¹ბს-614-584(კ-07) 6 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ...-ს მ. ქ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
...-მა მ. ქ.-მ 2005 წლის 14 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 21 აპრილის პლენარულ სხდომაზე ... მ. ქ.-ის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული მოსაზრების საფუძვლად არსებული ყველა დოკუმენტური მასალის მისთვის გადაცემა.
მოსარჩელის მითითებით, 2005 წლის 9 ივნისს ...-მა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად წერილობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და ყველა იმ მასალის მისთვის გადაცემა მოითხოვა, რაც მ. ქ.-ის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დამადასტურებლად სახალხო დამცველის აპარატში არსებობდა, რაზეც პასუხი არ მიუღია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად სახალხო დამცველი ვალდებული იყო, მისთვის გადაეცა აღნიშნული საჯარო ინფორმაცია ან ამავე კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და პასუხი წერილობით ეცნობებინა (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 21 აპრილის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა გამოთქვა მოსაზრება, შესწავლილიყო, თუ რა პირობებში მოხდა მეწარმეების მიერ ...-ში ქონების ადგილობრივი ხელისუფლებისათვის საჩუქრად გადაცემა, რადგან ამ ქონების გადაცემას წინ უძღოდა მეწარმეთა დაკავება ან მათზე ზეწოლა. საკითხის შედეგად უნდა დასმულიყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების _ მ. ქ.-ისა და ნ. პ.-ის პასუხისმგებლობის საკითხი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ნახაზის, მაკეტის, გეგმის, სქემის ფოტოსურათის, ელექტრონული ინფორმაციის, ვიდეო ან აუდიოჩანაწერის სახით, რომელიც საჯარო დაწესებულებამ მიიღო, დაამუშავა, შექმნა ან გააგზავნა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმის და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს მისი მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, გაეცნოს ინფორმაციას დედანში და ასევე მოითხოვოს მისი ასლი. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, გარდა დახურული საჯარო ინფორმაციისა, შეუძლია ნებისმიერ პირს. საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 დღისა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სახალხო დამცველის გამოსვლა არ მიანიშნებდა ...-ის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებზე და გამორიცხავდა სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაციის შეგროვების ფაქტს. სახალხო დამცველის მითითებით, თუ შესწავლისას გამოვლინდებოდა, რომ მეწარმეებმა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ქონება კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად გადასცეს, უნდა დასმულიყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა, კერძოდ, მ. ქ.-ის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სახალხო დამცველის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მიანიშნებდა, რომ მ. ქ.-ის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ სახალხო დამცველის აპარატში არსებობდა საჯარო ინფორმაცია. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გადაცემა მხოლოდ 2005 წლის 21 აპრილის სხდომაზე სახალხო დამცველის გამოსვლასთან დაკავშირებით და არა საერთოდ, მის მიმართ არსებული საჯარო ინფორმაციისა, თანაც ამ უკანასკნელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება და არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის გამოსვლამ მ. ქ.-ის უფლებას პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა (ს.ფ. 87-88).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ...-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 91-93).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2005 წლის 9 ივნისს ...-მა წერილობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და საქართველოს პრალამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსნებით გამოსვლისას მ. ქ.-ის შესაძლო უკანონო ქმედებების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებული ყველა მასალის მათთვის გადაგზავნა მოითხოვა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2006 წლის 22 ივნისის ¹483/07 წერილის თანახმად, ინფორმაცია, რომელიც ...-მა გამოითხოვა, სახალხო დამცველის აპარატის საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველს გაანდეს კონფიდენციალობის დაცვის პირობით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 3.2 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობისა და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებს, წინადადებებს, ხოლო ამ კანონის 20.2 მუხლის თანახმად, სახალხო დამცველი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია. «სიტყვისა და გამოხატვის შესახებ» საქართველოს კანონის 1.»ო» მუხლის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოება არის აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე, პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისთვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება ან სხვა პირის პირადი ან კომერციული საიდუმლოება, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია, არ წარმოადგენს პროფესიულ საიდუმლოებას. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი მფლობელის თანხმობის ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სახალხო დამცველს მოცემულ შემთხვევაში არ ეკისრებოდა ვალდებულება, საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 21 აპრილის პლენარულ სხდომაზე ...-ის შესაძლო უკანონო მოქმედებების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსარჩელისათვის გადაცემა (ს.ფ. 140-146).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ...-მა მ. ქ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის გამოსვლით მოსარჩელის უფლებას ან ინტერესს პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მისდგომია და რომ მის მიერ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. სახალხო დამცველმა არა ზოგადად მოიხსენია, არამედ კონკრეტულად და ხაზგასმით ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომელთა ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემას წინ უძღოდა მათი მფლობელების დაკავება ან მათზე ზეწოლა და ყოველივე ამაში დამნაშავედ, კონკრეტულად, ...-ი მიუთითა და მისი, როგორც დამნაშავის, პირადი და არა ზოგადი პასუხისმგებლობის მოთხოვნის საკითხი დააყენა. ამდენად, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მძიმე უკანონო ქმედებების ჩადენაში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხილება და მისი პასუხისმგებლობის მოთხოვნა სათანადო წყაროს მითითებისა თუ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ფაქტობრივად, მის უსაფუძვლო კომპრომეტირებას, ავტორიტეტისა და პატივის შელახვას, კანონით დაცული უფლებების ხელყოფასა და ინტერესებისათვის პირდაპირი და უშულო ზიანის მიყენებას წარმოადგენდა. სახალხო დამცველის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფართო მასშტაბით შუქდებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი ...-ის პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებასთან მიმართებით. ამდენად, გაუგებარი იყო, რა დამატებით მტკიცებულებებს ითხოვდა სასამართლო, როდესაც სახეზე იყო ერთი მხრივ, თანამდებობის პირის ინტერესები და უფლებები და მეორე მხრივ, სახალხო დამცველის საჯარო ანგარიში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებას «სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 3.2 და 20.2 მუხლისა და «სიტყვისა და გამოხატვის შესახებ» საქართველოს კანონის 1.»ო» და 11.1.2 მუხლებზე კასატორი არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 და 35-ე მუხლები, რომელთა ძალითაც სახალხო დამცველზე ვრცელდება ამავე კანონის მე-3 თავის მოქმედება და იგი ვალდებული იყო, საჯარო ინფორმაცია რეესტრში დაეფიქსირებინა და იგი ...-სათვის გადაეცა, მით უმეტეს, თუ საკითხი თნამდებობის პირის უკანონო ქმედებაში მხილებას შეეხებოდა (ს.ფ. 152-153).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ...-ის მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.