ბს-61-61(კ-08) 2 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 30 სექტემბერს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ი. რ-ის, თ. ღ-სა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ, აივნის რეკონსტრუქციის ხელის შეშლის აღკვეთის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ბაბუამისი, ვ. ბ-ი რეპრესირებულ იქნა 1937 წელს. მისი დაპატიმრების შემდეგ ვლ. ბ-ის ოჯახი შეასახლეს ქ. ბათუმში, .... ქ. ¹20-ში მდებარე სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე მდებარე 16 კვ.მ კეთილმოუწყობელ ერთ ოთახში. მეორე სართულს მთელ სიგრძეზე ჰქონდა დაუმთავრებელი აივანი, რომლის რეკონსტრუქციის ნებართვა 1953 წელს აიღო მოსარჩელის ბებიამ, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ვერ განახორციელა.
მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 12 დეკემბერს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველომ გასცა არსებული აივნის მთელ სიგრძეზე 1,40 მეტრით გაფართოების ნებართვა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში იმ მოტივით, რომ აივნის 1,40 მეტრით გაფართოება გამოიწვევდა მათი ბინების დაბნელებას. აღნიშნულის საფუძველზე, ქ. ბათუმის მერიამ შეაჩერა ნებართვის მოქმედება, ბინების არსებულ ნორმებთან შესაბამისი ინსოლაციის პირობების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენამდე.
მოსარჩელის მითითებით, 2002 წლის 11 სექტემბერს შპს “...” მიიღო ინსოლაციისა და ბუნებრივი განათების გაანგარიშების პროექტი, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, .... ქ. ¹20-ში მდებარე მისი აივნის პირვანდელი ზომებით აღდგენა არ გამოიწვევდა პირველ სართულზე მცხოვრები ი. რ-სა და თ. ღ-ის ბინების ინსოლაცია-განათების დარღვევას. აღნიშნული პროექტის საფუძველზე, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველომ 2002 წლის 11 სექტემბერს გასცა მშენებლობის ¹70 ნებართვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 13 სექტემბერს მან მიიღო ქ. ბათუმის მერიის შეტყობინება, რომლითაც აივნის აღდგენის უფლების მინიჭებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვდა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹20-ში მდებარე მისი ბინის აივნის 1,40 მეტრით გადიდების ნებართვასა და მშენებლობისას ი. რ-სა და თ. ღ-ის მიერ ხელის შეშლის აღკვეთას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს _ ი. რ-სა და თ. ღ-ეს დაევალათ ხელი არ შეეშალათ ნ. ბ-ის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მთელ სიგრძეზე 1,40 მეტრით აივნის გაფართოებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. რ-მა და თ. ღ-ემ და ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ი. რ-მა და თ. ღ-ემ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს შეგებებული სარჩელი, რომლითაც ითხოვეს ბათუმის არქიტექტურის სამმართველოს 2002 წლის 11 სექტემბრის მშენებლობის წარმოების ¹70 ნებართვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 28 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და ნ. ბ-ის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 4 თებერვლის განჩინებით ი. რ-სა და თ. ღ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ და ითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. რ-სა და თ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის სარჩელი; დაკმაყოფილდა ი. რ-სა და თ. ღ-ის შეგებებული სარჩელი და გაუქმდა არქმშენინსპექციის 2002 წლის 11 სექტემბრის მშენებლობის წარმოების ¹70 ნებართვა, ასევე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 28 ნოემბერს ნ. ბ-ე გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. რ-სა და თ. ღ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი მშენებლობის წარმოების ხელშეშლის აღკვეთის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ი. რ-სა და თ. ღ-ის სარჩელი ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2002 წლის 11 სექტემბრის ¹70 მშენებლობის ნებართვისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 28 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სადავო მშენებლობა წარმოებს სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს, მისი კანონიერების საკითხი შეამოწმოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში (2002 წლის სექტემბრის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით). სამოქალაქო კოდექსის 218.1 მუხლის თანახმად, ბინის მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამ მოქმედებით იგი არ ხელყოფს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს. 219.1 მუხლით ბინის მესაკუთრე მოვალეა ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი. 224.3 მუხლით ყოველ ბინის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს საქმიანობის წარმართვა მიღებული შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების მიხედვით, ხოლო თუ ასეთები არ არსებობს, ბინის მესაკუთრეთა საერთო ინტერესების შესაბამისად.
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 3.3 მუხლით არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია დამკვეთის განაცხადი და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა.
ქ. ბათუმში, .... ქუჩის ¹20-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სამსართულიანი სახლის მცხოვრებთა საერთო სარგებლობაშია, რის გამოც მშენებლობის ნებართვის გაცემა უნდა მომხდარიყო მცხოვრებთა, მათ შორის, თ. ღ-სა და ი. რ-ის თანხმობით.
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 3.34 მუხლით არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება უნდა შეიცავდეს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დებულებებს, ეკოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური უსაფრთხოების, ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის სავალდებულო პირობებსა და სხვა განსაკუთრებულ მოთხოვნებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვის პირობებს, რომელთა ინტერესებზედაც ზეგავლენას მოახდენს მომავალში მშენებლობა.
,,მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 20 დეკემბრის ¹72 ბრძანების 1.4 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა სავალდებულოა ყველა იმ შენობა ნაგებობის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის, მათ შორის, მიშენების, დაშენებისა და დანგრევის (დაშლის) სამუშაოების განხორციელებისათვის, რაზეც საჭიროა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა.
მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.
საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ქ. ბათუმში .... ქუჩის ¹20-ში მდებარე ნ. ბ-ის სახელზე რიცხულ ბინაზე, აივნის მთელ სიგრძეზე რეკონსტრუქცია-გაფართოებით მცირდება იმავე სახლში პირველ სართულზე მცხოვრებთა ი. რ-სა და თ. ღ-ის საცხოვრებელი ოთახებისათვის, დღეისათვის არსებული ინსოლაციის ხანგრძლივობა და იგი ვერ აკმაყოფილებს ნორმატიულ მოთხოვნას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – მშენებლობის ნებართვა – გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
მშენებლობის ნებართვის გაცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შესახებ, რითაც დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის მოთხოვნა, იმავე კოდექსის 5.1 მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის მიერ 2002 წლის 11 სექტემბრის ¹70 მშენებლობის ნებართვა გაიცა ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაურკვევია, აღნიშნული აქტით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შემთხვევაში ხომ არ იზღუდებოდა მესამე პირების, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირების (შეგებებული სარჩელის ავტორების) კანონიერი უფლებები. ამ მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსრულებია ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 115.2 მუხლის მოთხოვნა, რომლითაც მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო მშენებლობის ნებართვა (ადმინისტრაციული აქტი) გამოსცა დაინტერესებული პირების მოსაზრების გაუთვალისწინებლად, მათი სავალდებულო თანხმობის გარეშე. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ თ. ღ-სა და ი. რ-ს სადავო მშენებლობის ნებართვის გაცემაზე თანხმობა არ განუცხადებიათ. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადგილი აქვს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის არსებით დარღვევას, რაც გასაჩიურებული აქტის ბათილად ცნობის პირობაა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, მისი ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ქ. ბათუმის მერიას კანონით აკისრია ვალდებულება, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება. მიუხედავად აღნიშნულისა, მან არ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, არც საკუთარი ინიციატივით და არც სასამართლო განჩინების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი ბათუმის ვიცე-მერის წერილით დასტურდება, რომ მშენებლობის ნებართვა გაუქმებულია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოდგენილი ვერ იქნა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქმეში წარმოდგენილია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტის დასკვნა: ერთი შპს ,,...” და მეორე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსი. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ცალსახად დაეყრდნო ამ უკანასკნელს ისე, რომ არც შეეცადა განეხორციელებინა მისი ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიქეტური განხილვა, რითაც დაარღვია შეჯიბრობითობის პრინციპი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 1 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მხარეებს მითითებულ ვადაში თავიანთი მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას ნ. ბ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.