ბს-638-610(კ-08) 16 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ სახელფასო დავალიანების, კვების კომპენსაციის, კვარტალური პრემიისა და მატერიალური დახმარების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 7 ივნისს შ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა 1996-2005 წლებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება _ 1327,22 ლარი, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ცნობით, რომელიც გაცემულ იქნა გორის გარნიზონის კომენდანტის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების თანხის _ 1327,22 ლარის დაკისრება.
ზემოხსენებული ცნობის მიხედვით, მოსარჩელის მიმართ 1998-2000 წლების ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1327,22 ლარს, მათ შორის, ხელფასი _ 1998 წლის _ 115,05 ლარს, 1999 წლის _ 178,65 ლარს, 2000 წლის _ 122,29 ლარს, სულ _ 415,99 ლარს, კვების კომპენსაცია _ 1998 წლის _ 188,80 ლარს, 1999 წლის _ 284,43 ლარს, 2000 წლის _ 185,29 ლარს, სულ _ 668,52 ლარს, 2000 წლის კვარტალური პრემია _ 172,07 ლარს და 2000 წლის მატერიალური დახმარება _ 70,64 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების სახით 1327,22 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში 1996-2005 წლებში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული სასწავლო ცენტრ “....” მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ 1998-2000 წლებში მოსარჩელის მიმართ დავალიანება შეადგენდა 1510,98 ლარს. მოპასუხე ვალდებული იყო, სრულად გაეცა მოსარჩელეზე არსებული დავალიანება, რაც მას არ განუხორციელებია. ხელფასი, კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარება არ წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან კონკრეტული ვადის _ განსახილველ შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში მუშაკის მიერ გაწეული სამუშაო, დამქირავებლის (თავდაცვის სამინისტრო) მიერ ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო ხელფასის გაცემის სახით ერთჯერადად. ამდენად, სახეზე არ იყო მოპასუხის მხრიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა, რომელიც მოსარჩელეს გაშვებული არ ჰქონდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო ხსენებული დასკვნების გაბათილება, რის გამოც მისი საჩივარი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება, კვების კომპენსაცია) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს “დანამატის” სტატუსი.
კასატორის განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, რომ “დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, მას “დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია. სარჩელი ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება _ საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული სასწავლო ცენტრ “....” ფინანსისტის მიერ 2007 წლის 1 ივლისს გაცემული ¹662 ცნობა, რომელიც არ ითვლება ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან ხელფასის, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს დავალიანებად აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე, არამედ მას მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი აქვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 16 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 11 სექტემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი შ. ს-ის ხელფასის, კვარტალური პრემიისა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება შ. ს-ის ხელფასის, კვარტალური პრემიისა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 668,52 ლარის შ. ს-ის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 16 ოქტომბერს, მხარეთა დასწრების გარეშე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი შ. ს-ის ხელფასის, კვარტალური პრემიისა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება შ. ს-ის ხელფასის, კვარტალური პრემიისა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის _ 668,52 ლარის შ. ს-ის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს შ. ს-ის მხოლოდ კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შ. ს-ი, დაბადებული 1952 წლის 21 სექტემბერს (ს.ფ. 4), მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (ს.ფ. 9). საქმეში წარმოდგენილი გორის გარნიზონის კომენდანტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიმართ 1998-2000 წლების ხელზე გასაცემი კვების კომპენსაციის დავალიანება შეადგენდა _ 1998 წლის _ 188,80 ლარს, 1999 წლის 284,43 ლარს, 2000 წლის _ 185,29 ლარს, სულ _ 668,52 ლარს (ს.ფ. 10).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კვების კომპენსაციის თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფისა და სანივთე უზრუნველყოფის _ ფორმის ტანსაცმლის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველოს (ან სამხედრო ნაწილის) მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.
რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გორის გარნიზონის კომენდანტის მიერ ზემოაღნიშნული ცნობის გაცემით მოხდა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გაცემა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის _ 668,52 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია _ ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შ. ს-მა გაუშვა _ სასარჩელო განცხადება 2007 წლის 7 ივნისს წარადგინა სასამართლოში, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების კომპენსაციის დავალიანება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ 668,52 ლარის შ. ს-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვების კომპენსაციის თანხის _ 668,52 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე შ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ კვების კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ 668,52 ლარის შ. ს-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შ. ს-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 668,52 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.