საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-623-595(2კ-08) 30 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე ბ. ს.-ის მიმართ.
2007 წლის 14 თებერვალს ბ. ს.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ¹8/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ს.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ¹8/კ ბრძანების ბათილად ცნობა, წინანდელ _ მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და 2007 წლის 15 იანვრიდან საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. ს.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 15 იანვრის ¹8/კ ბრძანება ბ. ს.-ის მინისტრის მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბ. ს.-თვის 2007 წლის 15 იანვრიდან 2007 წლის 30 აგვისტომდე განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ს.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომაც გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 16 მაისს (ს.ფ. 196), ამავე სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი კი 2008 წლის 18 ივნისს წარადგინა, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისთვის 2008 წლის 16 ივნისს ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.