ბს-636-605(კ-07) 16 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1998 წლის 5 მაისს ბ. გ-ემ სარჩელი აღძრა კრწანისის რაიონის სასამართლოში საქართველოს შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საპენსიო განყოფილების მიმართ და მოითხოვა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 52-ე და მე-60 მუხლების საფუძველზე მოსარჩელისათვის ინვალიდობის პენსიის დანიშვნა თვეში 45 ლარის ოდენობით და მოხუცებულობის პენსიის ორი მინიმალური დანამატის გადახდა (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.I).
თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაენიშნა მეორე სახეობის პენსია, ომის ინვალიდობის პენსია 15 ლარი 1997 წლის პირველი იანვრიდან 1998 წლის პირველ იანვრამდე, 1998 წლის პირველი იანვრიდან 45 ლარი – მოხუცებულობის გამო პენსიის ორი მინიმალური ოდენობის დანამატი 1997 წლის პირველი იანვრიდან თვეში 26 ლარი, მოპასუხე შს სამინისტროს საპენსიო განყოფილებას დაეკისრა ბ. გ-ვის ერთდროულად გადახდა ომის ინვალიდობის მიუღებელი პენსიის 1997 წლის 1 იანვრიდან 1998 წლის 1 იანვრამდე, 12 თვის _ 180 ლარი, მოხუცებულობის პენსიის ორი მინიმალური ოდენობის დანამატი 1997 წლის პირველი იანვრიდან 1998 წლის პირველ მაისამდე, 16 თვის – 416 ლარი, სულ 776 ლარი, 1998 წლის პირველი იანვრიდან 1998 წლის პირველ მაისამდე, 4 თვის, სულ 360 ლარი, მოპასუხეს დაევალა 1998 წლის პირველი მაისიდან მოსარჩელისათვის ყოველთვიურად ომის ინვალიდობის პენსიის – 45 ლარისა და მოხუცებულობის პენსიის დანამატის _ 26 ლარის, სულ 71 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე (იხ. ს.ფ. 50-51; ტ.I).
თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეში სათანადო მოპასუხედ სოციალური დაცვის შრომისა და დასაქმების სამინისტროს ჩართვა (იხ. ს.ფ. 52; ტ.I)
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 70-71; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პროტესტით ზედამხედველობის წესით მოითხოვა თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად (იხ. ს.ფ. 72-73; ტ.I), რაც დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის ¹430 დადგენილებით (იხ. ს.ფ. 74; ტ.I).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს დამატებითი სარჩელით მიმართა ბ. გ-ემ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 75-79; ტ.I).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა, ომის ინვალიდობის -45 ლარისა და დანამატის - მოხუცებულობის პენსიის ორი მინიმალური ოდენობის - 28 ლარის, სულ თვეში 73 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელისათვის ერთდროულად 1997 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 1 ოქტომბრამდე გაუცემელი პენსიის გადახდა 2409 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 134-136; ტ.I).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს განჩინებით მოპასუხის საჩივრის საფუძველზე გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 139; ტ.I).
2000 წლის 5 იანვარს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 149-150; ტ.I).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა (იხ. ს.ფ. 153; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ბ. გ-ემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და სსსკ-ის 385-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა და ფულის კურსის ცვალებადობით გამოწვეული ზარალის _ 5030 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის საქმის სასამართლოსათვის დაბრუნების გარეშე (იხ. ს.ფ. 157-164; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 16 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 171-172; ტ.I).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 16 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 223-225; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო _ მესამე პირად (იხ. ს.ფ. 248-250).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ბ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო გადახდა 1997 წლის იანვრიდან 2000 წლის იანვრამდე, მიუღებელი შემოსავალის – 1156 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების – 3000 ლარის, ასევე მორალური ზიანის – 9854 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 268-269; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 ივნისის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას (იხ. ს.ფ. 326-327; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საჩივარი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (იხ. ს.ფ. 336-339; ტ.I).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საჩივარი განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას (იხ. ს.ფ. 342-348; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაინიშნა საქმის ხელახლა განხილვა (იხ. ს.ფ. 381-384; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბ. გ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 434-439; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ (იხ. ს.ფ. 456-464; ტ.I).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 6 მაისის განჩინებით ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 დეკემბრის განჩინება (იხ. ს.ფ. 485-489; ტ.I).
2005 წლის 27 ივლისს ბ. გ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქმეში სათანადო მოპასუხედ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩართვა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების წესში და მეორე სახეობის პენსიის გადახდის დაკისრება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის, დაკისრებული მეორე სახეობის პენსიაზე დამატებით 16678 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის 2000 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის იანვრამდე, ასევე 1997 წლის იანვრიდან 2005 წლის იანვრამდე პერიოდისათვის, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობისა და არითმეტიკული შეცდომის გასწორება, მოსარჩელის მითითებით, სასამართლოებმა დაუნიშნეს მოხუცებულობის გამო პენსიაზე დანამატი, მაგრამ არ დაუნიშნეს მოხუცებულობის პენსია, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის თანახმად, მოხუცებულობის პენსიის დანიშვნა საპენსიო კანონის ძალაში შესვლისა და პენსიის მიღების უფლების წარმოშობის დღიდან 1997 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის პირველ იანვრამდე პერიოდისათვის, ასევე სასამართლოში საქმის წარმოებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს 2001 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და 2001 წლის 5 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დაკისრებული თანხის 16678 ლარის ანაზღაურება, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 525-543; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 653-656; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ (იხ. ს.ფ. 661-674; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 46-50; ტ.II).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 119-134; ტ.II).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ (იხ. ს.ფ. 138-181; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 219-224; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 233-252; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 279-280; ტ.II).
ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით შესაგებელი წარმოადგინა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 292-293).
კასატორმა ბ. გ-ემ განმარტება წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში, რომლითაც არ გაიზიარა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მოსაზრება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 279-280; ტ.II).
კასატორის _ ბ. გ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განმარტება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით და ვერ დაასაბუთა, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ბ. გ-ის მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.