Facebook Twitter

¹ბს-621-588(კ-06) 8 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

01.07.05წ. ნ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიუღებელი პენსიის ანაზღაურება და 2005 წლის 1-ლი იანვრიდან 129 ლარის ოდენობით პენსიის დანიშვნა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის ომის მონაწილე და ღებულობს 45 ლარის ოდენობით პენსიას. ,,ომის და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ" კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-15 მუხლის 26-ე პუნქტის და ორი სახის პენსიის დანამატის შესახებ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 12.02.03წ. ¹16/16-251 წერილის თანახმად, მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 1 იანვრიდან პენსიაზე დაემატა 42 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, ის მაინც 45 ლარის ოდენობით პენსიას იღებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.05წ. გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ 2005 წლის 1 აგვისტოდან ასაკის გამო პენსიაზე დანამატის სახით 56 ლარის დამატება დაეკისრა, 2004 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიებს შორის სხვაობის გადაანგარიშების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა.

16.12.05წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და განმარტა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველობის შესახებ” “საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 28.10.05წ. კანონი, რომლის 63-ე მუხლით განსაზღვრული იყო მე-60 მუხლის 2006წ. 1 იანვიდან ამოქმედება და აღნიშნული დებულება ვრცელდებოდა 2005 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომლის არსებობის პირობებშიც შეუძლებელი იყო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება.

19.04.06წ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელწიფო ფონდმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.05წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.06წ. გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.05წ. გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ნ. ჩ-ის სასარგებლოდ 2005 წლის 1-ლი აგვისტოდან დანამატის სახით 56 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჩ-ის მოთხოვნა დანამატის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ჩ-ი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. რადგან იგი არ წარმოადგენდა კანონის პირველი მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს და არც სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ I ან II ჯგუფის ინვალიდს, რის გამო მასზე არ უნდა გავრცელებულიყო მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება პენსიებს შორის სხვაობის გადაანგარიშების თაობაზე და აღნიშნა, რომ ნორმა, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა უნდა ამოქმედებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან. 23.12.05წ. კანონით 45-ე მუხლი ამოღებულ იქნა კანონიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა.

კასატორმა აღნიშნა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის ახალი რედაქცია, რომელიც შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ამოქმედდა 2005 წლის 1-ლი აგვისტოდან. აღნიშნული მუხლის თანახმად, მის 45 ლარიან პენსიას უნდა დამატებოდა 2 სახის პენსია: ომის მონაწილეობის მიხედვით და ასაკის გამო. სულ 84 ლარი უნდა მიეღო.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს 30.09.05წ. გადაწყვეტილება და აგრეთვე, უსამართლოდ უთხრა უარი სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 16.10.06წ. წარმოდგენილ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონის მე-60 მუხლი და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდმა პალატამ განმარტა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტთა წრე და აღნიშნა, რომ საამისოდ პირი უნდა ყოფილიყო 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე ოფიცერი, 75 წელს გადაცილებული ან/და I და II ჯგუფის ინვალიდი, რაც სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა 2003 წელს მიიჩნია კიდეც ორ სახეობის პენსიის დანიშვნის საფუძვლად.

კასატორის განცხადებით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული იყო, რომ 17.06.05წ. კანონის შესაბამისად 2005 წლის 1-ლი აგვისტოდან ორი სახის პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ სამამულო ომის მონაწილეებს, რომელთაც შეუსრულდათ 70 წელი და რომელთა ინვალიდობა არ არის დაკავშირებული ფრონტთან. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს 30.06.06წ. გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხე ორგანიზაციისათვის 2005 წლის 1-ლი აგვისტოდან მისთვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის დავალდებულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.10.06წ. განჩინებით ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს მიეცათ უფლება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებანი.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა 09.11.06წ. წარმოადგინა მოსაზრება. მოპასუხე ორგანიზაცია თვლის, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს და მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად.

14.11.06წ. ნ. ჩ-მა წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ვინაიდან ორი სახის პენსიის დანიშვნა ახალი მოვლენაა ქართულ სინამდვილეში, რაც ჩამოყალიბების გზაზე დამდგარ ქართულ სახელმწიფოს შესაძლებლობას უქმნის ახლებურად შეაფასოს 1941-45 წლების ისტორიული გამარჯვების მნიშვნელობა და ღირსეულად დააფასოს მასში მონაწილე პირთა დამსახურება კაცობრიობის წინაშე.

ნ. ჩ-ის აზრით, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი იმ მოტივითაც, რომ სააპელაციო პალატის მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებას, რომლის თანახმად, ორი სახეობის პენსია უნდა დანიშვნოდათ დიდი სამამულო ომის მონაწილე პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი და მინიჭებული ჰქონდათ ოფიცრის წოდება და/ან იყვნენ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული I და II ჯგუფის ინვალიდები. კასატორის განცხადებით, იგი მითითებულ პირობებს სრულად აკმაყოფილებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას(იხ. მაგ.: 30.01.06წ., ¹ბს-593-561(კ-06); 08.11.06წ., ¹ბს-509-483(კ-06)).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.