Facebook Twitter

¹ბს-61-59(კ-07) 14 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

24.05.06წ. ე. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 25 დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ქუთაისის საპატრულო პოლიციაში ...-ად. 20.01.06წ. ოპერატიულ თათბირზე განუცხადეს, რომ ამოღებულ იქნა პირადი შემადგენლობის სიიდან. კადრების სამსახურში კი განუცხადეს, რომ აყვანილი იყო კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის წერილობითი საბუთი არ გადაუციათ და არც რაიმე დოკუმენტისათვის მოუწერია ხელი, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაა. სამსახურიდან მისი განთავისუფლება მოხდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების დარღვევით. მოსარჩელის მითითებით, თანამდებობაზე დაინიშნა საკონკურსო შერჩევის გზით და სამსახურში სერიოზული წარმატებები ჰქონდა. ამასთანავე, იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს საპატრულო პოლიციის 19.01.06წ. ¹204 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.06.06წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. მ.-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 19.05.06წ. ¹3263 ბრძანება, ე. მ.-ე აღდგენილ იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...-ის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო განყოფილების ...-ის თანამდებობაზე, იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.07.06წ. განჩნიებით ამავე სასამართლოს 10.07.06წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ წინადადებაში მითითებულ იქნა “ე. მ.-ის განთავისუფლების ნაწილში".

16.08.06წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.06წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.07.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ე. მ.-ე 19.01.06წ. ¹204 პ/მ ბრძანებით აყვანილი იქნა შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო 19.05.06წ. ¹3263 ბრძანებით ე. მ.-ე დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 67-ე მუხლის “ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, დათხოვნის საფუძველია შტატების შემცირება და ვინაიდან რეორგანიზაციის შემდეგ თანამშრომელთა შტატი გაიზარდა ერთი შტატით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ე. მ.-ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.

კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.12.06წ. განჩინება მიღებული იყო კანონმდებლობის დარღვევით. კასატორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.07.06წ. განჩინებაზე, რომელიც მისთვის უცნობი იყო. კასატორის მითითებით, შს მინისტრის საორგანიზაციო საშტატო ¹83 ბრძანებიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან დასტურდებოდა, რომ ე. მ.-ე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე" ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს, რომ პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნას რეორგანიზაციისას. კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.06წ. განჩინების გაუქმება და ე. მ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.02.07წ. განჩინებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

14.02.07წ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის თაობაზე წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.06წ. განჩინება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო ნორმების დარღვევით საქმის განხილვის შედეგად, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორის აზრით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის “გ" ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული.

23.02.07წ. ე. მ.-მ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. მისი აზრით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩვარი არ უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმე განიხილეს პროცესუალური ნორმების სრული დაცვით და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს შს ორგანოებიდან სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 19.05.06წ. ¹3263 პ/შ ბრძანება, რომლის ნაწილიც დავის საგანს წარმოადგენს, მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის” 67-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე(შტატების შემცირება). საქმის განმხილველი სასამართლო ამოწმებს სადავო აქტების კანონიერებას მათი გამოცემის საფუძვლის შესაბამისად. სამსახურიდან განთავისუფლების სხვა საფუძველს გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს მიჩნეული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.