ,,.. ..-ის" ქონებას.
აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.10.04წ. გადაწყვეტილებით სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,.. ..-ს" ჩამოერთვა და მოსარჩელეს დაუბრუნდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹16-ში მდებარე 34 806 ლარად შეფასებული მაღაზია, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტი, შესაბამის სამსახურებს დაეკისრათ გადაწყვეტილების შესაბამისად სადავო ქონების რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,.. ..-მა", აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და აჭარის ა.რ. მთავრობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.05.05წ. განჩინებით აჭარის ა.რ. მთავრობის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, შპს ,,.. ..-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.10.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სარჩელს. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით წარდგენილ სარჩელზე საქმეში მოპასუხედ უნდა მონაწილეობდეს აქტის გამომცემი ორგანო, რომელსაც ასკ-ის 17.2 მუხლის საფუძველზე ეკისრება პროცესუალური ვალდებულება - მტკიცების ტვირთი. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სამეწარმეო სამართლის სუბიექტი, შპს, თუნდაც სადავო აქტი მისთვის აღმჭურველ-ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენდეს, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო სათანადო მოპასუხედ, ხოლო აქტის ავტორი - ადმინისტრაციული ორგანო საქმეში მე-3 პირის სტატუსით ყოფილიყო ჩაბმული. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად უნდა დაედგინა საქმეზე სათანადო მოსარჩელე.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის ხელახალი არსებითი განხილვისას ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე სასამართლოს სადავო დადგენილების სამართლებრივი წინაპირობა - აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 09.06.99წ. ¹109 დადგენილება უნდა მოეპოვებინა და გამოეკვლია სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" 29.06.99წ. აქციონერთა საერთო კრების ოქმი. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას სსკ-ის 84-ე მუხლის მიხედვით უნდა გამოეკვლია სს ,,ბათუმის ... ფაბრიკა" წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის უფლების მქონე პირს - სათანადო მოსარჩელეს, ანუ სადავო დადგენილების მიღებისას სადავო მაღაზია წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის საკუთრებას.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობაზე სასკ-ის 22.3 მუხლის შესაბამისად საერთოდ არ იქონია მსჯელობა.
აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.07.05წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტი მისი ბათილად გამოცხადების დღიდან, დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს სადავო ქონების სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" სახელზე აღრიცხვა (ს.ფ. 271-272).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,.. ..", აჭარის ა.რ. მთავრობამ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტომ და ქ. ბათუმის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აჭარის ა.რ. მინისტრთა კაბინეტის 01.12.92წ. ¹1074 გადაწყვეტილებით სადავო ქონება გადაეცა ბათუმის ... სამრეწველო სავაჭრო გაერთიანებას. 29.06.99წ. სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ქონების მართვის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ. აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹83 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე სადავო ქონება ქ. ბათუმის მერიას გადაეცა. 30.09.99წ. ქონების მართვის სამინისტრომ დააფუძნა შპს ,,.. ..", რომლის საწესდებო კაპიტალში შევიდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹16-ში მდებარე მაღაზია. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებით ქონება განიკარგა სამეწარმეო რეესტრში სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" საერთო კრების გადაწყვეტილების რეგისტრაციამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭომ მიიღო ადმინისტრაციული აქტი იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭო სადავო ქონების მესაკუთრეც რომ ყოფილიყო, სადავო ქონების განკარგვის უფლებამოსილება ასეთ შემთხვევაშიც არ ექნებოდა, ვინაიდან სახელმწიფო ქონების განკარგვა ქონების მართვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, რაც ზაკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე, არარა ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენდა, რომელზეც ზაკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ ვრცელდებოდა ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადები. სააპელაციო პალატის აზრით, მართალია, ზაკ-ის მე-60 მუხლი არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით მიღებულია 24.06.05წ., მაგრამ ამავე კოდექსის 218.2 მუხლი ითვალისწინებს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, თუ სახეზეა ზაკ-ის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა (ადმინისტრაციული აქტის არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემა).
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,.. .." სადავო ნივთის უკანონო მესაკუთრეა, ვინაიდან ნივთი მას არ შეუძენია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც 172-ე მუხლის საფუძველზე სს ,,ბათუმის ... ფაბრიკა" უფლებამოსილი იყო საკუთარი ნივთი გამოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და აჭარის ა.რ. მთავრობამ.
კასატორმა ქ. ბათუმის მერიამ აღნიშნა, რომ სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" საწესდებო კაპიტალში 29.06.99წ. აქციათა 77,5% მესაკუთრე სახელმწიფო იყო. 29.06.99წ. საერთო კრებაზე მიღებულ იქნა საწესდებო კაპიტალიდან წილის ნატურით გატანის შესახებ გადაწყვეტილება. მიღებული გადაწყვეტილება 21.09.99წ. გატარდა სამეწარმეო რეესტრში. კასატორის აზრით, სასამართლოს შეეძლო ბათილად ეცნო აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტი, მაგრამ სს-ის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად უნდა ემსჯელა სააქციო საზოგადოების საერთო კრების 29.06.99წ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. კასატორი თვლის, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი უნდა ყოფილიყო სასამართლოს განსჯის საგანი, რომლის გაუქმების გარეშეც სადავო ნივთის მიკუთვნება ამა თუ იმ პირისადმი არავითარ ზიანს არ აყენებდა მოსარჩელეს. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელის მიერ შეგნებულად არ იქნა გასაჩივრებული სააქციო საზოგადოების საერთო კრების 29.06.99წ გადაწყვეტილება, ვინაიდან ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის 15.2 მუხლით განსაზღვრულია, რომ პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს მათი მიღებიდან ორი თვის ვადაში. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ ასევე არ იქნა განსაზღვრული სადავო ქონების სააქციო საზოგადოებისათვის გადაცემის შემდეგ ვისი წილის სახით უნდა შესულიყო ქონება საწესდებო კაპიტალში. კასატორის განმარტებით, მიუხედავად საკასაციო პალატის მითითებისა -გამოეთხოვა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 09.07.99წ. ¹109 დადგენილება და გამოეკვლია სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" აქციონერთა კრების 29.06.99წ. ოქმი - აღნიშნული საკითხი არც სააპელაციო და არც რაიონული სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა. კასატორმა ქ. ბათუმის მერიამ სააპელაციო პალატის 19.05.06წ. განჩინების გაუქმება და სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის 3.3 მუხლის მეორე აბზაცი, რომლის თანახმად, შესატანის უკან დაბრუნება კომანდიტურ, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ამისათვის საჭიროა ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში. საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებულ უნდა იქნეს სამეწარმეო რეესტრში. კასატორი თვლის, რომ სახელმწიფომ, როგორც პარტნიორმა გააკეთა ის, რისი უფლებამოსილებაც გააჩნდა - დაიბრუნა შესატანის ნაწილი საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით და ზედმეტად გატანილი შესატანის კომპენსირება განახორციელა სს ,,ბათუმი ... ფაბრიკისათვის" სს ,,ბათუმის ... ქარხნის" და სს ,,ა...ის" შესაბამისი ღირებულების აქციების გადაცემის გზით.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი, ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტი მისი ბათილად გამოცხადების მომენტიდან, მაგრამ იმავდროულად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვა. ერთის მხრივ სადავო აქტი სასამართლომ ბათილად ცნო მისი ბათილად გამოცხადების დღიდან და ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები და სამართლებრივი შედეგები დატოვა ძალაში. ძალაში დარჩა ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული მოქმედება, რომლითაც შპს ,,.. ..-ის" საკუთრებაში აღირიცხა სადავო ქონება, იმავდროულად სარეგისტრაციო სამსახურს სადავო უძრავი ქონების სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" საკუთრებაში აღრიცხვა დაევალა.
კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმისწარმოება სასამართლოს სასკ-ის 22.3 მუხლის საფუძველზე უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი მოსარჩელეს პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებდა. კასატორის აზრით, თუ სასამართლო სადავო აქტს მიიჩნევდა ბათილად, მაშინ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უნდა შეეწყვიტა საქმისწარმოება, ხოლო თუ სადავო აქტს არარა აქტად მიიჩნევდა, მაშინ მას ბათილად გამოცხადების მომენტამდე აქტის საფუძველზე განხორციელებული სამართლებრივი შედეგები არ უნდა დაეტოვებინა ძალაში. კასატორმა აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის მიერ ისე, რომ ბუნდოვანი დარჩა - სასამართლომ ბათილად ცნო თუ არარა აქტად აღიარა სადავო აქტი. კასატორმა მიუთითა აგრეთვე, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა აჭარის ა.რ. მთავრობამ აღნიშნა, რომ აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების გამოცემით სს ,,ბათუმის ... ფაბრიკისათვის" უშუალო და პირდაპირი ზიანის მიყენების ფაქტი არ დგინდებოდა. სადავო დადგენილებით მერიას გადაეცა ქონება, რომლის საწესდებო კაპიტალიდან ამოღება და მის სანაცვლოდ სს ,,... ქარხნისა" და ,,ა...ის" აქციების მიღება სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" საერთო კრებამ ერთხმად გადაწყვიტა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. აჭარის ა.რ. მთავრობა თვლის, რომ სს ,,ბათუმის ... ფაბრიკას" არ ჰქონდა აღნიშნული მოთხოვნის დაყენების უფლება და მას, როგორც არასათანადო მოსარჩელეს, უარი უნდა ეთქვას სარჩელზე.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სადავო აქტი ისე ცნო ბათილად, რომ სამოტივაციო ნაწილით აქტის ბათილობის საფუძველზე საერთოდ არ უმსჯელია. სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში დაასაბუთა ზაკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის არარად აღიარების მართებულობა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობაზე. კასატორის აზრით, ბუნდოვანია სასამართლომ ბათილად ცნო თუ არარად აღიარა სადავო დადგენილება. კასატორმა მიუთითა, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.09.06წ. განჩინებით ქ. ბათუმის მერიის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები, ხოლო 31.10.06წ. განჩინებით აჭარის ა.რ. მთავრობის საკასაციო საჩივარი ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
მოწინააღმდეგე მხარემ სს ,,ბათუმის ... ფაბრიკამ" წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 15.02.07წ. განჩინებით აჭარის ა.რ. მთავრობის, ქ. ბათუმის მერიის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივრებს და თვლის, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ა.რ. მთავრობის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად, ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისაცვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტით ქ. ბათუმის მერიას სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" საწესდებო კაპიტალის ნაწილი გადაეცა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" აქციონერთა საერთო კრების 29.06.99წ. ¹1 ოქმით აჭარის ა.რ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გადაეცა სააქციო საზოგადოების 1 389 425 ლარის საბალანსო ღირებულების ქონება, მათ შორის სადავო მაღაზია. სხდომის ოქმი კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გასაჩივრებულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" აქციონერთა საერთო კრების 29.06.99წ. ¹1 ოქმის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალიდან შესატანის უკან დაბრუნება, რაც ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, სააქციო საზოგადოებაში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. აღნიშნულისათვის საჭიროა ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში, საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებული უნდა იქნეს სამეწარმეო რეესტრში. საწესდებო კაპიტალის შემცირების სამეწარმეო რეესტრში ასახვის მიზანია კრედიტორების ინტერესების დაცვა. საწესდებო კაპიტალის რეგისტრაციის გარეშე შემცირების შემთხვევაში საზოგადოება კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს საწესდებო კაპიტალის იმ ოდენობით, რომელიც შემცირებამდე ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების კრედიტორებს ზიანი არ მიდგომიათ, შესაბამისად უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის 3.3 მუხლზე. ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის 3.6 მუხლის თანახმად, პარტნიორი ვალდებულია საზოგადოებას დაუბრუნოს მიღებული წილი, რომელიც არ გატარდა რეგისტრაციაში, კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობის დადგომის, კრედიტორთა მოთხოვნის რეალური უზრუნველყოფის შემთხვევაში. ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-7 მუხლი კრძალავს რეგისტრაციასავალდებულო ფაქტების რეგისტრაციამდე გამოყენებას მხოლოდ მესამე პირთა მიმართ, ისიც ისეთი შემთხვევების გამოკლებით, როდესაც რეესტრის ჩანაწერის უსწორობა მათთვის ცნობილი იყო (7.3 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში რეესტრში ჩასაწერი ფაქტი ეხება არა მესამე პირებს, არამედ აქციონერ დამფუძნებლებს, რომლებსაც აქციონერთა საერთო კრებაზე გამოხატეს ნება და მიიღეს გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო წილის შემცირების ხარჯზე რიგი ქონების, მათ შორის ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქ. ¹16 არასაცხოვრებელი ფართის ნატურით გატანის შესახებ. ამდენად, რეგისტრაციის გარეშე საწესდებო კაპიტალის შემცირება საზოგადოებისათვის შესაბამის სამართლებრივ შედეგს იწვევს. საწესდებო კაპიტალის შემცირების სახელმწიფო რეესტრში ასახვას მნიშვნელობა აქვს კრედიტორების ინტერესების დასაცავად, რაც შეეხება დამფუძნებელ აქციონერებს, დამფუძნებლებისათვის სააქციო საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს - აქციონერთა საერთო კრების 29.06.99წ. მიღებული გადაწყვეტილება მათთვის სავალდებულოა და სამართლებრივ შედეგს იწვევს გადაწყვეტილების მიღებიდან, საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღების დროს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹16-ში განთავსებული მაღაზია სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული იყო და საწარმოს საკუთრებას არ წარმოადგენდა. ამასთანავე, თავად საზოგადოებას უნდა უზრუნველეყო წესდებასა და სამეწარმეო რეესტრში შესაბამი ცვლილებების შეტანა, რაც შეეხება სახელმწიფოს, რომელმაც დაიბრუნა შესატანის ნაწილი საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, მან შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება და მოახდინა ზედმეტად გატანილი ქონების კომპენსირება. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ დავაში კრედიტორთა მოთხოვნის უზრუნველყოფის საჭიროების საკითხი საერთოდ არ დასმულა, ხოლო სააქციო საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოს აქციონერთა საერთო კრების 29.06.99წ. გადაწყვეტილება თავისი არსით წარმოადგენს გარიგებას, რომლის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მიერ განსახილველი დავის გადაწყვეტა ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის 3.3. მუხლის საფუძველზე.
ვინაიდან აქციონერთა 29.06.99წ. საერთო კრებაზე მიღებული დადგენილება არ გაუქმებულა, იგი ძალაშია, სადღეისოდ ის რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, შესაბამისად საფუძველსმოკლებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სს ,,ბათუმის ... ფაბრიკისათვის" ქ. ბათუმში, ... ქ. ¹16-ში მდებარე სავაჭრო მაღაზიის დაბრუნების ნაწილში, არასაცხოვრებელი ფართის სს-ის საკუთრებაში აღრიცხვა შესაძლებელი იყო აქციონერთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ.
წინააღმდეგობრივია გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები, განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილიდან. სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.06.06წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. დადგენილების მე-2 პუნქტი, ამავე დროს განჩინების სამოტივაციო ნაწილით სასამართლოს მიერ სადავო აქტი არარა აქტად არის მიჩნეული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის არარა აქტად მიჩნევა შესაძლებელია მხოლოდ აღიარებითი სარჩელის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ასევე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აქციონერთა საერთო კრების 29.06.99წ. დადგენილებით მაღაზია გადაეცა აჭარის ა.რ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რომლის უფლებამონაცვლეს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. დადგენილება, კერძოდ მისი შესაბამისობა საქართველოს პრეზიდენტის 25.05.99წ. ¹334 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესის" მოთხოვნებისადმი, გარკვევას საჭიროებს მოსარჩელის სს ,,ბათუმის ... ფაბრიკის" უფლებადამცავი ინტერესი განსახილველი საქმის მიმართ.
გაურკვეველია აგრეთვე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივი შედეგი. ქონების სააქციო საზოგადოებისათვის დაბრუნებით სასამართლომ არ განუსაზღვრა საწესდებო კაპიტალში მისი ასახვის ფორმა, კერძოდ, განჩინების ტექსტიდან გაურკვეველია კვლავ სახელმწიფოს წილის სახით უნდა გადასცემოდა ქონება სააქციო საზოგადოებას თუ იგი სააქციო საზოგადოებას გადაეცა სახელმწიფო წილის აღდგენის გარეშე. გაურკვეველია აგრეთვე თუ რა ბედი ეწია აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. დადგენილებით სს ,,... ქარხნისა" და სს ,,ა...ის" აქციებს, რომლებიც სს ,,ბათუმის ... ფაბრიკას" საკუთრებაში გადაეცა გატანილი ქონების ღირებულების ანაზღაურების მიზნით.
სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საკასაციო სასამართლოს 05.05.05წ. განჩინებაში აღნიშნული მითითებების გათვალისწინების გარეშე. კერძოდ, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.05.05წ. განჩინებაში აღინიშნა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლოს, სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, უნდა მოეპოვებინა სადავო დადგენილების მიღების სამართლებრივი წინაპირობა - აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ¹109 დადგენილება. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ხსენებული დადგენილების მოპოვებისა და შეფასების გარეშე განიხილა საქმე. საკასაციო პალატის 05.05.05წ. განჩინების მითითების მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია თუ როდის გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის სადავო აქტი, სააპელაციო პალატას არ შეუფასებია 29.06.99წ. აქციონერთა საერთო კრების ოქმი, არ დაუდგენია სსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე სააქციო საზოგადოების სათანადო მოსარჩელეობა, დადგენას საჭიროებს აგრეთვე სადავო ფართის ამჟამინდელი მესაკუთრე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.06წ. განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა.რ. მთავრობის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს სრულად, ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;
2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.