¹ბს-64-62(კ-07) 11 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 9 იანვარს გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოპასუხისთვის ბინის კეთილმოწყობისათვის საჭირო თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა კეთილმოწყობილი სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილება, ხოლო აღნიშნული ბინით დაკმაყოფილებამდე ყოველთვიურად ბინის ქირის _ 100 აშშ დოლარის გადახდა. ხსენებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქ. ბათუმის მერია მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდიდა დაკისრებულ ბინის ქირას, რომლის გადახდა შეწყვიტა 2003 წლის აგვისტოდან, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ქ. ბათუმის მერიამ 2003 წლის 18 აგვისტოს მიიღო ¹171 განკარგულება და ქ. ბათუმში, .... ქ. ¹61-ში, ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული, პირველ სართულზე მდებარე სამოთახიანი, გაურემონტებელი ¹.... ბინა საკუთრების უფლებით გადასცა მის ოჯახს.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიამ არაჯეროვნად შეასრულა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, რის გამოც მას უნდა უზრუნველეყო ბინის კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხების ანაზღაურება და გაეგრძელებინა ბინის ქირის გადახდა, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა მისი სამოთახიანი, კეთილმოწყობილი ბინით დაკმაყოფილება ან მის საფასურად _ 25700 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, სამი წლის ქირის _ 3600 აშშ დოლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, ქ. ბათუმის მერიამ გამოსცა ¹171 განკარგულება, რომლითაც მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცა გაურემონტებელი სამოთახიანი ბინა, რაც ადასტურებდა ხსენებული გადაწყვეტილების არაჯეროვნად შესრულებას, რადგან გადაცემულ ბინაში შეუძლებელი იყო ცხოვრება. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნული საინჟინრო ექპერტიზის დასკვნის (ს.ფ. 41-42) თანახმად, ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹61-ში არსებულ ბინა ¹3-ში მდებარე ფართის კეთილმოწყობისათვის საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრა 30618 ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ბინის კეთილმოწყობისთვის 30618 ლარის გადახდა და აღნიშნული თანხის ანაზღაურებამდე, ყოველთვიურად ბინის ქირის _ 100 აშშ დოლარის, გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 აპრილის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სახელშეკრულებო ვალდებულებით ნაკისრ ბინის ფართსა და გადაცემული ბინის ფართს შორის სხვაობის ღირებულების კეთილმოწყობისათვის საჭირო თანხის კომპენსაციაში ჩათვლის შესახებ. სასამართლომ ბინის კეთილმოწყობის თანხა გ. გ-ს აუნაზღაურა გადაცემული ბინის ფართის (122 კვ.მ) გათვალისწინებით და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საგარანტიო წერილით ქ. ბათუმის მერიამ იკისრა 64 კვ.მ კეთილმოწყობილი ბინის გადაცემა, ხოლო მოსარჩელე კეთილმოწყობისათვის საჭირო თანხებს ითხოვდა 122 კვ.მ-ზე გაანგარიშებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გ. გ-ვის საცხოვრებელი ბინის გამოყოფის თაობაზე, ქ. ბათუმის მერიის მიერ 2003 წლის 18 აგვისტოს ¹171 განკარგულების გამოცემით შესრულებულ იქნა და ნაცვლად 64,3 კვ.მ კეთილმოწყობილი ბინისა, გ. გ-ს გამოეყო და საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში ... ქ. ¹61-ში მდებარე გაურემონტებული ბინა, რომლის მთლიანი ფართი შეადგენდა 110,04 კვ.მ-ს, ანუ მან მიიღო 48,01 კვ.მ ფართით მეტი, ვიდრე მიიღებდა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 6 ივნისის საგარანტიო წერილით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის აშენების შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული 3600 აშშ დოლარი ქ. ბათუმის მერიის მიერ გადახდილ იქნა, ამავე დროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, 2003 წლის 18 აგვისტომდე (ბინის მიღებამდე) გ. გ-ი ქ. ბათუმის მერიიდან ღებულობდა ყოველთვიურად ბინის ქირას _ 100 აშშ დოლარს. საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, გ. გ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹61-ში მდებარე ¹... საცხოვრებელი ბინის ღირებულება ფაქტობრივი მდგომარეობით შეადგენდა 49000 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია გ. გ-ის მტკიცება, რომ მას 1990 წლის 6 ივნისის საგარანტიო წერილით უნდა მიეღო იგივე ფართის კეთილმოწყობილი ბინა, რაც, ფაქტობრივად, გადაეცა გაურემონტებელი სახით, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ბინის მოსაწყობად 30618 ლარისა და ბინის ქირის _ ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებით ნაკისრ ბინის ფართსა და გადაცემულ ბინის ფართს შორის არსებულ სხვაობასა და მიუღებელი ბინის ღირებულებას შორის სხვაობის გათვალისწინებით, ქ. ბათუმის მერიამ თავისი ვალდებულება შეასრულა და დამატებით მას არ უნდა დაკისრებოდა ბინის კეთილმოწყობისათვის თანხის გადახდა.
სააპელაციო სასამართლმ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველომ 2003 წლის 23 სექტემბრის ¹გ-47 და 2003 წლის 14 ოქტომბრის ¹გ-74 წერილებით აიღო ვალდებულება გ. გ-ის ბინის კეთილმოწყობისათვის საჭირო თანხების გამოყოფისა და ბინის ქირის გადახდის შესახებ, რადგან ასეთი გადაწყვეტილების მიღება შედიოდა ქ. ბათუმის მერიის კომპეტენციაში.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია გ. გ-ის მოთხოვნა ბინის ქირის _ 100 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მართლაც იხდიდა ბინის ქირას, თუმცა ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც, ქ. ბათუმის მერიას არ უნდა დაკისრებოდა აღნიშნული თანხის გადახდა, ვინაიდან ქ. ბათუმის მერიამ 2003 წლის 18 აგვისტოს ¹171 განკარგულებით გ. გ-ის ბინის გადაცემით შეასრულა თავისი ვალდებულება, რითაც მხარეებს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
კასატორის მტკიცებით, საქართველოში რეესტრის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის აღრიცხვიანობის წესი შეიცვალა, კერძოდ, მანამდე არსებული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროები ახდენდნენ საცხოვრებელი და დამხმარე ფართის ცალ-ცალკე აღრიცხვას, საჯარო რეესტრს კი ამჟამად ასეთი ფუნქცია აღარ გააჩნია და იგი მთლიანად აღრიცხავს საერთო ფართს. ქ. ბათუმის მერიის მიერ ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹61-ში გამოყოფილი ბინა ფართით _ 110 კვ.მ, სინამდვილეში შედგება შემდეგი პარამეტრებისაგან: საცხოვრებელი ფართი _ 51,75 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 26,93 კვ.მ, ლოჯი _ 22,51 კვ.მ და ღია აივანი 19,5 კვ.მ, ხოლო ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ 2006 წლის 11 ოქტომბერს გაცემული ცნობების საფუძველზე ქ. ბათუმში, .... და ..... ქუჩების კვეთაში უნდა აშენებულიყო ეგრეთწოდებული გლდანის ტიპის სახლი, რომელშიც სამოთახიანი ბინის პარამეტრები იქნებოდა: საცხოვრებელი ფართი _ 43,85 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 21,35 კვ.მ, ლოჯია _ 10 კვ.მ და ღია აივანი 34,35 კვ.მ, ანუ საერთო ფართი 119,55 კვ.მ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ ¹გ-74 წერილის საფუძველზე გაცემული დაპირება ხსენებული გადაწყვეტილების სრულად შესრულებისათვის საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და შესაბამისი თანხების გამოყოფის თაობაზე, რადგან ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს დელეგირებული უფლების საფუძველზე ქ. ბათუმის მერიისაგან ევალებოდა მსგავსი საკითხების დარეგულირება.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ 2006 წლის 1 ივნისს ბინების ღირებულება გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე 2001 წლის 10 აპრილის მდგომარეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 5 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 11 აპრილამდე.
2007 წლის 21 თებერვალს ქ. ბათუმის მერიამ უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება გ. გ-ის საკასაციო საჩივარის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.