Facebook Twitter

¹ბს-641-610(კ-07) 18 დეკემბერი, 2007 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი (მოსარჩელე)- ი. ჭ.-ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ... სამმართველო;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 პარილის გადაწყვეტილება;

დავის საგანი –სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ი. ჭ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ... სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა /იხ.ს.ფ. 2-6/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე 2000 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ ... სახელმწიფო დეპარტამენტში, ...-ის თანამდებობაზე. 2002 წლის ივნისში გავიდა დეკრეტულ შვებულებაში. კანონით განსაზღვრული სადეკრეტო შვებულების ვადა ამოეწურა 2005 წლის 12 ივლისს და 2005 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა ... სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, რათა მათ დაეშვათ შესაბამისი ბრძანება, მისი დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შესახებ.

2005 წლის 13 ივნისს ... სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოსარჩელემ მიიღო პასუხი, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს შესახებ ,,აჭარის ა/რ ორგანულ კანონში ცვილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" 2004 წლის 18 მაისის კანონის საფუძველზე აჭარის ა/რ ... სახელმწიფო დეპარტამენტმა განიცადა ლიკვიდაცია, რის გამოც მოსარჩელე გათავისუფლდა ... სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან, ვინაიდან ,,აჭარის ა/რ სამინისტროების საჯარო მოსამსახურეთა და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ... სამმართველო, სადაც გათვალისწინებული არ იყო ...-ის თანამდებობა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია 2004 წლის 27 სექტემბერს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე, 108-ე მუხლების, ,,აჭარის ა/რ ... სახელმწიფო დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ" დადგენილებისა და აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹10 განკარგულების შესაბამისად, მაგრამ მოსარჩელისთვის წინასწარ არ უცნობებიათ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 96.4. მუხლის თანახმად, დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ხოლო, ის გარემოება, რომ ... სახელმწიფო დეპარტამენტი შეიცვალა ... სამმართველოდ, აღნიშნული ... სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას არ აძლევდა უფლებას, ამ მუხლის საფუძველზე მოსარჩელე გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლების დროს დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 111-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 (სამ) წლამდე აღზრდის პერიოდში.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 46, სხდომის ოქმი/.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის აჭარის ... სამმართველოს წარმომადგენელმა არ ცნო ი. ჭ.-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 38, სხდომის ოქმი/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ... სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2004 წლის 27 სექტემბრის ბრძანება და ი. ჭ.-ე აღდგენილ იქნა სამსახურში გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 200 ლარის გადახდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად;

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს განკარგულებით ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" 2004 წლის 18 მაისის კანონის საფუძველზე ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹18 დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ... სამმართველო, ანუ აჭარის ა/რ ... სახელმწიფო დეპარტამენტმა განიცადა ლიკვიდაცია. აჭარის ა/რ მთავრობის აღნიშნული განკარგულება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, რის გამოც მისი კანონიერება სასამართლო განხილვის საგანს არ წარმოადგენდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს განკარგულებით შეიქმნა აჭარის ა/რ ... საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია, ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მ. ჭ.-ის თავმჯდომარეობით. აჭარის ა/რ ... სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 11 აპრილის ¹16 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე ი. ჭ.-ს 2002 წლის 5 აპრილიდან გაუფორმდა დეკრეტული შვებულება 2002 წლის 9 აგვისტომდე, ხოლო მხარეთა განმარტებებით დადგენილ იქნა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელე სარგებლობდა დამატებითი უფასო შვებულებით ბავშვის სამ წლამდე აღზრდამდე, კერძოდ, 2004 წლის 17 აგვისტომდე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის დროისთვის, მოსარჩელე ი. ჭ.-ე იმყოფებოდა უფასო დეკრეტულ შვებულებაში.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ი. ჭ.-ე არ ყოფილა გაფრთხილებული ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მას ასევე არ ჩაჰბარებია სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2004 წლის 27 სექტემბრის ¹36 ბრძანება, რის გამოც ირმა ჭ.-ის სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო.

სასამართლოს დასკვნით, ასევე კანონის დარღვევით გამოიცა 2004 წლის 29 სექტემბრის ბრძანება ¹36 ი. ჭ.-ის გათავისუფლების შესახებ, რამდენადაც მასზე ხელს აწერდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მ. ჭ.-ე, მაშინ, როცა აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... დეპარტამენტი ლიკვიდირებული, ხოლო მ. ჭ.-ე დანიშნული იყო სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლები და განმარტა, რომ ი. ჭ.-ე უკანონოდ გათავისუფლდა სამუშაოდან, რის გამოც მისი სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ი. ჭ.-ის მოთხოვნა იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურების შესახებ მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, ვინაიდან სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნა ჩამოყალიბებული არ ჰქონდა და განაცხადა მხოლოდ სასამართლო პაექრობის დასრულების შემდეგ, რეპლიკის წარმოთქმის დროს /იხ.ს.ფ. 47-48/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ... სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივით:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ-ის ... საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი და შეიქმნა აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ... სამმართველო, რის გამოც ი. ჭ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს, სასამართლოს დასკვნით, დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი, მაშინ, როცა სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, რომლის თანახმადაც, 1 თვით ადრე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკის გაუფრთხილებლობა, მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველს არ წარმოადგენდა. ი. ჭ.-ე, სხვა მუშაკებთან ერთად, აჭარის ა/რ ... სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 27 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე სიტყვიერად იქნა გაფრთხილებული დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მუშაკთა სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ამასთან, ბრძანების ჩაბარებაზე ხელის მოწერისაგან თავი შეიკავა რამდენიმე მუშაკმა, მათ შორის _ ი. ჭ.-მაც, რის გამოც 2004 წლის 31 აგვისტოს შედგა ოქმი (იხ. დანართი ¹9).

აპელანტის მითითებით, ი. ჭ.-ე აჭარის ა/რ ... სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის დროისათვის უფასო დეკრეტულ შვებულებაში არ იმყოფებოდა, რამდენადაც, შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გარდა, ქალს, მისი განაცხადის თანახმად, ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის გახდება 3 წლის, მაგრამ ასეთი განცხადებით ი. ჭ.-ს ორგანიზაციისათვის არ მიუმართავს. აგრეთვე, აპელანტის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი. ჭ.-ე აღადგინა სამსახურში ,,გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე", ასეთი თანამდებობა კი - ,,უფროსი სპეციალისტი" ახალ საშტატო განრიგში გათვალისწინებული არ იყო /იხ.ს.ფ. 53-54/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა (იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში) ი. ჭ.-მ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, შემდეგი მოტივით:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურების შესახებ იყო უსაფუძვლო, ვინაიდან სასარჩელო განცხადებაში ამგვარი მოთხოვნა მას არ ჰქონდა ჩამოყალიბებული და აღნიშნულზე სასამართლო პაექრობის დასრულების შემდეგ იქნა მითითებული, რაც, აპელანტის დასკვნით, უსაფუძვლოა, რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ სასამართლოს აპელანტმა მიმართა 2004 წლის 27 სექტემბრის ¹36 ბრძანების გაუქმების, თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით /იხ.ს.ფ. 88-90/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ... სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ი. ჭ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ი. ჭ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით ი. ჭ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ... სამმართველოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის განჩინება; საქმე სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 201-213/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ჭ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ... სამმართველოს სააპელაციო საჩივარი; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა ი. ჭ.-ის სამსახურში აღდგენისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო ი. ჭ.-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

ი. ჭ.-ე 2004 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით გათავისუფლდა ... სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 96-ე მუხლის საფუძველზე. აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹18 დადგენილებით შეიქმნა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ... სამმართველო.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ,,აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს შესახებ" აჭარის ა/რ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე აჭარის ა/რ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით ლიკვიდირებულ იქნა ... დეპარტამენტი, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით შექმნილი სამინისტროები და სამმართველოები ჩაითვალა ამ მუხლის საფუძველზე ლიკვიდირებული (რეორგანიზებული) დეპარტამენტების უფლებამონაცვლედ, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით ადგილი ჰქონდა ... დეპარტამენტის არა ლიკვიდაციას, არამედ რეორგანიზაციას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 96.2 მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ეს იყო რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, ხოლო ი. ჭ.-ე სამსახურიდან გათავისუფლდა ლიკვიდაციის მოტივით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონიერად გააუქმა ი. ჭ.-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას ი. ჭ.-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში, რამდენადაც ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით, გაუქმდა ... დეპარტამენტი, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹18 დადგენილებით შეიქმნა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება- ... სამმართველო, სადაც მოსარჩელის უფროსი სპეციალისტის შტატი აღარ არსებობდა, მაშინ, როცა სამუშაოზე აღდგენა უნდა განხორციელდეს იმავე თანამდებობაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 127-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას ადვოკატის ხარჯებისა და სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილშიც, რამდენადაც «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტით, სახელმწიფო დაწესებულებები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, რაც შეეხებოდა ადვოკატის ხარჯებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმის მასალებით კი არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის 200 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ი. ჭ.-ის სააპელაციო საჩივარი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რამდენადაც იძულებითი განაცდური მოსარჩელემ მოითხოვა რეპლიკის დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, დავის საგნის გადიდება მთავარ სხდომაზე დასაშვებია მოპასუხის თანხმობით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა /იხ.ს.ფ. 292-295/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ.-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურის ლიკვიდაციის საფუძვლით, მაშინ, როცა რეალურად მოხდა რეორგანიზაცია. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96.4. მუხლი ადგენს, რომ დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ ,,საქართველოს კანონის 111.2. მუხლის საფუძველზე ,,მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის სამი წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში.

კასატორმა მიუთითა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 96.2 მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის არა 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის, არამედ 97-ე მუხლის საფუძველზე. კასატორს მიაჩნია, რომ დარღვეულია მისი კანონიერი უფლებები, რამდენადაც სამსახურიდან მისი გათავისუფლება მოხდა ლიკვიდაციის მოტივით.

არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ აჭარის ა/რ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით გაუქმდა ... დეპარტამენტი, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹18 დადგენილებით შეიქმნა აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ... სამმართველო, სადაც უფროსი სპეციალისტის შტატი არ არსებობდა, რამდენადაც «უფროსი სპეციალისტი» შეცვალა «მთავარი სპეციალისტით», შტატები კი არ შემცირებულა.

ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კასატორმა იძულებითი განაცდური მოითხოვა რეპლიკის დროს, რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით კასატორი მოითხოვდა განაცდური ხელფასის ანაზღაურებას /იხ.ს.ფ. 306-310/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ... სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდგი მოტივით:

აჭარის ა/რ ... საქმეთა სამმართველო ლიკვიდირებულია და შეიქმნა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ... სამმართველო. შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო გააუქმებდა სადავო ბრძანებას მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მაშინ ასევე ბათილად უნდა ეცნო მისი გამოცემის საფუძველი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს შესახებ» ორგანული კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ორგანული კანონი და განკარგულება, რომელშიც მითითებულია, რომ ... სამმართველო ლიკვიდირებულია /იხ.ს.ფ. 312-313/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე ი. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის ... სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ... სამმართველოს წარმომადგენელმა არ ცნო ი. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ი. ჭ.-ის სასარჩელო მოთხოვნის სამსახურში აღდგენის თაობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ჭ.-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე _ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ... სამმართველოს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ი. ჭ.-ის სამსახურში მოწყობის თაობაზე, ხოლო ი. ჭ.-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ი. ჭ.-ის სასარჩელო მოთხოვნის _ სამსახურში აღდგენის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394.,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ჭ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე ი. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის ... სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ჭ.-ის საკასაციო პრეტენზია სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში დასაბუთებულია, რადგან სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია რა ბრძანება ი. ჭ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც დღევანდელი მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უთხრა უარი სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ აჭარის ა/რ ... დეპარტამენტი გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა აჭარის ა/რ მავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ... სამმართველო, სადაც უფროსი სპეციალისტის შტატი, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი, აღარ არსებობს, რის გამოც მისი აღდგენა წინანდელ თანამდებობაზე შეუძლებელი იყო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და დასკვნას, რომ ი. ჭ.-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა სრულიად უკანონოდ, კერძოდ, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისი ნორმების უგულებელყოფით, რამდენადაც ი. ჭ.-ე სამსახურიდან გათავისუფლდა დაწესებულების ლიკვიდაციის მოტივით, მაშინ, როცა რეალურად დაწესებულებაში მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, ხოლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.2. მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო როცა რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევს მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებს ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას, აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ-ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2. მუხლის თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ პირობებში პირის გათავისუფლება არ შეიძლებოდა, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ი. ჭ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასათავისუფლებელი პირისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, მუშაკის უფლებათა დაცვის გარანტიაა და უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობისა და ა.შ. როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ჭ.-ე ექვემდებარება სამსახურში უპირობო აღდგენას. ამასთან, კონკრეტული თანამდებობის შერჩევა, რომელზეც ის უნდა აღდგეს, წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას ყოველი კონკრეტული გარემოების ერთობლიობაში გათვალისწინებით, რაზეც სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას.

საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე «აღდგენა» თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულ იქნა, თუმცა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარს არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, რომ ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ (ასე მაგალითად, შტატი არ საჭიროებდა უმაღლეს განათლებას, მაშინ, როცა რეორგანიზაციის საფუძველზე ამგვარი შტატის დასაკავებლად უმაღლესი განათლებაა საჭირო.), ხოლო ის გარემოება, რომ უფროსი სპეციალისტის შტატი ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული, რომელიც რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში ი. ჭ.-მ სასარჩელო წესით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა მთავარ სხდომაზე რეპლიკის დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, დავის საგნის გადიდება მთავარ სხდომაზე დასაშვებია მოპასუხის თანხმობით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, შესაბამისად ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას, რომ აღნიშნულ ნაწილში ი. ჭ.-ის სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, შესაბამისად ამ ნაწილში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ... სამმართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ი. ჭ.-ის სასარჩელო მოთხოვნის სამსახურში აღდგენის თაობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. ჭ.-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე _ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ... სამმართველოს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ი. ჭ.-ის სამსახურში მოწყობის თაობაზე;

4. ი. ჭ.-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

5. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ... სამმართველოს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.