Facebook Twitter

ბს-621-593(კ-08) 8 სექტემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. ლ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის მერია (მოპასუხე)

დავის საგანი – საკუთრების რესტიტუციის შედეგად საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. ლ.-მ 2005 წლის ივლისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა მისი პაპის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, ხოლო ქონების დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესაბამისად.

რ. ლ.-მ სარჩელის საფუძვლად მიუთითა, რომ იგი სამშობლოს თავისუფლებისათვის დახვრეტილი გ. ლ.-ის შვილიშვილია, რომელიც ქ. ჩ.-ის მეგობარი იყო. 1921 წელს საქართველოს ანექსიის შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ქვეყნის თავისუფლებისათვის მებრძოლი რაზმი ჩამოაყალიბა, რომელსაც საკვები პროდუქტებით ამარაგებდა მოსარჩელის პაპა, რის გამოც იგი საოკუპაციო რეჟიმმა ჯერ დააპატიმრა, ხოლო 1922 წლის 6 სექტემბრის დადგენილების თანახმად, რომელიც საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ იქნა მიღებული, ქაქუცას რაზმის წევრებთან ერთად დახვრიტა. მის ოჯახს ჩამოართვეს საკუთრებაში დარჩენილი სახლი ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა ¹64-ში და საცხოვრებლად მხოლოდ ერთი ოთახი დაუტოვეს. მოსარჩელის განმარტებით, 1958 წლის 19 ივნისს საბჭოთა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს ¹851 გადაწყვეტილებით გ. ლ.-ი რეაბილიტირებული იქნა, თუმცა რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ქონება, მათ შორის ამ სარჩელის საგანიც ორსართულიანი სახლი სარდაფითურთ, ლ.-ების ოჯახს არ დაუბრუნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ლ.-ი არის გ. ლ.-ის შვილიშვილი, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი გ. ლ.-ის დაბადების მოწმობით, მისი და ო. ლ.-ის ქორწინების მოწმობით, ო. ლ.-ის გარდაცვალების მოწმობით, მ. ლ.-ის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებით, აგრეთვე მოსარჩელე რ. ლ.-ის დაბადების მოწმობით.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის პაპა, საოკუპაციო რეჟიმმა ჯერ დააპატიმრა, ხოლო 1922 წლის 6 სექტემბრის დადგენილების თანახმად, რომელიც საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ იქნა მიღებული ქაქუცას რაზმის წევრებთან ერთად დახვრიტა. გ. ლ.-ი 1958 წლის 19 ივნისს საჭოთა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს ¹851 გადაწყვეტილებით რეაბილიტირებული იქნა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1920 წლის 31 იანვარს გ. ლ.-სა და კ. კ.-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...-ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, ასევე 1920 წლის 5 თებერვალს გ. ლ.-ზე გაიცა ნოტარიულად დამოწმებული ამონაწერი სანოტარო საარქივო წიგნიდან, სადაც სადავო მიწის ნაკვეთის კოორდინატებია მითითებული. სასამართლოს მითითებით, ამასვე ადასტურებს საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცეტრალური არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად თბილისში 1928 წ მუნიციპალიზებული სახლების სიაში ...-ს ქუჩა ¹64-ში მდებარე სახლი ირიცხბეოდა ო. ლ.-ის სახელზე და იმავე ფურცელზე მოიხსენიება ო. ლ.-ი, ისე, რომ მამის სახელი აღნიშნული არ არის.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ...-ის ქუჩა ¹64-ში მდებარე მობინადრეების მიერ საცხოვრებელი ბინები პრივატიზებულია, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ჩუღურეთის რაიონის კომუნალური მომსახურებისა და საბინაო საკითხთა გაერთიანება ფილიალის ,,... უბანის” მიერ 2000 წლის 11 მარტს გაცემული ცნობით, შესაბამისად სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა ქონების დაბრუნების თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას სადავოდ არ გაუხდია შესაბამის მობინადრეთა მიერ გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულებათა კანონიერება, რის გამოც სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი ასევე იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1433-ე, 1435-ე მუხლების შესაბამისად ითვლება, რომ მან მიიღო მამკვიდრებლის მთელი სამკვიდრო და რომ იგი დიდი ხანია შეუდგა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ ფლობას და მართვას, რითაც დაადასტურა სამკვიდროს მიღება, მით უფრო, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ სადავო ქონება მემკვიდრეობით ერგო რ. ლ.-ს.

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში საკომპენსაციო თანხის სახით 493 500 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე.

სასამართლომ საქმის მასალებიდან დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონება მუნიცპლიზებული იქნა 1928 წელს, ხოლო გ. ლ.-ის მეუღლე ო. ლ.-ი გარდაიცვალა 1979 წლის 27 იანვარს, შესაბამისად მისი გარდაცვალების მომენტისათვის სადავო ქონება სამკვიდროს მასაში ვერ შევიდოდა, ვინაიდან იგი მის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა ,,საქართევლოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა უფლება და თავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. ლ.-ი მართალია 1922 წლის 6 სექტემბრის დადგენილების თანახმად, რომელიც საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ იქნა მიღებული, ქაქუცას რაზმის წევრებთან ერთად დახვრიტეს და 1958 წლის 19 ივნისს საბჭოთა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს ¹851 გადაწყვეტილებით რეაბილიტირებული იქნა, მაგრამ არ არის აღიარებული მითითებული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რის გამოც იგი არ წარმოადგენს ,,საქართველოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დაცულ სუბიექტს, რომლის უფლებათა დაცვასა და აღდგენას, მათ შორის ქონებრივი უფლებებისა, ითვალისწინებს მითითებული კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საქართველოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით ცალსახად განისაზღვრა, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს და მის მემკვიდრეს უფლება აქვთ დაიბრუნონ საქმეში შენახული პირადი ხელნაწერები, საბუთები და დოკუმენტის ასლები, აგრეთვე პირადი ნივთები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ლ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით რ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულიად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტობრივად დადგენილ გარემოებებს და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია საჭოთა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1958 წლის 19 ივნისის ¹851 გადაწყვეტილებით გ. ლ.-ი, რეაბილიტირებულ იქნა, მაგრამ ჩამორთმეული ქონება და მათ შორის სადავოდ გამხდარი ორსართულიანი სახლი სარდაფითურთ ლ.-ების ოჯახს არ დაუბრუნდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით არ ირკვევა გ. ლ.-ი აღიარებულ რომ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. ვინაიდან გ. ლ.-ს ასეთი სტატუსი არ გააჩნია, შესაბამისად ის არ წარმოადგენს იმ პირს, რომელიც ზემოაღნიშნული კანონით რეგლამენტაციის სფეროში მოექცევა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის, როგორც 1923 წლის, ასევე 1964 წლის რედაქციების დანაწესით ხანდაზმულობის ვადა დარღვეული სამოქალაქო უფლებების აღდგენისათვის განისაზღვრებოდა 3 წლით. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით საკუთრების დაბრუნება არ მოუთხოვია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის, ხოლო 1928 წლისთვის საქმის მასალების თანახმად სადავო ქონება მუნიციპალიზირებულ იქნა, გ. ლ.-ის მეუღლე კი ო. ლ. გარდაიცვალა 1979 წლისათვის. გარდაცვალების მომენტისათვის კი სადავო ქონება ო. ლ.-ის სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა, რადგანაც აღარ წარმოადგენდა ლ.-ების საკუთრებას.

რ. ლ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 336-ე, 1421-ე, 1433-ე, 1435-ე და 183-ე მუხლები.

კასატორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ თითქოს საქმის მასალებით არ ირკვევა, გ. ლ.-ი აღიარებულ რომ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სახდომაზე წარადგინა ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ლ.-ის მამის, ანუ გ. ლ.-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, მაგრამ მოსამართლემ უარი განუცხადა აღნიშნული მტკიცებულების მიღებაზე.

კასატორს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სადავო ქონება ძალით იქნა წართმეული, ხოლო კასატორის ბაბუა რეპრესირებული. საქართველოში დემოკრატიული წყობილების აღდგენისთანავე უკანონოდ ჩამორმეული ქონების დაბრუნება დადგა დღის წესრიგში, თუმცა მაშინ მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდული იყო. მას, როგორც მემკვიდრეს, ქონების დაბრუნების უფლება წარმოეშვა 1997 წლის 25 ნოემბრიდან, როცა ძალაში შევიდა სამოქალაქო კოდექსი. ამდენად კასატორს მიაჩნია, რომ მას ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არა აქვს. კასატორის მითითებით, 1991 წლის 9 აპრილს აღიარებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველო არის 1921 წლის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამართალმემკვიდრე, ხოლო აღნიშნული დროიდან 1991 წლამდე პერიოდი აღიარებულია ძალადაკარგულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.