Facebook Twitter

ბს-613-585(კ-08) 11 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ სპს “ს.-ი”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ მთავრობა

მესამე პირი _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 6 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სპს “ს.-მ” მოპასუხეების _ აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეებისაგან მოითხოვა 36792,64 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, სპს “ს.-ი” რეგისტრირებული იყო არსებული წესით და ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელესა და აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად, მოსარჩელე სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურს ვერტმფრენებისათვის აწოდებდა სპეციალური ხარისხის ავიასაწვავს. მხარეთა შორის დადგენილი წესით ფორმდებოდა სასაქონლო ზედნადები, რომელსაც ხელს აწერდა ორივე მხარის წარმომადგენელი, ხოლო საქონლის მიწოდება მოხდა სხვადასხვა დროს. მიწოდებული საწვავის რაოდენობამ 2004 წლის მარტში შეადგინა 13458 კგ, ერთი კგ საწვავი ღირდა 0,92 ლარი, მიწოდებული საწვავის ღირებულებამ კი სულ შეადგინა 12381,36 ლარი (სასაქონლო ზედნადებები _ ¹005837, ¹005838, ¹055839, ¹055840, ¹055841, ¹055842). 2004 წლის აპრილში მიწოდებული საწვავის რაოდენობა იყო 26534 კგ, 1 კგ საწვავის ფასი შეადგენდა 0,92 ლარს, გადასახდელი თანხა კი _ 24411,28 ლარს (სასაქონლო ზედნადებები _ ¹055803, ¹055804, ¹055805, ¹055853, ¹055854, ¹055855, ¹055856, ¹055857).

მოსარჩელის მტკიცებით, ყველა ზემოაღნიშნულ სასაქონლო ზედნადებს თან ერთოდა აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურის მიერ შედგენილი მოთხოვნა შესაბამისი რაოდენობის საწვავის მიღებაზე, ხოლო ამ ორგანოს 2004 წლის აპრილის ბოლოს მისთვის მთლიანად გადასახდელი ჰქონდა 36792,64 ლარი. მოსარჩელემ 2004 წლის 29 ივნისს, 2005 წლის 19 აპრილსა და 2005 წლის 25 მაისს განცხადებებით მიმართა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს და ითხოვა აღნიშნული დავალიანების გადახდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. 2004 წლის 22 ნოემბერს იმავე მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც, რაზედაც 2004 წლის 17 დეკემბერს პასუხად მიიღო, რომ მიმდინარეობდა აჭარის ა/რ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ანუ თანხების გადახდა მოხდებოდა სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

2005 წლის 21 სექტემბერს სპს “ს.-მ” დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარუდგინა სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეებისათვის 55958,32 ლარის დაკისრება, იმის გათვალისწინებით, რომ 2004 წლის მარტში მიწოდებული საწვავის ღირებულება _ 12386,36 ლარი იმ დრომდე არ იყო გადახდილი და გასული იყო 18 თვე, მოსარჩელეს კი შეეძლო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 403-ე მუხლების თანახმად, მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. ამდენად, მოპასუხეებს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადათ ზიანის ანაზღაურების თანხა _ 2004 წლის მარტში მიწოდებული საწვავის ღირებულების 3% ყოველთვიურად, რაც 18 თვისათვის შეადგენდა 6685,93 ლარს. ვინაიდან მოსარჩელისთვის ასევე არ გადაუხდიათ 2004 წლის აპრილში მიწოდებული საწვავის ფასი _ 24411,28 ლარი და იმ დროისათვის გასული იყო 17 თვე, ამ შემთხვევაში მოპასუხეებს მოსარჩელისთვის, აგრეთვე, უნდა გადაეხადათ ზიანის ანაზღაურების თანხა 17 თვისათვის _ 2004 წლის აპრილში მიწოდებული საწვავის ღირებულების დავალიანების ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 3%-ის გადახდის წესით, სულ _ 12449,75 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სპს “ს.-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ მთავრობას დაეკისრა 36792,64 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 920 ლარის გადახდა; ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სპს “ს.-მ” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და სარჩელის დაზუსტებისა და გაზრდის შედეგად, სულ 62549,83 ლარის გადახდევინება, ასევე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ავიასაწვავი იყო მოძრავი ნივთი, რომლისთვისაც ნასყიდობის ხელშეკრულების სავალდებულო წერილობით ფორმას სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, სასაქონლო ზედდებულები წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამადასტურებელ დოკუმენტებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო ზედნადები ადასტურებდა ოფერტსა და აქცეპტს. ამდენად, არსებობდა ვალდებულება, რაც იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი იყო არასათანადო მოპასუხე, რადგან დაცვის სამსახური აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა და დაცვის სამსახურის გაუქმების შემდეგ მისი უფლებამონაცვლე იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მინდობილობით დასტურდებოდა, რომ საწვავი მიწოდებული იყო სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურისათვის, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა აჭარის ა/რ მთავრობა.

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ მოხდა სარჩელის დაზუსტება, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოსარჩელემ დააყენა სასამართლოს წინაშე საქმის მომზადების შემდეგ და შესაბამისად, მოხდა დავის საგნის გადიდება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო მოპასუხის თანხმობა, რაც სახეზე არ ყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც სპს “ს.-მ”, ისე აჭარის ა/რ მთავრობამ.

სპს “ს.-მ” მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე, მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობისათვის 62549,83 ლარისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაკისრება.

აჭარის ა/რ მთავრობამ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმება, აჭარის ა/რ მთავრობის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით სპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, საქმეში არსებული სასაქონლო ზედდებულებით, ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდებოდა სპს “ს.-ის” მიერ აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურისათვის ავიასაწვავის მიწოდება. იმავდროულად, საკასაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოების დაცვის აღნიშნული სამსახურის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა აჭარის ა/რ მთავრობა. აღნიშნული დასკვნის გამოტანამდე, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რა სამართლებრივი სტატუსი გააჩნდა სასაქონლო ზედნადებში საქონლის მიმღებად დასახელებულ აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოების დაცვის ზემოაღნიშნულ სამსახურს. აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, შექმნილი იყო აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, რომელიც აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1.1 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქვედანაყოფს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, იმავე პერიოდში შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი _ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ქვედანაყოფი. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ქვედანაყოფი _ აჭარის ა/რ დაცვის მთავარი სამმართველო იმჟამადაც არსებობდა. სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, სპეციალური დაცვის რომელი კონკრეტული სამსახური იყო ამ შემთხვევაში ტვირთის მიმღები.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დროისათვის რა სამართლებრივი სტატუსის მქონე ორგანიზაციას წარმოადგენდა სპს “ს.-სგან” ტვირთის მიმღები სუბიექტი _ აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახური და რომელი უწყების დაქვემდებარებაში იმყოფებოდა იგი. ამისათვის სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებულ სასაქონლო ზედდებულებზე მითითებული იყო აღნიშნული სამსახურის საიდენტიფიკაციო ნომერი. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია, საგადასახადო ორგანოში აღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომერი რომელ სუბიექტს ჰქონდა მინიჭებული. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გამორკვევისა და საქმის გარემოებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ რომელი ორგანიზაცია იყო ტვირთის მიმღები, რომელი უწყების დაქვემდებარებაში იმყოფებოდა იგი და რა ადგილი ეჭირა მას აჭარის ა/რ ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.

საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ტვირთის მიმღები სუბიექტის სტატუსის გამორკვევის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა იმჟამად აღნიშნული სუბიექტი და ჰყავდა თუ არა მას უფლებამონაცვლე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სპს “ს.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია და გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული ზედდებულებით (ანგარიშ-ფაქტურებით) დასტურდებოდა სპს “ს.-ის” მიერ აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურისათვის ავიასაწვავის მიწოდების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებით გამოთხოვილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახური არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ უწყებას. ამ სახელწოდებით მოიხსენიებოდა უწყება, რომლის ოფიციალური სახელწოდება იყო _ აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, რომელიც ლიკვიდირებული იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლეოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია და ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახური გადასახადის გადამხდელად არ ყოფილა რეგისტრირებული. შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის წერილით დასტურდებოდა, რომ საქმეში წარმოდგენილ ზედდებულებზე (ანგარიშ-ფაქტურებზე) მითითებული გადამხდელის კოდი ეკუთვნოდა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს დაცვის სამსახურს. მოწმეთა განმარტებებით, ასევე დასტურდებოდა, რომ საწვავის მიმღები იყო აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, სხვა დაცვის სამსახური არ არსებობდა და საწვავს უშუალოდ ვერტმფრენების ესკადრილია მოიხმარდა, რომელიც ამ სამსახურში შედიოდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ შესაბამისი ზედდებულებით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელზედაც სპს “ს.-ი” ახორციელებდა ავიასაწვავის მიწოდებას, წარმოადგენდა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა “აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 1 დეკემბრის დადგენილება. შესაბამისად, დაიწყო მუშაობა აღნიშნული სამსახურის სალიკვიდაციო კომისიამ. სალიკვიდაციო მასალები განსახილველად გადაეცა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მტკიცებულების შეფასებით მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის სალიკვიდაციო მასალებით არ დასტურდებოდა ლიკვიდაციის პროცესში სპს “ს.-ის”, როგორც კრედიტორის, პრეტენზია მიწოდებული საწვავის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სპს “ს.-ის” წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკუთარ თავზე აიღო ხსენებული დაცვის სამსახურის მიერ შესასრულებელი ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილ შესაბამის წერილში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურის ვერტმფრენებზე მიწოდებული საწვავის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო იმავე დაცვის სამსახურის მიერ, მაგრამ, ვინაიდან მოხდა ამ სამსახურის ლიკვიდაცია, სალიკვიდაციო მასალების საფუძველზე, გატარდებოდა შესაბამისი ღონისძიება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული წერილი ატარებდა საინფორმაციო ხასიათს და იგი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ვალის აღიარებად. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, როგორც ლიკვიდირებული უწყების (აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის) უფლებამონაცვლეს, ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა არ შეიძლებოდა წარმოშობოდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობდნენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებდნენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა.შ) ისე, რომ ისინი არ იყვნენ იურიდიული პირები. იმავე კოდექსის 454-ე მუხლის მიხედვით, იურიდიული პირის ვალდებულება წყდებოდა მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, ლიკვიდირებული უწყების უფლება-მოვალეობების აჭარის ა/რ მთავრობაზე გადასვლის ფაქტი კი არ დასტურდებოდა. ლიკვიდაციის დროს, როგორც წესი, უფლებამონაცვლეობა დაუშვებელი იყო. შესაბამისად, არ არსებობდა სპს “ს.-ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სპს “ს.-ის” მიერ აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურისათვის მიწოდებული ავიასაწვავის ღირებულების აჭარის ა/რ მთავრობისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს “ს.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, ვადამოსული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობით მას ზიანი ადგება. მოცემულ საქმეზე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი მოპასუხის წარმომადგენელმა, ფაქტობრივად, აღიარა სარჩელი, რაც აღნიშნულია შესაბამის სასამართლო სხდომის ოქმში.

კასატორის მტკიცებით, მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლომ ამ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ განჩინებაში გააკეთა სააპელაციო სასამართლოსათვის სავალდებულო სამართლებრივი შეფასებები. ამ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები აღარ არის სადავო და სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია, თუ ვინ იყო განსახილველ საქმეზე სათანადო მოპასუხე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და შესაბამისად, მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლის მოსაზრებები, ხოლო მტკიცებულებები შეაფასა ცალმხრივად და არაობიექტურად. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დამტკიცებულად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარჩელში აღნიშნული რაოდენობის საწვავის მიღების ფაქტი დასტურდებოდა და სადავო არ იყო. ხსენებული საწვავი წარმოადგენდა მოძრავ ნივთს და ამისათვის საჭირო არ იყო რაიმე სპეციალური ხელშეკრულების ფორმის დაცვა, ასევე სწორად იქნა დამტკიცებულად მიჩნეული ის ფაქტი, რომ არსებობდა ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დამტკიცებულად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში არსებული ზედდებულებით (ანგარიშ-ფაქტურებით) დასტურდებოდა სპს “ს.-ის” მიერ აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურისათვის ავიასაწვავის მიწოდების ფაქტი და აღნიშნულ უწყებასთან შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დამტკიცებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხსენებული საწვავი მიეწოდებოდა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 18 ნოემბრის დადგენილების შინაარსი. ამ დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილება “აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის შესახებ”. ხსენებული დადგენილება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მის ვალდებულებებზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2004 წლის 17 დეკემბრის წერილი და მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი ატარებდა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს. ხსენებულ წერილში მითითებულია იმის შესახებ, რომ სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, გატარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები. ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე მხარეებს წარმოედგინათ სალიკვიდაციო კომისიის დასკვნა, რომელიც მოპასუხეებმა არ წარმოადგინეს. მოსარჩელემ იგივე მოთხოვნა დააყენა სააპელაციო სასამართლოშიც, მაგრამ მისი საფუძვლიანი მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული. მოცემულ საქმეზე შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების მიღება, თუ არ იქნებოდა გამოთხოვილი სალიკვიდაციო კომისიის დასკვნა. ის ფაქტი, რომ მასალები გადაეცა კონტროლის პალატასა და პროკურატურას, არ იყო საკმარისი საფუძველი, სასამართლოს მიეჩნია ზემოაღნიშნული ორგანო სრულად ლიკვიდირებულად.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებდა დაცვის სამსახურისათვის ავიასაწვავის ღირებულების ანაზღაურებას და ამ ორგანოს დაფინანსება ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა იმავე სასამართლოს დაუსაბუთებელი მოსაზრებით, აღნიშნული სამინისტრო აღარ არის ვალდებული, შეასრულოს იმავე სამსახურის ვალდებულებები, რადგანაც ხსენებული სამსახური ლიკვიდირებულია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა.შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 454-ე მუხლი, რომლის მიხედვით, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდა ზემოაღნიშნულ დაცვის სამსახურს. ხსენებული ორგანო არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირს. სასამართლოს წარედგინა ამ ორგანოს დებულება, საიდანაც ირკვევა, რომ აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური წარმოადგენს აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცალკეულ ქვედანაყოფს, რომლის დანიშნულებაა, უსაფრთხოების მიზნით ჩაატაროს გამიზნულ ღონისძიებათა კომპლექსი აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრების, აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ოჯახის წევრებისა და მისი შეხედულებისამებრ, სხვა პირთა მიმართ. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომლებზედაც მიუთითა საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 21 ივნისის განჩინებაში, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ მიუთითა იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია დაცვის სამსახურის სტატუსი და ის ორგანო, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებოდა აღნიშნული სამსახური. ამ საქმეზე არ იქნა განხილული კასატორის შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც ეხებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას. ხსენებული გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კასატორის მტკიცებით, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. განსახილველ საქმეზე, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ არსებობს ვალდებულებები, მაგრამ, რადგანაც ლიკვიდირებულად გამოცხადდა დაცვის სამსახური, ამიტომაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი. სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ როდის ითვლება ორგანიზაცია ლიკვიდირებულად, რას ნიშნავს ორგანიზაციის ლიკვიდაცია და როგორ უნდა დაკმაყოფილდნენ ლიკვიდირებული ორგანიზაციის კრედიტორები. ამასთან, მოცემული საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, მისი მსჯელობა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და არასრულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 16 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 11 სექტემბრამდე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინების საფუძველზე დადგინდა სპს “ს.-ის” მიერ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის საკითხის გადაწყვეტა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 23 ოქტომბერს, 11.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2004 წლის 26 მარტის, სერია აა-68, ¹055842 სასაქონლო ზედნადებში მითითებულია გამყიდველი _ სპს “ს.-ი” და მყიდველი _ აჭარის ა/რ სახელმწიფო დაცვის სამსახური. საქონელი _ 874,92 ლარის ღირებულების _ 951 კგ ავიასაწვავი, ჩააბარა გამყიდველმა _ სპს “ს.-მ”, მიიღო მყიდველმა _ აჭარის ა/რ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ ნდობით აღჭურვილმა პირმა _ დ. მ.-მ. ანალოგიურ მონაცემებს შეიცავს: 2005 წლის 25 მარტის სერია აა-68, ¹055841 სასაქონლო ზედნადები 2145,44 ლარის ღირებულების 2332 კგ ავიასაწვავზე; 2004 წლის 13 მარტის, სერია აა-68, ¹055840 სასაქონლო ზედნადები 2036,88 ლარის ღირებულების 2214 კგ საწვავზე; 2004 წლის 5 მარტის, სერია აა-68, ¹055839 სასაქონლო ზედნადები 1720,40 ლარის ღირებულების 1870 კგ საწვავზე; 2004 წლის 2 მარტის, სერია აა-68, ¹055838 სასაქონლო ზედნადები 4855,76 ლარის ღირებულების 5278 კგ საწვავზე; 2004 წლის 1 მარტის, სერია აა-68, ¹055837 სასაქონლო ზედნადები 747,96 ლარის ღირებულების 813 კგ საწვავზე; 2004 წლის 6 აპრილის, სერია აა-68, ¹055804 სასაქონლო ზედნადები 2666,16 ლარის ღირებულების 2898 კგ ავიასაწვავზე; 2005 წლის 5 აპრილის, სერია აა-68, ¹055803 სასაქონლო ზედნადები 2230,08 ლარის ღირებულების 2424 კგ საწვავზე; 2004 წლის 8 აპრილის, სერია აა-68, ¹055805 სასაქონლო ზედნადები 5755,52 ლარის ღირებულების 6256 კგ საწვავზე; 2004 წლის 19 აპრილის, სერია აა-68, ¹055853 სასაქონლო ზედნადები 6878,84 ლარის ღირებულების 7477 კგ ღირებულების საწვავზე; 2004 წლის 20 აპრილის, სერია აა-68, ¹055854 სასაქონლო ზედნადები 665,16 ლარის ღირებულების 723 კგ საწვავზე; 2004 წლის 22 აპრილის, სერია აა-68, ¹055855 სასაქონლო ზედნადები 4589,88 ლარის ღირებულების 4989 კგ საწვავზე; 2004 წლის 26 აპრილის, სერია აა-68, ¹055856 სასაქონლო ზედნადები 517,96 ლარის ღირებულების 563 კგ ავიასაწვავზე და 2004 წლის 28 აპრილის, სერია აა-68, ¹055857 სასაქონლო ზედნადები 1107,68 ლარის ღირებულების 1204 კგ ავიასაწვავზე. სულ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით სპს “ს.-მ” აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურს 2004 წლის მარტსა და აპრილში მიაწოდა _ 39992 კგ ავიასაწვავი, რომლის ღირებულება _ 36792,64 ლარს შეადგენდა (ტ. I, ს.ფ. 8-57). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 1 აპრილის ¹13 ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, სპს “ს.-მ” აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურს მიაწოდა 12381,36 ლარის ღირებულების 13458 კგ ავიასაწვავი (ტ. I, ს.ფ. 5), ხოლო 2004 წლის 3 მაისის ¹18 ანგარიშ-ფაქტურით _ 24411,28 ლარის ღირებულების 26534 კგ ავიასაწვავი (ტ. I, ს.ფ. 28).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით, ანგარიშ-ფაქტურებით და მოწმეთა ჩვენებებით, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ, დადგენილია, სპს “ს.-ის” მიერ აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურისათვის ავიასაწვავის მიწოდების ფაქტი და ხსენებულ უწყებასთან შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა. აღნიშნული ფაქტი დადგენილად მიიჩნია საკასაციო სასამართლომაც საქმის საკასაციო წესით განხილვისას და ხსენებული საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დროისათვის რა სამართლებრივი სტატუსის მქონე ორგანიზაციას წარმოადგენდა სპს “ს.-სგან” ტვირთის მიმღები სუბიექტი _ აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახური, რომელი უწყების დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და რა ადგილი ეჭირა მას აჭარის ა/რ ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში. ტვირთის მიმღები სუბიექტის სტატუსის სარწმუნოდ გამორკვევის შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა ამჟამად აღნიშნული სუბიექტი, ჰყავდა თუ არა მას უფლებამონაცვლე და აჭარის ა/რ მთავრობა წარმოადგენდა თუ არა სათანადო მოპასუხეს.

საკასაციო სასამარათლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოთხოვილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახური არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ უწყებას. ამ სახელწოდებით მოიხსენიებოდა უწყება, რომლის ოფიციალური სახელწოდება იყო _ აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, რომელიც ლიკვიდირებული იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით. აღნიშნული ფაქტი სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციისა (ტ. II, ს.ფ. 58-61) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიხედვით, აჭარის ა/რ სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახური გადასახადის გადამხდელად არ ყოფილა რეგისტრირებული. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 19 ივლისის წერილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საიდენტიფიკაციო ნომრით რეგისტრირებული იყო აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, რაც დადასტურდა მოწმეთა განმარტებებითაც იმის თაობაზე, რომ საწვავის მიმღები იყო აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური და, რომ საწვავს უშუალოდ ვერტმფრენების ესკადრილია მოიხმარდა, რომელიც ამ სამსახურში შედიოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შესაბამისი ზედნადებებით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელზედაც სპს “ს.-ი” ახორციელებდა ავიასაწვავის მიწოდებას, წარმოადგენდა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, თუმცა არ იმსჯელა და არ გამოიკვლია, თუ რა სამართლებრივი სტატუსი გააჩნდა მას, კერძოდ, არ იმსჯელა იმ გარემობაზე, რომ აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით შეიქმნა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, რომელიც აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1.1 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქვედანაყოფს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აიკრძალა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს ან სხვა გასამხედროებული ორგანოს შექმნა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 454-ე მუხლზე და არასწორად განმარტა, რომ სპს “ს.-სთვის” მიწოდებული საწვავის თანხის ანაზღაურებაზე ვალდებულება წყდებოდა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის გამო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ რა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდა ზემოაღნიშნულ დაცვის სამსახურს. წარმოადგენდა თუ არა იგი დამოუკიდებელ იურიდიულ პირს. მით უფრო, რომ აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური წარმოადგენდა აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცალკეულ ქვედანაყოფს, რომლის დანიშნულება იყო აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრების, აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ოჯახის წევრებისა და მისი შეხედულებისამებრ სხვა პირთა მიმართ უსაფრთხოების მიზნით დაცვით ღონისძიებათა კომპლექსური ჩატარება (ტ. I, ს.ფ. 184). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომლებზედაც მიუთითა საკასაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებაში, კერძოდ, მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია დაცვის სამსახურის სტატუსი და ის ორგანო, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებოდა თავის დროზე აღნიშნული სამსახური.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 18 ნოემბრის დადგენილების შინაარსი, ვინაიდან ამ დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილება “აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის შესახებ”. ამასთან უსაფუძვლოდ მიიჩნია მსჯელობა, რომ ხსენებული დადგენილება არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ არ არსებობდა ორგანო, რომელსაც პასუხი უნდა ეგო მის ვალდებულებებზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის 2005 წლის 5 აპრილის შუალედური დასკვნით არ დასტურდება ლიკვიდაციის პროცესში სპს “ს.-ის”, როგორც კრედიტორის პრეტენზია მიწოდებული საწვავის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, მას ხსენებული დავალიანება არ უნდა ანაზღაურებოდა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს მოცემულ საქმეში მონაწილე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტატუსზე და აღნიშნავს, რომ სპს “ს.-მ” სასარჩელო განცხადებაში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაასახელა მოპასუხედ, ხოლო საქმეში არ მოიპოვებოდა მხარის შუამდგომლობა ან სხვა რაიმე საპროცესო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტატუსის შეცვალა და მისი მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია აჭარის ა/რ მთავრობა არასათანადო მოპასუხედ მოცემულ საქმეში, რომ არ იმსჯელა სპს “ს.-ის” მიერ მეორე მოპასუხედ დასახელებულ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულებაზე, თუ რამდენად ეკისრებოდა მას მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო თანხის გადახდა. მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწმის სახით დაკითხული აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის ყოფილი ბუღალტრის გულნარა კაკაბაძის ჩვენებისა და სპს “ს.-ის” მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვის ქვითრებით დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებდა დაცვის სამსახურისათვის სპს “კ.-ის” მიერ მიწოდებული ავიასაწვავის ღირებულების ანაზღაურებას. შესაბამისად, დაცვის სამსახურის მიერ მიღებული და მოხმარებული საწვავის ღირებულება ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სპს “ს.-სთვის” ზიანის ანაზღაურებაც მხოლოდ აღნიშნულით იყო განპირობებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არ იმსჯელა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სათანადო მოპასუხეობაზე და არ გამორიცხა მისი ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო თანხის გადახდის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოცემულ საქმეზე არ იქნა განხილული მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც ეხებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის სააპელაციო და სპს “ს.-ის” შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც სპს “ს.-მ”, ისე აჭარის ა/რ მთავრობამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით სპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრის განხილვის შემდეგ საკასაციო სასამართლომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. ამდენად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება კანონიერ ძალაში იყო შესული და სააპელაციო სასამართლო საქმის ხელახლა განხილვისას ვერ იმსჯელებდა სპს “ს.-ის” შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

“ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.