Facebook Twitter

¹ბს-638-607(კ-07) 7 თებერვალი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი ვ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ კ. გ-ა, ც. გ-ა, რო. გ-ა, წარმომადგენელი მ. ს-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინება

დავის საგანი _ ერთჯერადი დახმარების გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 26 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს კ., ც. და რო. გ-ებმა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრთათვის გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების _ სულ 51 759.6 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსის 2003 წლის 26 ივნისის ¹2544 ბრძანებით რე. გ-ა დაინიშნა .......-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მსუბუქი ქვეითი ათეულის მეთაურად და მიენიჭა კაპრალის წოდება. რე. გ-ა ასევე დანიშნული იყო იმავე ბატალიონის (თელავი) საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის სატრანსპორტო ოცეულის სერჟანტად.

2004 წლის 28 იანვარს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად რე. გ-ა გარდაიცვალა. ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ რე. გ-ა დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი დასკვნა.

სამხედრო სამსახურში ყოფნისას რე. გ-ას ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა სულ 461.41 ლარს, რაც დასტურდებოდა სამხედრო ნაწილის 2004 წლის 17 მაისის ცნობით.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 55-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება ათი წლის ფულადი სარგოების ოდენობით. ამ ნორმიდან გამომდინარე, რე. გ-ას ოჯახს თავდაცვის სამინისტროსაგან ეკუთვნოდა 55 729.2 ლარი (ყოველთვიური ანაზღაურების _ 464.41 ლარის ნამრავლი 12 თვესა და 10 წელიწადზე). ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, თანხის მიღებაზე უფლებამოსილია გარდაცვლილის ოჯახი. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ არიან შესაბამისად რე. გ-ას მამა, დედა და ძმა. რე. გ-ას საკუთარი ოჯახი არ ჰყოლია.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის აღძვრამდე მოპასუხის მიერ აუნაზღაურდათ გარკვეული თანხა, კერძოდ _ 3969.6 ლარი, ეს თანხა უნდა გამოკლებოდა მთლიან თანხას. საბოლოოდ მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხისათვის 51 759.6 ლარის დაკისრებას (ს.ფ. 2-3).

საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელის საფუძველი და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის 2004 წლის იანვარში მოქმედი რედაქცია, რომლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ ძირითად თანამდებობრივ სარგოსთან ერთად (68.09 ლარი) გაცემული უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის ¹274 ბრძანებულებით დაწესებული თანამდებობრივი განაკვეთის დანამატის (380 ლარის) და საველე დანამატის 10 წლის ოდენობაც, რადგან აწ გარდაცვლილი რე. ვ-ა მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს .......-ე ბატალიონში (წვრთნისა და აღჭურვის ქართულ-ამერიკულ პროგრამაში მონაწილე სამხედრო ნაწილი) და პრეზიდენტის დასახელებული ბრძანებულებით ამ კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდათ დანამატი თანამდებობრივ სარგოზე. მითითებული ბრძანებულებით განსაზღვრული დანამატი არის თანამდებობრივი სარგოს შემადგენელი ნაწილი და იგი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ერთჯერადი დახმარების გაცემისას (ს.ფ. 61).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ რე. გ-ას ოჯახის წევრებზე გასაცემი ერთჯერადი დახმარება გაცემულია სწორად _ 3969.6 ლარის ოდენობით, ვინაიდან რე. გ-ას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 32.04 ლარს, ხოლო პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის ¹274 ბრძანებულებით განსაზღვრული დანამატი, რაზედაც მოსარჩელეები მიუთითებენ, მიეკუთვნება სხვა დანამატთა კატეგორიას და იგი არ შეიძლება შეტანილი ყოფილიყო თანამდებობრივი სარგოს ოდენობაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კანონით განსაზღვრული დამხარების გაცემისას ხელმძღვანელობდა ასევე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილებით, რომლის შესაბამისად, ფულადი ანაზღაურება ითვალისწინებს თანამდებობრივი განაკვეთისა და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოს ჯამს (ს.ფ. 95).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. გ-ას, ც. გ-ასა და რო. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეთათვის 45 600 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის ღონისძიებები, კერძოდ, აღნიშნული გათვალისწინებულია “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილით. მითითებული ნორმის 2004 წლის იანვრისათვის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით.

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურის _ რე. გ-ას ოჯახისათვის ერთდროული დახმარება გაცემული უნდა ყოფილიყო დასახელებული ნორმით დადგენილი წესითა და ოდენობით.

აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოპასუხემ რე. გ-ას ოჯახის წევრებზე ერთჯერადი დახმარების სახით გასცა 3969 ლარი, რომელიც საქმეში არსებული გაანგარიშებით მოიცავს კაპრალ რე. გ-ას წოდებრივი სარგოს (1.03 ლარი) და თანამდებობრივი სარგოს (32.04 ლარი) 10 წლის ოდენობას. აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის ¹274 ბრძანებულებით დაწესებული თანამდებობრივი განაკვეთის დანამატის (380 ლარის) 10 წლის ოდენობა.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, თანამდებობრივი განაკვეთი მოცემულ შემთხვევაში უნდა მოიცავდეს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 17 მაისის ცნობაში მითითებულ სარგოს _ 32.04 ლარს, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის ¹274 ბრძანებულებით დაწესებული თანამდებობრივი განაკვეთის დანამატს _ 380 ლარს.

საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დადგინდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების “წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების საერთო წესებისაგან განსხვავებული სამართლებრივი რეგულაცია. .......-ე ბატალიონი, რომელშიც სამხედრო სამსახურს გადიოდა რე. გ-ა, მონაწილეობდა აღნიშნულ პროგრამაში. ბრძანებულების მე-3 პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების “წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახური ითვლებოდა, როგორც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობა, რომლისთვისაც, ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდათ თანამდებობრივი სარგოს დანამატი (სადავო შემთხვევაში აღნიშნულ ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 12 თებერვლის ¹44 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, რე. გ-ას სამხედრო წოდებისა და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად დანამატი შეადგენდა 380 ლარს). აქედან გამომდინარე, ბრძანებულებით დაწესდა არა პრემია, ერთჯერადი გასაცემი ან ხელფასის შემადგენელი რაიმე სხვა კომპონენტი, არამედ დანამატი თანამდებობრივ სარგოზე, რაც მიუთითებდა მის მუდმივ და მრავალჯერად ხასიათზე. მისი დაწესება განპირობებული იყო განსაკუთრებული გარემოებით _ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების “წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო მოსამსახურის სამსახურით.

სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომლის მიხედვით, თანამდებობრივი სარგო შეადგენს შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ერთ-ერთ კომპონენტს პრემიასა და კანონის გათვალისწინებულ დანამატებთან ერთად. ამდენად, მითითებული კანონით გათვალისწინებულ დანამატებს წარმოადგენდა არა თანამდებობრივი სარგოს დანამატი, არამედ ისეთი დანამატები, როგორიცაა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული კვების თანხა, საველე დანამატი და სხვა. ამავე პუნქტის ბოლო წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამდენად, კანონმდებელმა დანამატების გაცემა მიაკუთვნა შესაბამისი საჯარო დაწესებულების პრეროგატივას (მისთვის ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი თანხების ფარგლებში), ხოლო თანამდებობრივი სარგოსათვის განკუთვნილი ასიგნებები კი პირდაპირ უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ბიუჯეტში, ანუ იგი მიეკუთვნება “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ე.წ. “დაცულ მუხლთა” კატეგორიას.

ამ დასკვნას ამყარებდა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის ბრძანებულების მე-6 პუნქტის ჩანაწერიც, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა დამატებითი სახელფასო და სხვა სოციალური ღონისძიებებისათვის (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოს დანამატისათვის) საჭირო დამატებით ასიგნებათა გამოყოფის მიზნით წარმოადგინოს წინადადებები “2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე და სათანადო ასიგნებები გათვალისწინებული იქნეს მომავალი წლების ბიუჯეტებში.

რაც შეეხებოდა სარჩელით მოთხოვნილ 51 759.6 ლარში შემავალ საველე დანამატის თანხას _ 18.26 ლარს, საქალაქო სასამართლოს აზრით, აღნიშნული არ წარმოადგენდა თანამდებობრივი სარგოს ან სამხედრო წოდების სარგოს შემადგენელ კომპონენტს (სწორედ ასეთ გასაცემად მოიაზრებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხელფასის შემადგენელი კომპონენტი _ დანამატი და არა თანამდებობრივი სარგოს დანამატი). შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 99-101).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის ¹274 ბრძანებულებით 2003 წლის 12 აგვისტოდან დამტკიცდა სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი განაკვეთისათვის დაწესებული დანამატების ნუსხა, რე. გ-ას კი კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან 2003 წლის 23 ივნისამდე ჰქონდა გაფორმებული. 2002 წლის 4 ივლისის ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, “წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი კმაყოფა და სხვა სოციალური პირობები განესაზღვრათ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამავე ბრძანებულებას თან ერთვოდა დანართი ¹2, საიდანაც ირკვეოდა სერჟანტის თანამდებობრივ სარგოზე დაწესებული დანამატის ოდენობა _ 340 ლარი, რაზეც სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა და მოსარჩელეს (რომელიც სერჟანტის თანამდებობაზე მსახურობდა) 380 ლარის გათვალისწინებით დაუკმაყოფილა სარჩელი.

აპელანტის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დროულად და კანონიერად აუნაზღაურა მოსარჩელეს კუთვნილი თანხა. აღნიშნული თანხის ანაზღაურებისას მოპასუხემ იხელმძღვანელა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილებით, რომლის თანახმად, ფულადი ანაზღაურება ითვალისწინებს თანამდებობრივი განაკვეთისა და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ჯამს.

გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი სადავო თანხის გაცემაზე, რაც სარჩელის წარმოებაში მისაღებად ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა, ასევე, ყურადღება არ მიექცა იმას, რომ ერთჯერადი დახმარების თანხაში კანონი ითვალისწინებდა მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს და არა თანამდებობრივ დანამატებს ან ხელფასის სრულ ოდენობას. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ თავდაცვის სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მას სხვა სახსრები არ გააჩნია (ს.ფ. 105-107).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი იყო და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 133-134).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, 2004 წლისათვის მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების გაცემას 10 წლის საზღაურის (ხელფასის) ოდენობით. იმავდროულად, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურის საზღაურის (ხელფასის) შემადგენლობას, რომელიც მოიცავდა: თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურებისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულ სხვა დანამატებს, თუმცა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 31 დეკემბრის კანონით შეჩერდა 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება. შესაბამისად, შეჩერდა საზღაურის (ხელფასის) შემადგენელი ფულადი კატეგორიების გაცემა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იხელმძღვანელა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილებით, რომლის მიხედვით, ფულადი ანაზღაურება ითვალისწინებდა თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ჯამს. შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემისას განხორციელდა საზღაურის (ხელფასის), ანუ თანამდებობრივი (32.04 ლარი) და წოდებრივი (1.03 ლარი) სარგოების 10 წლის ოდენობის გაანგარიშება და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურე რე. გ-ას ოჯახზე გაიცა 3969.6 ლარი.

რაც შეეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის ¹274 ბრძანებულებას, კასატორის მითითებით, დასახელებული ბრძანებულება ძალაში შევიდა რე. გ-ას მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის ხელმოწერიდან 2 თვის გასვლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მასზე ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ გავრცელდება, ვინაიდან მითითებულ ბრძანებულებას უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია (ს.ფ. 139-140).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, კ. გ-ას, ც. გ-ასა და რო. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია და სადავო არ არის, რომ რე. გ-ა დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ასევე დადგენილია, რომ რე. გ-ას ოჯახზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების სახით გაიცა 3969 ლარი, რომელიც მოიცავდა რე. გ-ას თანამდებობრივი სარგოს (32,4 ლარი) და წოდებრივი სარგოს (1,03 ლარი) 10 წლის ოდენობას. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, აღნიშნულ ერთჯერად დახმარებაში უნდა ყოფილიყო თუ არა გათვალისწინებული “საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების “წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის ¹274 ბრძანებულებით დადგენილი თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი.

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების გაცემას 10 წლის საზღაურის ოდენობით. 1999 წლის 24 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით აღნიშნულ ნორმაში სიტყვა “საზღაური” შეიცვალა სიტყვებით: “თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების”, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონში 2005 წლის 20 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილებებით დასახელებული ნორმა ამოქმედდა ახალი რედაქციით, კერძოდ, დადგინდა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. აქვე განიმარტა, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა რე. გ-ას გარდაცვალების დროისათვის _ 2004 წლის 28 იანვრის მდგომარეობით და ითვალისწინებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემას 10 წლის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული თანამდებობრივი სარგო მოცემულ შემთხვევაში მოიცავს როგორც თანამდებობრივ განაკვეთს, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის ¹274 ბრძანებულებით დაწესებული თანამდებობრივი განაკვეთის დანამატს.

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული “თანამდებობრივი სარგოს” სწორად განმარტებისათვის არსებითია იმის გარკვევა, მოიცავს თუ არა აღნიშნული თანამდებობრივი სარგო რაიმე დანამატს. სადავო პერიოდში მოქმედი “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების შესაბამისად, ფულადი ანაზღაურება ითვალისწინებდა თანამდებობრივი განაკვეთისა და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოს ჯამს. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებამ გააუქმა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილება თავდაცვის სამინისტროს ნაწილში და განსაზღვრა ფულადი სარგოს შემადგენლობა და მისი დაწესების პირობები, კერძოდ, დასახელებული ბრძანებულების მე-9 პუნქტით დადგინდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი სარგოების ¹1 დანართის შესაბამისად და ამავე პუნქტით განისაზღვრა ფულადი სარგოს შემადგენლობა, რომელმაც მოიცვა მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები. ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებულ ¹1 დანართში ცვლილებები შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით, რის შედეგადაც ფულადი სარგოების ნუსხას დაემატა მე-3 კომპონენტი _ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორია. საგულისხმოა, რომ, მიუხედავად დანართში განხორციელებული ცვლილებისა, ბრძანებულების მე-9 პუნქტი დარჩა უცვლელად, რომლითაც ფულადი სარგო, როგორც აღინიშნა, წარმოდგენილია მხოლოდ ორი კომპონენტით _ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოთი.

“საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების “წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის ¹274 ბრძანებულების მე-4 პუნქტის მიხედვით, ერთობლივი პროგრამის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდათ თანამდებობრივი განაკვეთის დანამატი სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობებისათვის. აღნიშნულ ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 12 თებერვლის ¹44 ბრძანებულებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, “წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივ პროგრამაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების ნუსხას დაემატა მე-11 ბრიგადის .......-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი, რომელშიც მსახურობდა რე. გ-ა.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის ¹274 ბრძანებულების მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების “წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში სამსახური ჩაითვალა სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობად, რისთვისაც ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდათ თანამდებობრივი განაკვეთის დანამატი. აღნიშნული დანამატი ვერ განიხილება, როგორც თანამდებობრივი განაკვეთის იდენტური. თავისი არსით მოცემულ ბრძანებულებაში მითითებული “თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი” განეკუთვნება თანამდებობრივ სარგოზე დაწესებული დანამატების კატეგორიას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი კი გულისხმობს თანამდებობრივ და წოდებრივ განაკვეთს დანამატების გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში თანამდებობრივ სარგოში დანამატის არსებობის შესაძლებლობას ასევე არ ასაბუთებს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დასახელებულ ნორმაში საუბარია მხოლოდ შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებზე, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი კი ცალსახად მიუთითებს 10 წლის თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს და არა ხელფასის ანაზღაურებაზე. აქვე გასათვალისწინებელია საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ნორმები არ ეწინააღმდეგება კანონს.

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გასაცემ კომპენსაციაში საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის ¹274 ბრძანებულებით “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისათვის დადგენილი თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატის გათვალისწინებას ასევე სრულიად გამორიცხავს საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ ბრძანებულებაში 2003 წლის 12 თებერვალს განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც აღნიშნული ბრძანებულების ¹2 დანართი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და, იმავდროულად, აღნიშნული დანართის შენიშვნაში გთვალისწინებულ იქნა, რომ ერთჯერადი დახმარებების გაანგარიშება განხორციელდებოდა წინამდებარე თანხების, ანუ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთებზე დაწესებული დანამატების გარეშე. ამ რედაქციით აღნიშნული ¹2 დანართი მოქმედებდა მითითებულ ბრძანებულებაში 2004 წლის 5 ნოემბრის ცვლილებების განხორციელებამდე და მოიცავდა სადავო პერიოდს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ რე. გ-ას ოჯახზე ერთჯერადი დახმარება გაცემულია “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს კანონი არ დაურღვევია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ. გ-ას, ც. გ-ასა და რო. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.