¹ბს-628-595(კ-06) 24 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. შ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 9 აგვისტოს ი. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის მიმართ და მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალში, უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, .... თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის უფროსის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹38 ბრძანებით, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალში 2000 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის კომპლექსური რევიზიის შედეგად გამოვლენილი დარღვევები, რომლებზე პასუხისმგებლადაც ი. შ-ი იქნა მიჩნეული. 2005 წლის 1 ივლისს მოპასუხის მიერ გამოცემულ იქნა ¹22 ბრძანება, რომლის მიხედვითაც მისი სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა მისი დროებითი შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის პერიოდის გასვლის შემდეგ.
ი. შ-ის მითითებით, მოპასუხის ბრძანება სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო და იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატის აქტში მითითებული დარღვევები მისი ბრალით არ იყო გამოწვეული და მისი მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კონტროლის პალატის აქტში მითითებულ დარღვევებზე პასუხისმგებელი ი. შ-ი იყო, რამაც მის მიმართ ნდობის დაკარგვა გამოიწვია და სწორედ აღნიშნული გახდა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 სექტემბერის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორთან შეთანხმებული იყო, ამასთან, მოსარჩელისადმი ნდობის დაკარგვა სწორედ კონტროლის პალატის აქტის მიხედვით დადგენილი დარღვევების შედეგს წარმოადგენდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება ი. შ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹38 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ი. შ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის უფროსს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელობასთან უნდა შეეთანხმებინა, რასაც ითვალისწინებდა აღნიშნული ფონდის დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹01/163-ო ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დებულება და რაც არ მომხდარა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის ყოფილი უფროსის მოადგილის განცხადების თანახმად, იმ დარღვევებს, რის საფუძველზეც 2005 წლის 1 ივლისის ¹22 ბრძანებით დასახელებული ფილიალის რიგი თანამშრომლები დაისაჯნენ, იგი საკუთარ ბრალეულობად აღიარებდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო ი. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტზე მითითება, რადგან მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ი. შ-ი ამ დებულებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტს საერთოდ არ წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ი. შ-ი, როგორც ..... თანამდებობაზე, უშუალოდ არ ემსახურებოდა ფულად და სასაქონლო ფასეულობებს და თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, მას შეიძლებოდა შუალედურად ჰქონოდა შემხებლობა ხსენებულ ფასეულობებთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი, რაც გამოიხატა იმაში, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალმა 2006 წლის 6 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარუდგინა შუამდგომლობა ახალი ფაქტისა და მტკიცებულების წარდგენის შესახებ, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის საფუძველზე გატარებული ღონისძიებების მართლზომიერება. აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე მოპასუხე ასაბუთებდა, რომ მოქალაქე ა. ჭ-ის საპენსიო საქმეში აღმოჩნდა ქორწინების მოწმობის ასლი, რომლის დედანთან სისწორესაც ადასტურებდა მოსარჩელე ი. შ-ი. ხსენებული ასლის საფუძველზე ა. ჭ-ს დაენიშნა მარჩენალდაკარგულის პენსია 1995 წლის 1 მაისიდან. აღნიშნული ფაქტით დაინტერესებულმა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის ხელმძღვანელობამ წერილით მიმართა გორის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამისამართო სამსახურის განყოფილებას, სადაც შესაბამისი ქორწინების სააქტო ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ანუ ქორწინების მოწმობის დედანი საერთოდ არ არსებობდა და ი. შ-მა შექმნა ხსენებული მოწმობის ყალბი ასლი და შეიტანა იგი შესაბამის საპენსიო საქმეში, რის საფუძველზეც პენსია კანონის დარღვევით დაენიშნა ა. ჭ-ს და 2005 წლის დეკემბრამდე ბიუჯეტიდან ზედმეტად გაიცა 772,22 ლარი, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი.
კასატორი აღნიშნავს, რომ გორის რაიონის გამგეობის 2003 წლის 8 ოქტომბრის ¹17 დადგენილებით მოქალაქე კ. მ-ს ნება დაერთო მეურვეობა გაეწია დედ-მამით ობოლი ძმისშვილისთვის _ გ. მ-ის. 2003 წლის 2 სექტემბრიდან გ. მ-ს დაენიშნა მარჩენალდაკარგულის პენსია, მაგრამ ეს საკითხიც ი. შ-ის უკანონო მოქმედებით იქნა გადაწყვეტილი, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ გაიცა 628 ლარი და სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც იზარალა. ი. შ-ის დანაშაულებრივ დარღვევებსა და აღნიშნულ მტკიცებულებებზე მოკვლევა დაიწყო შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ. ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა დასახელებული მტკიცებულებები და თავის გადაწყვეტილებაშიც არ იმსჯელა აღნიშნული დარღვევების შესახებ, რითაც დაარღვია მიუკერძოებლობის პრინციპი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებაც ამის გამო არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის ერთ-ერთი საფუძველია.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახაა და ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ არასრულყოფილ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 ნოემბრის ¹01/143-ო ბრძანების მე-6 პუნქტის თანახმად, ფილიალის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს (გარდა ფილიალის უფროსის მოადგილისა და მთავარი ბუღალტრისა) ფილიალის უფროსი, აგრეთვე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 13 დეკემბრის ¹01/166-ო ბრძანებით ფილიალის უფროსებს მიენიჭათ სამუშაოდან იმ მუშაკების გათავისუფლების უფლებამოსილება, რომლებიც ვადიანი ხელშეკრულებით ან უვადოდ სამუშაოზე მიღებულნი არიან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 22 ივნისის ¹01/166-ო ბრძანების საფუძველზე. კასატორს უფლება ჰქონდა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოეცა ბრძანება ფილიალის მუშაკის _ ი. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, თუმცა სხვადასხვა დარღვევებისათვის ფილიალის მუშაკთა, მათ შორის, ი. შ-ის სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ წერილობითაც ეცნობა ხსენებული ფონდის ხელმძვანელობას და მასთან ზეპირი შეთანხმებაც მოხდა.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ი. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შემოწმებისას გამოვლენილი ცალკეული დარღვევებია, რომლებზე პასუხისმგებელ პირადაც მიჩნეულ იქნა ი. შ-ი. სააპელაციო სასამართლომ არც აღნიშნული გარემოება მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტი არასწორად განმარტა, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ადმინისტრაციის ინიციატივით ხდებოდა იმ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნიდა მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს. დასახელებული მუხლის ასეთი სახით ინტერპრეტაცია კონკრეტულ შემთხვევაში ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხოლოდ აპელანტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებზე აპელირება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ი. შ-ის, როგორც ..... თანამდებობაზე, უფლება-მოვალეობები ექვს პუნქტად არის ჩამოყალიბებული, ხოლო შესაბამისი ფილიალის დებულებაში მუშაკთა მსგავსი უფლება-მოვალეობები არ წერია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. შ-ი უშუალოდ არ ემსახურებოდა ფულად და სასაქონლო ფასეულობებს და მას არ შეიძლებოდა თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, შუალედურად ჰქონოდა შემხებლობა ფულად და სასაქონლო ფასეულობებთან და ამიტომ, იგი არ წარმოადგენდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის სუბიექტს, მაშინ, როდესაც ი. შ-ი, როგორც ..... თანამდებობაზე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ხელს აწერდა და პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო თანხების გაცემის კანონიერებაზე და უშუალოდ მისი ხელმოწერითა და დაშვებული დარღვევებით განიცადა სახელმწიფო ბიუჯეტმა ზარალი 2015 ლარის ოდენობით. კასატორის მტკიცებით, სწორედ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს და საქმეზე მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გორის სოცფონდის საკასაციო საჩივარი; მხარეებსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაბმულ მესამე პირებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 13 დეკემბრამდე.
2006 წლის 12 ოქტომბერს ი. შ-მა გორის სოცფონდის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსაზრება წარადგინა და მისი დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 24 იანვარს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში მოცემულია სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. ხსენებული მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ ყოველმხრივ არ გამოიკვლია, არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი ეხება შეჯიბრებითობასა და საქმის გარემოებების გამოკვლევას სასამართლოს მიერ. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა მე-4 მუხლებით რეგლამენტირებული მხარეთა შეჯიბრებითობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს, ხოლო მხარეთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზება მათ მიერ საკუთარი მოთხოვნების დასაბუთების მიზნით, უშუალოდ არის დამოკიდებული საქმის სასამართლო განხილვის სისრულეზე, რაც განისაზღვრება სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის (მტკიცებულებათა შეფასება) იმპერატიული მოთხოვნის შესრულების ხარისხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აუცილებლად უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რაც უნდა აისახოს შესაბამის საპროცესო დოკუმენტში. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შეიძლება მსჯელობა სასამართლოს მიერ მტკიცებულებების სრულყოფილად _ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევასა და შეფასებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, რომელიც ლეგალურადაა განმტკიცებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებში, ამასთან, ხსენებული კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირაა მითითებული სასამართლოს უფლებამოსილებაზე, საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
ამდენად, ადმინისტრაციული წესით საქმის განმხილველ სასამართლოს განსაკუთრებულად ევალება საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა მხარეს ართმევს შესაძლებლობას, დაასაბუთოს გამოუკვლეველ მტკიცებულებასთან დაკავშირებული თავისი მოთხოვნები, აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე შესაბამისი ფაქტების დამტკიცება-დადასტურებით უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, ანუ მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მხარეები სამართალწარმოებაში სარგებლობენ თანაბარი უფლება-მოვალეობებით. აღნიშნულის თაობაზე მართებულად მიუთითებს კასატორიც, რომელიც ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით დააკმაყოფილა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის შუამდგომლობა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, მასალები ა. ჭ-სა და კ. მ-ის საპენსიო საქმეებიდან მტკიცებულებების სახით დაურთო მოცემულ საქმეს, შემდგომში სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულ მტკიცებულებებზე და მათ მნიშვნელობაზე მოცემული დავის გადაწყვეტის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში არსებული სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმებითაც არ დასტურდება მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის მიერ წარდგენილი კონკრეტული მტკიცებულებების სასამართლოს მიერ გამოკვლევა და შეფასება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი სწორად მიუთითებს იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ი. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შესაბამისი შემოწმებისას გამოვლენილი ცალკეული დარღვევები, რომლებზე პასუხისმგებელ პირადაც მიჩნეულ იქნა ი. შ-ი. ამასთან, კასატორი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ი. შ-ი, როგორც .... თანამდებობაზე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ხელს აწერდა და პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო თანხების გაცემის კანონიერებაზე და უშუალოდ მისი ხელმოწერითა და დაშვებული დარღვევებით განიცადა სახელმწიფო ბიუჯეტმა ზარალი 2015 ლარის ოდენობით, რის გამოც სწორედ შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს, რაც არ გაუკეთებია.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მიუხედავად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის ზემოხსენებული მითითებისა, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულება _ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის კომპლექსური რევიზიის შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 2 ივნისის ¹116/47 აქტი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, მოცემული საქმის მასალებში არ მოიპოვება ი. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წერილობითი თანხმობა, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბათილად ცნობის საფუძველი. “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹01/163-ო ბრძანების მე-6 დანართი (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული (საქალაქო) ფილიალების მუშაკთა უფლება-მოვალეობები) იმპერატიულად არ მოითხოვდა მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელობის თანხმობას წერილობითი ფორმით, კერძოდ, ხსენებული დანართის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი მიუთითებდა, რომ ფილიალის უფროსი მონაწილეობდა კადრების შერჩევაში და ფონდის ხელმძღვანელობასთან ათანხმებდა წინადადებებს მუშაკთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ვინაიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მხრიდან არ არსებობს პრეტენზია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მისი თანხმობის არარსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი დაეთანხმა ამავე ფონდის გორის ფილიალის მიერ ი. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რაც უდავოდ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმიდან. აღნიშნულ სხდომაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამავე ფონდის გენერალურ დირექტორთან მოხდა ი. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შეთანხმება, რასაც დასახელებული წარმომადგენელი სადავოდ არ ხდიდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის უფროსის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹38 ბრძანების ბათილად ცნობას.
ამდენად, მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.