ბს-628-600(კ-08) 11 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ყ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2004 წლის 8 დეკემბერს თ. ყ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 2005 წლის 6 იანვარს თ. ყ.-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 3 ივნისიდან 10 აგვისტომდე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალში ჩატარდა 2001 წლის 1 მარტიდან 2004 წლის 1 აპრილამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება. აღნიშნული შემოწმებით გამოვლინდა, რომ თ. ყ.-მა ზედმეტად და უკანონოდ გასცა 662 ლარი. ხსენებული შემოწმების ოქმი მოსარჩელემ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა, რომლის დასკვნის თანახმად, თ. ყ.-ის მხრიდან აღნიშნულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 9 სექტემბრის ¹01/118-ო ბრძანებით მოსარჩელე გაათავისუფლეს სამსახურიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 135-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვება მოხდა არა მისი ბრალით.
მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ თ. ყ.-ი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალიდან გათავისუფლდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 9 სექტემბრის ¹01/118-ო ბრძანების საფუძველზე. თ. ყ.-ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ხსენებულ ფილიალში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სარევიზიო ჯგუფის მიერ დოკუმენტური რევიზიის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო.
შესაგებლის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი არ წარმოადგენდა მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან თ. ყ.-ი სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით. ამასთან, ვინაიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემული საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი არ იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 9 სექტემბრის ¹01/118-ო ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის _ 3070 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით თ. ყ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ყ.-ი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალში მუშაობდა ზონის ინსპექტორად, საიდანაც გათავისუფლდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 9 სექტემბრის ¹01/188-ო ბრძანებით, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სარევიზიო ჯგუფის მიერ დოკუმენტური რევიზიის შედეგად გამოვლენილი დარღვევები, რომლებიც ასახულია 2004 წლის 10 აგვისტოს აქტსა და თანამდევ კამერალური შემოწმების აქტში.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ თ. ყ.-ს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის უფროსის 2004 წლის 13 სექტემბრის ¹407 წერილის თანახმად, გათავისუფლების ბრძანების ასლი და შრომის წიგნაკი გაეგზავნა ფოსტით, რადგან თ. ყ.-მა უარი განაცხადა აღნიშნული დოკუმენტების ჩაბარებაზე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით ვერ იქნა დადგენილი, როდის ჩაჰბარდა თ. ყ.-ს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 9 სექტემბრის ¹01/188-ო ბრძანება, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა არ მიიჩნია ხანდაზმულად.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ყ.-ი სამუშაოდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 135-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლდა არაუფლებამოსილი პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და არა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის უფროსის მიერ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმიწფო ფონდის გენერალური დირექტორის 2003 წლის 6 იანვრის ¹02/35-ო ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალურ დირექტორს, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შესაბამისი ფონდის დებულებისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის თანახმად, უფლება ჰქონდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფონდის ფილიალის თანამშრომელი, რის გამოც არ არსებობდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 9 სექტემბრის ¹01/118-ო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უნდა მომხდარიყო მოსარჩელის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა იმის გათვალისწინებით, რომ ზონის ინსპექტორისა და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა ერთი და იგივე თანამდებობა იყო.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი უნაზღაურდებოდა წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მოსამსახურეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლომ თ. ყ.-ის სამუშაოდან დათხოვნა არ მიიჩნია უკანონოდ, ჩათვალა, რომ არ არსებობდა წინანდელ სამუშაოზე მისი აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო თ. ყ.-ის მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაზეც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება თ. ყ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინებით თ. ყ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ თ. ყ.-ს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებით დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც საფუძვლად დაედო სამსახურიდან მის გათავისუფლებას. მართალია, ხსენებულ აქტთან დაკავშირებით თ. ყ.-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგებზე მოსარჩელეს ეცნობა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელობის მიერ წერილობით და განემარტა ხსენებული წერილის სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რაც ასევე არ ყოფილა რეალიზებული თ. ყ.-ის მიერ. ამასთან, საგულისხმო იყო ის ფაქტიც, რომ თ. ყ.-მა, რომელიც მონაწილეობას იღებდა მისი ადმინისტრაციული საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე, აღიარა საპენსიო საქმეების წარმოებისას დარღვევები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება თ. ყ.-მა საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 16 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 11 სექტემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.