Facebook Twitter

ბს-63-61(კ-07) 26 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. გ.-ა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 15 ოქტომბერს მ. გ.-მ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ სამტრედიის ქალაქის გამგეობისა და სამტრედიის რაიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. სამტრედიის გამგეობის 2004 წლის 20 სექტემბრისა და სამტრედიის რაიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 2004 წლის 5 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და კომისიის უფლებამოსილების განსაზღვრის შემდეგ, შესაბამისი მხარის დავალდებულება 1992-93 წლებში საომარი მოქმედების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა სიაში მოსარჩელის შეყვანის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, 2004 წლის 30 ივლისს საქართველოში საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ობიექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გამანაწილებელმა კომისიამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოსარჩელის ოჯახის ომით დაზარალებულთა სიაში შეყვანა, რამდენადაც ამ უკანასკნელს არ გააჩნდა სამოქალაქო ომის დროს მიყენებული ზარალის აქტი და ხარჯთაღრიცხვა. აღნიშნული მითითების შემდეგ მოსარჩელის მიერ შეიქმნა ასეთი დოკუმენტაცია. მიუხედავად ამისა, ქალაქის გამგებლის 20.09.04 წლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით უარი ეთქვა ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე იმ მოტივით, რომ 2004 წლიდან რაიონის გამგებლის ¹78 განკარგულებით შეიქმნა თანხების გამანაწილებელი ახალი კომისია რაიონის ...-ის სამსახურის უფროსის მ. ი.-ის თავმჯდომარეობით და მიემართა მისთვის, რომლის 5.10.04წ. ¹804 პასუხით ეცნობა, რომ მ. გ.-ს წერილში დასმული საკითხების გადაწყვეტა აღემატებოდა კომისიის კომპეტენციას (იხ. ს.ფ. 2).

მოპასუხე ქ. სამტრედიის გამგეობამ შესაგებელი წარადგინა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც არ ცნო მ. გ.-ს სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით.

შესაგებლის ავტორის მითითებით, სამტრედიის ქალაქის გამგეობა არის არასათანადო მოპასუხე, რადგან მას არ ეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა ომით დაზარალებულთა მიმართ და მითითებული წარმოადგენს სამტრედიის რაიონის გამგეობის კომპეტენციას.

შესაგებლის ავტორის მითითებით, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში არ უნდა მიეთითებინა სამტრედიის ქალაქის გამგეობის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹285 პასუხზე, რადგან მას ხელს აწერდა ქალაქის გამგებლის მოადგილე, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა სამოქალაქო ომით დაზარალებულთა სიებთან და თანხის განაწილებასთან. მ. გ.-ს დედის, ც. გ.-ს, განცხადება კომისიამ სამტრედიის ქალაქის გამგებლის, ს. ა.-ის, თავმჯდომარეობით განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მისი ომით დაზარალებულთა სიაში შეყვანა.

შესაგებლის ავტორის მითითებით, მ. გ.-ს ზარალის აქტი შედგენილ იქნა 2002 წლის 10 მარტს, დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების დღიდან 9 წლის შემდეგ. აქტში ზოგადად არის მითითებული დაზიანებული სახლის აღწერა. აქტს ხელს აწერს რაიონის გამგეობის ¹39 განკარგულებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარე, რომლის უფლებამოსილებაშიც შედიოდა მ. გ.-ს სიაში შეყვანა (იხ. ს.ფ. 22-23).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის ქალაქის გამგებლისა და რაიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 2004 წლის 5 ოქტომბრისა და 20 სექტემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სამტრედიის რაიონის გამგეობას დაევალა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მ. გ.-ს შეყვანა დაზარალებულთა სიაში (იხ. ს.ფ. 35-36).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს გაადწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სამტრედიის რაიონის გამგეობამ და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა (იხ. ს.ფ. 39).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 31 მაისს სამტრედიის რაიონის გამგეობას გაეგზავნა მიმართვა, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა, რომ საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი იყო სსსკ-ის 364-ე მუხლის დარღვევით (იხ. ს.ფ. 40).

2005 წლის 10 ივნისს სამტრედიის რაიონის გამგეობამ კერძო საჩივარი შეიტანა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა (იხ. ს.ფ. 44-45).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სამტრედიის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საქმის ხელახლა განხილვა (იხ. ს.ფ. 47-48).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონული სასამართლოს მითითებით, 1992-93 წლებში დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სამტრედიის რაიონის მოსახლეობაზე გამოიყო თანხები, რომელთა გაცემა ხდებოდა რაიონის გამგეობის განკარგულებით შექმნილი კომისიის მიერ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი და დამტკიცებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. სამტრედიის რაიონის გამგეობის 23.03.01 წლის ¹54 განკარგულებით დამტკიცდა 1993 წელს დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმდებების დროს სამტრედიის რაიონის დაზარალებულ მოსახლეობაზე თანხების განაწილებისათვის კომისიის ახალი შემადგენლობა, რომელშიც რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებთან ერთად საომარი მოქმედების დროს დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებიც იყვნენ შეყვანილი. 2002 წლის 21 აგვისტოს საომარ მოქმედებათა შედეგად მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად საკომპენსაციო თანხების გამანაწილებელი კომისიის სხდომაზე დადგინდა, რომ არ მიეღოთ ახალი განცხადებები ძირითად სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, რადგან გასული იყო თითქმის 9 წელი, რის გამოც ზარალის ზუსტად დადგენა ნებისმიერ კომისიას გაუჭირდება. მ. გ.-ს 2004 წლის 30 ივლისის განცხადება ომით დაზარალებულთა სიაში შეყვანის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნდა 1997 წლის კომისიის მიერ შედგენილი ზარალის აქტი და ხარჯთაღრიცხვა.

2002 წლის 10 მარტს კომისიამ, რომელიც შექმნილი იყო რაიონის გამგეობის 2002 წლის 26 თებერვლის ¹39 განკარგულების საფუძველზე, შეამოწმა მ. გ.-ს საცხოვრებელი სახლის ფიზიკური მდგომარეობა და დაადგინა, რომ სახლის მეორე სართული იყო მთლიანად, ხოლო პირველი სართულის კედლები ნახევრად დანგრეული.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული აქტი არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ სახლი 1992-93 წლების საომარი მოქმედებების შედეგად დაინგრა და მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ სახლი დანგრეულია, ვერ იქნება პირდაპირ დაკავშირებული 1992-93 წლების საომარ მოქმედებებთან, მით უფრო, რომ აქტი შედგა საომარი მოქმედებების დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ.

გარდა აღნიშნულისა, რაიონული სასამართლოს მითითებით, კომისია შეიქმნა 1993 წელს დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების დროს სამტრედიის რაიონის ომისაგან დაზარალებულ მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის 2002 წლის 26 თებერვლისათვის არსებული ზარალის აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების გადასამოწმებლად და მას არ ჰქონდა უფლება ახალი აქტების შედგენისა და იმ დროისათვის გამოვლენილი დაზიანებების მიზეზების მითითებისა.

რაიონულმა სასამართლომ ასევე უტყუარ მტკიცებულებად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რადგან შპს “ა.-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შპს “ა.-ში” შედგენილ იქნა მ. გ.-ს საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. წარმოდგენილი სახლის პასპორტის მიხედვით ხარჯთაღრიცხვაც 2004 წელს არის შედგენილი და მისი საფუძველი იყო არა 1992-93 წლების საომარი მოქმედებების შედეგად სახლზე მიყენებული ზარალის აქტი, არამედ სახლის პასპორტი ჩვეულებრივი მშენებლობისათვის.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის 102.1 მუხლის შესაბამისად, ვერ დაასაბუთა მოთხოვნა სათანადო მტკიცებულებებით და უსაფუძვლობის გამო უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ. ს.ფ. 101-104).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

აპელანტის მითითებით, მ. გ.-ა წარმოადგენს 1992-93 წლების ომისაგან დაზარალებულს, რის საკომპენსაციო თანხასაც იღებს ყველა დაზარალებული. მათ გააჩნიათ იგივე დოკუმენტაცია, როგორიც აპელანტს, მაგრამ ეს უკანასკნელი რაიონის გამგეობამ დაზარალებულთა სიაში არ შეიყვანა.

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხარჯთაღრიცხვის შეუდგენლობა 2004 წლამდე განაპირობა მ. გ.-ს უსახსრობამ, აქტი კი გაიცა 2002 წელს. საქმეში ასევე წარმოდგენილ იქნა სამტრედიის ქალაქის გამგებლის 2004 წლის 14 მაისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მისი დამატებით სიაში შეყვანა, შემდგომში კი უნდა განხილულიყო საკითხი მ. გ.-ს ძირითად სიაში შეყვანის შესახებ.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სამტრედიის გამგეობის 2002 წლის 26 თებერვლის ¹39 განკარგულება, რომლითაც კომისიას დაევალა 1992-93 წლებში საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების შემოწმება. შემოწმების შემდეგ კომისიის ყველა წევრმა 2002 წლის 10 მარტის აქტით დაამოწმეს, რომ მ. გ.-ს სახლის მე-2 სართული მთლიანად, ხოლო 1-ლი სართულის კედლები ნახევრად დანგრეული იყო. აღნიშნული განკარგულება სასამართლომ არ მიიღო მტკიცებულებად, რაც, აპელანტის აზრით, არასწორია (იხ. ს.ფ. 108-109).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, სამტრედიის ქალაქის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის საომარ მოქმედებათა შედეგად დაზარალებულთა სიაში შეყვანის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სამტრედიის რაიონის გამგებლის 2004 წლის 14 ივნისის ¹139 ცნობის თანახმად, მ. გ.-ა არის ომით დაზარალებული, რის გამოც დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების გამო სამტრედიის რაიონის დაზარალებული მოსახლეობისათვის თანხების გასანაწილებლად შექმნილმა კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მისი დაზარალებულთა სიაში შეყვანა; სამტრედიის რაიონის გამგეობის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹285 წერილის მიხედვით, რადგან მ. გ.-ს არ გააჩნდა სამოქალაქო ომის დროს მიყენებული ზარალის აქტი (ხარჯთაღრიცხვა), კომისიამ არ დააკმაყოფილა მისი განცხადება დაზარალებულთა სიაში შეყვანის თაობაზე; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მ. გ.-ს სამტრედიაში, ...-ის ¹3-ში მდებარე სახლი შესყიდული აქვს 1991 წელს; სამტრედიის რაიონის გამგეობის 2002 წლის 22 თებერვლის ¹39 განკარგულებით შექმნილი კომისიის და 2002 წლის 10 მარტის თარიღით შედგენილი აქტის მიხედვით, მ. გ.-ს საცხოვრელი სახლის მე-2 სართული მთლიანად, ხოლო 1-ლი სართულის კედლები ნახევრად დანგრეულია.

სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის საცხოვრებელი სახლი ნამდვილად დაზიანდა დასავლეთ საქართველოში 1992-93 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. გ.-სათვის დაზარალებულთა სიაში შეყვანაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული სამტრედიის ქალაქის გამგეობის 2004 წლის 20 სექტემბრის წერილით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. გ.-ს უარი ეთქვა დაზარალებულთა სიაში შეყვანაზე, აღნიშნული უარი კი მ. გ.-მ სასამართლოში გაასაჩივრა 2004 წლის 15 ოქტომბერს, ანუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, შესაბამისად სარჩელი დასაშვები და საფუძვლიანია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას (იხ. ს.ფ. 147-151).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და იურიდიულად დაუსაბუთებლად.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში დაეყრდნო სამტრედიის რაიონის გამგეობის 2002 წლის 26 თებერვლის ¹39 განკარგულებას, რომელშიც მითითებულია, რომ შეიქმნას ზარალის აქტებისა და შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვების გადამოწმების კომისია, ხოლო იმ დროისთვის მ. გ.-ს არც ზარალის აქტი გააჩნდა და არც შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. განკარგულების თანახმად, გადამოწმებას დაექვემდებარა დაზარალებულ მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შესახებ უკვე არსებული აქტები და შესაბამისად, უნდა მომხდარიყო თითოეული ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება. კასატორის აზრით, შექმნილი კომისია უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა მხოლოდ ის დაზარალებულები, რომლებსაც გააჩნდათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რისი მიზანიც იყო მიყენებული ზარალის დაზუსტება.

რაც შეეხება 2002 წლის 10 მარტის აქტს, აღნიშნულით დასტურდება საცხოვრებელი სახლის ფიზიკური მდგომარეობა და ვერანაირად ვერ იქნება პირდაპირ დაკავშირებული 1992-93 წლების საომარ მოქმედებებთან. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, კასატორის მოსაზრებით, მითითებული აქტი არ იძლევა, მით უფრო, რომ იგი შედგენილია საომარი მოქმედების დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ.

კასატორის მითითებით, მოთხოვნის დამადასტურებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა აგრეთვე მოსარჩელის მიერ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რამდენადაც შპს “ა.-ის” მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 2004 წელს და მისი საფუძველი იყო არა 1992-93 წლების საომარი მოქმედებების შედეგად სახლზე მიყენებული ზარალის აქტი, არამედ სახლის პასპორტი ჩვეულებრივი მშენებლობისათვის. რაც შეეხება მ. გ.-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სამტრედიის რაიონის გამგებლის 2004 წლის 4 ივნისის ცნობას (¹139), კასატორმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობის წარდგენა შესაძლებელი იყო საქმის სამტრედიის რაიონულ სასამართლოში განხილვის დროს, როდესაც ხდებოდა მტკიცებულებათა მიღება კანონით განსაზღვრულ ვადაში.

კასატორის მითითებით, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 249.4. მუხლის შესაბამისად, თავისი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა კანონზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების გამოტანის დროს (იხ. ს.ფ. 155-157).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განჩინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან კასატორის მიერ უზრუნველყოფილ იქნა პროცესუალური ვალდებულება _ მითითება წინაპირობებზე, რომლებიც საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს (იხ. ს.ფ. 204-207).

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ მ. გ.-მ და წერილობით წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, კასატორი არ უთითებს საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე _ გადაწყვეტილების გამოტანისას კანონის დარღვევების არსებობაზე, კერძოდ, ისეთ დარღვევებზე, რომლებსაც შეიძლებოდა შედეგად მოჰყოლოდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გულდასმით შემოწმებისა და სწორი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე გაკეთებული აქვს იურიდიული დასაბუთება, არ დაუშვია ისეთი პროცესუალური დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვისა და გაადწყვეტილების გამოტანის შედეგზე, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე კასატორს არ წამოუყენებია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულო ხდება საკასაციო სასამართლოსათვის.

მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეუფასებლობის შესახებ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ შინაგან რწმენაზე დაფუძნებული მოსაზრებები სრულად ასახა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი ანალიზი გაუკეთა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. გ.-ს საცხოვრებელი სახლი ნამდვილად დაზიანდა დასავლეთ საქართველოში 1993-1994 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მ. გ.-ა იყო სამოქალაქო ომით დაზარალებული, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე აღიარებდა და ადასტურებდა მოპასუხე ქ. სამტრედიის გამგეობა, რომლის 2004 წლის 14 ივნისის ¹139 ცნობა წარედგინა სასამართლოს. მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, სამართლებრივი კავშირი არ არის სასარჩელო მოთხოვნასა – ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ და იმ გარემოებას შორის, ჰქონდა თუ არა შეძენილი 1991 წელს საცხოვრებელი სახლი მ. გ.-ს, რადგან ყველა შემთხვევაში მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა ზიანი ან მ. გ.-სათვის ან სახლის პირვანდელი მესაკუთრის – ვ. ი.-სათვის, რომლის განცხადება რეგისტრირებულია სამტრედიის რაიონის გამგეობაში 1999 წლის 10 სექტემბერს. ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მ. გ.-ს მიერ ომამდე შეძენისა და სახლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანების ფაქტი დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მეზობლების განმარტებებით.

ამდენად, მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 220-224).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, სათანადოდ არ გამოიკვლია მტკიცებულებები, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმე ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელახლა განხილვას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მ. გ.-ს საცხოვრებელი სახლი დაზიანდა დასავლეთ საქართველოში 1993-1994 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს დასაშვებად და დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის დარღვევით არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მისი დასკვნა არ ემყარება მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებას, მათ ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სამტრედიის რაიონის გამგებლის 2004 წლის 14 ივნისის ¹139 ცნობაზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. გ.-ა არის ომით დაზარალებული, რის გამოც დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების გამო სამტრედიის რაიონის დაზარალებული მოსახლეობისათვის გამოყოფილი თანხების გამანაწილებელმა კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის დაზარალებულთა სიაში შეყვანა. სააპელაციო სასამართლო ისე დაეყრდნო მითითებულ მტკიცებულებას, რომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მთელ რიგ მტკიცებულებებს.

საქმეში წარმოდგენილი სამტრედის რაიონის გამგეობის 2001 წლის 23 მარტის ¹54 განკარგულების თანახმად, 1993 წელს დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების დროს დანგრეული საცხოვრებელი სახლების აღდგენის პროგრამის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან სამტრედიის წილი ტრანსფერის გადარიცხვა ხორციელდებოდა არსებული წესით შედგენილი და დამტკიცებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, მ. გ.-ს არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტები კომისიისათვის, რასაც თავად მოწინააღმდეგე მხარე მ. გ.-ც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მის მიერ კომისიის მითითების შემდეგ მოხდა დოკუმენტების _ ზარალის აქტისა და ხარჯთაღრიცხვის შექმნა. საქმეში არსებული სამტრედიის რაიონის გამგეობის 2002 წლის 26 თებერვლის ¹39 განკარგულებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ამავე განკარგულების თანახმად, უნდა მოეხდინა 1993 წელს დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედების დროს სამტრედიის რაიონის ომისგან დაზარალებულ მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის, უკვე არსებული ზარალის აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების გადამოწმება, რაც მოტივირებული იყო იმ გარემოებით, რომ 2001 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო ტრანსფერით ომისაგან დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღსადგენად გამოყოფილი 140 ათასი ლარის განაწილებისას შეიქმნა გაუგებრობა, თანხების განაწილებისას დაშვებულ იქნა უზუსტობა ზარალის შეფასებიდან გამომდინარე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს კასატორის მიერ წამოყენებულ საკასაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, იყო თუ არა ახლად შექმნილი კომისია უფლებამოსილი, ემსჯელა ახალ განცხადებებზე, თუ მისი კომპეტენცია შემოიფარგლებოდა მხოლოდ მისი შექმნის დროისათვის არსებული ზარალის აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების გადამოწმებით.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და დასაბუთებულად და დასაშვებად მიაჩნია საკასაციო პრეტენზია, რომ 2002 წლის 10 მარტის აქტით არ დასტურდება, მ. გ.-ს კუთვნილი, ქ. სამტრედიაში ...-ის ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი უკავშირდება თუ არა დასავლეთ საქართველოში 1993-1994 წლებში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აქტში მითითებულია მ. გ.-ს საცხოვრებელი სახლის დაზიანების შესახებ, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული რის შედეგად მოხდა სახლის დანგრევა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სათანადო მტკიცებულების შეკრების შედეგად უნდა გამოარკვიოს, მ. გ.-ს საცხოვრებელი სახლი დაზიანდა თუ არა საომარი მოქმედებების დროს და დღევანდელი მდგომარეობით სახლის ფაქტობრივად დანგრევა წარმოადგენს თუ არა ამ დაზიანებების უშუალო შედეგს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეშვა მტკიცებულებად აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სამტრედიის გამგებლის 2004 წლის 4 ივნისის ¹139 ცნობა, რადგან მითითებული ცნობის წარდგენა შესაძლებელი იყო სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს და მისი წარუდგენლობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოხდა არასაპატიო მიზეზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 380.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შესაძლებელია ახალი მტკიცებულებების წარდგენა. სსსკ-ის 380.2 მუხლი კი სააპელაციო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, არ მიიღოს ახალი მტკიცებულებები, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მათი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობა მოხდა არასაპატიო მიზეზით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დებულება არ შეიცავს იმპერატიულ დათქმას სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულების მიუღებლობის შესახებ და მისი დაშვების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილებით და სათანადო მტკიცებულებების გამოთხოვისა და წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მათი ურთიერთშეჯერების, ყოველმხრივ და სრული განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებელია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.