¹ბს-643-612(კ-07) 16 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ. ლ-ა
დავის საგანი – წელთა ნამსახურობის გადაანგარიშების დავალება, სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.07წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ლ-ამ 10.05.06წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს მიმართ და მოპასუხისთვის წელთა ნამსახურობის გადაანგარიშების დავალება მოითხოვა.
სარჩელში მითითებულია, რომ 1982 წელს მოსარჩელემ დაამთავრა ქ. ბათუმის ¹... სკოლა-ინტერნატი და იმავე წელს სწავლა განაგრძო, ჯერ ბათუმის ¹.... ტექნიკურ სასწავლებელში, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ _ .... წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 02.07.91წ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ..... კვალიფიკაცია. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს, კერძოდ, 1984-1986 წწ. მოსარჩელე მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. უმაღლესი სასწავლების დამთავრებისთანავე, 25.11.91წ., მუშაობა დაიწყო აჭარის ა/რ შს სამინისტროში .... თანამდებობაზე, .... წოდებით, სადაც მუშაობდა 2005 წლის 1 იანვრამდე. 03.04.06წ. მოსარჩელემ წერილით მიმართა აჭარის შს მთავარ სამმართველოს, რათა მოეხდინათ მისი შინაგან საქმეთა ორგანოებში წელთა ნამსახურობის დაანგარიშება. აჭარის ა/რ შს სამმართველოს 12.04.06წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნას. მოსარჩელის მოსაზრებით, აჭარის ა/რ შს სამმართველოს წერილი, რომლითაც მას ეცნობა, რომ ვერ აკმაყოფილებდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, არის უკანონო, რამდენადაც წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი, მოპასუხემ არ გაითვალისწინა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის 16.1. და 16.2. მუხლების მოთხოვნები.
მოპასუხე აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე არ ცნეს ვ. ლ-ას სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.06.05წ. გადაწყვეტილებით ვ. ლ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.06წ. გადაწყვეტილებით ვ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 13.06.06წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოს დაევალა ვ. ლ-ას წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვდა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს დავალდებულებას გაეანგარიშებია მისი ნამსახურობის ვადა და არა სასამართლოს მიერ სტაჟის გამოთვლას.
სააპელაციო სასამართლოს 13.09.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.02.07წ. განჩინებით ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.06წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ გაიზიარა კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს დასკვნის დაუსაბუთებლობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ ფაქტობრივად არ უმსჯელია მოთხოვნის საფუძველზე, ამ ვითარებაში საკსასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ლ-ას სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება თავისთავად შეუძლებელი იყო იმ გარემოების დადასტურების გარეშე, უნდა ჩაეთვალოს თუ არა მოსარჩელეს სწავლის პერიოდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და სავალდებულო სამხედრო სამსახური ნამსახურობის ვადაში. ამდენად, სასამართლოს მიერ სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გამოკვლევის, შეფასებისა და დასკვნის გარეშე დავის გადაწყვეტამ, უფლების რეალური დაცვის გარეშე, განაპირობა ფორმალურად მოგებული მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.05.07წ. გადაწყვეტილებით ვ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.06.06წ. გადაწყვეტილება; ვ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მას წელთა ნამსახურების სტაჟში ჩაეთვალა ქ. ბათუმის ¹.... ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის 6 თვე და საქართველოს ... ინსტიტუტში სწავლის 6 წელი, სულ _ 6 წელი და 6 თვე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ლ-ამ 03.04.06წ. განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოს და მოითხოვა მიეცათ მისთვის საპენსიო გაანგარიშება. აღნიშნულ განცხადებაზე 12.04.06წ. გაიცა პასუხი იმის თაობაზე, რომ “სამხედრო, შს ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნულ მოსამსახურეებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დათხოვნის დღისთვის აქვთ ნამსახური 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ვ. ლ-ას სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს დავალდებულება მოეხდინათ მისი ნამსახურობის ვადის გაანგარიშება “სამხედრო, შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ვ. ლ-ას წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისა და სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დროს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლი ადგენს წელთა ნამსახურობის გადაანგარიშების წესს, კერძოდ, 16.2 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი, ამასთან 6 წლის ზემოთ სწავლის ერთი წელი ჩაეთვლება 6 თვედ. ვ. ლ-ას სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს დავალდებულება მოეხდინათ მისი ნამსახურობის ვადის გაანგარიშება “სამხედრო, შს ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის საფუძველს წარმოადგენს წელთა ნამსახურობის არასწორი დაანგარიშება, კერძოდ, სწავლისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის ჩაუთვლელობა, რაც თავისთავად წარმოადგენს სარჩელის ობიექტს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ლ-ია საქართველოს ... ინსტიტუტში სწავლობდა 6 წელი და ბათუმის ¹.... სპეციალურ სასწავლებელში 1 წელი, რის გამოც “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვ. ლ-ას წელთა ნამსახურობაში უნდა ჩათვლოდა 6 წელი და 6 თვე. რაც შეეხებოდა სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდს, ის უკვე ჩათვლილი იყო მოპასუხის მიერ, ხოლო მოპასუხე მხარის მითითება აღნიშნული კანონის მე-11 მუხლზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ვინაიდან აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, თუ ვის და რა შემთხვევაში ენიშნება წელთა ნამსახურის გამო პენსია, სარჩელის საგანი კი იყო არა პენსიის დანიშვნა, არამედ წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომელიც რეგულირდება ამავე კანონის მე-16.2 მუხლით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ წელთა ნამსახურობაში მხოლოდ შს აკადემიაში, ანუ ამ სისტემის სასწავლებელში სწავლა ითვლება, ვინაიდან მე-16.2 მუხლში აღნიშნულია, რომ წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. აღნიშნულ ნორმაში არ არის მითითებული შს ან სამხედრო სასწავლებლებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს აჭარის ა/რ მთავარმა სამმართველომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია სარჩელის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რომელთა იურიდიულად დასაბუთების შედეგად სასამართლოს შეეძლო კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ამასთან, არ გამოიყენა “სამხედრო, შს ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი, მე-4 პუნქტები და მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომლებიც კონკრეტულად არეგულირებდა დავის საგანთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ვ. ლ-ას წელთა ნამსახურობა მისი შს ორგანოებში ბრძანებით დანიშვნის დღიდან ბრძანებით დათხოვნამდე შეადგენს 14 წელს, 9 თვესა და 6 დღეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.07.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე მოსაზრება წარმოადგინა ვ. ლ-ამ, რომელმაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.12.07წ. განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმე განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.07წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ვ. ლ-ია სასარჩლო განცხადებით ითხოვს აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი ნამსახურების ვადის გაანგარიშებას სწავლის პერიოდის გათვალისწინებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ვ. ლ-ია 1982-1983 წლებში სწავლობდა ბათუმის ¹.... სპეციალურ სასწავლებელში, 1983-91 წლებში სწავლობდა საქართველოს .... ინსტიტუტში, აქედან 1984-86 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთა უფლებას მიიღონ პენსია წელთა ნამსახურებისათვის, ხოლო წელთა ნამსახურობის პენსიის განმსაზღვრელი პირობა მოცემულია ამავე კანონის მე-11 მუხლში. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პენსიის დანიშვნას ამ კანონით გათვალისწინებულ იმ პირთათვის, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობა 20 და მეტი კალენდარულიი წელი (მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა თვლის, რომ მე-16 მუხლის სწორი განმარტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ამ მუხლით მოცული იმ ნორმის შინაარსს, რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს. ასეთ ნორმას საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენს მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. ლ-ას წელთა ნამსახურობა სამსახურში ჩარიცხვიდან თადარიგში ჩარიცხვის დღემდე არ შეადგენს კანონით გათვალისწინებულ 20 წელს. რაც შეეხება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვამდე სასწავლებელში სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის შესაძლებლობის საკითხს, რომელზე მითითებასაც შეიცავს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, საკასაციო სასამართლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის განმარტებიდან გამომდინარე, თვლის, რომ სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლას მნიშვნელობა ენიჭება არა პენსიის დანიშვნის, არამედ პენსიაზე დანამატების დანიშვნისათვის (ხსენებული კანონის მე-12 მუხ., “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-8 მუხ.). სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გათვალისწინებული “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება ასევე ამჟამად არსებულ სასამართლო პრაქტიკას (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.02.07წ. ¹ბს-576-548(კ-07) განჩინება). საქმეში დაცულია ვ. ლ-ას შრომის წიგნაკის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ ვ. ლ-ია აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 1991 წლის 25 ნოემბრიდან 2004 წლის 12 ნოემბრამდე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 123-ე მუხლის შესაბამისად “სამსახურის სტაჟი დასტურდება შრომის წიგნაკში ჩაწერით, აგრეთვე დაწესებულების მიერ სათანადოდ გაფორმებული სხვა საბუთებით”. ამავე კანონის 121-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის სტაჟი შეიცავს სწავლის პერიოდს, თუ პირი გაგზავნილი იყო სასწავლებლად დაწესებულების მიერ ან უკვე ჰქონდა სამსახურის სტაჟი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. ლ-ია დაწესებულების მიერ იყო გაგზავნილი სასწავლებლად, იგი სწავლის პერიოდში 1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, რაც მოპასუხის მიერ ჩათვლილ იქნა ნამსახურებ სტაჟში.
ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ლ-ამ მხოლოდ 25.11.1991წ. დაიწყო შრომითი საქმიანობა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში და სწორედ ამ დროიდან უნდა მოხდეს მისი შრომითი სტაჟის ათვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბებული პრაქტიკისაგან, არ არსებობდა წელთა ნამსახურეობის სტაჟში ქ. ბათუმის ¹... ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის 6 თვის და საქართველოს .... ინსტიტუტში სწავლების 6 წლის, სულ 6 წლისა და 6 თვის ვ. ლ-ას წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ვ. ლ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ა/რ მთავარი სამმსართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.07წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.