Facebook Twitter

¹ბს-628-598(კ-07) 13 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ჭ.-ის, ვ. ბ.-ის, გ. ბ.-ის, გ. ლ.-ისა და კ. ჭ.-ის წარმომადგენელ მ. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ვ. ჭ.-მ, კ. ჭ.-მ, გ. ლ.-მ, ვ. ბ.-მ და გ. ბ.-მ მოპასუხე ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2006 წლის 13 აპრილის დასკვნისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 5 მაისის ¹106 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელეები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს (თბილისი) პატრულ-ინსპექტორები. 2006 წლის 3 აპრილის დილის 9 საათიდან 4 აპრილის დილის 9 საათამდე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. დილის 7 საათსა და 05 წუთზე პატრულ-ინსპექტორის გ. ლ.-ის ცუდად გახდომის გამო იმყოფებოდნენ დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს ეზოში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაო საათების დასრულებამდე დარჩენილი იყო მცირე დრო, გ. ლ.-მ გადაწყვიტა ბოლომდე შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რა დროსაც მოხდა მათი გადამოწმება ოცმეთაურის, ასმეთაურისა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ.

იმ პირობით, რომ სამივე ეკიპაჟის წევრები მხოლოდ საყვედურს მიიღებდნენ ...-ის განყოფილების მოთხოვნით, მათივე კარნახით მოსარჩელეებს ჩამოერთვათ მოპასუხისათვის სასურველი ახსნა-განმარტება.

2006 წლის 10 მაისს მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ისინი გათავისუფლებილ იქნენ სამსახურიდან 2006 წლის 5 მაისის ბრძანებით. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანება გამოცემულია «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 45-ე მუხლის, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და აღნიშნული დებულების მე-40 მუხლის მოთხოვნების დარღვევით.

სამუშაოდან გათავისუფლებისას არ გაუთვალისწინებიათ მოსარჩელეთა ოჯახური მდგომარეობა, რამდენადაც მათ ოჯახებში არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი, დისციპლინური სასჯელის დადებისას გათვალისწინებული არ ყოფილა «ჩადენილი გადაცდომის» სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები და მოსარჩელეთა პროფესიონალიზმი (ს.ფ. 2-5).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჭ.-ის, კ. ჭ.-ის, გ. ლ.-ის, ვ. ბ.-ისა და გ. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 5 მაისის ¹106 პ/შ ბრძანება მოსარჩელეების საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხეს დაევალა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეებთან მიმართებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი მოსაზრებებით:

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 5 მაისის ¹106 პ/შ ბრძანებით მოსარჩელეები _ გ. ბ.-ი, კ. ჭ.-ე, ვ. ბ.-ი, ვ. ჭ.-ე და გ. ლ.-ე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნენ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2006 წლის 13 აპრილის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ...-ის განყოფილების უფლებამოსილი პირების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ... შემადგენლობის შემოწმებით აღმოჩნდა, რომ ...-ს ქ. ¹22-ში არსებული დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ეზოში გაჩერებული იყო დიდუბე-ჩუღურეთის ...-ის საპატრულო ეკიპაჟები ბორტი ¹..., ¹... და ¹... შემადგენლობით გ. ლ.-ე, კ. ჭ.-ე, კ. მ.-ე, ვ. ჭ.-ე, ვ. ბ.-ი და გ. ბ.-ი, რომლებსაც ეძინათ ავტომანქანაში.

ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, სამივე ეკიპაჟის ..., ... და ...-ის წევრებს, პატრულ-ინსპექტორებს გ. ლ.-ს, კ. ჭ.-ს, კ. მ.-ს, ვ. ჭ.-ს, ვ. ბ.-სა და გ. ბ.-ს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები, სადაც მათ აღიარეს, რომ მათ მიერ ჩადენილ იქნა დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა მათ მიერ თვითნებურად მათთვის განკუთვნილი კვადრატების უმეთვალყურეოდ მიტოვებაში სადგურ «...-ზე» დაფიქსირების გარეშე. მათ აღიარეს, რომ ეძინათ და ადგილმდებარეობის გადამოწმების დროს მიუთითეს ცრუ ინფორმაცია.

წარდგენილი ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 2006 წლის 4 აპრილს დაახლოებით 7 საათზე, როდესაც გადამოწმებულ იქნენ ოცმეთაურისა და ასმეთაურის მიერ, მათთვის განკუთვნილი კვადრატები მიტოვებული ჰქონდათ და დასაძინებლად იმყოფებოდნენ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ეზოში.

ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 აპრილის დასკვნის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღმოჩენილი დისციპლინური გადაცდომის შესახებ ... სამმართველოს პირადი შემადგენლობის შემოწმება განხორციელდა ...-ის განყოფილების უფლებამოსილი პირების მიერ. შესაბამისად, დასკვნა, რომელიც დამტკიცდა გ. გ.-ის მიერ, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის ...-ს უფროსის მოადგილესთან ერთად შეთანხმებული იყო მთავარი ...-ის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ. ჭ.-ისა და ...-ის განყოფილების უფროსის მ. გ.-ის მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 27 აპრილის ¹414 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების» მე-12 მუხლის თანახმად, მართვისა და კონტროლის განყოფილება ახორციელებს საპატრულო ეკიპაჟების განაწესის შესრულების და პატრულ-ინსპექტორების მიერ მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლს.

მოსარჩელეთა გათავისუფლების მომენტისათვის მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის თანახმად, საპატრულო ეკიპაჟის განწესის შესრულების და პატრულ-ინსპექტორების მიერ მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება ევალებოდა მართვისა და კონტროლის განყოფილებას, ხოლო მოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის მიღებისას ...-ის სამმართველო დეპარტამენტის სტრუქტურაში გათვალისწინებული არ იყო.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ მათთვის დისციპლინური სასჯელი დადებული უნდა ყოფილიყო უფროსისათვის მომხდარი გადაცდომის შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც საფუძვლად დაედო გათავისუფლების ბრძანებას, ხოლო დისციპლინური სასჯელი უნდა ყოფილიყო დადებული სამსახურებრივი შემოწმებისას არაუგვიანეს ერთი თვისა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 5 მაისის ¹106 პ/შ ბრძანების საფუძველს, მიღებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ (191-195).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ვ. ჭ.-ის, კ. ჭ.-ის, გ. ლ.-ის, ვ. ბ.-ისა და გ. ბ.-ის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 აპრილის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი და აღნიშნულ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (ს.ფ. 196-197).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით^ გაასაჩივრა თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველს მხოლოდ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ მოსარჩელეების მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარეს არაუფლებამოსილმა პირებმა, კერძოდ, ...-ის სამმართველოს უფროსის მოადგილემ და ამავე სამმართველოს განყოფილების უფროს-ინსპექტორმა, მაშინ როცა ამგვარი სამმართველო შინაგან საქმეთა მინისტრის ¹414 ბრძანებით დამტკიცებულ «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით» განსაზღვრული არ იყო.

აპელანტის განმარტებით, მართალია, ¹414 დებულებით ...-ის სამმართველო არ იყო განსაზღვრული, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 19 იანვრის ¹83 ბრძანებით დამტკიცდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში ცვლილებები და შეიქმნა ...-ის სამმართველო. სწორედ ამის შემდეგ ...-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა გ. ჭ.-ი, ხოლო ამავე სამმართველოს ...-ის განყოფილების უფროს ინსპექტორად _ გ. გ.-ე ¹218პ/შ და ¹691პ/შ ბრძანებებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა უფლებამოსილი პირების მიერ (ს.ფ. 237-238).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ჭ.-ის, კ. ჭ.-ის, გ. ლ.-ის, ვ. ბ.-ისა და გ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 4 აპრილს, მოსარჩელეები, იმყოფებოდნენ რა განაწესში, გაჩერებული ჰქონდათ საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანები ...-ს ქ. ¹22-ში მდებარე დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ეზოში და ეძინათ სამსახურებრივ ავტომანქანებში, რა დროსაც, ისინი აღმოჩენილნი იქნენ ...-ის განყოფილების უფლებამოსილი პირების მიერ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებზე, კერძოდ, მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებზე (ს.ფ. 40-43; 46-51); მოსარჩელე ვ. ჭ.-ის მეწყვილეს კ. მ.-ის ახსნა-განმარტებაზე (ს.ფ. 44); ...-ის განყოფილების უფროსის, გ. ჭ.-ის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე დაწერილ პატაკზე (ს.ფ. 112), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივი შემოწმების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ახსნა-განმარტების დაწერისას ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც ახსნა-განმარტებებში აღწერილ იქნა არარეალური ფაქტი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეთა მიერ ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი.

სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა გ. ლ.-ის ავადმყოფობის გამო მისთვის დახმარების გაწევის მიზნით სამივე ეკიპაჟის მიერ სამოქმედო კვადრატების თვითნებურად მიტოვებისა და პოლიციის ეზოში შეკრების აუცილებლობის შესახებ. საქმეში წარდგენილ ცნობაში გ. ლ.-ის ავადმყოფობის შესახებ, მითითებული დიაგნოზისა და ჩივილების გათვალისწინებით, არ დასტურდებოდა, რომ გ. ლ.-ე იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რა დროსაც საჭიროებდა ხუთი ადამიანის დახმარებას. ამასთან, მოსარჩელეთა მიერ დაუსაბუთებელი იყო, თუ რა სახის დახმარებას უწევდნენ თანამშრომლები გ. ლ.-ს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ¹217 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2.2 მუხლის «ა» და «ა1» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაცდომას, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას და სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარ დამოკიდებულებას, რის გამოც შეეფარდათ ადმინისტრაციული სახდელი _ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სამსახურებრივი მოკვლევისას მოქმედებდა შინაგან საქმეთა მინისტრის ¹414 ბრძანებით დამტკიცებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის მე-12 მუხლის მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების განაწესის შესრულებისა და პატრულ-ინსპექტორების მიერ მოქმედი კანონმდებლობის და ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა მართვისა და კონტროლის განყოფილება, რომელიც წარმოადგენდა დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს, მაგრამ აპელანტის მიერ წარდგენილი 2006 წლის 19 იანვრის ¹83 ბრძანებით დასტურდებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ცვლილებები შევიდა «საპატრულო დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ» შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის ¹681 ბრძანებაში და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურაში გათვალისწინებულ იქნა ...-ის სამმართველო, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2006 წლის 19 იანვრის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 6 თებერვლის ბრძანების საფუძველზე ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...-ის სამმართველოში დანიშნულ იქნენ, შესაბამისად, გ. ჭ.-ი და გ. გ.-ე. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გასაჩივრებული არ ყოფილა და მის კანონშესაბამისობაზე მსჯელობა სცილდებოდა დავის საგანს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში ამ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი, შინაგან საქმეთა მინისტრის ¹634 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის «ლ» ქვეპუნქტით, დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ...-ის სამმართველო, რომლის განყოფილება ახორციელებს პატრულირების შემოწმებას, დარღვევის შემთხვევაში შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 5 მაისს ¹106 პ/შ ბრძანება გამოცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეთა დათხოვნის შესახებ 2006 წლის 5 მაისის ¹106 პ/შ ბრძანება გამოცემული იყო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ. მისი მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რომლის არარსებობა გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების შედეგად, ადმინისტრაციული წარმოება და მოსარჩელეთა სამსახურებრივი შემოწმება უნდა განხორციელდეს კვლავ ...-ის სამმართველოს მიერ, ამჟამად მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹634 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, მით უფრო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტილების მიღების მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი (ს.ფ. 350-358).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა წარმომადგენელ მ. ა.-ის მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო სააპელაციო საჩივარში ვერ ასაბუთებდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობას. მის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად მხედველობაში არ უნდა მიეღო.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებით აპელანტი ცდილობდა დაედასტურებინა, რომ სამსახურებრივი შემოწმება განხორციელდა და შესაბამისად, დასკვნა მიღებულ იქნა უფლებამოსილი პირების მიერ, რაც გახდა მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის საფუძველი. აღნიშნულ მტკიცებულებაში _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ¹83 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურების ჩამონათვალში გარკვევით არის მითითებული, რომ ...-ის სამმართველო, როგორც სტრუქტურული ერთეული შეიქმნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და არა საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში. სამსახურებრივი შემოწმება კი, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, განხორციელდა 2006 წლის 4 აპრილს, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ...-ის სამმართველოს ...-ის განყოფილების უფლებამოსილი პირების მიერ.

საქმის გარემოებებიდან და არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უდავოდ დადგენილია, რომ მსგავსი სტრქუტურული ერთეული საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში არც 2006 წლის 4 აპრილამდე შექმნილა და არც შემდეგ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, სამსახურებრივი შემოწმება განხორციელდა და შესაბამისად, დასკვნა მიღებულ იქნა არაუფლებამოსილი პირების მიერ, რომელთაც ფსიქოლოგიური ზემოქმედებით _ სამსახურიდან დათხოვნის მუქარით დააწერინეს მოსარჩელეებს ახსნა-განმარტებები, რაც გახდა მათი სამსახურიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის საფუძველი (ს.ფ. 390-392).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჭ.-ის, ვ. ბ.-ის, გ. ბ.-ის, გ. ლ.-ისა და კ. ჭ.-ის წარმომადგენელ მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვ. ჭ.-ის, ვ. ბ.-ის, გ. ბ.-ის, გ. ლ.-ისა და კ. ჭ.-ის წარმომადგენელ მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჭ.-ის, ვ. ბ.-ის, გ. ბ.-ის, გ. ლ.-ისა და კ. ჭ.-ის წარმომადგენელ მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.