Facebook Twitter

¹ბს-639-608(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

11.01.06წ. სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორმა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 24.03.05წ. გადაწყვეტილებით სს «ჭ.-ს» გ. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3766 ლარის გადახდა და ყოველთვიურად 42 ლარის ანაზღაურება. სააღსრულებო წარმოება დაიწყო 02.08.05 წელს. 09.12.05წ. სს «ჭ.-ის» მიერ კრედიტორისათვის ნებაყოფლობით გადახდილ იქნა 700 ლარი, რაც ეცნობა აღმასრულებელს. 29.12.05წ., გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც სს «ჭ.-მა» იკისრა ვალდებულება, თანხა გადაეხადა 2006 წლის ბოლომდე. ამ პერიოდის განმავლობაში აღმასრულებლის მიერ დაიწყო გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულება. იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორებისათვის ცნობილი გახდა 2005 წლის 27 დეკემბერს. აუქციონის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა გაზეთში, რომელიც დაიბეჭდა ქ. თბილისში და ქ. ჭიათურაში გავრცელდა 29 დეკემბრის შემდეგ. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ წინადადება, ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი და ქონების აღწერილობა არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო ხელმოწერილი. სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორებისათვის უცნობი იყო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მოსარჩელის აზრით, ფართი, რომელიც გაიყიდა იძულებით აუქციონზე, არ არის შესაბამისი ფართი. აღნიშნული ნივთის გაყიდვით ირღვევა შენობის მთლიანობა, ვინაიდან ფართი მეორე სართულის შუა ნაწილშია განლაგებული, მისი ცალკე გაყიდვა უარყოფითად მოქმედებს მთლიანი საოფისე ფართის ღირებულებაზე. მოსარჩელემ აუქციონის ბათილად ცნობა და სადავო ქონების ყადაღის ოქმიდან ამორიცხვა მოითხოვა.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 20.02.06წ. გადაწყვეტილებით სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 20.02.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ქუთაისის საოლქო სასამართლოს 24.03.05წ. გადაწყვეტილებით სს «ჭ.-ს» გ. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3766 ლარის და ყოველთვიურად 42 ლარის გადახდა. გ. ა.-ს მოვალემ გადაუხადა 700 ლარი. სასამართლო აღმასრულებელმა 10.08.05წ. სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება შესთავაზა, რითაც დაცულ იქნა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. ამავე დღეს მოვალეს დაევალა ქონების ნუსხის წარმოდგენა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ყადაღადადებულ ქონებას აფასებს სასამართლო აღმასრულებელი, რომელსაც შეუძლია შეფასება დაავალოს ექსპერტს ან აუდიტს, ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად, ხორციელდება მოვალის ქონების აღწერა, ყადაღის დადება. აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო სს «ჭ.-ის» ქონებას. ეს აქტი გაეგზავნა სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორებს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა სს «ჭ.-ის» ქონება. სს «ჭ.-ის» ქონება შეფასებული იქნა აუდიტის მიერ. ქონების აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ გამოცხადდა გაზეთ «...-ში» და გამოკრულ იქნა სასამართლოს დაფაზე, რითაც დაცული იქნა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე მუხლი. აუქციონი გამოცხადდა კრედიტორ გ. ა.-ის განცხადების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 30 დეკემბრის ოქმზე მითითებული არ იყო წელი, თუმცა ოქმის შინაარსიდან, კერძოდ, ოქმის მე-2 გვერდზე მითითებული იყო, რომ აუქციონი 2005 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა. სააპელაციო სასამართლომ აუქციონის ბათილად ცნობის საფუძვლად არ მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ აუქციონის შედეგად კრედიტორი მთლიანად ვერ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღმასრულებელს უნდა შეეჩერებინა აუქციონი, რადგან დაწყებული იყო გადახდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოვალის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ნივთების რეალიზაცია დროებით შეაჩეროს გადახდის განვადებით, კრედიტორის თანხმობით, თუკი ეს მოვალის პიროვნებისა და ეკონომიკური ვითარებისათვის დასაშვებ მოქმედებად იქნება მიჩნეული და კრედიტორის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოვალის განცხადება და კრედიტორის თანხმობა წარდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ აუქციონის ბათილად ცნობის საფუძვლად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ სს «ჭ.-ის» პირველ სართულზე მდებარე ფართი უნდა გაყიდულიყო აუქციონზე, რადგან იგი კრედიტორის მოთხოვნას ფარავდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ასეთ მოთხოვნას «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონი არ ითვალისწინებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორებმა. საკასაციო საჩივარში აღინიშნა შემდეგი:

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» 56-ე მუხლის თანახმად, თუ უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყადაღება სასამართლო აღმასრულებელი კრედიტორების განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად უნდა იქნეს გამოტანილი განკარგულება კრედიტორებისათვის გადახდის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა და სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია აღნიშნული გარემოება. 30.09.05წ. ყადაღა დაედო ადმინისტრაციული შენობის პირველ (72 მ2 ) და მეორე სართულებს (60 მ2.). ერთი მ2 შეფასდა 60 ლარად, მიწის წილობრივი ფართის ღირებულების გაუთვალისწინებლად. აუქციონის ჩატარების ოქმში არ იქნა მითითებული მისი შედგენის წელი. ოქმის თანახმად, ყადაღა დაედო ადმინისტრაციული შენობის 60 მ2 ფართს, ღირებულებით 3600 ლარი და მინიშნებული არ იქნა წილობრივი მონაცემები და ღირებულება. როცა აღმასრულებელმა აუქციონი გამოაცხადა, იქ მიუთითა ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე არასაცხოვრებელი ფართი 60 მ2 წილობრივი მიწის ფართით 12 მ2, ღირებულებით 3600 ლარი. დაყადაღების აქტში მითითებულ იქნა მხოლოდ ფართი და მისი შეფასება, აუქციონის ოქმში კი წილობრივი მიწის ფართის გათვალისწინებით. წილობრივი მიწის ფართის დამატების შემთხვევაში უნდა გაზრდილიყო ფართის ღირებულება. დაყადაღების აქტში ყადაღა აქვს დადებული მხოლოდ ფართს და შეფასებულია მისი ღირებულება და მითითებული არ არის წილობრივი მიწის ფართი, რაც, კასატორის აზრით, აუქციონის გაუქმების მნიშვნელოვანი საფუძველია. აუქციოზე გამოტანილი იქნა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული ფართი 60 მ2 და არ იქნა გამოტანილი პირველი სართულის ყადაღადადებული ფართი, რომელიც შეფასებულ იქნა 4320 ლარად და კრედიტორების დასაკმაყოფილებლად ეს უფრო ხელსაყრელი იყო. აუქციონზე გატანილ იქნა ფართი, რომლის ღირებულება ვერ ფარავდა კრედიტორის მოთხოვნას. ფართი შეიძინა პირმა, რომელსაც იჯარით ჰქონდა აღებული აღნიშნული ქონება. კრედიტორის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. სს «ჭ.-მა» კრედიტორს 09.12.05წ. გადაუხადა 700 ლარი. «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ აუქციონის დაწყების შემდეგ მოვალე ან მესამე პირი, რომელიც უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, გადაიხდის მისი დაკმაყოფილებისათვის და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხას, მაშინ აუქციონი წყდება. მოცემულ შემთხვევაში კი 29.12.07წ. მხარეებმა გააფორმეს შეთანხმების აქტი. აღნიშნული აქტით სს «ჭ.-ი» დარჩენილი თანხის გადახდას 2006 წლის მარტის ბოლომდე კისრულობდა. 2006 წლის იანვარში გ. ა.-ს გადაუხადა 300 ლარი. 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს სასამართლო აღმასრულებელი ადგენს, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას. გაზეთი «.-ა» დაიბეჭდა 2005 წლის 28 დეკემბერს, აუქციონი ჩატარდა 30 დეკემბერს, რითაც დარღვეულია აღნიშნული მუხლის მოთხოვნა. აუქციონის შესახებ განცხადება რომ გამოქვეყნებულიყო კანონით დადგენილი წესით, აუქციონზე მხოლოდ ერთადერთი მყიდველი და ისიც ამ ფართის მეიჯარე არ გამოცხადდებოდა. «სააღსრულებო საქმიანობის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს ხელს აწერდნენ სასამართლო აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, აგრეთვე კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. საქმის მასალებში დაცულ 30.09.05წ. დაყადაღების აქტს ხელს არ აწერდა გ. ა.-ი. კასატორმა აღნიშნა, რომ თერჯოლის სასამართლოს 14.11.02წ. გადაწყვეტილებით საზოგადოებაში გაიხსნა სალიკვიდაციო პროცესი. კანონის შესაბამისად, საზოგადოებას წარმოადგენდნენ ლიკვიდატორები. აღმასრულებელმა საქმე აწარმოვა ლიკვიდატორების მონაწილეობის გარეშე. სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.09.07წ. განჩინებით შპს «ჭ.-ის» საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოდგენისათვის. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «ჭ.-ის» ლიკვიდატორების ნ. ნ.-ის, ა. ო.-ის, გ. კ.-ის, გ. წ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.