ბს-617-587(კ-07) 20 ნოემბერი, 2007 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
გ. ილინას მდივნობით
კასატორი _ მ. მ-ე, წარმომადგენელი რ. პ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,
წარმომადგენელი _ ვ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ერთჯერადი დახმარების გაცემა
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
დ. მ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 5 წლის ერთჯერადი დახმარების გაცემა /იხ.ს.ფ. 1-3/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე 2004 წლის 14 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, წოდებით უფროსი ოფიცერი, სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკი. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. 2002 წლის 9 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო სამხედრო ტრავმა და სამედიცინო-სოციალური საექსპერტო კომისიის მიერ დაუდგინდა ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა, რის საფუძველზეც დაენიშნა სამხედრო პენსია ინვალიდობით. 2006 წლის 4 აპრილს დახმარების მისაღებად მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რაზეც უარი მიიღო.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული “სამხედრო ტრავმის შედეგად მოსარჩელე დაინვალიდდა, რაც აძლევს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 მე-101 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით დადგენილი ფულადი სარგოების 5 წლის ოდენობით დახმარების მიღების უფლებას.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანების 53-ე პუნქტის თანახმად: ,,სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის მიღების შემთხვევაში მიეცემა ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) დაინვალიდებისას - 5 წლის" /იხ.ს.ფ. 1-3/.
2006 წლის 21 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება შეჩერდა, ხოლო 2006 წლის 14 ივლისის განჩინებით საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე _ მ. მ-ე /იხ.ს.ფ. 27/.
საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2002 წლის 9 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დ. მ-ემ მიღო სამხედრო ტრავმა, სამედიცინო-სოციალური საექსპერტო კომისიის მიერ მას დაუდგინდა ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა, რის საფუძველზეც დაენიშნა პენსია ინვალიდობით. 2006 წლის 4 აპრილს მ. მ-ის მეუღლემ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 53-ე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად, დაინვალიდებისას ფულადი დახმარების 5 წლის თანამდებობრივი სარგოს მისაღებად მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რაზეც მას 2006 წლის 19 აპრილის წერილით ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" ¹493 ბრძანებულების 53-ე მუხლის ,,ა" პუნქტი და განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის მიღების შემთხვევაში, დაინვალიდებისას მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სასამართლოს დასკვნით, მითითებული ბრძანებულება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც მიღებულია ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ", ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით განსაზღვრული სოციალური პირობების მოწესრიგების მიზნით. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7000 ლარისა.
სასამართლოს განმარტებით, კანონის მითითებული მუხლი ერთჯერადი დახმარების გაცემას ითვალისწინებს უშუალოდ სამხედრო მოსამსახურის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ე იყო გარდაცვლილი, ხოლო ოჯახის წევრის მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემას არც ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი და არც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება არ ითვალისწინებდა, შესაბამისად სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 59-61/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი, კერძოდ, საქმე განიხილა 5 თვის დაგვიანებით. საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილი და განმარტა, რომ 2005 წლის 20 აპრილს შეტანილი ცვლილებები აღარ ითვალისწინებს ოჯახის წევრზე დახმარების გაცემას და იგი უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეზე უნდა გაიცეს, რაც არასწორია, რამდენადაც ,,ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე". მითითებული ნორმატიული აქტები, დღევანდელი მდგომარეობით, აღარ ითვალისწინებს ოჯახის წევრზე ერთჯერადი დახმარების გაცემას, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, ერთჯერადი დახმარება გაეცა ტრავმის მიღებისთანავე. აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1159-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინებაში შეძენილი ქონება წარმოადგენს საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) და ამ ქონებაზე მათ გააჩნიათ თანაბარი უფლებები, შესაბამისად სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 66-71/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაიარდ:
მოსარჩელე მ. მ-ე წარმოადგენს დ. მ-ის მემკვიდრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული სამკვიდრო მოწმობით. ჯანმრთელობის დაზიანება მოსარჩელე დ. მ-ემ მიიღო 2002 წლის 9 ივნისს, ხოლო სასამართლოში სარჩელი ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ აღიძრა 2006 წლის 20 აპრილს.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი და განმარტა, რომ სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს ქონებრივი ხასიათის მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე, რომლის ვალდებულება წარმოიშობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. აღნიშნული მოთხოვნა არ წარმოადგენს პირადი ხასიათის ქონებრივ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება არსებობდეს მხოლოდ პირის სიცოცხლეში და შეწყდეს მოსარჩელის გარდაცვალებით. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობა არ ვრცელდება მხოლოდ პირად არაქონებრივ უფლებებზე და მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის დანაწესით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან _ იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, შეადგენს სამ წელს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება, რომლის მოთხოვნის ვადა არის სამი წელი, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ვალდებული პირი უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა მოქმედების შესრულებაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა სასარჩელო ხანდაზმულობის შეწყვეტის გარემოებები, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნის აღიარება.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებები, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლი და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებიდან, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სხეულის დაზიანება მიიღო 2002 წელს, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი _ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები 2004 და 2005 წლებში იქნა მიღებული, ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტები არ შეიცავს დათქმას უკუქცევით ძალაზე, შესაბამისად მ. მ-ის სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 96-99/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 103-111/
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევებით, არ არის გამორკვეული საქმის არსებითი გარემოებები; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე და 389-ე მუხლები, გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული ,,შესავალი", ,.აღწერილობითი", ,,სამოტივაციო" და ,,სარეზოლუციო" ნაწილები.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომელიც მოპასუხეს არ გაუხდია სადავოდ, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი ერთჯერადი დახმარების თანხის ანაზღაურების შესახებ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ბრძანება, რომლის შესრულების დროსაც მოსარჩელემ მიიღო სამხედრო ტრავმა, არ იყო დადასტურებული ბრძანების გამცემი მეთაურის მიერ, ხოლო სასარჩელო განცხადება სასამართლომ არ დააკმაყოფილა სულ სხვა გარემოების გამო, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სამხედრო ტრავმით შესაძლებლობის ზომიერად შეზღუდვის (ინვალიდობის) დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა არა უშუალოდ ტრავმის მიღების დღეს, 2002 წლის 9 ივნისს, არამედ შემდგომი მკურნალობის კურსის ჩატარებისა და რეაბილიტაციის პროცესის გავლის შემდეგ, 2004 წლის ნოემბერსა და 2005 წლის იანვარში.
კასატორის მითითებით, მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ კანონისმიერია და არა სახელშეკრულებო ვალდებულება. ამდენად, ამ მოთხოვნაზე სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადის გავრცელება უკანონობაა, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს ვალდებულების წარმოშობისათვის ხელშეკრულების არსებობის აუცილებლობას, ხოლო ამგვარი ხელშეკრულება მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული არ იყო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების არსებობა არ არის სავალდებულო, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კასატორმა მიუთითა, რომ მისი მეუღლე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ზიანის შედეგად დაინვალიდდა და ინვალიდობის ფაქტი 2005 წლის 21 იანვარს დაუდგინდა. აღნიშნული საფუძვლებით სარჩელის დაკმაყოფილებას კი ითვალისწინებს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება ვერ გავრცელდება განსახილველ შემთხვევაზე, იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი ეხება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, მაშინ როცა კანონი დახმარების, მხოლოდ ერთჯერად გაცემას ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 “ეI” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სარჩელი იყო ხანდაზმული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლის საფუძვლით, რაც სრულიად დაუსაბუთებელია. ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობას შეუფარდა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით: ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი აქვს სსსკ-ის 393.2. მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას: სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის II თავი (128-146 მუხლები), რომლებიც აწესრიგებს სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ცნებას, სახეებს, ვადებს. ამავე კოდექსის I მუხლით განსაზღვრულია მისი მოქმედების სფერო, კერძოდ, ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128.3. მუხლის მიხედვით, სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. ეს ვადა არის საერთო წესის განმსაზღვრელი. კოდექსი ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო ხანდაზმულობის ვადებს, ასე მაგალითად: 129-ე მუხლით განისაზღვრა სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალური ვადები, რაზეც პირდაპირ მიუთითებს მუხლის სათაურის შინაარსი, რომ ნორმაში განსაზღვრული ვადები ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნებზე, მათ შორის, მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, პერიოდული ვალდებულებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა არა კერძოსამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, პერიოდული ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნა, არამედ, საჯარო სამართლებრივი, კერძოდ, კანონისმიერი ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა, ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რაც თვისობრივად კარდინალურად განასხვავებს მას კერძოსამართლებრივი ვალდებულებითი სამართალურთიერთობისგან. მოცემულ სამართალურთიერთობას აწესრიგებს საჯარო სამართლის ნორმატიული აქტები _ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებები, “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონი, შესაბამისად, საჯარო სამართლებრივი უფლების რეალიზაციისას დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს კერძოსამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადები, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით.
განსახილველი დავა არათუ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან, არც ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან არ წარმოშობილა, იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზეა წარმოშობილი (ამაზეა დამყარებული მოთხოვნა), სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი არ ადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებს. ამასთან სარჩელის საგანი არც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს, რამდენადაც სარჩელის საგანია სამხედრო ტრავმის მიღების გამო ერთჯერადი დახმარების გაცემა, ერთჯერადად შესასრულებელი ვალდებულება, რაც არცერთ შემთხვევაში არ თავსდება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულების განსაზღვრებაში.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებები, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლი და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებიდან, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სხეულის დაზიანება მიიღო 2002 წელს, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი _ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები 2004 და 2005 წლებში იქნა მიღებული. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტები არ შეიცავს დათქმას უკუქცევით ძალაზე.
საკასაციო სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის საფუძველზე განმარტავს, რომ სწორედ მითითებული კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურების, მათი ოჯახის წევრებისა და მსახედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიას. კანონის 2.7. მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებზე, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები.
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საკანონმდებლო აქტი მიღებულია 1998 წლის 25 ივნისს, დ. მ-ემ სამხედრო ტრავმა მიიღო 2002 წელს _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მოქმედების პერიოდში. უფრო მეტიც, მითითებული კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო უზრუნველყოფა, ხოლო 16.3. მუხლის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 5 წლის საზღაურის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება მიღებულ იქნა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული სოციალური პირობების მოწესრიგების მიზნით და მითითებული ნორმატიული აქტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს განესაზღვრათ და დაუდგინდათ სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დაკვნა, რომ მითითებული ნორმატიული აქტები არ შეიცავს დათქმას უკუქცევით ძალაზე, რაც მ. მ-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი გახდა, სრულიად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონის სწორი და სრულყოფილი განმარტებიდან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დარღვეულია სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული დასკვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტებს, რომ: დ. მ-ემ 2002 წლის 9 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო სამხედრო ტრავმა, სამედიცინო-სოციალური საექსპერტო კომისიის მიერ მას დაუდგინდა ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა, რის საფუძველზეც დაენიშნა პენსია ინვალიდობით. ს.ფ. 6-ზე მდებარე 2004 წლის 9 ნოემბრის ავადმყოფობის მოწმობის თანახმად, დ. მ-ემ დაავადება მიიღო სამხედრო სამსახურის პერიოდში. ამასთან, აღნიშნული ავადმყოფობის მოწმობის თანახმად, დ. მ-ეს დაუდგინდა დაავადების ხარისხი _ შეზღუდულად ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის. სამხედრო საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე დ. მ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან, ავადმყოფობის გამო, გათავისუფლდა 2004 წლის 14 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 53-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, “სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის მიღების შემთხვევაში მიეცემა ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) დაინვალიდებისას – 5 წლის; ბ) მძიმე ჭრილობისას – 10 თვის; გ) მსუბუქი ჭრილობისას _ 5 თვის; ტრავმის სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს შესაბამისი სამხედრო-სამედიცინო კომისია”.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლი (“ა” პუნქტი) ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უშუალოდ მიღებული ტრავმის შედეგად დაინვალიდნენ. აღნიშნული გამომდინარეობს თავად ნორმის დისპოზიციიდან, რომელიც ტრავმის სიმძიმის ხარისხის მიხედვით ადგენს ფულადი სარგოების ოდენობას. ამდენად, მითითებული ნორმა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებას უკავშირებს ტრავმის მიღების მომენტში არსებული დაზიანებების არსებობას შესაბამისი დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ნამსახური წლების მიხედვით ერთჯერადი დახმარების გაცემას ფულადი სარგოების შესაბამისი ოდენობით, ითვალისწინებს “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლი, თუმცა დ. მ-ეს ამ საფუძვლით არ აღუძრავს სარჩელი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში, ამასთან განსაზღვროს, სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონისა თუ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 53-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე, რამდენადაც “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება მიღებულია “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის შესასრულებლად, მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტი ერთობლივად არეგულირებს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო ტრავმის მიღების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების გაცემას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს იმ გარემოებაზე, სახეზეა თუ არა მ. მ-ის სარჩელის “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 16.3. მუხლის /რომელიც ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, მის ოჯახისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების სახით 5 წლის საზღაურის ანაზღაურებას/ საფუძველზე დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.