Facebook Twitter

ბს-631-603(კ-08) 8 სექტემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ.-ე, დ. წ.-ა, ე. ბ.-ი, გ. ჩ.-ე, ა. პ.-ე, მ. ბ.-ი, მ. ს.-ე, ო. ლ.-ე, ზ. ლ.-ე, შ. ხ.-ი, ზ. წ.-ე და ნ. ბ.-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)

დავის საგანი – ქმედების განხორციელება და ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ.-მ, დ. წ.-მ, ე. ბ.-მ, გ. ჩ.-მ, ა. პ.-მ, მ. ბ.-მ, მ. ს.-მ, ო. ლ.-მ, ზ. ლ.-მ, შ. ხ.-მ, ზ. წ.-მ და ნ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს მათი კუთვნილი ფართის გამოთავისუფლება და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი, როგორც შპს ,,ა.-ს” მეანაბრეები, ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ...-ს მე-7 კვ. მე-8 კორპ, პირველ სართულზე მდებარე 130 კვ. მ ფართის მესაკუთრეებად და ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ამ ფართიდან გამოსახლებული ყოფილიყვნენ მოქ. მ.-ი, გ.-ე, ჯ.-ა და ბ.-ი. აღნიშნული ფართი საჯარო რეეტრში რეგისტრირებულ იქნა მათ სახელზე. თუმცა, მოსარჩელეთა განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ არ იქნა აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილება; 2005 წლის 13 ივლისს დაინიშნა იძულებითი აღსრულება, რა დროსაც კრედიტორ ნ. გ.-ის მიერ რამდენიმეჯერ იყვნენ მოყვანილნი მუშები ფართის გამოსათავისუფლებლად, მაგრამ აღმასრულებელმა ვერ უზრუნველყო აღსრულება, რადგან დასახელებულ ფართში მცხოვრებმა პირებმა მუქარითა და იძულებით ხელი შეუშალეს მუშებს ფართის დაცლაში. მოსარჩელეების განმარტებით, იძულებითი აღსრულება ვერ განხორციელდა, ხოლო აღმასრულებლის მიერ ოქმში მითითებულ იქნა, რომ აღსრულება ვერ განხორციელდა კრედიტორ ნ. გ.-ის მიზეზით, რომელმაც თითქოსდა ვერ უზრუნველყო მუშების მოყვანა. შესაბამისად, აღმასრულებელმა ოქმში არ ასახა ნ. გ.-ის მიერ გაწეული ხარჯები 60 ლარის ოდენობით. აღმასრულებლის მიერ აღრიცხულ იქნა მხოლოდ აღსრულების წინანსწარი ხარჯებისათვის ოფიციალურად გადახდილი 30 ლარი. მოსარჩელეთა საჩივრების შემდეგ აღმასრულებელმა 2005 წლის 4 ნოემბერს კვლავ დანიშნა იძულებითი აღსრულება და წინასწარი ხარჯების სახით ნ. გ.-გან მიიღო 50 ლარი მ. ჯ.-ის მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებთან წინასწარი მოლაპარაკებით გამოსახლებას დაქვემდებარებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი გავიდოდნენ დაკავებული ფართიდან, თუმცა იქ დარჩებოდნენ მათი ოჯახის წევრები, რამდენადაც მათი ოჯახის წევრებს არ ეხებოდათ სასამართლო გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2005 წლის 4 ნოემბერს სასამართლო აღმასრულებელმა შეადგინა ოქმი, სადაც მიუთითა, რომ ფართიდან იძულებით გამოსახლებას დაქვემდებარებულმა პირებმა: გ.-მ, მ.-მ, ჯ.-მ და ბ.-მ ნებაყოფლობით დატოვეს თავიანთ ნივთებთან ერთად ზემოაღნიშნული ფართი. ის პირები კი, რომლებიც აღსრულებისას აღმოჩნდნენ ამ ფართში, იყვნენ მათი ოჯახის წევრები და მათვე ეკუთვნოდათ ფართში არსებული ნივთები. შესაბამისად, აღმასრულებელმა ჩათვალა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა დასახელებულ პირთა ოჯახის წევრთა გამოსახლებას, რის გამოც მათი კუთვნილი ფართი რეალურად არ იქნა გამოთავისუფლებული და მესაკუთრეებისთვის გადაცემული. მოსარცელეთა განმარტებით, სასამართლოს აღმასრულებლის ასეთი ქმედების შედეგად მათ მიადგათ მატერიალური და მორალური ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაებარებინა მოსარჩელეთათვის: შპს ,,ა.-ს” მეანაბრეთა ჯგუფის წარმომადგენელთათვის ნ. გ.-თვის, შ. ხ.-თვის, ნ. ბ.-თვის, ე. ბ.-თვის, ო. ლ.-თვის, დ. წ.-თვის, ზ. ლ.-თვის, გ. ჩ.-თვის, ა. პ.-თვის, ზ. წ.-თვის, გ. ს.-თვის და მ. ბ.-თვის ქ. თბილისში, ...-ს მე-7 კვარტ. მე-8 კორპ. პირველ სართულზე მდებარე 130 კვ. მ ფართი; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 90 ლარის გადახდა გაწეული სააღსრულებო ხარჯების სახით; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კორპორაცია “...-ის” უფლებამონაცვლე შპს “ა.-ს” მეანაბრეთა ჯგუფის სარჩელი და აღიარებულ იქნა შპს “ა.-ს” მეანაბრეთა ჯგუფის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...-ს გამზ. მე-7 კვ. მე-8 კორპ (იგივე ...-ის ქ. ¹7 სახლის) პირველ სართულზე არსებულ 130 (ას ოცდაათი) კვ.მ ფართზე. ამავე გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ მოქალაქეები ჯ. ჯ.-ა, თ. ბ.-ი, დ. გ.-ე და ა. მ.-ი გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ...-ს მე-7 კვ. მე-8 კორპ (იგივე ...-ის ქ. ¹7 სახლის) პირველ სართულზე არსებული 130 (ას ოცდაათი) კვ.მ ფართიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2005 წლის 16 ივნისს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი ¹2/1145-04. იმავე წლის 20 ივნისს ქ. თბილისში, ...-ს მე-7 კვ. მე-8 კორპუსის პირველ სართულზე არსებული ზემოაღნიშნული 130 კვ.მ ფართი შპს “ა.-ს” მეანაბრეთა ჯგუფის საერთო საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტი.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სააღსრულებო ბიურო წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა მოეხდინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებული მოსარჩელეთა საკუთრების უფლების უზრუნველყოფა, რაც მის მიერ არ განხორციელდა.

სასამართლომ ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა გაწეული წინასწარი სააღსრულებო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ. მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეთა მიერ სააღსრულებო ხარჯებისათვის 30 ლარის გადახდის ფაქტი. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელეთა, კერძოდ კი ნ. გ.-ის მიერ პირველი იძულებითი აღსრულებისას, 2005 წლის 13 ივლისს, მუშების მოყვანისა და ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯები 60 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს ბრალეული ქმედება _ გამოხატული უმოქმედობით _ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის სახით. შესაბამისად, არსებობს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის სახით. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას და მიუთითა ამავე კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად კი, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააღსრულებო ბიურომ.

შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინეს შპს ,,ა.-ს” მეანაბრეებმა: ნ. გ.-მ, დ. წ.-მ, ე. ბ.-მ, გ. ჩ.-მ, ა. პ.-მ, მ. ბ.-მ, მ. ს.-მ, ო. ლ.-მ, ზ. ლ.-მ, შ. ხ.-მ, ზ. წ.-მ და ნ. ბ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელში გამოსახლებულ პირებად (მოვალეებად) მითითებული იყო ოთხი ფიზიკური პირი, რომელთა გამოსახლებაც განხორციელდა სასამართლო აღმასრულებლის მიერ, ხოლო იმ პირების გამოსახლების უფლებამოსილება, რომლებიც არ იყვნენ დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში, სასამართლო აღმასრულებელს არ გააჩნდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 2000 ლარის დასაკისრებლად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სასამართლო აღმასრულებლის მოქმედებით მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტიც. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ასეთი შემთხვევები კი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილსა და 413-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომლებიც მოსარჩელეების მიერ მითითებულ შემთხვევას არ მოიცავს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევითაა მიღებული, სასამართლომ სრულყოფილად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნ. გ.-მ, დ. წ.-მ, ე. ბ.-მ, გ. ჩ.-მ, ა. პ.-მ, მ. ბ.-მ, მ. ს.-მ, ო. ლ.-მ, ზ. ლ.-მ, შ. ხ.-მ, ზ. წ.-მ, ნ. ბ.-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორების მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არ შეაფასა საქმეზე შეგროვებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 413-ე მუხლები, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის საფუძველზეც საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. კასატორები ყურადღების გამახვილებას ითხოვენ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ ისე გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იურიდიულად არასაკმარისად დაასაბუთა, თუ რატომ არ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ.-ის, დ. წ.-ს, ე. ბ.-ის, გ. ჩ.-ის, ა. პ.-ის, მ. ბ.-ის, მ. ს.-ის, ო. ლ.-ის, ზ. ლ.-ის, შ. ხ.-ის, ზ. წ.-ისა და ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ. გ.-ის, დ. წ.-ს, ე. ბ.-ის, გ. ჩ.-ის, ა. პ.-ის, მ. ბ.-ის, მ. ს.-ის, ო. ლ.-ის, ზ. ლ.-ის, შ. ხ.-ის, ზ. წ.-ისა და ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ნ. გ.-ის, დ. წ.-ს, ე. ბ.-ის, გ. ჩ.-ის, ა. პ.-ის, მ. ბ.-ის, მ. ს.-ის, ო. ლ.-ის, ზ. ლ.-ის, შ. ხ.-ის, ზ. წ.-ისა და ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.