ბს-636-608(კ-08) 11 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ს.-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. ს.-მა 2007 წლის 30 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 909,12 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1999 წლის აპრილიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... სამხედრო ჰოსპიტალში ...-ის მედდად. 2002 წლის თებერვალში სამუშაოდ გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება, 1999 წლის 6 თვის და 2004 წლის 4 თვის, რომელიც მთლიანობაში შეადგენს 909,12 ლარს. ასევე მიუღებელი აქვს სანივთე ქონების კომპენსაცია.
ს.ფ. 7-ზე წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსისა და საფინანსო განყოფილების უფროსის მიერ 2007 წლის 17 ივლისს გაცემული ¹3-11/4858 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... სამხედრო ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომლის _ შ. ს.-ის კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 909,12 ლარს, მათ შორის _ ხელფასი _ 283,70 ლარს, კვების კომპენსაცია _ 491,27 ლარს და ჯილდო _ 134,15 ლარს.
ს.ფ. 6-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2007 წლის 16 მაისის ¹9/1368 პასუხი შ. ს.-ის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილულ იქნა შ. ს.-ის მიმდინარე წლის 4 მაისის ¹9-2718 წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე შ. ს.-ის სასარგებლოდ დავალიანების თანხის _ 909,12 ლარის გადახდა.
სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და 37-ე მუხლები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, შ. ს.-ს სამსახურიდან დათხოვნისას უნდა მისცემოდა კუთვნილი დავალიანების მთლიანი თანხა. აღნიშნული მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა. სამსახურიდან დათხოვნამდე მოსარჩელე წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაშიც ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად იგულისხმება არა მხოლოდ ხელფასი, არამედ ფულადი ჯილდო და კვების ფულადი კომპენსაციაც.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია სარჩელის მოთხოვნათა ხანდაზმულობის შესახებ.
სასამართლომ განმატა, რომ სამხედრო მოსამსახურის კვების კომპენსაცია არ შეიძლება მიეკუთვნოს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და შესაბამისად, ამ სახის მოთხოვნებზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, რომელიც მოსარჩელე შ. ს.-ს გაშვებული არა აქვს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ს.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე კვების კომპენსაციის სახით _ 491,27 ლარის ანაზღაურების თაობაზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები. ასევე აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, არ გაიზიარა სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები იმ ნაწილში, რომლითაც შ. ს.-ის სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის _ 491,27 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი. ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 137-ე მუხლები.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 16 მაისის ¹9/1368 წერილი (ს.ფ. 6) და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული 2007 წლის 17 ივლისის ¹3-11/4858 ცნობა (ს.ფ. 7) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებს. აღნიშნული ცნობა და წერილი საინფორმაციო ხასიათისაა და იგი მოწმობს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს, რომელიც მას არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის და მისი დინების ხელახლა დაწყების საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა განმარტა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ჯილდო არ შედის ხელფასში და იგი მატერიალურ დახმარებასთან ერთად პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.