ბს-639-611(2კ-08) 12 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ა. ნ-ის და მ. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
23.07.07წ. ა. ნ-მა და მ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებაში აღნიშნეს, რომ ა. ნ-ის სახელფასო დავალიანება 1998-2000 წწ. – ში შეადგენდა 1492,11 ლარს, ხოლო მ. ნ-ის 1998-200 წწ. _ ში 1292,90 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.09.07წ. გადაწყეტილებით დაკმაყოფილდა ა. და მ. ნ-ების სასარჩელო მოთხოვნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.09.07წ გადაწვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. და მ. ნ-თვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.09.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ მიქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ა. ნ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე კვების კომპენსაციის სახით 669,38 ლარის ანაზრაურების თაობაზე, ხოლო მ. ნ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე კვების კომპენსაციის სახით 669,48 ლარის ანაზრაურების თაობაზე.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან არ გაიზიარა სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, რომლის მიხედვითაც ა. და მ. ნ-ების სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ა. ნ-ის დავალიანება შეადგენდა 1492,11 ლარს, მათ შორის ხელფასი _ 400,48 ლარი, კვების კომპენსაცია _ 669,38 ლარი, ჯილდო – 190,76 ლარი, მატერიალური დახმარება – 66,14 ლარი, გასასვლელი დახმარება – 165,35 ლარი. მ. ნ-ის დავალიანება შეადგენდა 1292,11 ლარს, მათ შორის ხელფასი _ 375,83 ლარი, კვების კომპენსაცია _ 669,48 ლარი, ჯილდო – 185,51 ლარი, მატერიალური დახმარება – 64,08 ლარი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო მოსარჩელეებისათვის აენაზღაურებინა კვების კომპენსაცია. მაგრამ მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხაანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 24.04.07წ. გაცემული ცნობები არ ადასტურებდა ვალის აღიარების ფაქტს, აღნიშნული ცნობები იყო მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და მოწმობდა არა მოპასუხის მიერ ვალის აღიარების ფაქტს, არამედ იმას, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეებს, რომელიც მათ არ მიუღიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სადავო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის და მისი დინების ხელახლა დაწყების საფუძველი არ არსებობდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ა. და მ. ნ-ებმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.07 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არასრულია. კასატორმა აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა ყოფილიყო შრომის კანონთა კოდექსის ნორმები, ხოლო აქედან გამომდინარე საჯარო შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. მოსარჩელეებსა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა სახელშეკრულებო ურთიერთობას, რადგან მოსარჩელის განცხადება თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ და სამინისტროს თანხმობა მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ ადასტურებდნენ საჯარო შრომითი ურთიერთობის ფაქტს. კასატორმა აღნიშნა, რომ იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რადგან ამ კანონის 94-ე მუხლის მიხედვით, ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის მერე მაინც, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, სახელფასო მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთვევაში სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებიდან ირკვეოდა, რომ დანამატის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშებოდა ნამსახურების წლების მიხედვით, ხოლო ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას დანამატის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული და ისინი არ წარმოადგენდნენ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს, ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენდნენ. სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური დახმარების და ჯილდოს ნაწილში იყო ხანდაზმული, რადგან ამ მოთხოვნებზე ვრცელდებოდა სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ა. და მ. ნ-ებმა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.07 წ. გადაწყვეტილების გაუქმებადა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება. კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი და არასწორად განმარტა კანონი. კასატორებმა მიუთითეს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა თავდაცვის სამინისტროს დავალიანება ა. და მ. ნ-ების მიმართ, სასამართლოს უნდა ჩაეთვალა ვალის აღიარების ფაქტად. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა შეწყვეტილიყო სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად. ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ დავაზე უნდა გავრცელებულიყო არა სსკ-ის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, არამედ ამავე კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი საერთო ხანდაზმულობის ვადა, რადგან Mმათი სამსახურიდან განთავისუფლების დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო მოეხდინა მათთან ანგარიშსწორება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.06.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს მიეცათ საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენის უფლება და განესაზღვრათ ვადა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.09.08წ. განჩინებით ა. და მ. ნ-ების საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს მიეცათ საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენის უფლება და განესაზღვრათ ვადა. თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითებდა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები იყო სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ა. ნ-ის და მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ა. ნ-ის და მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ა. ნ-ის და მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.