ბს-616-583(კ-06) 21 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექცია, წარმომადგენელი მ. მ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. შ.-ე (არ გამოცხადდა)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, გადახდილი თანხის ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 21 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. შ.-მ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს ხელვაჩაურის განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 2005 წლის 17 მარტის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და ზედმეტად გადახდილი თანხის სოციალურ გადასახადში ჩათვლა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს 2005 წლის 17 მარტის ¹182 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე მოსარჩელეს გადასახდელად დაეკისრა 1245 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა უკანონო იყო, რადგან მოსარჩელე კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სისტემატურად იხდიდა გადასახადებს. მას მოპასუხე ორგანიზაციის შესაბამისი სამსახურის მხრიდან არ მიუღია არც ერთი შენიშვნა გადასახადის რომელიმე სახის გადაუხდელობასთან დაკავშირებით. 2005 წლის 10 მაისის მდგომარეობით მოსარჩელეს ზედმეტად გადახდილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადი 570 ლარი, რომელმაც საბოლოოდ შეადგინა ზედმეტობა 549 ლარის ოდენობით, ხოლო სოციალური გადასახადის დავალიანებამ შეადგინა 1166 ლარი. საგადასახადო მოთხოვნა ითვალისწინებდა სოციალური ფონდის გადასახადს (1071 ლარი), რომელსაც ერიცხებოდა საურავი (174 ლარი), მთლიანობაში _ 1245 ლარი (ს.ფ. 1).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გ. შ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ს.ფ. 17).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. შ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, გაუქმდა საგადასახადო მოთხოვნა ¹182 17/3.05წ. ნაწილობრივ, მოსარჩელეს ჩაეთვალა გადახდილი თანხა ვალდებულების ანგარიშში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საშემოსავლო გადასახადი გადახდილი ჰქონდა 549 ლარით მეტი, რაც დასტურდებოდა შედარების აქტით, ხოლო სოციალური გადასახადის დავალიანებამ შეადგინა 1166 ლარი. თუკი ზედმეტად გადახდილი თანხით დაიფარებოდა სოციალური გადასახადი, მაშინ ამ უკანასკნელის ოდენობა იქნებოდა 617 ლარი შესაბამისი საურავით, რაც სულ შეადგენდა 695 ლარს. ამდენად, საგადასახადო მოთხოვნის ბათილობა ამ ნაწილში იყო უსაფუძვლო და მოსარჩელე ვალდებული იყო გადაეხადა სოციალური გადასახადის სახით 695 ლარი (ს.ფ. 37-38).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტმა ასევე ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
აპელანტის მითითებით, ინდმეწარმე “გ. შ.-ის” დავალიანება სოციალურ გადასახადში ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის დროისათვის შეადგენდა 1245 ლარს, მათ შორის, ძირითადი დავალიანება იყო 1071 ლარი, საურავი _ 174 ლარი, მასვე საშემოსავლო გადასახდში ზედმეტობა ჰქონდა 549 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, თუ გადასახადების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული თანხების ჯამს, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას ჩათვლის მომავალი საგადასახდო ვალდებულების ანგარიშში.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ უკანონოდ დააკისრა მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებული იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ს.ფ. 41-42).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება ბათუმის საგადასახადო ინსპექციისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, თუ გადასახადების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული თანხების ჯამს, გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში. საქმეში არსებული შედარების აქტის მიხედვით, გ. შ.-ს საშემოსავლო გადასახადში ზედმეტი ჰქონდა გადახდილი 549 ლარი. კანონის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გ. შ.-ს ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა ჩათვლოდა სოციალური გადასახადის ანგარიშში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ყველა სახის გადასახადების ჯამი უნდა აღემატებოდეს გადასახდელ თანხას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჩათვლა. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა, რომ საგადასახადო ორგანომ უნდა გადაიტანოს ზედმეტად გადახდილი თანხა გადასახადის გადამხდელის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში. ამდენად, შესაძლებელი იყო ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის გადატანა სხვა გადასახადის, ამ შემთხვევაში, სოციალური გადასახადის ანგარიშში.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ნაწილში, რადგან “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო თავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ს.ფ. 60-63).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. ი/მ “გ. შ.-ის” დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, სოციალურ გადასახადში 2005 წლის 3 მაისისათვის, ანუ საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის დროისათვის მთლიანობაში შეადგენდა 1245 ლარს, მათ შორის, ძირითადი თანხა 1071 ლარი, საურავი _ 174 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადში ზედმეტობა შეადგენდა 549 ლარს.
კასატორის განმარტებით, 2006 წლის 15 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, თუ გადასახადების გადახდილი თანხების ჯამი აღემატებოდა დარიცხული თანხების ჯამს, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას ჩაუთვლიდა მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში. ვინაიდან ი/მ “გ. შ.-ის” მიერ გადახდილი თანხა (549 ლარი) არ აღემატებოდა დარიცხულ თანხას (1245 ლარი), იგი ვერ გადავიდოდა მომავალი ვალდებულებების ანგარიშში. 2006 წლის 15 მაისს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდგომ საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილ თანხას ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში, თუ კონკრეტული გადასახადის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადის თანხას (ს.ფ. 71-72).
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა საბოლოოდ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც გ. შ.-ის სარჩელი 2005 წლის 17 მარტის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდება მოთხოვნის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის გამო, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხის საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლის ნაწილში საქმეზე შეწყდება წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, გ. შ.-ის სარჩელი 2005 წლის 17 მარტის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, გ. შ.-ის სარჩელი ზედმეტად გადახდილი თანხის სოციალური გადასახადის ანგარიშში ჩათვლის მოთხოვნის ნაწილში დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად გადაეცეს განსჯად _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2005 წლის 17 მარტის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გ. შ.-ს სოციალურ გადასახადში დაერიცხა 1245 ლარი. ასევე დადგენილია, რომ ამავე დროისათვის გ. შ.-ს საშემოსავლო გადასახადში ერიცხებოდა ზედმეტობა 549 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას 2005 წლის 17 მარტის საგადასახადო მოთხოვნის ბათილობის საფუძვლების არსებობის შესახებ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა ბათილად მიიჩნია იმის გამო, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, გამოცემული იყო ზედმეტად გადახდილი თანხის სოციალური გადასახადის ანგარიშში ჩათვლის გარეშე. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან არ გამომდინარეობს სადავო საგადასახადო მოთხოვნის კანონსაწინააღმდეგობა და შესაბამისად, ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად: თუ გადასახადების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული თანხების ჯამს, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში. აღნიშნული ნორმის სწორად გამოყენებისათვის ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს ზედმეტობის წარმოქმნის შემთხვევაში ავტომატურ ჩათვლას და ყოველ ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ თავისი ინიციატივით ჩათვლის განხორციელების ვალდებულებას, როგორც ეს, ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია. აღნიშნული ნორმა ჩათვლის განხორციელებისათვის მოითხოვს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის არსებობას. ასეთი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს არ ევალება ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის სხვა საგადასახადო ვალდებულებაში ჩათვლის საკითხის განხილვა და შესაბამისად, არც გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, საგადასახადო მოთხოვნა ვერ ჩაითვლება კანონსაწინააღმდეგოდ მხოლოდ იმის გამო, რომ გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის გამოცემის დროისათვის სხვა გადასახადში ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა. ის გარემოება კი, რომ საგადასახადო მოთხოვნაში გათვალისწინებული თანხების დარიცხვას საფუძველი არ აქვს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის. ამასთან, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებულ საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლის მოთხოვნა შეიძლება იყოს საგადასახადო მოთხოვნაში ცვლილების შეტანის და არა მისი ბათილობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანად, საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის სადავო საფუძველი არ განაპირობებს მის ბათილობას, რის გამოც სარჩელი ან ნაწილში არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას ზედმეტად გადახდილი თანხის სოციალური გადასახადის ანგარიშში ჩათვლის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დასაშვებობის საკითხი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას.
ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში, ისევე როგორც მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის საკითხის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება, საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს კომპეტენციაა. სასამართლოში დავის საგანს კი შეიძლება შეადგენდეს ამ საკითხზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუკი აღნიშნულს გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება. აღნიშნული საკითხი, თავის მხრივ, უკავშირდება ზედმეტად გადახდილი თანხის სოციალურ გადასახადში ჩათვლის ნაწილში სარჩელის მოთხოვნის დასაშვებობას. არსებობდა თუ არა გ. შ.-ის მიმართვა საგადასახადო ორგანოსადმი და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, სასამართლოების მიერ გამორკვეული არ არის.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში (ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებთან სარჩელის შესაბამისობა) საქმეს განსახილველად უბრუნებს განსჯად სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დავის საგნის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის სოციალური გადასახადის ანგარიშში ჩათვლის ნაწილში განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით აღძრულ სარჩელს ქმედების განხორციელების თაობაზე. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთი სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე ქმედების განხორციელება ან უარი რაიმე ქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ქმედების განხორციელებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამორკვეული არ არის, არსებობდა თუ არა სადავო შემთხვევაში გ. შ.-ის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოსადმი ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლის შესახებ და აღნიშნულზე საგადასახადო ორგანოს უარი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებაა. აღნიშნულ საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოების კომპეტენციას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში თავად გადაწყვიტოს ზედმეტად გადახდილი თანხის სოციალური გადასახადის ანგარიშში ჩათვლის ნაწილში სარჩელის დასაშვებობის საკითხი ან აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს. ამდენად, აღნიშნული საკითხი გადასაწყვეტად საქმე უნდა გადაეცეს განსჯად _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლში 2006 წლის 13 ივლისის კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ არის დაკმაყოფილებული ნაწილობრივ, მოსარჩელე გ. შ.-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. შ.-ის სარჩელი 2005 წლის 17 მარტის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. გ. შ.-ის სარჩელი ზედმეტად გადახდილი თანხის სოციალური გადასახადის ანგარიშში ჩათვლის ნაწილში დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად გადაეცეს განსჯად _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
5. გ. შ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.