Facebook Twitter

ბს-632-599(კ-06) 21 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ე-ა

მესამე პირი – სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 მაისის განჩინება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 10 დეკემბერს გ. ე-მ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1985 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის ¹... საპყრობილეში სამედიცინო ნაწილის ექიმად.

2000 წლის 7 სექტემბერს გენერალური პროკურატურის მიერ სსსკ-ის 338-ე მუხლით მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ, აღნიშნული ბრალდების დაუდასტურებლობის გამო, საქმე შეწყდა წარმოებით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ ასევე ძალადაკარგულად ჩაითვალა 2001 წლის 17 აგვისტოს ¹115 §14 ბრძანება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ, ხოლო 2002 წლის 12 ივლისიდან კვლავ აღუდგა სამსახურებრივი უფლებამოსილება, მაგრამ არ მიუღია ხელფასი 2001 წლის 17 აგვისტოდან 2002 წლის 12 ივლისამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 11 თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ე-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა 1274 ლარისა და 63 თეთრის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;' უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ე-ს მიმართ 2000 წლის 7 სექტემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2001 წლის 2 მაისს მას წარედგინა იმავე კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, მე-19 მუხლით და 338-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.

2002 წლის 15 მაისის დადგენილებით გ. ე-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის ¹7400922 საქმე შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 15 ივლისის ¹23 ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა გ. ე-სათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ 2001 წლის 17 აგვისტოს ¹115 §14 ბრძანება და მას 2002 წლის 12 ივლისიდან აღუდგა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით უნდა ანაზღაურდეს ხელფასი და სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, ხოლო მე-5 მუხლის თანახმად კი ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ე-ს საქმე უნდა განხილულიყო სისხლის სამართალწარმოების წესით და მიუთითა, რომ დავის უფლება მხარეს მხოლოდ მაშინ წარმოეშობოდა, თუ იგი სისხლის სამართალწარმოების წესით მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებოდა ან მისი მოთხოვნა არ იქნებოდა დაკმაყოფილებული. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, გ. ე-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მისი საქმე არ განუხილავს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

კასატორი მიუთითებდა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, გ. ე-ს სასარჩელო განცხადება განეხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან ეს მუხლი არ გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას მოქალაქის შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების თაობაზე. კასატორის აღნიშვნით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც უფლებამოსილი ორგანო თავისი გადაწყვეტილებით (სახელმწიფო ან მმართველობის ორგანო, სასამართლოს გარდა) ზემოთ დასახელებულ რომელიმე უფლებას არ აღუდგენს რეაბილიტირებულს და ეს უკანასკნელი ამ ორგანოს წინააღმდეგ სასარჩელო წარმოების წესით მიმართავს სასამართლოს შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა და მისი ღირებულების დაბრუნების თაობაზე გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანიდან 3 წლის განმავლობაში და მოითხოვს სახელმწიფო, ან მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების შეცვლას, ან გაუქმებას.

კასატორი აღნიშნავდა, რომ რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 225-ე, 227-ე და 228-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განხილულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის სამართალწარმოების წესით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა განსჯადობის წესების დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

წინამდებარე საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ბ” პუნქტის საფუძველზე, კერძოდ, კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა განსჯადობის წესების დარღვევით, რითიც გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული მოტივით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

გ. ე-ს მიმართ 2000 წლის 7 სექტემბერს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2001 წლის 2 მაისს მას დამატებით წარედგინა ბრალი, გათვალისწინებული სსკ-ის 338-ე მუხლის ,,გ” პუნქტისა და 19-338-ე მუხლის ,,გ” პუნქტის საფუძველზე.

სასჯელაღსრულების კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურის გამომძიებლის 2002 წლის 15 მაისის დადგენილებით გ. ე-ს მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ¹7400922 შეწყდა საქმის წარმოება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 15 ივლისის ¹23 ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა მისივე ¹115 ბრძანება გ. ე-სათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ და 2002 წლის 12 ივლისიდან გ. ე-ს აღუდგა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს გ. ე-ს უფლებას მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რისი უფლებაც მხარეს მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის საფუძველზე, ამასთან, ანაზღაურების ვალდებულებას ორივე წინამდებარე აქტი უკავშირებს სახელმწიფოს ვალდებულებას, რაც უდავოს ხდის სახელმწიფოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხს.

წინამდებარე შემთხვევაში სადავოა საერთო სასამართლოთა კომპეტენციის საკითხი, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მითითებული კატეგორიის დავების გადაწყვეტა მიეკუთვნება სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველ სასამართლოთა უფლებამოსილებას.

საკასაციო სასამართლომ კასატორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მსგავსი კატეგორიის დავებთან მიმართებაში და კასატორის ყურადღებას მიაქცევს მის მიერვე მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2003 წლის 24 მარტის ¹3გ/ად-329-კ-02 განჩინებაზე. აღნიშნული განჩინება გამონაკლისის სახით მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მითითებული მუხლი არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო ან მმართველობის ორგანო, გარდა სასამართლოსი, არ მოახდენს რეაბილიტირებული პირის შრომით, საპენსიო, საბინაო და სხვა უფლებებში აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელს აძლევს შესაძლებლობას, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანიდან 3 წლის განმავლობაში სასარჩელო წესით მიმართოს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პირი წინამდებარე სარჩელის საფუძველზე ითხოვს არა ზოგადად ზიანის, არამედ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რის შედეგადაც მოთხოვნა ავტომატურ რეჟიმში უკავშირდება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას და რეგულირების თვალსაზრისით ექცევა ზემოაღნიშნული ნორმის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სწორედ მითითებულ ნორმაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნიან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი მოტივით განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.