Facebook Twitter

¹ბს-643-610(კ-06) 25 იანვარი, 2007 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თიანეთის რაიონის ..... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 8 ნოემბერს თიანეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ქ-მა მოპასუხე თიანეთის რაიონის სოფელ ..... თემის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა .... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 13 ივნისის განკარგულების არაკანონიერად აღიარება, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

2005 წლის 12 იანვარს ნ. ქ-ი თიანეთის რაიონის .... თემის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით დაინიშნა საკრებულოს მოლარე-მოანგარიშედ. 2005 წლის 7 ივნისს ხევსურთსოფლის თემის საკრებულოს თავმჯდომარემ მისი გათავისუფლების შესახებ დაწერა ორი განკარგულება, ერთ განკარგულებაში გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა თვითნებურად სამსახურის გაცდენა, ხოლო მეორეში _ თვითნებურად სამსახურის გაცდენა და შტატების შემცირება. სინამდვილეში არც შტატები შემცირებულა და არც სამსახური გაუცდენია თვითნებურად. მისი განმარტებით, შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციას უფლება არ ჰქონდა შრომის ხელშეკრულება მოეშალა საკუთარი ინიციატივით პროფკავშირების თანხმობის გარეშე. ამავე კოდექსის 42-ე მუხლით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ უნდა ეცნობებინათ ორი თვით ადრე, რაც არ განუხორციელებიათ. მართალია მან გაუშვა “საჯარო სამსახური შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, მაგრამ ითხოვა ამ ვადის საპატიოდ ჩათვლა (ს.ფ. 1-2).

თიანეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულებით განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საშტატო ერთეულების რაოდენობა და ხელფასის ოდენობა _ თიანეთის რაიონის სოფელ ..... თემის მოსახლეობის ოდენობა შეადგენდა 1 ათასიდან 3 ათასამდე, შესაბამისად, ამ თვითმმართველი ერთეულის მოსამსახურეთა საშტატო განრიგი განისაზღვრა 5 ერთეულით. წარმოდგენილი ..... თემის საკრებულოს ტარიფიკაციიდან ირკვეოდა, რომ მასში მოლარე-მოანგარიშის თანამდებობა საერთოდ აღარ არსებობდა (ს.ფ. 41-42).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 45).

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა ნ. ქ-მა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს თიანეთის რაიონის .... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹13 განკარგულების ბათილად ცნობა, თიანეთის რაიონის ..... თემის საკრებულოში ნ. ქ-ის ..... თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ს.ფ. 102).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თიანეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის რაიონის .... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹13 განკარგულება ნ. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დაევალა თიანეთის რაიონის .... თემის საკრებულოს თავმჯდომარეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თიანეთის რაიონის ..... თემის საკრებულოს დაევალა ნ. ქ-ის აენაზღაურებინა განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში გაესაჩივრებინა სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობას. იგივე წესს ადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, აქტის გაცნობა ნიშნავდა დაინტერესებული პირისათვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ აპელანტს დასახელებული ნორმით დადგენილი წესის დაცვით არ ჩაბარებია გასაჩივრებული ბრძანება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. სასამართლომ საქმეზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ქ-ი გათავისუფლებამდე მუშაობდა თიანეთის რაიონის ..... თემის საკრებულოს მოლარე-მოანგარიშედ. სოფელ .... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹13 განკარგულებით იგი გათავისუფლდა სამსახურიდან თვითნებურად სამსახურის გაცდენისა და შტატების შემცირების საფუძვლით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლით განსაზღვრული იყო დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელე, რომელიც თვითნებურად 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებდა სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლებოდა სამსახურის თვითნებურად დატოვების მეორე სამუშაო დღეს. ამდენად, აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა, მოსამსახურე გაეთავისუფლებინა სამსახურიდან სამსახურის მიტოვების საფუძვლით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის მიტოვებას ადგილი ექნებოდა 5 დღეზე მეტი ხნით. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ნ. ქ-მა სამსახური თვითნებურად მიატოვა მხოლოდ ერთი დღით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტი თემის საკრებულოს თავმჯდომარემ დასახელებული ნორმის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გაათავისუფლა სამსახურიდან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეში (ს.ფ. 10,11) წარმოდგენილი იყო ..... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹13 განკარგულების ორი ამონაწერი, რომელთაგან ერთში ნ. ქ-ის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო მხოლოდ თვითნებურად სამსახურის გაცდენა, მეორეში _ თვითნებურად სამსახურის გაცდენა და შტატების შემცირება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს დავალებით წარდგენილი იქნა ბრძანების წიგნი, სადაც სადავო განკარგულების დედანში ნ. ქ-ის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო, როგორც სამსახურის თვითნებურად გაცდენა, ასევე შტატების შემცირება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატების შემცირების საფუძვლით აპელანტის გათავისუფლების შემთხვევაშიც დარღვეული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის (ძველი რედაქცია) მოთხოვნა, ვინაიდან დასახელებული ნორმით იმპერეტიულად იყო დადგენილი შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების შეუძლებლობა. დადგენილი იყო, რომ ნ. ქ-ის სხვა სამუშაოს შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო განკარგულება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდებოდა სასამართლო კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას განეკუთვნებოდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, სადავო საკითხის _ აპელანტის სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი თიანეთის რაიონის ..... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹13 განკარგულება ნ. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოწინააღმდეგე მხარეს დავალებოდა ზემოაღნიშნული გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ქ-ს უნდა ანაზღაურებოდა გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო სადავო განკარგულება ამ ეტაპზე ბათილად იყო ცნობილი და შესაბამისად, ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობდა (ს.ფ. 106-111).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თიანეთის რაიონის ...... თემის საკრებულომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორის მითითებით, ნ. ქ-ს სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ 2005 წლის 7 ივნისის ¹13 განკარგულება გააცნეს იმავე დღეს. ამდენად, მოპასუხე მხარის მიერ არ დარღვეულა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მოთხოვნა და მოსარჩელისათვის განკარგულების ჩაბარებიდან ცნობილი იყო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი იყო ცნობა თიანეთის რაიონის სოფელ ..... ამბულატორიიდან, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ნ. ქ-ი დაავადებული იყო კრუასზული პნევმონიით, სტენოკარდიით, ჰიპერტონიით და ჩიყვით, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია მიემართა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისათვის და შემდეგ პროკურატურისათვის.

კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულებით განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საშტატო ერთეულების რაოდენობა და ხელფასის ოდენობა _ თიანეთის რაიონის სოფელ ..... თემის მოსახლეობის ოდენობა შეადგენდა 1 ათასიდან 3 ათასამდე, შესაბამისად, ამ თვითმმართველი ერთეულის მოსამსახურეთა საშტატო განრიგი განისაზღვრა 5 ერთეულით. წარმოდგენილი ..... თემის საკრებულოს ტარიფიკაციიდან ირკვეოდა, რომ მასში მოლარე-მოანგარიშის თანამდებობა საერთოდ აღარ არსებობდა (ს.ფ. 121-123).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თიანეთის რაიონის ..... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას თიანეთის რაიონის ..... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თიანეთის რაიონის ...... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.