¹ბს-644-616(კ-08) 8 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
01.08.07წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. პ-მა. მოსარჩელემ შემდეგ შეამცირა მოთხოვნა და საბოლოოდ 1998-2000წწ., 1908.33 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1991 წლის 1 მაისიდან 2006 წლის 20 აპრილამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საიდანაც ზღვრული ასაკის მიღწევის გამო თადარიგში იქნა დათხოვილი 20.04.06წ. მოპასუხეს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ აუნაზღაურებია მისთვის 1998-2000წწ. ხელფასი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.09.07წ. გადაწყვეტილებით ო. პ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1908.33 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.09.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.09.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. პ-ს უარი ეთქვა 826 ლარის კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სასამართლო კოლეგიის სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები იმ ნაწილში, რომლითაც ო. პ-ის სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 826 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასურსათო ულუფით უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სააპელაციო პალატის განცხადებით, საქმის მასალებში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული სასწავლო ცენტრ “....” 30.07.07წ. ¹656 ცნობა მოპასუხის მიერ ვალის აღიარებას არ წარმოადგენს, ცნობა საინფორმაციო ხასითისაა და მოწმობს ფაქტს. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სადავო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისა და მისი დინების ხელახლა დაწყების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საქმეზე დაუსაბუთებელი განჩინება იქნა მიღებული. კასატორის განმარტებით, სახელფასო დავალიანების მოთხოვნის მიმართ გავრცელებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 - წლიანი ვადა. ო. პ-ს გაცდენილი ჰქონდა როგორც 3 წლიანი, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. კასატორმა მიუთითა, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხა არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამტებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია. კასატორის განცხადებით, ხელფასსა და ხსენებულ ფულად გასაცემლებზე უნდა იქნეს გავრცელებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო სსკ-ის 326-ე მუხლიდან გამომდინარე, ასევე სსკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.