¹ბს-622-592(კ-07) 18 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი/მ “მ. მ.-მ” სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენა და მათზე დარიცხული საურავების ჩამოწერა (იხ. ს.ფ. 2-3).
საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ “მ. მ.-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა; ი/მ “მ. მ.-ს” ჩაეთვალა ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ს ძირითადი თანხა _ 30471.60 და გაუქმდა მასზე დარიცხული საურავი _ 3984.99 ლარი (იხ. ს.ფ. 75-77).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 80-81).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 106-111).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 130-131).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის და 11 ივლისის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორების მიერ წარმოდგენილი იქნა მოსაზრებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რომელშიც მხარეებმა განმარტეს, რომ საკასაციო საჩივრები ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად (იხ. ს.ფ.).
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ ი/მ “მ. მ.-მ” წარმოადგინა მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რომელშიც განმარტა, რომ საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის და 11 ივლისის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, რამდენადაც საკასაციო საჩივრები არ შეიცავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით დადგენილ დასაშვებობის წინაპირობებს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, ასევე საქმეს არ გააჩნია მნიშვნელობა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, კერძოდ, მსგავსი კატეგორიის დავებზე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.