¹ბს-632-602(კ-07) 10 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. ზ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 29 დეკემბერს ი. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ ი. ზ-ი 1994 წლის ივნისიდან მუშაობდა თბილისის მთაწმინდის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში .... ინსპექტორად, ხოლო 1993 წლიდან _ .... ინსპექტორად.
2004 წლის 21 ივლისიდან ი. ზ-ი აღარ ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ვინაიდან გამოუცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობდა რეორგანიზაცია და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ჩაბარებია და მისთვის უცნობია გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელის მითითებით, მისი მრავალჯერადი პატაკების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოდან მიღებული პასუხების საფუძველზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებულია სამსახურიდან არასრულწლოვანთა ინსპექციის საშტატო ერთეულების შემცირების გამო. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანთა ინსპექციის საშტატო 5 ერთეული შემცირდა 3 ერთეულამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 5 ინსპექტორიდან სამსახურში უნდა დარჩენილიყო 3, რომლებსაც ექნებოდათ სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება. მოსარჩელის მოსაზრებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, სხვა თანამდებობის შეთავაზებას კი მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, სრულიად უკანონოა სამსახურიდან მისი გათავისუფლება შტატების შემცირების მოტივით. ამასთან, იგი სარგებლობდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლებით, ვინაიდან ყოველთვის ერთგულად და მაღალკვალიფიციურად ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას (ტომი 1, ს.ფ. 2-3).
საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის სხდომაზე ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე მოპასუხედ ცნობილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (ტომი 1, ს.ფ. 21).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 6 ივნისის განჩინებით საქმეში მოცემულ მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო (ტომი 1, ს.ფ. 48).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 70-72).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ზ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 77-78).
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა 2004 წლის 10 ივლისის ¹361 და 2004 წლის 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანებების არაკანონიერად აღიარება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ტომი 1, ს.ფ. 101-105).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ზურაბიშვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 107-112).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასაჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა (ტომი 1, ს.ფ. 116-119).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მარტის განჩინებით ი. ზ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტომი 1, ს.ფ. 139-145).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანება ი. ზ-ის საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის ნაწილში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ი. ზ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 10 ივლისის ¹361 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და დაქვემდებარებული რაიონული სასამართლოებისა და განყოფილებების რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით, ბრძანება ძალაში შევიდა 2004 წლის 12 ივლისიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანებით “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ვ” პუნქტით (შტატების შემცირებით), ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის განყოფილებაში მყოფი ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის ყოფილი ინსპექტორი პოლიციის კაპიტანი ი. ზ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, 2004 წლის 12 ნოემბრიდან, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის განკარგულებაში ყოფნით 2004 წლის 12 ნოემბრამდე, 2004 წლის გამოუყენებელი შვებულების 30 დღის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებით. დასახელებული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 10 ივლისის ¹361 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანება და “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში საშტატო რიცხოვნობა 6 ერთეულიდან შემცირდა 2 ერთეულამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები შინაგან საქმეთა ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ სამხედრო ძალების თადარიგში შტატების შემცირებით _ შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა გამორიცხავს პირის უპირობო დათხოვნის შესაძლებლობას, ანუ იმისათვის, რომ პირი დათხოვნილ იქნეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახეზე უნდა იყოს შტატების შემცირების გამო, მისი დასაქმების (შინაგან საქმეთა ორგანოების სპეციფიკის გათვალისწინებით მისი გამოყენების) შეუძლებლობის მომენტი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებული ნორმის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ვერც საქმეში არსებული მტკიცებულებებით და ვერც მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით ვერ იქნა დასაბუთებული შტატების შემცირების მიუხედავად ი. ზ-ის დასაქმების შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ბრძანება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულებით, მუშაკის სამსახურიდან დათხოვნისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულვებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდებოდა სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას განეკუთვნებოდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის _ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანება ი. ზ-ის საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის ნაწილში და დავალებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ი. ზურაბიშვილს უნდა ანაზღაურებოდა გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, მოცემულ შემთხვევაში კი ი. ზ-ის გათავისუფლების განკარგულება ამ ეტაპზე ბათილად არის ცნობილი და შესაბამისად, ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობს (ტომი 2, ს.ფ. 83-88).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:
ი. ზ-ი 2004 წლის 10 ივლისის ¹361 ბრძანების საფუძველზე საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლის თანახმად, რაც ითვალისწინებს მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნას არაუმეტეს 4 თვის ვადით. 4 თვის გასვლის შემდეგ 2004 წლის 27 ნოემბერს გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ¹1916 პშ ბრძანება ი. ზ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის თაობაზე, “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძვლით, რაც ითვალისწინებს მოსამსახურის დათხოვნას შტატების შემცირების გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მსვლელობისას სასამართლოში წარადგინა საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნამდვილად მოხდა შტატების შემცირება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომაც დადასტურებულად მიიჩნია, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო არ გაითვალისწინა და მიუთითა “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტზე, რომელშიც მითითებულია შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურში გამოყენების შეუძლებლობაზე. დასახელებული ნორმა სასამართლომ არასწორად განმარტა.
სადავო ბრძანების ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ბრძანების გასაჩივრების პერიოდში მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი და ხანდაზმულობის ვადა აეთვალა ბრძანების გამოცემის მომენტიდან (ტომი 2, ს.ფ. 96-98).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ი. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევასთან დაკავშირებით. ი. ზ-ის სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის დროისათვის მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაესაჩივრებინა სასამართლოში სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება ან მოქმედება. 2005 წლის 24 ივნისის კანონით ცვლილება შევიდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში და 127-ე მუხლს დაემატა 21 მუხლი, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლა განისაზღვრა კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან. მიუხედავად ამისა, ის გარემოება, რომ სადავო ბრძანება 2005 წლის 24 ივნისის კანონით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანამდე გამოიცა, არ ნიშნავს, რომ მანამდე სხვაგვარი წესი მოქმედებდა. სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რომელიც საჯარო მოხელეთა მიმართ გამოიყენებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, მუშაკის მიერ სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა განსაზღვრული იყო სწორედ დათხოვნის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე არ დასტურდება ი. ზ-ვის გასაჩივრებული ბრძანების ჩაბარება, რის გამოც კასატორის მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
რაც შეეხება სარჩელის არსებით მხარეს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 10 ივლისის ¹361 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და დაქვემდებარებული რაიონული სამმართველოებისა და განყოფილებების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, მათ შორის, ი. ზ-ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 27 ნოემბრის ¹1916 პშ ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი ი. ზ-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის (შტატების შემცირება) საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში შტატების შემცირებას რეალურად ჰქონდა ადგილი, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში საშტატო რიცხოვნობა 6 ერთეულიდან შემცირდა 2 ერთეულამდე. აღნიშნულ გარემოებას არც მხარეები ხდიან სადავოდ.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის რედაქცია პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძვლად ითვალისწინებდა შტატების შემცირებას. იგივეს ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ი. ზ-ის მიმართ ადმინისტრაციას ჰქონდა სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება და გასარკვევი იყო იმავე ან სხვა სამუშაო ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა. სპეციალური კანონმდებლობა _ “პოლიციის შესახებ” კანონი სადავო ბრძანების გამოცემისას არ ითვალისწინებდა შტატების შემცირების შემთხვევაში შტატგარეშედ დარჩენილი თანამშრომლისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.