Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-619-591(კ-08) 17 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ც.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინებით მ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.07.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 27.03.08წ. განჩინება 16.05.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც.-მ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოვილება მოითხოვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “თ” ქვეპუნქტების მიხედვით საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს იმ პირთა დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი და საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.06.08წ. განჩინებით მ. ც.-ს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორის წარმომადგენლისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ ა. ც.-ს ხსენებული განჩინება 04.07.08წ. ჩაჰბარდა. ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 11.07.08წ. ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, მ. ც.-ის და მისი წარმომადგენლის ა. ც.-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” და “თ” ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ც.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.